გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.11.2018
საქმის ნომერი
330310017002214768
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
23.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N3/8443-17 30 აგვისტო, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - ლ-–-----------ა, ნ---------------ა, ნ-----–--------------ა

წარმომადგენელი - ზ-----------ე

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო

წარმომადგენელი - ც-----------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი

წარმომადგენელი - ფ---------------–---–ი

მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები

1.1. მოსარჩელეების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №6- განკარგულების ბათილად ცნობა;

1.2. მოსარჩელეების ნაწილში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლ--------------ას შორის 2009 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობასა და ხანდაზმულობაზე მითითებით.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

მესამე პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ დაეთანხმა სარჩელს.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. ლ-–-----------ა და მისი შვილები - ნ----- და ნ-----–--------------ები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოებული აღრიცხვით დევნილებად დარეგისტრირდნენ მისამართზე - თბილისი, ჩ-----------ი, ა--------ს ქუჩა N5--ში საოჯახო ნომრით 0--5. ამავე საოჯახო ნომერზე და მისამართზე დარეგისტრირდა ლ-–-----------ას ძმა - ლ--------------ა, ასევე, მშობლები, და და შვილი. ოჯახის მონაცემები არც 2013 წელს განხორციელებული რეგისტრაციისას შეცვლილა.

მტკიცებულება: დევნილის ანკეტები (ს.ფ. 138-149), დევნილის მოწმობების ასლები (ს.ფ. 15.

 

4.2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №6- განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად დანართშივე მითითებულ პირებს გადაეცათ. მითითებული განკარგულების დანართის მიხედვით, თბილისში, ჩ-----------ი, ა--------ს ქუჩა N5--ში მდებარე, 74 კვ.მ 2 ოთახი ლ-–-, ნ----- და ნიკოლოზ ბიკუჩავების ოჯახს გადაეცა.

მტკიცებულება: განკარგულება, დანართი (ს.ფ. 70-71, 72).

 

4.3. 2009 წლის 10 თებერვალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინსიტროსა და ლევან ბოკუჩვას შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც, ლევა ბოკუჩავას საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ჩ-----------ში, ა--------ს ქუჩა N5--ში მდებარე 74 კვ.მ 2 ოთახი. დასახელებული ხელშეკრულების 2.2 და 2.5 პუნქტებით ლ--------------ას მისთვის გადაცემულ ქონებაში ჯემალი, ლ-–-, ნ----- და ნ-----–--------------ების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება დაეკისრა, ხოლო 2.4 პუნქტში აღინიშნა, რომ ხელშეკრულებით ბინით დაკმაყოფილებული პირები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღარ იქნებოდნენ უფლებამოსილნი, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისგან კომპენსაცია ან უძრავი ქონების გადაცემა მოეთხოვათ, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. ხელშეკრულების შესაბამისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში 2009 წლის 10 თებერვალს განხორციელდა.

მტკიცებულება: ხელშეკრულება (ს.ფ. 22), საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 23).

 

4.4. ლ-–-----------ასათვის 2009 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების თაობაზე ცნობილი უნდა ყოფილიყო ამ ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში.

დადგენილია, რომ ლ--------------ა და ლ-–-----------ა შვილებთან ერთად ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად იმ ბინაში, რომელიც სადავო ხელშეკრულებით გადაეცათ. სასამართლომ მიერ გაკეთებულ გზავნილებზე შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ისინი დღესაც აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ (ს.ფ. 82). სასამართლოს მიაჩნია, რომ დასახელებული გარემოება წარმოშობს თითქმის გაუბათილებელ პრეზუმფციას მასზე, ლ--------------ას მიერ უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების ფაქტი იმთავითვე იყო ცნობილი ოჯახის წევრებისათვისაც.

 

4.4. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №6- განკარგულებისა და მის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისიტროსა და ლ--------------ას შორის 2009 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით ლ-–-, ნ----- და ნ-----–--------------ების სარჩელი სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბერს წარედგინა.

მტკიცებულება: სარჩელი (ს.ფ. 1-13).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებისა და უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია უფლებით სამართლიან სასამართლოზე. თუმცა, „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/5-1 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალური ხელმისაწვდომობა.

გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს, დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს. დასახელებული კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლისა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისში, ჩ-----------ში, ა--------ს ქუჩა N5--ში მდებარე ბინის პრივატიზების თაობაზე მოსარჩელეებისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების დროს - 2009 წლის 10 თებერვალს, რაც მეტყველებს მასზე, რომ შესაბამისი ბინით დაკმაყოფილება სადავოდ დასახელებული დროიდან 3 წლის ვადაში უნდა გამხდარიყო, თუმცა სარჩელი არა ამ ვადაში, არამედ 2017 წლის დეკემბერშია წარმოდგენილი.

ამდენად, მითითებული ნორმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს მისი ხანდაზმულობა გამორიცხავს.

 

8. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში სასამართლო ხარჯები ეკისრება მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, ბაჟის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეებს შესრულებული აქვთ სარჩელის წარმოდგენის ეტაპზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 251 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ-–-----------ას, ნ---------------ასა და ნ-----–--------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია