გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-2642-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - შპს ,,ს--------------ი“
წარმომადგენელი - თ-------- ს----–---–-
მოპასუხე - სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ო
წარმომადგენელი - ა---- ჩ---------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე - სსიპ „ს----------–----–-------------------------------------------------------ო“-ს დაეკისროს მოსარჩელის შპს „ს--------------ი“-ს სასარგებლოდ 6767 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით , 2017 წლის 24 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „ს--------------ს“ წარმოეშვა ვალდებულება მოპასუხისთვის მიეწოდებინა მარკირების (მობილური) აპარატი.
აპარატის მოპასუხისთვის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 08 ნოემბრამდე. ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
შპს „ს--------------მა“ თავისი ვალდებულება შეასრულა 29 დღიანი დაგვიანებით, რამდენადაც პროდუქტის მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 06 დეკემბერს. მოპასუხემ 2017 წლის 07 დეკემბრის წერილით მოითხოვა წერილის პირგასამტეხლოს თანხის 7519,12 ლარის გადახდა, შპს „ ს--------------ი“-ს მიერ აღნიშნული პირგასამტეხლოს თანხა გადარიცხული იქნა მოპასუხის ანგარიშზე, რასაც იგი მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ. ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე - სსიპ „ს----------–----–-------------------------------------------------------ომ“, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე შპს „ს--------------მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გადაიხადა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მოთხოვნის წარდგენის შემდეგ და მას სადაოდ არ გაუხდია დავალიანების შესრულება, შესაბამისად მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და შესრულებულის უკან მიღების სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს .
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 24 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N 651, რომლის თანახმადაც შპს „ს--------------ს“ წარმოეშვა ვალდებულება მოპასუხისთვის მიეწოდებინა მარკირების (მობილური) აპარატი. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 129 640,00 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულება N651 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ტ.1.ს.ფ.20-24).
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N651 ხელშეკრულებით გათვალისწინებული აპარატის მოპასუხისთვის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 08 ნოემბრამდე. ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულება N651 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ელექტრონული ტენდერი SPA 170012955). (ტ.1.ს.ფ.20-24).
3.1.3. 2017 წლის 24 ნოემბერს შპს „ ს-----------------“ წერილობით აცნობა მოპასუხეს, რომ მწარმოებელმა ვერ განახორციელა მარკირების აპარატის წარმოება, ვინაიდან მის ქარხანაში თანამშრომლებმა მოაწყვეს გაფიცვა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტი ასევე მიეწოდა მოპასუხეს და ეთხოვა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა მოწოდების ვადის ნაწილში. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხის მხრიდან შპს „ს--------------“-ს პასუხი არ მიუღია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ ს--------------ი“-ს 2017 წლის 24 ნოემბრის წერილი. (ტ.1.ს.ფ. 26).
3.1.4. შპს „ს--------------მა“ თავისი ვალდებულება შეასრულა 29 დღიანი დაგვიანებით, რამდენადაც პროდუქტის მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 06 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 06 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა. ( ტ.1.ს.ფ. 30, 31, 320.
3.1.5. მოპასუხემ 2017 წლის 07 დეკემბრის წერილით მოითხოვა პირგასამტეხლოს თანხის 7519,12 ლარის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 259,28 ლარის ოდენობით. შპს „ ს--------------ი“-ს მიერ აღნიშნული პირგასამტეხლოს თანხა გადარიცხული იქნა მოპასუხის ანგარიშზე, თუმცა ამავდროულად 2017 წლის 11 დეკემბერს წერილით ეცნობა, რომ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას შპს „ ს--------------ი“ არ ეთანხმება ვინაიდან იგი უსაფუძვლოდ მაღალია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „ ს----------–----–-------------------------------------------------------ო“-ს 2017 წლის 07 დეკემბრის წერილი, საგადახდო დავალება 7519,12 ლარზე, შპს „ს--------------ი“-ს 2017 წლის 11 დეკემბრის წერილი. (ტ.1. ს.ფ. 33, 35, 36).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელე მხარის მიერ სადოდ არის გამხდარი მის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობა და ითხოვს მის შემცირებას 0,02%-მდე. რაც შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 129,640,00-ის 0,02%-ს ანუ 25,928 ლარს. შესაბამისად, 29 დღიანი დაგვიანებისთვის დასარიცხი პირგასამტეხლო შეადგენს 751,912 ლარს, ამდენად 751,912 ლარსა და გადახდილ თანხას შორის სხვაობა 6767 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მოცემულ შემთხვევაში ვერ განიხილება, როგორც კრედიტორი, ვინაიდან მომსახურების სააგენტოს მხრიდან არ აქვს ადგილი რაიმე ვალდებულების დარღვევას. ანუ მას არ გააჩნია მოთხოვნის უფლება რომელიმე თანამდებობის პირის რეკომენდაციაზე მითითებით და იმ პირობებში, რომ მას უკვე შესრულებული აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალქო კოდექსი ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას, თუმცა პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია მაშინ, როდესაც პირგასამტეხლო უკვე ნებაყოფლობით გადახდილია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შპს " ს--------------სა" და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N 651, რომლის თანახმადაც შპს „ს--------------ს“ წარმოეშვა ვალდებულება მოპასუხისთვის მიეწოდებინა მარკირების (მობილური) აპარატი. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 129 640,00 ლარს.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N651 ხელშეკრულებით გათვალისწინებული აპარატის მოპასუხისთვის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 08 ნოემბრამდე. ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,2%-ის ოდენობით. შპს „ს--------------მა“ თავისი ვალდებულება შეასრულა 29 დღიანი დაგვიანებით, რამდენადაც პროდუქტის მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 06 დეკემბერს, უდაოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ 2017 წლის 07 დეკემბრის წერილით მოითხოვა პირგასამტეხლოს თანხის 7519,12 ლარის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 259,28 ლარის ოდენობით. შპს „ ს--------------ი“-ს მიერ აღნიშნული პირგასამტეხლოს თანხა გადარიცხული იქნა მოპასუხის ანგარიშზე, თუმცა ამავდროულად 2017 წლის 11 დეკემბერს წერილით ეცნობა, რომ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას შპს „ ს--------------ი“ არ ეთანხმება ვინაიდან იგი უსაფუძვლოდ მაღალია.
6.2. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა, განმარტა, რომ აღნიშნული უნდა შემცირდეს 0,02%-მდე, მიუთითა, რომ თანხა იყო შეუსაბამოდ მაღალი და მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ნაწილი, სხვაობა გადახდილ და გადასახდელ თანხას შორის, 6767 ლარის ოდენობით. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა რომ ეთანხმება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს და განმარტა, რომ შპს "ს--------------მა" შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხის მიმართ, აღიარა მისი მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტი, რის საფუძველზეც წარმოეშვა მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რაც შესრულებული იქნა. ამდენად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს შესაძლებელია თუ არა გადახდილი პირგასამტეხლოს დაბრუნება უკან და თუ შესაძლებელია, მაშინ უნდა შეაფასოს არის თუ არა სესხის ხელშეკრულებით ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისას გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. ამდენად, საქართველოს სამოქალქო კოდექსი ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას, თუმცა პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია მაშინ, როდესაც პირგასამტეხლო უკვე ნებაყოფლობით გადახდილია. როდესაც ვალდებულება უკვე შესრულებულია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს მოვალის მხრიდან შესრულებული ვალდებულების უკან გამოთხოვას, თუნდაც მოვალე მიიჩნევდეს, რომ მაღალი პირგასამტეხლო გადაიხადა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 204 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, მის მიერ საქმის სასამართლოში განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე შპს "ს--------------ი"-ს სარჩელი მოპასუხე სსიპ ს----------–----–----------------------------------------------------------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი