გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/1444-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენლები - გ-----------–---, ს--–-------------–ა
მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - თ--------------ე
მესამე პირი - შპს „ჯ---------------------------------ი“
წარმომადგენლები - დ------------------ა, გ-------------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 01 თებერვლის №9-- გადაწყვეტილება.
1.2 დაევალოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - შპს „ჯ---------------------------------ის“ წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და ითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულება მისამართზე: გ-–----ი, გ-–----ის მასივი, 7 მკ-რ, შენ. 2 კმ., რეგისტრირებულია შპს ,,ჯ---------------------------------ის“ აბონენტად (სააბონენტო ნომერი 7--------) და სასმელი წყლის გადასახადი ერიცხება მრიცხველის ჩვენების მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №7-------- აბონენტის (№8 დაწესებულება) ბარათი (ს.ფ. 128-135).
4.1.2. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 20 ივნისის №0617-43--- წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ კომპანიამ №8 დაწესებულების (აბ.№7--------) წყლის მიწოდების სისტემაზე მოხსნილი (16.05.2017) მრიცხველი, მისი ვარგისიანობის დასადგენად წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 20 ივნისის №0617-43--- წერილი (ს.ფ. 95).
4.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს №0-------- დასკვნის თანახმად, „მრიცხველის მიმდებარე კედელი არის ძლიერ დასველებული, რაც უკავშირდება მის მხარეს წვიმისგან ჩასულ წყალს. ამას ადასტურებს მრიცხველის თავზე არსებული ჭის ლუქისქვეშა ბეტონის სველი ნაწილი, საიდანაც ჩაედინებოდა წვიმის წყალი, რომელიც კედლის გავლით ავსებდა ჭას. ამასთან ერთად ნაწილი წყალი ხვდებოდა პირდაპირ მრიცხველის თავზე“. ამავე დასკვნის მიხედვით, „ზოგადად აღნიშნული ტიპის მრიცხველის კორპუსში წყლის მოხვედრამ, აკუმულატორის კონტაქტების მიერთების ადგილას შესაძლებელია გამოიწვიოს ძაბვის ვარდნა. ასეთ დროს, მრიცხველის მაკონტროლებელი სქემა გაზომვის სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით წყვეტს ანათვალის აღებას“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს №0-------- დასკვნა (ს.ფ. 105-125).
4.1.4. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 20 ნოემბრის №0617-9---- წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ 2017 წლის აპრილში №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების (აბ.№7--------) წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული მრიცხველი იყო დაზიანებული. შესაბამისად, შპს ,,ჯ---------------------------------მა“ (შემდგომში „კომპანია“) აბონენტზე დარიცხვა განახორციელა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ საფუძველზე და გადასახდელი თანხის დაანგარიშება მოხდა წინა თვეების საშუალო ხარჯის (მოხმარების) მიხედვით. ამავე წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ არსებული მდგომარეობით №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხმარებული სასმელი წყლის დავალიანება „კომპანიის“ მიმართ შეადგენდა 197,375,27 ლარს, რომელიც უნდა დაეფარა 10 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტს შეუწყდებოდა წყალმომარაგება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 20 ნოემბრის №0617-9---- წერილი (ს.ფ. 15-16).
4.1.5. 2017 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ №MOC 4 17 0------- საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას და №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე (აბ.№7--------) 2017 წლის აპრილის თვეში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის გაუქმება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 15 დეკემბრის №MOC 4 17 0------- საჩივარი (ს.ფ. 92-94).
4.1.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 01 თებერვლის №9-- გადაწყვეტილებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოადგილის თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე (აბონენტი №7--------) 2017 წლის აპრილის თვეში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 228663,46 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგულირებელმა კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში - 2017 წლის აპრილში, მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის გამო, შეუძლებელია №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების (აბონენტი №7--------) მიერ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა. შესაბამისად, №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე (აბონენტი №7--------) სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა, სადავო პერიოდში, კომპანიის მიერ განხორციელებულია კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც „თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.“ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მღებრიშვილის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე (აბონენტი№7--------) მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 01 თებერვლის №9-- გადაწყვეტილება (ს.ფ. 157-161).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლის - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 01 თებერვლის №9-- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიანტებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიანტები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მიიჩნევს, რომ კომისიას მინიჭებული აქვს ელექტოენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის დისკრეცია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულება მისამართზე: გ-–----ი, გ-–----ის მასივი, 7 მკ-რ, შენ. 2 კმ., რეგისტრირებულია შპს ,,ჯ---------------------------------ის“ აბონენტად (სააბონენტო ნომერი 7--------) და სასმელი წყლის გადასახადი ერიცხება მრიცხველის ჩვენების მიხედვით.
შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 20 ნოემბრის №0617-9---- წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ 2017 წლის აპრილში №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების (აბ.№7--------) წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული მრიცხველი იყო დაზიანებული. შესაბამისად, შპს ,,ჯ---------------------------------მა“ (შემდგომში „კომპანია“) აბონენტზე დარიცხვა განახორციელა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ საფუძველზე და გადასახდელი თანხის დაანგარიშება მოხდა წინა თვეების საშუალო ხარჯის (მოხმარების) მიხედვით. ამავე წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ არსებული მდგომარეობით №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხმარებული სასმელი წყლის დავალიანება „კომპანიის“ მიმართ შეადგენდა 197,375,27 ლარს, რომელიც უნდა დაეფარა 10 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტს შეუწყდებოდა წყალმომარაგება.
2017 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ №MOC 4 17 0------- საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას და №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე (აბ.№7--------) 2017 წლის აპრილის თვეში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 01 თებერვლის №9-- გადაწყვეტილებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოადგილის თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე (აბონენტი №7--------) 2017 წლის აპრილის თვეში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო პერიოდში მრიცხველის დაზიანების გამო მოხმარებული სასმელი წყლის არასრულად აღრიცხვის ფაქტი, შესაბამისად 2018 წლის 01 თებერვლის №9-- გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და არ არსებობდა დარიცხვის გაუქმებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ არეგულირებს ურთიერთობებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
ამავე წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით.
სასამართლო ასევე მოიხმობს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტს, რომელიც არეგულირებს მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრის წესს იმ შემთხვევაში, როდესაც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში შეუძლებელია მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს №0-------- დასკვნაზე თანდართულ „ლოგერის“ მონაცემებზე (იხ. დანართი №1, №2, ს.ფ. 123, 124), რომლითაც დგინდება, რომ №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების (აბ. №7--------) წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული მრიცხველი 2017 წლის აპრილის თვეში, 11 დღის განმავლობაში არ აწარმოებდა მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვას. ამავე დასკვნით ასევე დგინდება, რომ მრიცხველის მიმდებარე კედელი იყო ძლიერ დასველებული, ხოლო ექსპერტის შეფასებით, „ზოგადად აღნიშნული ტიპის მრიცხველის კორპუსში წყლის მოხვედრამ, აკუმულატორის კონტაქტების მიერთების ადგილას შესაძლებელია გამოიწვიოს ძაბვის ვარდნა. ასეთ დროს, მრიცხველის მაკონტროლებელი სქემა გაზომვის სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით წყვეტს ანათვალის აღებას“. ამასთან, აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების აბონენტის (№7--------) ბარათით ირკვევა, 2017 წლის აპრილის თვეში აბონენტის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა ნაკლებია როგორც წინა თვეების, ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მოხმარებული სასმელის წყლის ოდენობაზე.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის სადავო პერიოდში №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის სასმელი წყლის მიწოდების ფაქტს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ №7-------- აბონენტის სასმელი წყლის მრიცხველი დაზიანების გამო 11 დღის (2017 წლის აპრილი) განმავლობაში არ აწარმოებდა აბონენტის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის აღრიცხვას და შეუძლებელი იყო მოხმარებული სასმელი წყლის ხარჯის განსაზღვრა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის (№7-------- აბონენტი) სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე სასმელი წყლის საფასურის გამოანგარიშება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით კანონშესაბამისია.
7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 01 თებერვლის №9-- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლის - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხე, განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: ნანა დარასელია