განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002428424
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/221-18 14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი ი-–------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული დ--–--–--------------------–-----–--------------------–-------–-–------------------------------–----------–-------------------------------–----–----------–---------------------------–-----------------------------------–------------------------------------------–---–---------------–--------------------------------------------------–---–-------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს
2.2. ადვოკატი მ--------------ა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
დ--–--–-----–------მ მესაკუთრის - ს--–-----------ს ნების საწინააღმდეგოდ გამოცვალა ქ. ზუგდიდში, თ------–---–-------------ში მდებარე ს--–-----------ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის ბოქლომი, რითაც მესაკუთრე და მისგან უფლებამოსილი პირი აიძულა, არ შესულიყო საკუთარ სახლში, არ ესარგებლა მისით და თავისი შეხედულებისამებრ არ განეკარგა ის, რაც მესაკუთრის და მისგან უფლებამოსილი პირის უფლებას წარმოადგენდა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება
სსკ-ის 150-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისთვის მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
ობიექტური მხრივ დანაშაულებრივი ქმედება მოქმედებაში გამოიხატება, კერძოდ პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ა-–-------------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ სადავო სახლი ბრალდებულის არის, მაგრამ ბრალდებულს რაღაცაზე ხელი მოუწერია შვილისთვის, არ ვიციო რას მოვაწერეო ხელი და დღეს ს--–-----------ს სახელზეა დარეგისტრირებული სახლი. კ-–-----------მ ასესხა ფული ა---------–-----------ს – ბრალდებულის შვილს. ბრალდებულმა უთხრა, ვისაც გამოართვიო ფული, იმას მოსთხოვე, მე სხვა შვილებიც მყავს, ეს სახლი მარტო მისი კი არ იყოო. უსახლკაროდ დარჩა, რომ არ იცოდა ისე ბრალდებული, ძნელია უსახლკაროდ დარჩენა და ამიტომ არ უშვებს ალბათ სახლში ახალ მესაკუთრეებს. დიდი ბოქლომი ედო კარს, მაგრამ კარი იღებოდა მაინც და პატარა ბოქლომი დაადო ბრალდებულმა. ბრალდებული ამბობდა, მე სახლი მისთვის არ მიჩუქიაო და ამიტომ არ აძლევდა გაყიდვის უფლებას მესაკუთრეს ალბათ. ეხლა დაკეტილია კარები. პატარა ბოქლომის გასაღები ბრალდებულს აქვს. 1-2 წლის წინ რემონტის საშუალება არ მისცა ბრალდებულმა კ-–-----------ს. გაყიდვაზე იყო კინკლაობა 2–ჯერ. ბოქლომის დადების დროსაც მიმდინარეობდა კინკლაობა ყიდვა-გაყიდვაზე. დღესაც ბრალდებულის ბოქლომი ადევს კარებს. და ბრალდებული ყიდის, მაგრამ არავის არ უნდა. კ-–----------- შედის სახლში, როცა უნდა. ბოქლომის დადების შემდეგ კ-–----------- არ მისულა სახლში და შესვლა არ უთხოვია.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------------–------------–---–-------------–ი და წარმოადგენს ს--–-----------ს საცხოვრებელ სახლს. საცხოვრებელი სახლის ეზო შემოკავებულია მავთულბადის ღობით დ გააჩნია ეზოში შესასვლელი სამფრთიანი ჭიშკარი. საცალფეხო ჭიშკარს ადევს ბოქლომი და არის დაკეტილ მდგომარეობაში. ორფრთიან ჭიშკარზე შემოხვეულია ჯაჭვი და დაკეტილია ბოქლომით. ორივე ჭიშკარს ადევს ორი ბოქლომი, რომლებიც არის სხვადასხვა სახეობის, ფორმის და ზომის.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე კ-–-----------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებული პოლიციამ გამოასახლა, რადგან ბრალდებული ვერ შეეგუა, რომ სახლი გაყიდული იყო. სახლის შეკეთებას ცდილობდა,თუმცა ბრალდებული ამის საშუალებას არ აძლევდა და აყალ-მაყალი იყო. ბრალდებულმა არ მისცა სახლში შესვლის შესაძლებლობა, უშლიდა სახლის გაყიდვას, ამბობდა, ჩემიაო. არაერთხელ გამოიძახა პოლიცია. 2016 წელს ხელოსნებთან ერთად მივიდა. ბრალდებული დაადგა ხმაურით, შეურაცხყოფით. ისევ პოლიცია გამოიძახა. ბრალდებულმა უთხრა, ეს ქონება არც გაიყიდება, არც დაგირავდება, არც დაქირავდებაო. ამის მერე თებერვალში მივიდა სახლში და ეზოს კარები დაკეტილი დახვდა. ადრე საკუთარი ბოქლომები ედო დიდ კარზეც და პატარაზეც. მერე ნახა, რომ პატარა კარზე ბოქლომი გამოცვლილი იყო, მეორე კარზე კი მისი ბოქლომი იდო. ამის შემდეგ ორივე კარს დაადო ბოქლომი. მოგვიანებით რომ მივიდა, ნახა, რომ მისი ბოქლომები არ იყო, ვერც ერთი ბოქლომი ვერ გააღო. თვითონ უფრო ხშირად იყო აქეთ მხარეს და ს--–-----------ს მინდობილი პირი იყო. 2--- წლის ოქტომბერში თუ ნოემბერში ჩამოგლიჯა ბრალდებულის მიერ დადებული პატარა ბოქლომი და საკუთარი ბოქლომი დაადო. 2018 წლის თებერვალში ვერც ერთი ბოქლომი ვერ გააღო. ბრალდებული ამბობდა, სახლი ჩემია, ვალთან მე არაფერ შუაში ვარ, ჩემი შვილი ნახეთ და თანხა მისგან ამოიღეთ, რა უფლებით მოდიხარ, ეს სახლი არ დაგრჩებათო, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და გამოწვევას ცდილობდა, მაგრამ არ აყვა მას. ბოქლომის ბოლოჯერ დადების მერე იქ არ მისულა. მისი იქ მისვლისთანავე ბრალდებული იქვე ჩნდება, სულ ერთსა და იმავეს იძახის. 2--- წლის მერე ვერც შესვლა მოახერხა, ვერც შეკეთება, ვერც გაყიდვა. ბოქლომდადებულ კარებში შესვლა შეუძლებელი იყო. ისევ წივილ-კივილი იყო მოსალოდნელი და ამიტომ ბრალდებულთან კი არ მივიდა ბოლოს შეშვების თხოვნით, არამედ პოლიციაში მივიდა. არაერთხელ ყოფილა ასეთი მდგომარეობა. მისი ყოველი მისვლა ბრალდებულის მხრიდან ხმაურით სრულდებოდა. ბრალდებული მაკლერსაც გამოეკიდა, ხელოსნებსაც არ მისცა მუშაობის შესაძლებლობა.
მოწმე ს--–-----------ს ჩვენების თანახმად, 2--- წელს აუქციონზე შეიძინა სახლი, საიდანაც ბრალდებული გამოასახლეს. მამიდა – კ-–----------- მისი მინდობილი პირი იყო. სახლის შეკეთება სურდათ, მაგრამ ყოველ ჩასვლაზე ხვდებოდა ბრალდებული და არ აძლევდა სახლის განკარგვის საშუალებას. ბოლოს უკვე ბოქლომები შეცვლილი დახვდათ, რის გამოც ვერ შედიან, არის აყალ–მაყალი. 2--- წლის აგვისტოში უთხრა მამიდამ, რომ შეცვლილი იყო ბოქლომი პატარა კარზე და ბრალდებულის ბოქლომი ედო. 2018 წლის თებერვალში ისევ შეცვლილი იყო ბოქლომი და ორივე კარზე ბრალდებულის ბოქლომები იდო. მათი გასაღებები არ ერგებოდა ბოქლომებს. სახლის გაყიდვა სცადეს, მყიდველებიც მოდიოდნენ, მაგრამ ჩხუბი იყო სულ და არავინ იყიდა. თებერვალში ბრალდებულის ბოქლომი ედო. აგვისტოში ედო დიდზე მათი, პატარაზე ბრალდებულის.
მოწმე ი-----–-------ას ჩვენების მიხედვით, მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იყო მესაკუთრის წარმომადგენელი ადგილზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამომძიებელმა მოიტანა გასაღები და შევიდნენ. ანაწმენდები ეზოში შესვლამდე აიღო ორი დაკეტილი ბოქლომიდან. ამის მერე ბოქლომი გააღო ბრალდებულმა. ორივე კარი დაკეტილი იყო. ანაწმენდების აღებამდე ბრალდებული არ შეხებია ბოქლომს.
მოწმე კ-----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ნერწყვის ნიმუში აუღო ბრალდებულს ბიოლოგიური ჩხირით, რაც დალუქა.
მოწმე მ-----–-–-----–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, გამოკითხა მოწმეები, მოიპოვა სახლის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, აიღო ნერწყვის ნიმუში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ორივე ჭიშკარზე ბოქლომები იდო. კ-–-----------სთან ერთად იმყოფებოდა იქ. მივიდა ბრალდებულთან, სთხოვა გასაღები. ბრალდებულმა მას მისცა გასაღები და უკან დაბრუნება მოსთხოვა, უთხრა, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფნა არ უნდოდა, რადგან იქ იყო კ-–-----------. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მერე გასაღები გადასცა ბრალდებულს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ექსპერტმა ნიმუშები აიღო, მერე ბრალდებულმა გააღო ჭიშკარი და ანახა, რომელი ბოქლომები დაადო. ორივე კარზე ჩემი ბოქლომიაო, უთხრა ბრალდებულმა, არ შევუშვებო იმათ, რადგან ჩემიაო თხილი, დავწვავო სახლს და არ დავუთმობო კ-–-----------ს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს იგივე ბოქლომი და იგივე გასაღები იყო.
მოწმე ლ------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ თ-------–---–----------ში ჩვენება ადგილზე შეამოწმეს. ბრალდებულმა უთხრა, რომ თვითონ დაადო ბოქლომები ჭიშკარს. 2 ბოქლომი ედო კარებს. ბრალდებულმა უთხრა, რომ ერთი ბოქლომის გასაღები ჰქონდა თან. ექსპერტმა ბოქლომებიდან ანაწმენდები აიღო, რაც დაილუქა. ამის მერე ბრალდებულმა ამოიღო გასაღები და კარები გააღო.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ექსპერტ კ-----------------ს მიერ ბიოლოგიური ჩხირის გამოყენებით დ--–--–-----–------სგან მისივე თანხმობით პირის ღრუდან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის ბოქლომიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და დ--–--–-----–------ს გენეტიკური პროფილი იდენტურია.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ მოწმის სახით გამოკითხულ დ--–--–-----–------ს წაეკითხა მისი 2018 წლის 25 მარტის ჩვენება, სადაც ის დეტალურად აღწერს 2--- წლის აგვისტოს თვეში ს--–-----------ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელი სახლის საცალფეხო და ორფრთიან ჭიშკარზე ორი ცალი ბოქლომის ჩამოგლეჯის ფაქტს და მისი ორი ცალი ბოქლომის დადების ფაქტს. დ--–--–-----–------მ თანხმობა განაცხადა მისი ჩვენების დადასტურებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებაზე, რის შემდეგ ზუგდიდის რაიონული სამმართველოდან მივიდნენ ქ------------–------------–---–-------------–ი მდებარე ს--–-----------ს კუთვნილ სახლში, სადაც დ--–--–-----–------მ მიუთითა საცხოვრებელ სახლზე და ჭიშკარზე, რომლებზეც მან გატეხა ს--–-----------ს მამიდის კ-–-----------ს მიერ დადებული ორი ბოქლომი. დ--–--–-----–------მ მისი გასაღებით გააღო ორფრთიანი ჭიშკრის ბოქლომი, საიდანაც მოხდა ს--–-----------ს სახლის ეზოში შესვლა–დათვალიერება. დ--–--–-----–------მ ნებაყოფლობით წარმოადგინა და ამოიღეს ორფრთიან ჭიშკარზე დადებული ბოქლომის ერთი ცალი გასაღები, რომელიც ამოღებამდე წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, რის შემდეგ მოათავსეს პოლიეთილენის პარკში და დალუქეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბოქლომის გაღებამდე ორივე ბოქლომიდან აიღეს ანაწმენდები, რომელიც წარედგინა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებს და დაილუქა.
ბრალდებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მან გამოცვალა ბოქლომი. პატარა კარი ყოველთვის ღია იყო, საქონელმა გაანადგურა ხეხილი და ამიტომ დაადო ბოქლომი. არავისთვის უთქვამს, არ შეგიშვებო. ბოქლომი ეკიდა, მაგრამ კარი მაინც იღებოდა, ამიტომ დაადო ბოქლომი. მისი ნაშრომი ხეხილი ვერაგდებოდა, კ-–-----------მ ღია დატოვა ორივე კარი და ამიტომ დაადო ბოქლომი. არ ესმის, ს--–-----------მ რატომ უნდა წაართვას სახლი. როდის დაადო ბოქლომი, არ ახსოვს – ნოემბერში ან დეკემბერში. კ-–----------- მასთან რომ მისულიყო, გასაღებს მისცემდა, მაგრამ არ მისულა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულ დ--–--–-----–------ს მოქმედება გამოიხატებოდა იძულებაში, კერძოდ ბოქლომის დადებით აიძულა დაზარალებული და მისი მინდობილი პირი, არ შესულიყვნენ სახლში, არ ესარგებლათ მისით, ხელს უშლიდა მათ საცხოვრებელი სახლის განკარგვაში, გაქირავებაში, გაყიდვაში.
2.2. რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისთვის მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ს--–-----------ს საკუთრებაში გააჩნია ქ. ზუგდიდში, თ-------–---–------------ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი- 600.00 კვ.მ, განაშენიანების ფართი 121, 69 კვმ, საკადასტრო კოდი 4-.3-.7-.1---
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------------–------------–---–-------------–ი და წარმოადგენს ს--–-----------ს საცხოვრებელ სახლს.
მოწმე კ-–-----------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2--- წელს აუქციონზე ს--–-----------მ შეიძინა სახლი.
მოწმე ს--–-----------ს ჩვენების თანახმად, 2--- წელს აუქციონზე ქონება შეიძინა.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია პირის (ვისზეც ხორციელდება იძულება) უფლება, განახორციელოს გარკვეული მოქმედება.
ირკვევა, რომ სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობის კონკრეტული ქმედებისთვის მისადაგება შეუძლებელია უფლების არსის გააზრების გარეშე. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ყველა სამართლებრივი აქტი ამა თუ იმ უფლებაზე ან მოვალეობაზე მიუთითებს, თუმცა ზოგადად უფლების სრულყოფილი განმარტების მომცემი კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, მათ შორის თუნდაც კონსტიტუციური ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში მოცემული, არ არსებობს. ამდენად, უფლების განმარტების მოძიება მხოლოდ თეორიული მასალიდან არის შესაძლებელი, თუმცა თეორიაშიც უფლების ერთიანი განმარტება არ არსებობს და შექმნილია თეორიები, რომლებსაც განსხვავებულად ესმით ის. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია მეტ-ნაკლებად შეთანხმებული განმარტების შემდეგნაირად ჩამოყალიბება: უფლება არის სამართლებრივი ძალის მქონე აქტით პირისთვის მინიჭებული ქცევის უფლებამოსილება, რომელსაც შეესაბამება სხვათა მოვალეობა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: კ--–-----------ს, ს--–-----------ს, ა-–-------------------ს ჩვენებებით, ასევე ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ქ. ზუგდიდი, თ-------–---–-------------ში მდებარე ქონების მესაკუთრეა ს--–-----------. საყურადღებოა, რომ ბრალდების მხარეს აღნიშნული ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია.
საკუთრების უფლების განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს კანონით საჯარო რეესტრის შესახებ ირკვევა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, განსაკუთრებით კი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეა ს--–-----------, რის გამოც მას გააჩნია ამ უძრავ ქონებაზე გარკვეული უფლებები, მათ შორის მისით სარგებლობის, მისი ფლობისა და მისი განკარგვის უფლებები. აღსანიშნავია, რომ ამ უფლებებს შეესაბამება სხვათა მოვალეობა, ხელი არ შეუშალონ ამ უფლებების განხორციელებას. უფლებისა და მოვალეობის ასეთი დამოკიდებულება უზრუნველყოფს ყველა ადამიანის კანონისმიერ საქმიანობას, ხოლო ასეთი მოვალეობების დარღვევა იწვევს უფლებების დარღვევას, რა დროსაც მესაკუთრე ვერ ახერხებს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობას და კანონი კარგავს პრაქტიკულ ძალას. ასეთი ვითარება დაუშვებელია და სამართლებრივ ჩარევას საჭიროებს, რათა აღდგეს კანონიერება და მართლწესრიგი.
ამდენად, დადგენილია, რომ ს--–-----------ს და კ-–-----------ს უფლებას წარმოადგენდა საცხოვრებელ სახლში შესვლა, მისით სარგებლობა და განკარგვა, გაქირავება, გაყიდვა, შეკეთება, რისი საშუალებაც მათ არ მიეცათ ბრალდებულის ქმედებით.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს.
დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება პირის ფსიქიკურ და ფიზიკურ იძულებაში, რაც არღვევს ადამიანის თავისუფლებას, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა ხასიათდება განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სჩადიოდა ისეთ ქმედებას, რომელითაც არაფრად აგდებდა საკუთრების უფლებას, ასევე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ასეთი ქმედებით არღვევდა კანონს და არაფერს აკეთებდა ამის თავიდან ასაცილებლად.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის დ--–--–-----–------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც დ--–--–-----–------ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
დ--–--–-----–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს ხანდაზმული ასაკი, მძიმე მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, დანაშაულის აღიარება.
დ--–--–-----–------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (ყოფილი საკუთრების საბოლოოდ დაკარგვის შიში), მიზანს (ადრე მის საკუთრებაში არსებული ქონების შენარჩუნება), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (საკუთრების კონსტიტუციური უფლების ხელყოფა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (საცხოვრებელი სახლის ჭიშკარზე ბოქლომის დადებით მესაკუთრის, მინდობილი პირის, მყიდველების, შემკეთებლისთვის გადაულახავი დაბრკოლების შექმნა საცხოვრებელ სახლში შესვლისას), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის სოციალურად დაუცველი, ხანდაზმული ასაკის, აქვს მძიმე ოჯახური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული), ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის წარსულში არსებული დაპირისპირების ფაქტებისა და ბრალდებულის ამჟამინდელი განწყობის, ასევე მომავალში მისგან მოსალოდნელი საფრთხეების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულს განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არაერთი გარემოება - ბრალდებულს აქვს მძიმე მატერიალური და ოჯახური პირობები, აღიარებს დანაშაულს.
ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც, აღიარების, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.
რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლასთან ერთად, სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად და იმისათვის, რომ ბრალდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მას უნდა დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა, რომელიც აღემატება სასჯელის სახით მისთვის განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ზომას, ხოლო პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ერთ-ერთი მიზნის -კერძო პრევენციის მიღწევა შეუძლებელია საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლში მითითებული, მოვალეობის დაკისრების გარეშე, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უნდა დაეკისროს მოვალეობა, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე არ მოინახულოს ქ------------------------–---–----------–- მდებარე უძრავი ქონება; აღნიშნულ მისამართზე მყოფ პირებთან ამ პირების წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაამყაროს ურთიერთობა.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქმეზე ნივთმტკიცებებად ცნობილი გასაღები, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 7--ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ--–--–-----–------ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისროს მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე არ მოინახულოს ქ------------------------–---–----------–- მდებარე უძრავი ქონება; აღნიშნულ მისამართზე მყოფ პირებთან ამ პირების წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაამყაროს ურთიერთობა.
დ--–--–-----–------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე თვალყურის დევნა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: გასაღები, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია