განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ოქტომბერი, 2018წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ---- ო------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ----- უ–----- ძე ბ----ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1--- წლის 2-----–---, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------- გ---–-------ს ქ. #2--–-
ადვოკატი - რ----- ფ----------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 24 მაისს შ----- ბ----ემ ი.მ „შ----- ბ----ის“ სახელით, შემდგომი გასაღების მიზნით, დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, კერძოდ დაამზადა 2018 წლის 24 მაისით დათარიღებული სასაქონლო ზედნადებები Nელ-0---------, Nელ-----------, საგადასახადო ანგარიშფაქტურები Nეა-7---------, Nეა-7--------- და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები N1------- და N1-------, რომელთა მიხედვითაც თითქოსდა ი.მ. „შ----- ბ----ემ“ შპს „არ-----------ს“ მიყიდა 70,13 მ3 ხის მასალა „ფ-–---ი“. ყალბად შედგენილი საგადასახადო დოკუმენტები, იმავე დღეს, 3500 ლარად გაასაღა ღონისძიებაში ჩართულ პირზე.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა შ----- ბ----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობას: მოწმე ზ------ გ----–--–---–ის გამოკითხვის ოქმებს, დათვალიერების ოქმებს, ფარული საგამოძიებო მოქმედებისას მოპოვებულ მტკიცებულებებს, ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია შ----- ბ----ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაასკვნა, რომ შ----- ბ----ემ შემდგომი გამოყენების მიზნით, დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც 3500 ლარად გაასაღა საგამოძიებო ღონისძიებაში ჩართულ პირზე. აღნიშნული განზრახი ქმედებით, ბრალდებულმა შ----- ბ----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული,- ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. შ----- ბ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არ არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მოტივი, რომელიც გამოიხატა ანგარებით დანაშაულის ჩადენაში - ყალბი საგადასახო დოკუმენტების გადაცემა სოლიდურ თანხაში (3 500 ლარი).
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებას, ასევე იმ გარემოებას, რომ არ დაურღვევია აღკვეთის ღონისძიების გირაოს პირობა და კანონი, კეთილსინდისიერად ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოში, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, რითაც დაზოგა მართლმსაჯულების რესურსი, ხოლო, რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, გასათვალისწინებელია დანაშაულის მოტივი - ანგარება, შ----- ბ----ემ ყალბი საგადასახო დოკუმენტები საგამოძიებო ღონისძიებაში ჩართულ პირს გადასცა 3 500 ლარის საფასურად და აღნიშნული თანხა მიისაკუთრა.
5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დამნაშავე პირის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის შ----- ბ----ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღო ასევე პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება და აღნიშნულიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ სასჯელის სამართლიანობის და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე შ----- ბ----ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი) ათასი ლარის ოდენობით.
6. ნივთმტკიცების და ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, 2 (ორი)ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
6.2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით შ----- ბ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ა---------– ბ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: გ------ რაიონის სოფელი შ------ი, საკადასტრო კოდით: 6-----------) პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ----- ბ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, შ----- ბ----ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3.მსჯავრდებულ შ----- ბ----ეს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 25 ივლისიდან - 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით შ----- ბ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ა---------– ბ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: გ------ რაიონის სოფელი შ------ი, საკადასტრო კოდით: 6-----------) პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.
5.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
2(ორი) ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა