განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/252-18
(№012050318002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი, სტაჟიორ-პროკურორი - სალომე ქემაშვილი
დაცვის მხარე: ადვოკატი - მეგი ჯღარკავა
ბრალდებული: ნ----–------–---ი
პირადი ნომერი: №2----------;
დაბადებული: 22.01.1--- წელი;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: საშუალო;
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე;
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;
რეგისტრირებული: მესტიის რაიონი, სოფელი ლ-------ი;
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ----------–---–-----------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 5 მარტს, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. რუსთავში, ლეონიძის და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სასურსათო მაღაზია ,,დ--ი’’-ში ნ----–------–---ი პისტოლეტის მაგვარი იარაღით თავს დაესხა მაღაზიაში მყოფ მ--------------ს, შუბლზე მიაბჯინა აღნიშნული იარაღი და მოსთხოვა მაღაზიის სალაროში არსებული ფულის გადაცემა. აღნიშნული კონკლუდენტური მოქმედებით ნ----–------–---ი დაემუქრა მ--------------ს, რომ ფულის გადაუცემლობის შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნებოდა საფრთხე. მ--------------მ ნ----–------–---ის მიერ იარაღით განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად და მას მაღაზიის სალაროდან გადასცა 553 (ხუთას ორმოცდაცამეტი) ლარი.
ნ----–------–---ის ქმედებით მ--------------ს მიადგა მორალური ზიანი, ხოლო შპს ,,დ--ის“ (ს/ნ 4--------) 553 (ხუთას ორმოცდაცამეტი) ლარის მატერიალური ზიანი.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული მ-------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის მაღაზიის მეპატრონე. 2018 წლის 05 მარტს გვიან ღამით მის მაღაზიაში შევიდა უცნობი ახალგაზრდა ბიჭი, როგორც მოგვიანებით გაიგო მისი სახელი - ნ----–------–---ი, რომელსაც სვიტერის საყელო ჰქონდა სახეზე აფარებული. თავდაპირველად მოითხოვა სიგარეტი, შემდეგ მიტრიალდა მისკენ, ქურთუკი გადაიწია და იარაღი დაანახა, ამოიღო, დაუმიზნა და უთხრა, რომ ფული რაც ჰქონდა, მიეცა და საგანგაშო ღილაკისთვის არ მიეჭირა ხელი. იმის გამო, რომ მუქარა აღიქვა რეალურად, ამოიღო 550 ლარამდე ქაღალდის ფული სალაროს უჯრიდან და გადასცა. თავდამსხმელმა მოსთხოვა მეორე უჯრიდანაც მიეცა. მან უთხრა, რომ მეტი ფული არ ჰქონდა. ნ----–------–---მა სვიტერის საყელოს ხელი გაუშვა და თვითონ გამოხსნა მეორე უჯრა, რა დროსაც სვიტერის საყელო ჩამოეწია და მან შეძლო თავდამსხმელის სახის სრულად დანახვა. ასევე ამ უკანასკნელის მოთხოვნითვე გადასცა ხურდა ფულიც, რის შემდეგაც მისკენ მიშვერილი იარაღით დატოვა მაღაზია. მისივე განმარტებით, მან ამოცნობისას თავისუფლად ამოიცნო თავდამსხმელი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. 2018 წლის 05 მარტის პირის ამოცნობის ოქმით დადასტურებულია, რომ დაზარალებულმა მ--------------მ გამომძიებლის მიერ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირისგან ნ----–------–---ი ამოიცნო აღნაგობით, შუბლის მოყვანილობით, ერთმანეთისგან განცალკევებული სქელი წარბებით, მომრგვალებული პირისახით, არაწვრილი საშუალო ზომის სიდიდის მუქი ფერის თვალებით, საშუალო სისქის ტუჩებით, საშუალო სიდიდის, არასწორი დეფორმირებული ცხვირით, საფეთქლების უკან არსებული მუქი შეჭრილი თმებით (იხ. ამოცნობის ოქმი, ტ. 1, ს.ფ. 137-138).
2.3. საქმეზე ჩატარებული 2018 წლის 11 აპრილის №46/22-271 ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ სისხლის სამართლის №012050318002 საქმეზე, ქ. რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია ,,დ--ი“-ში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ნ----–------–---ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის (ტ. 2, ს.ფ. 68-71).
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა მანუჩარ ჩიხრაძემ.
2.4. საქმეზე ჩატარებული 2018 წლის 13 მარტის №1365/ბ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქარხნული წესით დამზადებული, ,,EKOL Major“ მოდელის, 9 მმ. ნომინალური კალიბრის # EM-17080021 ხმოვანი პისტოლეტი თავისივე მჭიდით არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გამართულია და ვარგისია სროლისათვის. (ტ. 2, ს.ფ. 72-76).
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა კახაბერ როდონაიამ.
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ--–----------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 04 მარტს სტუმრად იმყოფებოდა ტარიელ ჩადუნელთან, სადაც გაიცნო ნ----–------–---ი. შემდეგ წავიდნენს ჯერ ერთ ბარში, შემდეგ მეორეში. მეორე ბარში გადასვლისას ნ----–------–---ი მათთან ერთად აღარ ყოფილა. ბარიდან გამოსვლისას ცდილობდნენ ამ უკანასკნელთან დარეკვას, მაგრამ ვერ დაუკავშირდნენ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა ზაზა არაბიძემ, გიორგი ჯელიამ, ირინა ზურაბაშვილმა, გურამ ხუნაშვილმა და ექსპერტებმა დავით გოცაძემ, მანანა გოგოლაძემ და კინოლოგმა ნიკოლოზ ბიძინაშვილმა, რომლებმაც აღწერეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და ამ მუხლის ყოველი შემდგომი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი ამძიმებს პასუხისმგებლობას მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყაჩაღობის ობიექტური მხარე გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის მუქარა. გარდა ამისა, ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი მიეკუთვნება ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან.
ყაჩაღობა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, მისი ხელყოფის უშუალო ობიექტია, როგორც ქონებრივი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ჯანმრთელობა. თავდასხმა, რომ ყაჩაღობად ჩაითვალოს აუცილებელია თვით დანაშაულის მსხვერპლს წარმოექმნას განცდა იმისა, რომ თავდამსხმელის მხრიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა განხორცილებადი, რეალური და იმავდროულია, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, როდესაც თავდამსხმელი, დაემუქრა მ--------------ს, რომ ფულის გადაუცემლობის შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნებოდა საფრთხე, რაც ვერ აღიქმებოდა მის მიერ სხვაგვარად, თუ არა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში.
ყაჩაღობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია რომ თავდასხმა, როგორც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უნდა უსწრებდეს თავდამსხმელის მიერ სხვისი ნივთის მიღების ფაქტს, ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი არ არის კონკრეტული შედეგის დადგომა.
ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.
ყაჩაღობის ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას.
5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის მიზნით სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვი მხარის განმარტებას, რომ ნ----–------–---ს არ ჩაუდენია მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, რადგან კამერებში ასახული პიროვნება არის თუ არა ნ----–------–---ი არ არის დადასტურებული.
სასამართლო განმარტავს, რომ სხდომაზე დაკითხული დაზარალებული მ-------------ის ჩვენებით, 2018 წლის 05 მარტის პირის ამოცნობის ოქმით, 2018 წლის 11 აპრილის №46/22-271 ოდოროლოგიური და 2018 წლის 13 მარტის №1365/ბ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, რომლის სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველიც არ არსებობს, გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სტანდარტით დადასტურებულია, რომ ნ----–------–---მა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება. ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ყაჩაღობის ჩადენის დროს ხელყოფის უშუალო ობიექტს, მ--------------ს, როგორც მსხვერპლს, წარმოექმნა განცდა, რომ თავდამსხმელის მხრიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, განხორცილებადი, რეალური და იმავდროული იყო, რომ ფულის გადაუცემლობის შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნებოდა საფრთხე, რაც ვერ აღიქმებოდა მის მიერ სხვაგვარად, თუ არა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში.
6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ნ----–------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის, ასევე დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----–------–---ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ისეთი ზომით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ნ----–------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- სუნის და ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები, პისტოლეტი და სიგარეტის კოლოფი - უნდა განადგურდეს.
- ნ----–------–---ის ტანსაცმელი, ელექტრო სასწორის ზედაპირი, ხურდა ფულის ჩასაყრელი პლასტმასის ყუთი, ზეწარი, ბალიშის ორი პირი და საბნის ჩიხოლი, კბილის ჯაგრისი და პირსაპარსი - უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს (ნივთმტკიცება ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში).
- DVD დისკები, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----–------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
2. ნ----–------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 05 მარტიდან.
3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- სუნის და ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები, პისტოლეტი და სიგარეტის კოლოფი - განადგურდეს.
- ნ----–------–---ის ტანსაცმელი (ინახება რუსთავის საქალაქო სასამართლოში), ელექტრო სასწორის ზედაპირი, ხურდა ფულის ჩასაყრელი პლასტმასის ყუთი, ზეწარი, ბალიშის ორი პირი და საბნის ჩიხოლი, კბილის ჯაგრისი და პირსაპარსი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს (ნივთმტკიცება ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში).
- DVD დისკები, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი