გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.11.2018
საქმის ნომერი
330310018002632200
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5850-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ მეშველიანი

სხდომის მდივანი თამარ ბარნოვი

მოსარჩელე - იგ----------------ე

წარმომადგენელი - ზუ--------–----ე

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პირველი ადგილობრივი საბჭო

წარმომადგენელი - მა-------------ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 10 აგვისტოს №---------- გადაწყვეტილება;

 

1.2. მოპასხუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა იგორი ბახტურიძის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 10 აგვისტოს №---------- გადაწყვეტილება მომზადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების საფუძველზე, იგ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენით უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის განაჩენი.

 

ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 27 ოქტომბერს, ა-----------–---ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, კერძოდ, ახმეტის რაიონის სოფელ ა–------ს ტერიტორიაზე მოძრავი ავტომანქანის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მძღოლმა იგ----------------ემ დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი. გადავიდა გვერდულზე და შეეჯახა ქვეით ელ-----------------ეს, რომელიც შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლის უკან მჯდომმა ნი----–-----------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

იგ----------------ე, 2013 წლის 30 ნოემბერს განთავსებულ იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 25 აპრილის №---- ბრძანების საფუძველზე, განთავსებულ იქნა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 3 მაისის №---- ბრძანებით სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 10 აგვისტოს №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-21).

 

3.2. დადგენილია, რომ იგ----------------ისთვის დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 27 ოქტომბერს, სასჯელის მოხდა დასრულდება 2020 წლის 27 ოქტომბერს. მსჯავრდებულს სასჯელის ფაქტობრივად მოხდის საშეღავათო ვადა - 2/3 - შესრულდა 2018 წლის 27 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 10 აგვისტოს №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-21).

 

3.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწვეტილების თანახმად, საბჭომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შუამდგომლობა იგ----------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა და პიროვნული მახასიათებლები, ასევე, ის ფაქტი, რომ იგი სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია და ირიცხება სამეურნეო მომსახურეობაში, თუმცა ყურადღება გაამახვილა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე, კერძოდ კი, იმაზე, რომ მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა და ვიანიდან სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, საბჭომ, ამ ეტაპზე, მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს 2018 წლის 10 აგვისტოს №---------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა, იგ----------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, მოცემულ ეტაპზე, არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 10 აგვისტოს №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-21).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგ----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; პატიმრობის კოდექსი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი''

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 10 აგვისტოს №---------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე; ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები უფრო დეტალურად რეგლამენტირებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესში. აღნიშნული წესის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშე არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. მითითებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭოს მიერ საქმის განხილვის დაწყების საფუძველია პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა.

 

შეფასების კრიტერიუმებს კი განსაზღვრავს ზემოთ მითითებული დებულების მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის შეფასება ხდება ზემოთ მითითებული მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უშუალოდ მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან მან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლით წესის კრიტერიუმების შეფასების შედეგად უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით ნაკარნახევი და დაფუძნებული სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში საბჭომ პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა და პიროვნული მახასიათებლები, ასევე, ის ფაქტი, რომ იგი სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია და ირიცხება სამეურნეო მომსახურეობაში, თუმცა ყურადღება გაამახვილა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე, კერძოდ კი, იმაზე, რომ მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა და ვიანიდან სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, საბჭომ, ამ ეტაპზე, მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის, მოცემულ ეტაპზე, არ დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას დანაშაულის ხასიათთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს. სასამართლო განმარტავს, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებასა და მათი პრიორიტეტების დადგენას. გადაწყვეტილება, სასამართლოს მოსაზრებით, მოქცეული უნდა იყოს დებულებით დაწესებულ ჩარჩოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საბჭოს, მისი დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გააჩნია ცალკეული კრიტერიუმების შეფასების უფლებამოსილება, რომელიმე მათგანისათვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს მის უფლებას უარყოს ან/და შეფასების მიღმა დატოვოს რომელიმე მათგანი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ იგ----------------ე ჩარიცხული იყო N8 პენიტენციური დაწესებულების სამეურნეო მომსახურეობაში. იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებდა. არის თავაზიანი, როგორც თანასაკნელების, ასევე, ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართაც. ადმინისტრაციის მხრიდან გამოცხადებული აქვს მადლობა. ამჟამად, მსჯავრდებული მუშაობს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სასადილოში. ხასიათდება დადებითად.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დახასიათებასა და გადაწყვეტილებაში აღნიშნულ მსჯავრდებულთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებსა (მიდრეკილება ემოციური აგრესიისკენ, ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა და ა.შ) და დამცავ ფაქტორებს (მაგ: ქცევის შეცვლის მოტივაცია სოციალური მხარდაჭერა და ა.შ.), რომლის თანახმად, ინტერვიურებისას განსაკუთრებული სახის რისკ-ფაქტორები არ გამოვლენილა; იგ----------------ე მიზანმიმართულად ერთვება დიალოგში, არის კომუნიკაბელური, თავაზიანი, გარეგნულად მოწესრიგებული. მომავლის მიმართ განწყობილია პოზიტიურად. გამოხატულია ცვლილებებისადმი მზაობა, კონფრონტაციისაგან არიდების ტენდენცია. აქვს არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების გაცნობიერების სურვილი, ქცევის შეცვლის მოტივაცია, პასუხიმგებლობის გრძნობა. ორიენტირებულია თვითგანვითარებაზე, თვითრეალიზაციაზე და შრომით საქმიანობაზე.

 

მსჯავრდებული სინანულით საუბრობს ჩადენილ ქმედებაზე, უკავშირებს გარემოებათა თანხვედრას და განიცდის პატიმრობაში გატარებულ პერიოდს. გათავისუფლების შემთხვევაში აპირებს დაიწყოს მუშაობა და მიხედოს ოჯახს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლზე, რომელიც ახდენს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესისა და პირობების რეგლამენტირებას. აღნიშნული მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, პირი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან. გარდა ამისა, კანონმდებელი მძიმე დანაშაულისათვის, პირობით ვადამდე გათავისუფლებას უკავშირებს მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედის მოხდას.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია კავშირშია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასამართლოს მოსაზრებით, თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს, სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა ანუ მიღწეულ იქნა თუ არა სასჯელის მიზანი მისი რესოციალიზაციის კუთხით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ სურს საზოგადოებაში რეინტეგრაცია. სადავო გადაწყვეტილებაში კი არ არის დასაბუთებული, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით იგ----------------ის მიმართ მიღწეული იყო თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რასაც საბოლოოდ მივყავართ სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ დასკვნამდე, არის თუ არა მისი გამოსწორებისათვის საჭირო დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

 

ამდენად, მოსარჩელის პიროვნების გათვალისწინებით, ჰუმანიზმისა და დემოკრატიულობის პრინციპებზე დაყრდნობით, მოპასუხე ვალდებულია ხელახლა იმსჯელოს სადავო საკითხზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების მიზნით, იგი უფლებამოსილია ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი, დაუსვას შეკითხვები მსჯავრდებულს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტილად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 10 აგვისტოს №---------- გადაწყვეტილება და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივი საბჭოს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. იგ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 10 აგვისტოს N---------- გადაწყვეტილება და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა იგ----------------ის მიმართ;

 

3. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი