გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
190210018002528555
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2022-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ზ---- ო----ი

წარმომადგენელი კობა კობიაშვილი

მოპასუხე შპს რ----------------------–ი

წარმომადგენელი დირექტორი ქეთევან მირინაშვილი

დავის საგანი ხელფასის დავალიანების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს რ----------------------–ისათვის 26 250 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები

 

შპს „რუსთავის მერია“ არის შპს „რ----------------------–ის“ დამფუძნებელი. ქ.რუსთავის მერიის 2014 წლის 25 დეკემბრის ბრძანებით დაინიშნა შპს „რ----------------------–ის“ დირექტორად, ხოლო თანამდებობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 15 დეკემბერიდან მერიის ბრძანებით. 2016 წლის ივლისიდან გათავისუფლების დღემდე ხელფასი საერთოდ არ მიუღია. მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში 1500 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს რ----------------------–ი 2016 წლიდან ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს, მისი ქონება გადაცემული აქვს ნარჩენების მართვის კომპანიას, სადაც ასევე დასაქმებულია ზ---- ო----ი. ამ გარემოებების გამო სადაო პერიოდში საზოგადოება მის ფუნქციებს ვეღარ ასრულებდა და დირექტორიც მის მოვალეოებებს აღარ ასრულებდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 25 დეკემბერის N1436 ბრძანებით ზ---- ო----ი დაინიშნა შპს რ----------------------–ის დირექტორად. ბრძანებით განსაზღვრულია მისი შრომის ანაზღაურება – თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1500 ლარით. ზ---- ო----ი შპს რ----------------------–ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბრძანებების ასლები (ს.ფ. 15-16. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 30-34. ტომი 1)

 

3.1.3. ზ---- ო----ს 2016 წლის ივლისიდან არ მიუღია შპს რ----------------------–ის დირექტორის შრომის ანაზღაურება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 30-34. ტომი 1)

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 17-20. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ზ---- ო----ი შპს „რ----------------------–ის“ დირექტორის მოვალეობებს ასრულებდა 2016 წლის ივლისის შემდეგაც, საზოგადოების სახელით აფორმებდა გარიგებებს, განკარგავდა საზოგადოებს ფულად სახსრებს.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს „რ----------------------–ის» საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, სადაო პერიოდში საზოგადოების ანგარიშზე შესრულებულია შემდეგი ოპერაციები: 2016 წლის 17 ივნისს შესრულებულია ინკასოს დავალება თანხით 6141.88 ლარის ოდენობით, 2016 წლის 24 ივნისს შესრულებულია ინკასოს დავალება თანხაზე 18474.06 ლარი. 2016 წლის 9 ივლისს გადახდილია ბენზინის ღირებულება 475 ლარი. ასევე 9 ივლისს გადახდილია კავშირგაბმულობის გადასახდელი 13.88 ლარი. 2016 წლის 12 ივლისს მიღებულია 680 ლარი შპს ეკოჯეოპეტისაგან პროდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად. 2016 წლის 16 სექტემბერს მიღებულია 400 ლარი შპს „ეკოჯეოპეტისაგან“ პრდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად.

 

ზ---- ო----ისათვის 2016 წლის 20 სექტემბერს გადახდილია ივნისის თვის ხელფასის ნაწილი 200 ლარი. 2016 წლის 20 სექტემბერს გადახდილია საშემოსავლო გადასახადი 40 ლარი, ინკასოს შესრულების მიზნით გადახდილია 205.73 ლარი. 2016 წლის 7 ოქტომბერს გადახდილია 600 ლარი შპს ეკოჯეოპეტისათვის. 2016 წლის 7 ოქტომბერს გადახდილია 479.35 ლარი ინკასოს შესასრულებლად, 55 ლარი ბენზინის გადახასახადი და 5.55 ლარი კავშირგაბმულობის გადასახადი.

 

2016 წლის 11 ოქტომბერს მიღებულია 1777 ლარი მეორადი საქონლის ღირებულება. 1 ოქტომბერს მიღებულია 200 ლარი ეკოჯეოპეტისაგან პროდუქციის საფასურის ასანზღაურებლად.

 

2016 წლის 10 ნოემბერს 400 ლარი გადახდილია ივანე პეტრუშევსკის მიერ მეორადი პლასტმასის პროდუქციისათვის. ამავე დანიშნულებით ივანე პეტუშევსკის მიერ 2016 წლის 26 დეკემბერს გადახდილია 800 ლარი და 28 დეკემბერს 400 ლარი.

 

2016 წლის 30 დეკემბერს გადახდილია ხელფასი ზ---- ო----ისათვის, 31 დეკემბერს გადახდილია საშემოსავლო გადასახადი.

 

2017 წლის 3 იანვარს მიღებულია 500 ლარი ივანე პეტრუშევსკისაგან მეორადი პლასტმასის ღირებულების ასანაზღაურებლად. 13 იანვარს გადახდილია 558.24 ლარი დეკემბრის თვის ბენზინის ღირებულება. 18 იანვარს გადახდილია 3.91 ლარი კავშირგაბმულობის მომსახურების საფასური.

 

2017 წლის 7 თებერვალს მიღებულია 500 ლარი ივანე პეტრუშევსკისაგან მეორადი პლასტმასის ღირებულება.

2017 წლის 6 მარტს გადახდილია ბენზინის ღირებულება თებერვლის თვის. 29 მარტს გადახდილია 510.20 ლარი ინკასოს შესასრულებლად.

2017წლის 5 მაისს გადახდილია 36 ლარი ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასათვის.

2017 წლის 13 ივლისს ანგარიშზე შეტანილია 230 ლარი, ხოლო გადახდილია 327.59 ლარი ბენზინის ღირებულება.

 

საბანკო ანგარიში მოიცავს ინფორმაციას 2015 წლის 31 დეკემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში. ამონაწერის თანახმად, 2016 წლის 13 ივლისის შემდეგ შპს რ----------------------–ის ანგარიშზე ოპერაცია არ განხორციელებულა.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2016 წლის 4 აპრილს შპს „რ----------------------–სა“ და შპს „ეკოჯეოპეტს“ შორის დადებული ხელშეკრულება N2, რომლის საგანია მეორადი ნედლეულის -პლასტამის ბოთლის შერეული ფერის ნაყარი სახით მიწოდება მყიდველის შპს „ეკოჯეოპეტისათვის“. საქონლის 1კგ ღირებულებაა 0.16 ლარი. ანგარიშსწორება გათვალისწინებულია ეტაპობრივად, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორების ვადაა არაუგვაინეს 2016 წლის 20 ნოემბრისა. ხელშეკრულება ძალაშია 2016 წლის 4 აპრილიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა შპს „ეკოჯეოპეტის“ დირექტორის ივანე პეტრუშევსკის წერილი, რომელშიც მოთხოვნილია 2016 წლის 4 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადავადება 2017 წლის 6 თებერვლამდე.

 

მოსარჩელის წარმომადგენელს სადაოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ შპს „რ----------------------–ის“ ქონება 2016 წელს გადაეცა შპს საქართველოს ნარჩენების მართვის კომპანიას, ხოლო ზ---- ო----ი ამჟამად დასაქმებულია ნარჩენების მართვის კომპანიაში. თუმცა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადაო პერიოდში ზ---- ო----ი ასრულებდა მოვალეობებს, რაც საზოგადოების ხელმძღვანელობით უფლებამოსილებაში შედის. საზოაგადოების საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ სადაო პერიოდში - 2016 წლის ივნისის თვის შემდეგ შპს ეკოჯეოპეტთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით ხორციელდებოდა ფინანსური ოპერაციები, საზოგადოება იღებდა გაყიდული საქონლის ღირებულებას, იხდიდა კავშირგაბმულობის მომსახურების საფასურს, ანაზღაურებდა საწვავის ხარჯებს. დირექტორის მოვალეობების შესრულება დასტურდება შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 ივლისის წერილით, რომლის ადრესატია შპს რ----------------------–ი. წერილით გადასახადის გადამხდელს ეცნობა, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 მარტის N101 ბრძანებით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლები. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია საგადასახადო შედარების აქტი, რომელიც შედგენილია 2017 წლის 26 ივნისს. აქტის თანახმად, შპს რ----------------------–ს აღენიშნება ზედმეტობა 10 959.68 ლარი. აქტი დადასტურებულია საზოგადოების დირექტორის ხელმოწერით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

განსახილველ საქმეში მოპასუხის მტკიცების საგანში შედის იმის დადასტურება, რომ 2016 წლის ივლისიდან მოსარჩელე საზოგადოების დირექტორის მოვალეობებს არ ასრულებდა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია საბანკო ანგარიშში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად საზოგადოების ქონების სხვა საზოგადოებისათვის გადაცემისა, საზოგადოების სახელით სრულდებოდა გარიგებები, საზოგადოება იღებდა შპს „ეკოჯეოპეტთან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულებას, ასრულებდა სხვადასხვა ვალდებულებებს. მოსარჩელე, როგორც საზოგადოების დირექტორი ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა საზოგადოების საქმიანობას, წარმოადგენდა საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში, საზოგადოების სახელით საგადასახადო დავალიანების საკითხზე აწარმოებდა ურთიერთობას შემოსავლების სამსახურთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 17-20. ტომი 1)

- წესდება (ს.ფ. 69-74. ტომი 1)

- შემოსავლების სამსახურის წერილი (ს.ფ. 76. ტომი 1)

- შედარების აქტი (ს.ფ. 79. ტომი 1)

- შპს ეკოჯეოპეტთან დადებული ხელშეკრულება და მიმოწერა (ს.ფ.78, 80-81. ტომი 1)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო პერიოდში გარკვეული დროით მოსარჩელე ასრულებდა დირექტორის ფუნქციებს, ხელმძღვანელობდა საწარმოს, რის გამოც ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნა ფატქობრივად შესრულებული მოვალეობების მიხედვით უნდა ანაზღაურდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე, 709-ე, 710-ე, 720-ე მუხლის მე-3 ნაწილით

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-7 ნაწილები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლი განსაზღვრავს იურიდიული პირის ცნებას, რომლის მიხედვითაც, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ამ მუხლის მე-5 ნაწილის დადგენილია, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, აგრეთვე მისი ფილიალი უნდა შეიქმნას „????????? ???????“ ??????????? ??????? შესაბამისად.

 

განსახილველ საქმეში დავის საგანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორისათვის შრომის ანაზღაურების გადახდა. შპს რ----------------------–ი დაფუძნებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის (80%) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის (20%) მიერ 2009 წელს. მოსარჩელე საზოგადოების დირექტორად დაინიშნა 2014 წლის 25 დეკემბერს, ხოლო გათავისუფლდა 2017 წლის 18 დეკემბრიდან.

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, 1. ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

შპს რ----------------------–ის წესდებით საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება ენიჭება დირექტორს. საზოგადოებას ჰყავს დირექტორი, რომლის კომპეტენცია განისაზღვრება კანონით და დამფუძნებლების მიერ მიღებული შინაგანაწესით. დირექტორი ეწევა საზოგადოების მიმდინარე ხელმძღვანელობით საქმიანობას კანონის და ამ წესდების შესაბამისად საკუთარი შეხედულებით იმ შემთხვევებში, რომლებიც კანონით და წესდებით არ რეგულირდება. წესდების მე-5 მუხლის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორს. ის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს ერთპიროვნულად. დირექტორთან შრომით კონტრაქტის შეწყვეტისას, დამთავრებისას, შეცვლისას, არყოფნისას საზოგადოება წარმოდგენილი იქნება დამფუძნებლების მიერ ახალი დირექტორის დანიშვნამდე

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 9 მუხლით განსაზღვრული დირექტორის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს, რომ შრომითი ურთიერთობისგან არსებითად განსხვავდება იურიდიული პირის დირექტორსა და პარტნიორებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი. პარტნიორები არ არიან დირექტორის ხელმძღვანელები და დირექტორი არ არის მათზე დაქვემდებარებული პირი, პარტნიორის ხელქვეითი. დირექტორი თვითონ არის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, იგი არის იურიდიული პირის სრულუფლებიანი მმართველი და წარმომადგენელი. თავის მხრივ, დირექტორი იურიდიული პირის სახელით თავად აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს მუშა-მოსამსახურეებთან, იგი თავად არის დამსაქმებელი. ამდენად, იგი არ იმყოფება დაქვემდებარებულ ურთიერთობაში იურიდიულ პირთან, როგორც დამსაქმებელთან. მისთვის დაწესებულება არ არის დამსაქმებელი. დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებით იგი სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობას ამყარებს არა იურიდიულ პირთან, არამედ – პარტნიორთან, რომლებიც მისი დამქირავებლები არ არიან.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.7 პუნქტის მიხედვით, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. ამდენად, ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე საზოგადოების ხელმძღვანელთან ურთიერთობების მოწესრიგების სამართლებრივი საფუძველია ”მეწარმეთა შესახებ კანონი” და არა შრომის კოდექსი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ საზოგადოების დამფუძნებელსა და დირექტორს შორის ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამსახურო ხელშეკრულებაა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის ურთიერთობა წესრიგდება არა შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე, არამედ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტებები გააკეთა: „საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და, შესაბამისად, განსახილველ დავაზე მსჯელობისას, მეწარმეთა კანონის ნორმებთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სსკ-ის 709-ე და 710-ე მუხლები)“; „დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ., ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს“; „დავალების ხელშეკრულების ფარგლებში, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო (სსკ-ის 710-ე მუხლის პირველი ნაწილი)“ (შდრ. სუსგ №ას-895-845-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება). 2017 წლის 11 ივლისის განჩინება Nას-655-611-2017.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის მიხედვით, 1. მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. 3. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო.

 

სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის მიხედვით, 1. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. 2. თუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რწმუნებულს ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა. 3. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, – გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.

 

720-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მარწმუნებელი ვალდებულია რწმუნებულს გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე. შესაბამისად, საზოგადოების დირექტორს გასამრჯელო აუნაზღაურდება მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული მოვალეობების შესაბამისად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს მოპასუხემ ზ---- ო----ს არ აუნაზღაურდა დირექტორის მოვალეობის შესრულებისათვის დადგენილი გასამრჯელო. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მიერ სარჩელის საწინააღმდეგოდ მითითებულ იმ გარემოებას, რომ სადაო პერიოდში საზოგადოება მის საქმიანობას აღარ ახორციელებდა, საზოგადოების ქონება სხვა პირს გადაეცა და მოსარჩელე სხვა საწარმოში დასაქმდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადაო პერიოდში მოსარჩელე ასრულდება როგორც ხელმძღვანელობით, ისე წარმომადენლობით უფლებამოსილებებს, საზოგადოების სახელით იღებდა შესრულებას შპს „ეკოჯეოპეტთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენდა საწარმოს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაში, საწარმო იღებდა შესრულებას შპს „ეკოჯეოპეტთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, იხდიდა სხვადასხვა მომსახურების საფასურს. შპს „რ-----------------------–ის“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, საზოგადოების ამგვარი საქმიანობა დასტურდება 2017 წლის ივლისის თვის ჩათვლით. 2017 წლის ივლისიდან მოსარჩელის გათავისუფლებამდე 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით საზოგადოების საბანკო ანგარიშზე რაიმე ტრანზაქცია არ განხორციელებულა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საბანკო ანგარიში იურიდიული პირის ფინანსური საქმიანობის მთავარი ინსტრუმენტია. შესაბამისად, საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების ისტორია მკაფიოდ მიუთითებს საწარმოს საქმიანობაზე 2017 წლის ივლისამდე პერიოდში.

 

რაც შეხება სხვა პერიოდს. საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, 2017 წლის ივლისის შემდეგ ანგარიშზე რაიმე ტრანზაქცია არ განხორციელებულა, რის გამოც ვერც საწარმოს დირექტორი შეასრულებდა საზოგადოების ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას. ასეთი მოვალეობის შესრულებას არ ადასტურებს ის გარემოება, რომ ზ---- ო----ს მოსთხოვეს საჯარო მოსამსახურის ქონებრივი დეკლარაციის შევსება.

 

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის პირს განეკუთვნება იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი. ამ კანონში მითითებულ თანამდებობის პირებს ევალებათ ყოველწლიურად შეავსონ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, რაც თავისთავად დირექტორის ფუნქციების რეალურად შესრულებას არ ადასტურებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება, რომლის ნაირსახეობაა სასამსახურო ხელშეკრულება, არის კონსესუალური ხელშეკრულება და იგი დადებულად ითვლება მხარეთა შეთანხმების დადების მომენტიდან. ხელშეკრულების დადებით წარმოიშვება მხარეთა ვალდებულება შეასრულონ ხელშეკრულება. კერძოდ, რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებუილ ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო მარწმუნებელი – დავალების მიმცემი ვალდებულება გადაიხადოს გასამრჯელო. სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლით დადგენილია გასამრჯელოს გადახდის ვალდებულება შესრულებული სამუშაოს კვალობაზე. შესაბამისად, გასამრჯელოს გადახდაზე წარმოშობილ დავაში დავალების მიმღებმა უნდა დაადასტუროს რეალურად რა სამუშაოები შეასრულა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე საზოგადოების ხელმძღვანელობით ან წარმომადგენლობით უფლებამოსილებას რეალურად ახორციელებდა 2017 წლის ივლისის თვის შემდეგ. ამდენად, მოსარჩელეს დირექტორის შრომის ანაზღაურება უნდა აუნაზღაურდეს 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის ივლისის თვის ჩათვლით დროის მონაკვეთში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. „სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ საქართველოს კანონი მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგან დავის საგანია ხელფასის ანაზღაურება. სსსკ 55-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს, რაც შეადგენს დაკისრებული თანხის 3%-ს. შპს რუსთავი ნაგავსაყრელი დაფუძნებულია ქალაქების გარდაბნის და რუსთავის მუნიციპალიტეტების მიერ, მაგრამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხის ბიუჯეტის ფორმირების წყარო მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტია, ხოლო „სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ზ---- ო----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. შპს რ----------------------–ს დაეკისროს ზ---- ო----ისათვის 21 250,64 ლარის გადახდა;

2. შპს რ-----------------------–ს დაეკისროს სახელწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 637,51 ლარის ანაზღაურება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი