გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2018
საქმის ნომერი
330310118002495063
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/3649-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - შპს "ჯ-------”

წარმომადგენელი - ა------------–---–ი, ა-------------–---–ი

 

მოპასუხე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - გ----------–---–---–---–ი, თ---------------–--ე

 

მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - მ---------------ი, ა--------------ი

 

მესამე პირი - შპს „ნ-------ი“

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 11 ივნისის NAT1-------- გადაწყვეტილება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 19 ივნისის N- ოქმი - ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვის მიზნით 2018 წლის 13 აპრილს გამოცხადებულ NAT1-------- აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მესამე პირი - შპს „ნ-------ი“ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მისთვის ცნობილი იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 14 აპრილის N- სხდომის ოქმის მიხედვით, სატენდერო კომისიამ განიხილა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების შესყიდვა (მონტაჟით) (CPV - 3-------) შესყიდვის მიზნით სატენდერო კომისიის მიერ აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცებული იქნა სატენდერო დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 14 აპრილის N- სხდომის ოქმი - ს/ფ 48-49

 

4.1.2. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 18 მაისის N- სხდომის ოქმის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-2 ბრძანებით დამტკიცებული წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული შიდა კამერა, ანტივანდალური შიდა კამერა, გარე კამერა, უწყვეტი კვების წყალო და დენის კაბელი არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის განსაზღვრულ მოთხოვნებს, მოხდა შპს "ნ-------ის’’ დისკვალიფიკაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 18 მაისის N- სხდომის ოქმი - ს/ფ 55-57.4

 

3.1.3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 25 მაისის N- სხდომის ოქმის მიხედვით, 1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-2 ბრძანებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის მე-3, მე-5 პუნქტების შესაბამისად არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში შპს „ჯ-------“-ს დაევალა წარედგინა შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტები:

- მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ვიდეო კაბელის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ;

- მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი დენის კაბელის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ;

- მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი UTP კაბელის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ;

2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-2 ბრძანებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტების საფუძველზე სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან 10(ათი) სამუშაო დღის ვადაში, შპს „ჯ-------“-ს შს სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში (ქ. თბილისი, გულუას ქუჩა N-0,) უნდა წარედგინა მისაწოდებელი საქონლის ნიმუშები. კერძოდ:

ჩამწერების, მყარი დისკის, სამივე ტიპის კამერის, კვების ბლოკის, რეკის, უწყვეტი კვების წყაროსა, მონიტორის, ვიდეო კაბელის, UTP კაბელისა და დენის კაბელის ნიმუშები.

3. შპს „ჯ-------“-ს მიერ დადგენილებითი ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგენლობის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-2 ბრძანებით დამტკიცებული წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოხდებოდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

4. შპს „ჯ-------“-ს მიერ დადგენილებითი ნაწილის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ნიმუშების არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგენლობის ან მისი/მათი სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-2 ბრძანებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოხდებოდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 25 მაისის N- სხდომის ოქმი - ს/ფ 58-61

 

4.1.4. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების მიხედვით, შპს ,,ნ-------მა’’ DET 1--------_01(NAT) საჩივრით მიმართა დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 25 მაისის N- სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, ასევე შპს „ჯ-------“-ს დისკვალიფიცირება და აღნიშნული ტენდერიდან ამოღება. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ნ-------ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიას დაევალა გაეუქმებინა 2018 წლის 25 მაისის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „ჯ-------“-ს თავდაპირველად (სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე) წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა/შეფასება განეხორციელებინა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

საბჭომ სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 25 მაისის N- სხდომის ოქმით შპს „ჯ-------“-ს მოეთხოვა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება

- მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ვიდეო კაბელის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ;

- მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი დენის კაბელის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ;

- მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი UTP კაბელის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ;

საბჭომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ პოზიციებზე პრეტენდენტს თავდაპირველად (სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე) წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული ჰქონდა შემდეგი: ვ------------–-----------------------------------–---------------------------–--------------–----–---------------------------------–------------------------–-----------------------------------–-------------.

საბჭომ ყურადღება გაამახვილა სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტით დაწესებულ მოთხოვნაზე: „პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებულ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაში შემავალი პასიური აპარატურის და მაკომპლექტებლების მწარმოებელი ქვეყნის, ფირმისა და მოდელის შესახებ. კერძოდ: დენის კაბელები, ვიდეო კაბელები, UTP კაბელები, ხვეულწყვილზე გადამყვანები და სამონტაჟო კომპლექტები). “

საბჭომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-2 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით „ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სატენდერო კომისიას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია ვალდებულია, კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთოს შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.“ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით „შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტება არ უნდა იყოს ბუნდოვანი და კონკრეტულად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას.“ შპს „ჯ-------ს“ წარმომადგენელმა სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით დასვა კითხვა: „გთხოვთ დააზუსტოთ, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებულ ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემაში შემავალი პასიური აპარატურის და - მაკომპლექტებლების მწარმოებელი ქვეყნის, ფირმისა და მოდელის შესახებ. კერძოდ: დენის კაბელები, ვიდეო კაბელები, UTP კაბელები, ხვეულწყვილზე გადამყვანები და სამონტაჟო კომპლექტები). პუნქტის შესაბამისად სადაც ხაზგასმულია კაბელების მოდელის წარმოდგენის მოთხოვნა, აუცილებელია მითითებულ იქნას კაბელების მოდელები და შეუძლებელია შემოთავაზებულ იქნას კაბელები რომლებსაც „არ გააჩნია“ მოდელი? შესაძლებელია თუ არა სამონტაჟო კომპლექტში შემავალ თაბაშირ მუყაოს შურუპებს, კედლის ანკერებსა და დასალუქი ხამუთებს „არ გააჩნდეთ“ მოდელი? რასთან დაკავშირებითაც 2018 წლის 20 აპრილს სატენდერო კომისიამ აღნიშნა: „მოდელი უნდა იქნას წარმოდგენილი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ასეთი არსებობს.“

საბჭომ განმარტა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კითხვა-პასუხის მოდულის გამოყენებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ემსახურება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციისაგან განსხვავებული მოთხოვნის დაწესების მიზანს, მისი საშუალებით უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის კონკრეტული ჩანაწერის განმარტება და არა სატენდერო პირობების ცვლილება ან/და ახალი პირობების დადგენა.

საბჭომ ხასგასმით აღნიშნა, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-2 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-19 მუხლის მოთხოვნები. სატენდერო პირობები შეცვლილად არ ჩაითვლება, ვიდრე მასში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-2 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-19 მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ შევა შესაბამისი ცვლილება.

საბჭომ აღნიშნა, რომ NAT1-------- ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებდა დათქმას, რომლის შესაბამისადაც მოდელის მითითება სავალდებულო იყო მხოლოდ მისი არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დათქმა გაჩნდა სისტემაში არსებულ „კითხვა-პასუხის“ მოდულში პასუხის გაცემის გზით, რაც ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას. მოცემულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ცალსახად ითხოვდა მისაწოდებელი პროდუქციის მოდელის მითითებას, შესაბამისად, პრეტენდენტები ვალდებულნი იყვნენ მიეთითებინათ აღნიშნული ინფორმაცია წინადადების წარდგენის ეტაპზე, ვინაიდან სადაოდ გახდილი ინფორმაციის დაზუსტებას ზემოაღნიშნული წესი არ ითვალისწინებდა.

საბჭომ განმარტა, რომ ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე NAT1-------- ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტებმა უნდა იხელმძღვანელონ და შემდგომ სატენდერო კომისიამ მათი დოკუმენტაცია უნდა შეაფასოს არა სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულში მითითებული შეცვლილი ჩანაწერით, არამედ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საბჭომ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში შპს „ჯ-------“-ს მიერ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ იყო წარდგენილი ინფორმაცია შემოთავაზებული პროდუქციის მოდელის შესახებ, რა შემთხვევაშიც სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს პრეტენდენტის უპირობო (ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების პროცედურის გამოყენების გარეშე) დისკვალიფიკაციას.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მსჯელობა აღარ განავითარა DET1--------_01 (NAT) საჩივრის სხვა სადავო საკითხებთან მიმართებით და მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 25 მაისის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებ - ს/ფ 21-27

 

4.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 19 ივნისის N- სხდომის ოქმის მიხედვით კომისიამ დაადგინა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-2 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის ყიდვის მიზნით 2018 წლის 13 აპრილს გამოცხადებულ NAT1-------- აუქციონის გარეშე ელექტრონულ ტენდერს მიენიჭოს სტატუსი - „ტენდერი შეწყვეტილია“.

ოქმის მიხედვით სატენდერო კომისია არ დაეთანხმა დავების განხილვის საბჭოს მსჯელობას. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ სატენდერო განცხადებაში ცალსახად არ ყოფილა მოთხოვნილი პროდუქციის მოდელის მითითება. სატენდერო განცხადების ყველა იმ რედაქციაში, სადაც საუბარია მოდელზე მითითებულია, რომ პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მოდელის შესახებ. ინფორმაცია გულისხმობს როგორც მოდელის არსებობის შემთხვევაში მის კონკრეტულად მითითებას, ასევე, მისი არარსებობის შემთხვევაში ჩანაწერს, რომ საქონელს მოდელი არ გააჩნია. სამწუხაროდ იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანის მიერ არ იყო დაფიქსირებული შენიშვნები (არც საჩივარში და არც დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე) „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით გაკეთებული განმარტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე, შემსყიდველ ორგანიზაციას არ მიეცა საშუალება დაეფიქსირებინა პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმპერატიულად, მონაწილე მხარეების პოზიციის მითითების გარეშე. სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ იმის გათვალისწინებით რომ ჩანაწერი „ინფორმაცია“ შესაძლოა თავის თავში მოიცავდეს სხვადასხვა განმარტებას, „კითხვა-პასუხის“ მეშვეობით გაკეთებული განმარტება აზუსტებს მოთხოვნას და არ იწვევს სატენდერო დოკუმენტაციის/განცხადების ცვლილებას, შესაბამისად შესყიდვის პროცედურები სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

სატენდერო კომისიის სხდომაზე განხილვისას აღინიშნა, რომ მომჩივან ორგანიზაციასაც არ ჰქონია შენიშვნები „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით გაცემული პასუხის კანონთან შესაბამისობის თაობაზე. საჩივარში ნათლადაა მითითებული, რომ მომჩივანი აპროტესტებდა იმ ფაქტს, რომ შპს „ჯ-------“-ს მიერ უნდა მომხდარიყო მოდელის მითითება არა იმის გამო, რომ „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით გაცემული პასუხი იყო კანონმდებლობასთან შეუსაბამო, არამედ იმის გამო, რომ რეალურად შემოთავაზებულ საქონელს გააჩნდა შესაბამისი მოდელები და მიმწოდებლის ჩანაწერი „არ გააჩნია მოდელი“ მიზანმიმართულად იყო მითითებული შემდგომში სპეკულაციის მიზნით. ამასთან დავების განხილვის საბჭოზე მომჩივანი უშვებდა იმ ფაქტს, რომ თუ არ გააჩნდა მოდელი შესაძლებელი იყო აღნიშნული ჩანაწერის მითითება. აღნიშნული გარემოება, რომ შპს „ჯ-------“-ს მიერ მითითებული ინფორმაცია იყო სწორი და შესაბამისად შემსყიდველმაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო კიდევ ერთხელ დადასტურდა დაინტერესებული მხარის მიერ დავების განხილვის საბჭოზე წარდგენილი, მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტებით. სატენდერო კომისიაზე ასევე აღინიშნა, რომ იმისდა მიუხადავად, რომ შემსყიდველი არ ეთანხმებოდა დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან, მის გასასაჩივრებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები მოითხოვდა იმდენ დროს, რომ საგრძნობლად გააჭიანურებდა პროექტის განხორციელებას, რომელიც წარმოადგენდა პრიორიტეტულ მიმართულებას, შს სამინისტროს მიერ აღებული - ვალდებულებების (მათ შორის საერთაშორისო) გათვალისწინებით სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შესყიდვის მიზნით 2018 წლის 13 აპრილს გამოცხადებული აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 19 ივნისის N- სხდომის ოქმი - ს/ფ 108-110

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 11 ივნისის NAT1-------- გადაწყვეტილება შპს „ჯ-------ს“ დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 19 ივნისის N- ოქმი - ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვის მიზნით 2018 წლის 13 აპრილს გამოცხადებულ NAT1-------- აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნებთან.

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა;დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. ამავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი პროცედურებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 231-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვთ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს და პრეტენდენტს. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვის პროცესში დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების მიხედვით, შპს ,,ნ-------მა’’ DET 1--------_01(NAT) საჩივრით მიმართა დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 25 მაისის N- სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, ასევე შპს „ჯ-------“-ს დისკვალიფიცირება და აღნიშნული ტენდერიდან ამოღება. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ნ-------ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიას დაევალა გაეუქმებინა 2018 წლის 25 მაისის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „ჯ-------“-ს თავდაპირველად (სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე) წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა/შეფასება განეხორციელებინა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. საბჭომ სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 25 მაისის N- სხდომის ოქმით შპს „ჯ-------“-ს მოეთხოვა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი. ამავე აქტის მე-4 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია; გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა; დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა; ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა.

 

ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სატენდერო კომისიას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია ვალდებულია, კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთოს შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს „კითხვა-პასუხის“ მოდულით სარგებლობის უფლება აქვს ხელშეკრულებისთვის ხელშეკრულების სტატუსის „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტება არ უნდა იყოს ბუნდოვანი და კონკრეტულად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას.

 

საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შპს „ჯ-------ს“ წარმომადგენელმა სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით დასვა კითხვა: „გთხოვთ დააზუსტოთ, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებულ ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემაში შემავალი პასიური აპარატურის და - მაკომპლექტებლების მწარმოებელი ქვეყნის, ფირმისა და მოდელის შესახებ. კერძოდ, დენის კაბელები, ვიდეო კაბელები, UTP კაბელები, ხვეულწყვილზე გადამყვანები და სამონტაჟო კომპლექტები. პუნქტის შესაბამისად სადაც ხაზგასმულია კაბელების მოდელის წარმოდგენის მოთხოვნა, აუცილებელია მითითებულ იქნას კაბელების მოდელები და შეუძლებელია შემოთავაზებულ იქნას კაბელები რომლებსაც „არ გააჩნია“ მოდელი? შესაძლებელია თუ არა სამონტაჟო კომპლექტში შემავალ თაბაშირ მუყაოს შურუპებს, კედლის ანკერებსა და დასალუქი ხამუთებს „არ გააჩნდეთ“ მოდელი? რასთან დაკავშირებითაც 2018 წლის 20 აპრილს სატენდერო კომისიამ აღნიშნა: „მოდელი უნდა იქნას წარმოდგენილი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ასეთი არსებობს.“

 

სასამართლო მიუთითებს სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1. პუნქტით დაწესებულ მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებულ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაში შემავალი პასიური აპარატურის და მაკომპლექტებლების მწარმოებელი ქვეყნის, ფირმისა და მოდელის შესახებ. კერძოდ, დენის კაბელები, ვიდეო კაბელები, UTP კაბელები, ხვეულწყვილზე გადამყვანები და სამონტაჟო კომპლექტები და განმარტავს, რომ იზიარებს მოპასუხე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მითითებას, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კითხვა-პასუხის მოდულის გამოყენებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ემსახურება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციისაგან განსხვავებული მოთხოვნის დაწესების მიზანს, მისი საშუალებით უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის კონკრეტული ჩანაწერის განმარტება და არა სატენდერო პირობების ცვლილება ან/და ახალი პირობების დადგენა. საბჭომ სწორად აღნიშნა, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-2 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-19 მუხლის მოთხოვნები. სატენდერო პირობები შეცვლილად არ ჩაითვლება, ვიდრე მასში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-2 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-19 მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ შევა შესაბამისი ცვლილება.

 

ამავე წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს სატენდერო პირობები ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე. დაუშვებელია ტენდერის ჩატარების მეთოდისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდგომ დაუშვებელია სატენდერო პირობების შეცვლა, გარდა ამ წესის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა. მე-3 პუნქტის მიხედვით, სატენდერო პირობებში ცვლილება შეიტანება სატენდერო პირობების დამტკიცებისთვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, სატენდერო პირობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, სატენდერო პირობების გაცნობის ვადა გრძელდება ელექტრონული ტენდერის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო პირობებში ცვლილება ეხება მხოლოდ სატენდერო კომისიის ინიციატივით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო პირობების გაცნობის ვადის გაზრდას. ამავე წესის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.

 

NAT1-------- ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით დგინდება, რომ არ ითვალისწინებდა დათქმას, რომლის შესაბამისადაც მოდელის მითითება სავალდებულო იყო მხოლოდ მისი არსებობის შემთხვევაში. შემსყიდველი ორგანიზაცია ცალსახად ითხოვდა მისაწოდებელი პროდუქციის მოდელის მითითებას, შესაბამისად, პრეტენდენტები ვალდებულნი იყვნენ მიეთითებინათ აღნიშნული ინფორმაცია წინადადების წარდგენის ეტაპზე, ვინაიდან სადაოდ გახდილი ინფორმაციის დაზუსტებას ზემოაღნიშნული წესი არ ითვალისწინებს.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 11 ივნისის NAT1-------- გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7.3. რაც შეეხება მოთხოვნას - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კომისიის 2018 წლის 19 ივნისის N- ოქმი - ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვის მიზნით 2018 წლის 13 აპრილს გამოცხადებულ NAT 1-------- აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ1’’ ქვეპუნქტის თანახმად შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ყ’’ ქვეპუნქტის თანახმად შეწყვეტილია – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ სატენდერო კომისიის დასაბუთებულ სხდომის ოქმს, რომელშიც მითითებული იქნება ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის მიზეზი და საფუძველი. ელექტრონული ტენდერისთვის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსის მინიჭება დასაშვებია ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტრონულ ტენდერს მინიჭებული აქვს ტენდერის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 19 ივნისის N- სხდომის ოქმის მიხედვით კომისიამ დაადგინა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-2 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის ყიდვის მიზნით 2018 წლის 13 აპრილს გამოცხადებულ NAT1-------- აუქციონის გარეშე ელექტრონულ ტენდერს მიენიჭოს სტატუსი - „ტენდერი შეწყვეტილია“.

 

სასამართლო არ იზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 19 ივნისის N- სხდომის ოქმის განმარტებებს სახელწმიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 11 ივნისის NAT1-------- გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით პრეტენდენტს უნდა წარედგინა ინფორმაცია შემოთავაზებულ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაში შემავალი პასიური აპარატურის და მაკომპლექტებლების მწარმოებელი ქვეყნის, ფირმისა და მოდელის შესახებ. სატენდერო დოკუმენტაცია არ იძლევა მითითებას, რომ პრეტენდენტმა იმ შემთხვევაში წარადგინოს ინფორმაცია მოდელის თაობაზე, თუ იგი არსებობს. თუ სატენდერო კომისია მოდელის მითითებას ითხოვდა მისი არსებობის შემთვევაში, მაშინ ტექნიკურ დოკუმენტაციაში უნდა განეხორციელებინა შესაბამისი მითითება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად აღნიშნული განმარტებისა, სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 19 ივნისის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება კანონიერად მიაჩნია, თვლის, რომ მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 19 ივნისის N- სხდომის ოქმის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ-------ს’’ სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, ხოლო იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "თ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს "ჯ-------”-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი