განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
330100118002638782
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2018წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----- გ-------–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-----–- ი--------- ძე ტ------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, რეგისტრირებული: წ---–-------- რაიონის სოფელ ო--–-----ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- რ--------- ქუჩა #2--–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2018 წლის 13 აგვისტოს, თ---–--–-- რ--------- ქ.#2--–-, ი-----–- ტ------ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლის მშობლის - ნ-----–- პ---–---------ის მიმართ, კერძოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, ნ-----–- პ---–---------ს დაუწყო ჩხუბი, იმ მოტივით, რომ მან თავის 17 წლის შვილიშვილს - ს--- ტ------ეს არ მისცა სიგარეტის ფული, რის შემდგომაც შამპუნის ქილა ჩაარტყა მას მარჯვენა თვალის არეში, რა დროსაც ნ-----–- პ---–---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2.ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდა ნ-----–- პ---–---------ის 17 წლის შვილიშვილი - ს--- ტ------ე.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ი-----–- ტ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ-----–- პ---–---------ის და მოწმეების - ს--- ტ------ის, ნ--------------–-–---–--------------------–-–---–-------–---------–----------------------------- გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულის დაკავების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ნ-----–- პ---–---------ის სახეზე არსებული დაზიანების ფოტოგრაფირების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი-----–- ტ------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.

 

3.2. უდავო მტკიცებულებით, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს, ოჯახის წევრმა - სიძემ ი-----–- ტ------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის შედეგად ნ-----–- პ---–---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან ,, …ი-----–- ტ------ემ რომელსაც ხელში ეჭირა შამპუნის ღია ფერის პლასტმასის ბოთლი, მომიქნია ლოგინში მწოლიარეს და ჩამარტყა მარჯვენა თვალის არეში..., ...ი-----–- ტ------ის მიერ ბოთლის ჩარტყმის შედეგად განვიცადე ფიზიკური ტკივილი, ასევე ჩარტყმის შედეგად აღმენიშნება სისხლნაჟღენთი დაზიანების სახით მარჯვენა თვალის მიმდებარედ...“. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, ასევე დადასტურდა, რომ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა დაზარალებულის ოჯახის არასრულწლოვანი წევრის - 17 წლის შვილიშვილის ს--- ტ------ის თანდასწრებით.

 

3.3.უდავო მტკიცებულებით, არასრულწლოვანი მოწმის ს--- ტ------ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს, მისი თანდასწრებით, მამამ - ი-----–- ტ------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-----–- პ---–---------ს, კერძოდ, შამპუნის ბოთლი ჩაარტყა თვალის მიდამოში.

 

3.4.დაზარალებულ ნ-----–- პ---–---------ის და ძალადობის თვითმხილველი მოწმის ს--- ტ------ის ჩვენებების სისწორე დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის მიხედვით, ნ-----–- პ---–---------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე სისხლნაჟღენთის /ამავე თვალის სკლერაში სისხლჩაქცევით/ სახით. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, გარდა აღნიშნულისა, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. რაც შეეხება დაზიანების წარმოშობის მექანიზმის, ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ჩანაწერით - შესამოწმებლის გადმოცემით: 2018 წლის 13 აგვისტოს, სიძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ესროლა შამპუნის პლასტმასის ბოთლი.

 

3.5. საქმის მასალებში წარმოდგენილი ფოტოსურათებით, რომელიც დაზარალებულის სახეზე არსებული დაზიანებების აღბეჭდვის მიზნით გადაიღო გამომძიებელმა ზ---- ბ-----–-–---–მა, ნათლად ჩანს, რომ ძალადობის მსხვერპლს მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნება ფიზიკური ძალადობის კვალი.

 

3.6.ძალადობის სურათის და ვითარების აღდგენის მიზნით, დაზარალებულის მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ნ-----–- პ---–---------ის საცხოვრებელი სახლი. დაზარალებულმა გამომძიებელს და ექსპერტებს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მიუთითა კონკრეტული ადგილმდეობარეობა ბინაში, სადაც ბრალდებულმა ი-----–- ტ------ემ 2018 წლის 13 აგვისტოს, არასრულწლოვნის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართული ფოტოილუსტრაციით აშკარად ჩანს, რომ დაზარალებული ხელის მითითებით აღწერს ძალადობის პროცესს და მიუთითებს იატაკზე არსებულ ხალიჩის ზედაპირზე, სადაც დევს შამპუნის პლასტმასის ქილა. აღნიშნული ბოთლი, როგორც დანაშაულის საგანი ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს.

 

3.7.მოწმე ნ---- ქ--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს, მოწმის სამუშაო ადგილზე - სასურსათო მაღაზიაში მივიდა ნ-----–- პ---–---------ი, რომელიც ტიროდა და სახეზე, მარჯვენა თვალის მიდამოში აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანების კვალი. დაზარალებულმა მოწმეს განუმარტა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სიძემ - ი-----–- ტ------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც სურდა პოლიციაში დარეკვა. მოწმის გამოკითხვის ოქმით ასევე დგინდება, რომ დაზარალებულმა ნ---- ქ--------–-–---–ის მობილური ტელეფონით დარეკა ,,112“-ში და ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირების მიზნით გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

3.8. ბრალდებულმა ი-----–- ტ------ემ დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა მეუღლის მშობელზე - ნ-----–- პ---–---------ზე, 2018 წლის 13 აგვისტოს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, არასრულწლოვანი ს--- ტ------ის თანდასწრებით.

 

3.9.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. ასევე აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს ოჯახში, მსხვერპლიც და მოძალადეც უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ი-----–- ტ------ემ 2018 წლის 13 აგვისტოს, ფიზიკურად იძალადა მეუღლის მშობელზე - ნ-----–- პ---–---------ზე, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე დადგინდა, რომ ძალადობა ჩადენილი იყო მსხვერპლის ოჯახის წევრის - არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით.

 

3.10.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. საქართველოს კონსტიტუცია ასევე იცავს ადამიანის პატივს და ღირსებას, რომელიც ასევე წარმოადგენს ხელშეუვალ უფლებას, შესაბამისად, ამ უფლებების ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.12. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ი-----–- ტ------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი-----–- ტ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და სინანული, თანამშრომლობა გამოძიებასთან, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ხერხი - ძალადობის ჩასადენად საგნის გამოყენება, ასევე ქმედების ჩადენა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3.სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - ძალადობის ხერხი: ბრალდებულმა საგნის გამოყენებით, ფიზიკურად იძალადა საძინებელ ოთახში მწოლიარე, ფაქტობრივად უმწეო მდგომარეობაში მყოფ, ასაკოვან დაზარალებულზე ნ-----–- პ---–---------ზე, არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით, რაც ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის. ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი-----–- ტ------ის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს სისხლისამართლებრივი დევნა ოჯახში ძალადობის ფაქტზე - ნ-----–- პ---–---------ის მიმართ, სადაც ბრალდებულს შეფარდებული აქვს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, რომლის პირობაც და კანონიც დაარღვია და 2018 წლის 13 აგვისტოს ფიზიკურად იძალადა მეუღლის მშობელზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ დანაშაული ჩადენილია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რაც ასევე ამძიმებს ბრალდებულის პასუხისმგებლობას.

 

5.4.რაც შეეხება საქმეში არსებულ სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებებს – ი-----–- ტ------ის მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობასა და მის მიერ ბრალის აღიარებას და მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარის თქმით მართლმსაჯულების რესურსის დაზოგვას, მითითებული გარემოებები შეიძლება გახდეს მხოლოდ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ზომის – თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში მსჯავრდებულისთვის შეღავათის გაწევის და არა მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძველი.

 

5.5. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ცალკეული შემთხვევები, როგორიცაა ახალი დანაშაულის აცილება, როგორც ზოგადი და კერძო პრევენცია, რაც ემსახურება ოჯახში ძალადობის აღკვეთას. კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, ზოგადი პრევენცია როგორც წესი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ თუ ასეთ დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მიმართაც მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული.

 

5.6. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ი-----–- ტ------ეს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, ვინაიდან უფრო მსუბუქი სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან პირობითი მსჯავრის გამოყენება, ვერ იქნება ადეკვატური და პროპორციული ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე.

 

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ი-----–- ტ------ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს იგივე დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შამპუნის ბოთლი - განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ დისკზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- ტ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინებით ი-----–- ტ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 აგვისტოდან.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შამპუნის ბოთლი - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ დისკზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა