გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/6688-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - შპს ,,ს----------------------ი“
წარმომადგენელი - ნ-----–-------------ე
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი - თ---------------–--ე
მოპასუხე - სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“
წარმომადგენლები - დ-----------------–---–ი, თ-----------–-–---–ი
მესამე პირი - შპს „D--------------------o“
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს №- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 30 აგვისტოს №- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 05 სექტემბერს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №1---1 ხელშეკრულება.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილება საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ.
1.5. დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ელექტრონულ ტენდერში №SPA---------, 2017 წლის 23 აგვისტოს მოსარჩელის მიერ გაკეთებულ შეთავაზებასთან დაკავშირებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.2. მოპასუხე - სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - შპს „D--------------------o“-ს წარმომადგენელი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტი (შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შესავსები სატენდერო პირობები).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 31 ივლისის №1 სხდომის ოქმი (ს.ფ. 187);
- ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 188-197).
4.1.2. 2017 წლის 31 ივლისს, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (სატენდერო განცხადება SPA---------), რომელშიც სატენდერო წინადადებების მიღებისათვის განსაზღვრულ ვადაში სატენდერო წინადადება წარადგინა ორმა პრეტენდენტმა: შპს „ს----------------------ი“ და შპს „D--------------------o“. ვინაიდან აღნიშნულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი - 188 000 ლარი) დააფიქსირა შპს „D--------------------o“-მ, სატენდერო კომისიამ განიხილა მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება და ტექნიკური დოკუმენტაცია. შპს „D--------------------o“-ს სატენდერო წინადადების (ტექნიკური დოკუმენტაცია) განხილვის შედეგად გამოვლინდა, რომ პრეტენდენტს არ ჰქონდა წარდგენილი ტექნიკური მოთხოვნების 2.2.1, 2.4.1 და სატენდერო დოკუმენტაციის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილებით შპს „D--------------------o“-ს ტექნიკური მოთხოვნების 2.2.1, 2.4.1 და სატენდერო დოკუმენტაციის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის და დოკუმენტაციის და ელექტრონულ ტენდერში დაფიქსირებული საბოლოო ფასის (188 000 ლარი) შესაბამისი მომსახურების ფასის წარდგენისთვის განესაზღვრა 1 (ერთი) სამუშაო დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სატენდერო განცხადება SPA--------- და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 143-146);
- სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს №- სხდომის ოქმი (ს.ფ. 198-200).
4.1.3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 30 აგვისტოს სხდომის ოქმის თანახმად, სატენდერო კომისია განიხილა შპს „D--------------------o“-ის სატენდერო წინადადება, ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ შპს „D--------------------o“-ის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება და ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამებოდა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „D--------------------o“. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ვადად განისაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „D--------------------o“-ს სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 96-136);
- სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 30 აგვისტოს სხდომის ოქმი (ს.ფ 201-202).
4.1.4. 2017 წლის 5 სექტემბერს, ერთი მხრივ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ (შემდგომში „შემსყიდველი“) და მეორე მხრივ შპს „D--------------------o“-ს (შემდგომში „მიმწოდებელი“) შორის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და მიმწოდებლის სატენდერო წინადადების საფუძველზე, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 5 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1---1 (ს.ფ. 203-207).
4.1.5. შპს ,,ს----------------------მა“, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელის“ მიერ გამოცხადებულ SPA--------- ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით, 2017 წლის 4 სექტემბერს DIS1-------1_01 საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 05 სექტემბრის №-849 გადაწყვეტილებით შპს ,,ს----------------------ის“ DIS1-------1_01 საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და შპს „D--------------------o“-ს შორის 2017 წლის 5 სექტემბერს დადებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1---1, სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს ,,ს----------------------ის“ საჩივრის განხილვა სცილდებოდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს უფლებამოსილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 05 სექტემბრის №-849 გადაწყვეტილება (ს.ფ. 210).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ს----------------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი“ (ძალადაკარგულია 08.02.18 №1).
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს №- და 2017 წლის 30 აგვისტოს №- საოქმო გადაწყვეტილებები და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილება, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. მითითებული მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 121 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს სატენდერო კომისია, ხოლო მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტი (შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შესავსები სატენდერო პირობები).
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ივლისს, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (სატენდერო განცხადება SPA---------), რომელშიც სატენდერო წინადადებების მიღებისათვის განსაზღვრულ ვადაში სატენდერო წინადადება წარადგინა ორმა პრეტენდენტმა: შპს „ს----------------------ი“ და შპს „D--------------------o“. ვინაიდან აღნიშნულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი - 188 000 ლარი) დააფიქსირა შპს „D--------------------o“-მ, სატენდერო კომისიამ განიხილა მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება და ტექნიკური დოკუმენტაცია.
განსახილველ შემთხვევაში, სატენდერო კომისიის მიერ შპს „D--------------------o“-ს სატენდერო წინადადების (ტექნიკური დოკუმენტაცია) განხილვის შედეგად გამოვლინდა, რომ პრეტენდენტს არ ჰქონდა წარდგენილი ტექნიკური მოთხოვნების 2.2.1, 2.4.1 და სატენდერო დოკუმენტაციის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „D--------------------o“-ს ტექნიკური მოთხოვნების 2.2.1, 2.4.1 და სატენდერო დოკუმენტაციის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის და დოკუმენტაციის და ელექტრონულ ტენდერში დაფიქსირებული საბოლოო ფასის (188 000 ლარი) შესაბამისი მომსახურების ფასის წარდგენისთვის განესაზღვრა 1 (ერთი) სამუშაო დღე.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 30 აგვისტოს სხდომის ოქმის თანახმად, სატენდერო კომისია განიხილა შპს „D--------------------o“-ის სატენდერო წინადადება, ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ შპს „D--------------------o“-ის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება და ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამებოდა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამავე სატენდერო კომისიის 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „D--------------------o“. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ვადად განისაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე.
2017 წლის 5 სექტემბერს, ერთი მხრივ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ (შემდგომში „შემსყიდველი“) და მეორე მხრივ შპს „D--------------------o“-ს (შემდგომში „მიმწოდებელი“) შორის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და მიმწოდებლის სატენდერო წინადადების საფუძველზე, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „D--------------------o“-მ სრულად არ წარადგინა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი, იგი ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას და არ არსებობდა სატენდერო კომისიის სადავო აქტების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს შპს ,,ს----------------------ის“ (პრეტენდენტი) სატენდერო წინადადებაზე.
7.3. სასამართლო მოიხმობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესს“. აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში - წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი.
ამდენად, ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი წარმოადგენს სპეციალურ რეგულაციას ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის და შესაბამისად, მითითებულ სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ.
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია, ყოველი კონკრეტული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი. ამასთან, მითითებული წესის 27-ე მუხლით განსაზღვრულია ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების წესი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი უპირობოდ არ წარმოადგენს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულს. შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციით ადგენს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს სატენდერო წინადადებით, ხოლო პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობა მისი დისკვალიფიკაციის ერთ-ერთი საფუძველია. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოდგენს შპს „D--------------------o“-ს ტექნიკური დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა თუ არა სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებულ სატენდერო პირობებს და ამასთან, წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა თუ არა დაზუსტებას.
სასამართლო მიუთითებს „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-17 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტექნიკური დოკუმენტაცია არის დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამისად ველში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მოპასუხე - სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ SPA--------- ელექტრონულ ტენდერში შპს „D--------------------o“-მ თავდაპირველად, სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე, სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია ნაწილობრივ წარადგინა, კერძოდ, პრეტენდენტს არ წარუდგენია ტექნიკური მოთხოვნების 2.2.1, 2.4.1 და სატენდერო დოკუმენტაციის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სატენდერო დოკუმენტაციის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის სახით სისტემაში უნდა აეტვირთა შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: „ბ) პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს: ბ.1 აუდიო ვიზუალური ნაწარმის პოსტ-პროდუქციაში მოღვაწეობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება - წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ინფორმაცია, ასევე სასურველია წარმოდგენილი იყოს შესაბამისი ვიზუალური მასალები; ბ.2 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პოსტ-პროდუქციის გამოცდილება (იგულისხმება ახალი, ორიგინალური ხმოვანი რიგის მქონე მხატვრული ფილმები) - წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ინფორმაცია. გ) ფილმზე მომუშავე პერსონალს უნდა გააჩნდეს შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია, კერძოდ: ფილმზე მომუშავე ხმის დიზაინერის 5.1 ფორმატში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება; ხმის 5.1. ფორმატში მიქსის და ლიცენზირებულ ხმის სტუდიებში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება; ხმის რესტავრაციის სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება - (სასურველია წარმოდგენილი იყოს შესაბამისი რეკომენდაცია); გამოსახულების რესტავრაციის სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება - (სასურველია წარმოდგენილი იყოს შესაბამისი რეკომენდაცია)“.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სატენდერო კომისიამ სატენდერო დოკუმენტაციაში ხაზგასმით მიუთითა, რომ მოთხოვნებში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებოდა შემსრულებლის პროფესიონალების პირად გამოცდილებას და პროფესიულ ჩვევებს, რადგან პროცესის ყოველი შემდგომი ეტაპი მთლიანად დამოკიდებული იყო წინამდებარე ეტაპის კორექტულად წარმართვაზე. შედეგად კი საბოლოო პროდუქტის ხარისხის და მხატვრული სახის განმსაზღვრელი შეიძლება გამხდარიყო საწყის ეტაპზე დაშვებული შეცდომები, რომელთა გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა პროცესის შემდგომ ეტაპზე. შესაბამისად, სატენდერო კომისიამ სატენდერო დოკუმენტაციით დაადგინა, რომ პრეტენდენტის პერსონალის მიერ გამოცდილების მინიმალური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა გამოიწვევდა შესყიდვის პროცედურიდან დისკვალიფიკაციას.
ამდენად, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის (შესყიდვის ობიექტი - ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსტპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა) და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „D--------------------o“-ს სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე სისტემაში არ აუტვირთავს პერსონალის გამოცდილების თაობაზე ინფორმაცია, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე - სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მითითებას „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და მიიჩნევს, რომ შპს „D--------------------o“-ს მიერ სატენდერო წინადადებით წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებს და ამასთან, არ ექვემდებარებოდა დაზუსტებას, ვინაიდან აღნიშნული იწვევდა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას.
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს.
ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „D--------------------o“ (პრეტენდენტი) დაზუსტების მოთხოვნის გარეშე ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას და არ არსებობდა მისი გამარჯვებულად გამოცხადების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს №- და 2017 წლის 30 აგვისტოს №- ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2017 წლის 05 სექტემბერს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №1---1 ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლო მიუთითებს „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 33-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, სატენდერო პირობებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ კანონშეუსაბამოდ იქნა მიჩნეული სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს №- და 2017 წლის 30 აგვისტოს №- ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებული გადაწყვეტილებების საფუძველზე 2017 წლის 05 სექტემბერს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №1---1 ხელშეკრულება.
7.4. შპს ,,ს----------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ელექტრონულ ტენდერში №SPA---------, 2017 წლის 23 აგვისტოს მოსარჩელის მიერ გაკეთებულ შეთავაზებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვას ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომდევნო წლის შესყიდვების წლიურ გეგმას შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარუდგენს სააგენტოს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. ამასთან, მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალიწინებულ უნდა იქნეს შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით №SPA--------- ელექტრონული ტენდერი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ 2017 წლის 31 ივლისს გამოცხადდა, ხოლო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ და შპს „D--------------------o“-ს შორის 2017 წლის 05 სექტემბერს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №1---1 ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს მომსახურება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ას ოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხის - სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტების თანახმად (იხ. 16.10.2018წ. სასამართლოს სხდომის ოქმი), 2017 წლის 05 სექტემბრის ხელშეკრულება არ შესრულებულა, თუმცა, არსებული მდგომარეობით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების შესყიდვის როგორც რესურსი, ასევე ინტერესიც არ გააჩნია და შესყიდვების წლიურ გეგმაში აღნიშნული მომსახურების შესყიდვა არ არის გათვალისწინებული.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვას ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად, ხოლო არსებული მდგომარეობით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების შესყიდვის ინტერესი არ გააჩნია, სასამართლო მოსარჩელე მხარის პოზიციას ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს ელექტრონულ ტენდერში №SPA---------, 2017 წლის 23 აგვისტოს მოსარჩელის მიერ გაკეთებულ შეთავაზებასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7.5. მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით ასევე სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილებას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მოიხმობს სადავო პერიოდში მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესს“, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგოში - საბჭო) საქმიანობის წესსა და სამართლებრივ საფუძვლებს.
მითითებული წესის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (შემდგომში - სისტემა) მეშვეობით. საჩივარს დასაშვებად ცნობს საბჭოს აპარატი.
დადგენილია, რომ შპს ,,ს----------------------მა“, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელის“ მიერ გამოცხადებულ SPA--------- ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით, 2017 წლის 4 სექტემბერს DIS1-------1_01 საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 05 სექტემბრის №-849 გადაწყვეტილებით შპს ,,ს----------------------ის“ DIS1-------1_01 საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და შპს „D--------------------o“-ს შორის 2017 წლის 5 სექტემბერს დადებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1---1, სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს ,,ს----------------------ის“ საჩივრის განხილვა სცილდებოდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს უფლებამოსილებას.
სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საბჭოს აპარატი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საჩივრის დასაშვებობის დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, განიხილავს საბჭოში შემოსული საჩივრისა და თანდართული მასალების შესაბამისობას კანონის 23-ე მუხლითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ეცნობება მომჩივანს ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
მითითებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საბჭოს აპარატს შპს ,,ს----------------------ის“ DIS1-------1_01 საჩივრის დასაშვებობის საკითხი უნდა განეხილა არაუგვიანეს 5 სექტემბრისა.
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭოში გასაჩივრებისათვის დგინდება შემდეგი ვადები - ტენდერისთვის/კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილების შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის მიერ სისტემაში ატვირთვიდან, ხოლო ქმედების შემთხვევაში – ამ ქმედების განხორციელებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ტენდერის/კონკურსის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების გაფორმებამდე. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, თუ გასულია მისი წარდგენის ვადა (ეტაპი).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს მიერ შპს ,,ს----------------------ის“ DIS1-------1_01 საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის, SPA--------- ელექტრონულ ტენდერის ჩატარების შედეგად, 2017 წლის 5 სექტემბერს გაფორმებული იყო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №1---1 ხელშეკრულება, სასამართლო იზიარებს მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ DIS1-------1_01 საჩივრის განხილვა სცილდებოდა საბჭოს უფლებამოსილებას, რაც საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველს წარმოდგენდა. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნების იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, ვინაიდან შპს ,,ს----------------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელი“ ვალდებულია შპს ,,ს----------------------ს“ აუნაზღაუროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 251, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ს----------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს №- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება.
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ, ფილმის „შვ-----–ა“ რესტავრაცია-პოსპროდუქციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 30 აგვისტოს №- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება.
4. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 05 სექტემბერს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №1---1 ხელშეკრულება.
5. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
7. მოპასუხე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მოსარჩელე შპს „ს----------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: ნანა დარასელია