განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/2----17
გამოძიების N0-----------
19 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორები - მი-----------------------------–ი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ---------------–--ე (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ქ-------–----------------------------------------–---------------------–----------------–-----------------------------------–---------–--
ადვოკატები - თ-------------, ზ-------------–-–---–-,კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის 01 მაისს, ღამის საათებში, თბილისი, დ----------------------------–---------ში, თ---------------–--ე, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას, ი-----–-----------ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა თ---------------–--ის ბრალდების საქმე, გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ თ---------------–--ე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის იმ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
მოწმეებმა - ჯ----–--------–---–მა და ლ-----------------, შსს ქ. თბილისის ს----------–-------–-–--- მ---------------------–--- პატრულ-ინსპექტორებმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2017 წლის 01 მაისს, ღამის საათებში, მიიღეს შეტყობინება, რომ თბილისი, დ----------------------------–---------ში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულებს, ეზოში, მანქანაში, დახვდნენ ბრალდებული თ---------------–--ის მშობლები - ნ-----–-----------–--- და ი-----–-----------ე, რომლებიც ძალიან აღელვებულები ჩანდნენ. ბრალდებულის დედა განსაკუთრებით განერვიულებული იყო, რაც საუბარსა და გამომეტყველებაში აშკარად ეტყობოდა. იგი სახლიდან თ---------------–--ის გაყვანას და დაკავებას ითხოვდა. ეზოსა და სახლში ეყარა ნამსხვრევები, სახლში დაზიანებული იყო ტექნიკა. ბრალდებულის მშობლებთან ერთად შევიდნენ მათ საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ თ---------------–--ე, რომელსაც ფეხზე ჰქონდა ნახეთქი, რაც ი-----–-----------ის განმარტებით, იყო ძაღლის მიერ მისი დაკბენის შედეგი. მანვე აღნიშნა, რომ თ---------------–--ე ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა, ამგვარ ფაქტს ადგილი ჰქონდა შემთხვევის დღესაც, როცა ძაღლისგან დაკბენილი თ. ს-----–--- სამზარეულოს დანით დაემუქრა მოკვლით. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ თ---------------–--ე იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და მათი თანდასწრებითაც გამოხატავდა აგრესიას, იგინებოდა ბიძაშვილის მისამართით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა დედას. ძალადობის ფაქტზე შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი და გამოძახებული იქნა საგამოძიებო სამსახური.
მოწმე გ-------–---------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულებს დახვდნენ პატრულ-ინსპექტორები და ბრალდებული თ---------------–--ის მშობლები - ი-----–-----------ე და ნ-----–-----------–---. დაზარალებული ი-----–-----------ე შეშინებული და აღელვებული ჩანდა, მან უამბო, რომ მისი შვილი, თ---------------–--ე, იმ საღამოს, ნასვამ მდგომარეობაში და ძალიან აგრესიული დაბრუნდა შინ, ეზოდან სახლში შეიყვანა ძაღლი, რომელთან ერთადაც ჯერ ოთახებში დარბოდა და ბიძაშვილს ეძებდა, შემდეგ კი სამზარეულოში დაუწყო თამაში, რა დროსაც ძაღლმა ფეხზე უკბინა. თ. ს-----–---ს ძაღლი ი. ხ------ემ მოაცილა, რა დროსაც ეს უკანასკნელი დანით დაემუქრა დედამისს და უთხრა, რომ მასაც მოკლავდა და ძაღლსაც. დაზარალებულს მუქარის შეეშინდა და ძაღლთან ერთად სახლი დატოვა. მოცემული ფაქტობრივი გარემოებები დაზრალებული ი. ხ------ის მიერ დადასტურებული იქნა განყოფილებაში მისი დაკითხვის დროს, თუმცა მოგვიანებით მან დაზარალებულის სტატუსზე განაცხადა უარი, რისი მიზეზიც არ განუმარტავს.
დაზარალებულმა ი-----–-----------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 01 მაისს, ღამით, სახლში მყოფმა, სამზარეულოდან გაიგონა ხმაური. სამზარეულოში გასულმა დაინახა, რომ მათი ოჯახის, პიტბულის ჯიშის ძაღლი კბილებით იყო ჩაფრენილი მისი შვილის, თ---------------–--ის ფეხს, რომელიც მის მოცილებას ამაოდ ცდილობდა. გაჭირვებით, წყლის ჭავლის დახმარებით, თ--------სთვის ძაღლის მოშორება შეძლო. თ-------- მთვრალი და მომხდარის გამო ძალიან აგრესიული იყო, მან დანასაც კი წამოავლო ხელი და ძაღლისკენ მოსაკლავადაც გაიწია. ვინაიდან სიტუაციის დარეგულირება მის ძალებს აღემატებოდა, განერვიულებულმა „112“-ზე დარეკა. პატრულის თანამშრომლები მალევე გამოცხადდნენ. სამართალდამცველებთან ერთად ბინაში რომ შევიდა, იქ ოჯახის კუთვნილი სხვადასხვა ნივთი დაზიანებული დახვდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ვინაიდან მომხდარის გამო ძალიან განერვიულებული იყო და საღად აზროვნება უჭირდა, რა ჩვენება მისცა გამომძიებელს და რაზე მოაწერა ხელი, არ იცის. შემთხვევიდან მეორე დღეს, დამშვიდებული, თავად მივიდა პროკურატურაში და შვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ითხოვა. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ თ---------------–--ეს ცუდი სიმთვრალე აქვს და სხვა დროს მასთან კონფლიქტი მართლაც მოსვლია, თ. ს-----–---ს სიტყვიერი შეურაცხყოფაც არაერთხელ მიუყენებია მისთვის, თუმცა, მისი მხრიდან სიცოცხლიის მოსპობის მუქარას ადგილი არასდროს ჰქონია. საქმის მასალებში არსებულ შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით, დაზარალებულმა ი. ხ------ემ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან საკუთარი შვილის ცხოვრების წესი და მის მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი ძალიან აღელვებდა, არაერთხელ მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისთვის, რითაც თ. ს-----–---ს გამოსწორებას და მისთვის ჭკუის სწავლებას ისახავდა მიზნად.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და მასზე დართული ფოტომასალის თანახმად, 2017 წლის 02 მაისს, 01:37-03:40 სთ., ქ. თბილისის ს----------–-------–-–--------------------------–------------------------------–--- გამომძიებელ გ-------–--------ას მიერ, ექსპერტების - ნ. გ-------- და ს. გ----------ის მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ქ. თბილისი, დ--------------------–---------–- მდებარე სახლი და ეზო, რა დროსაც ეზოში ქვაფენილზე ნანახი იქნა თიხის ქოთნის ნატეხები, დაყრილი მიწა და დაზიანებული მცენარე; სახლის პირველი სართულის იატაკზე - მოწითალო ფერის ლაქები, ტელევიზორის დაზიანებული მონიტორი, მისი ნამტვრევები და შემინული კედლის ნამსხვრევები; სამზარეულოს იატაკზე - სუფრის დანა, ხოლო მეორე სართულის იატაკზე - დამტვრეული ლარნაკის ნატეხები და სისხლისმაგვარი ლაქები.
მოწმე ნ------------- დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის ფაქტი და დამატებით განმარტა, რომ დანის ამოღება საგამოძიებო მოქმედებისას მოხდა დაზარალებულის მითითებით, რომელმაც აღნიშნა, რომ სწორედ ამ დანით ემუქრებოდა შვილი მოკვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------------–-–-----------------------–-–---------–--------------–-–----------------------–-------–------ თანახმად, სასამართლოს მიერ დამტკიცდა შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები და თ---------------–--ისგან (მოძალადე) ი-----–-----------ის (მსხვერპლი) დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა კანონით გათვალისწინებული ზომები.
N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემულია შემთხვევის დღეს, 2017 წლის 01 მაისს, შსს ქ. თბილისის ს----------–-------–-–--- მ---------------------–--- პატრულ-ინსპექტორ ჯ----–--------–---–ის მიერ, თ---------------–--ის მხრიდან ი-----–-----------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობისა და იძულების განხორციელების ფაქტზე.
ბრალდებულმა თ---------------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 01 მაისს გვიან ღამით ნასვამი დაბრუნდა შინ. ოჯახის ძაღლთან თამაშისას ძაღლმა მას კბილები ჩაასო ფეხში, რა დროსაც, მისი მოცილების მცდელობისას სამზარეულოს კედლის მინას მიეჯახა და ჩაამსხვრია. თავდაცვისას ხელში მოყოლილი სამზარეულოს დანის ტარიც ჩაარტყა თავში ძაღლს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო. ამ დროს დედამისი, ი-----–-----------ე შევიდა სამზარეულოში. ტკივილისგან ძალიან გამწარებული იყო და ძაღლის მისამართით იგინებოდა, იმუქრებოდა, დედასაც უყვიროდა, ძაღლი მოეშორებინა მისთვის. დედამ წყალი დაასხა ძაღლს და შეძლო მისთვის ძაღლის მოცილება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, რადგან ფეხი დაგლეჯილი ჰქონდა. მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
ზემოღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის 2017 წლის 01 მაისს თ. ს-----–---ს მიერ დედის - ი-----–-----------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტის დასადგენად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს ვერბალური ფორმით გამოხატულ დანაშაულს და დაზარალებულის ან/და ფაქტის შემსწრე პირთა ჩვენებების და სხვა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე ამ დანაშაულებრივი ფაქტის დადგენის შესაძლებლობა სასამართლოს არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიციას თ. ს-----–---ს ბრალეულობის შესახებ ამგვარი მტკიცებულებები არ ამყარებს, რადგან დაზარალებულმა ი. ხ------ემ უარყო თ. ს-----–---ს მხრიდან მის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი (რითაც ფაქტობრივად გამორიცხა, რომ მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.), შემთხვევის თვითმხილველმა ერთადერთმა მოწმემ - ნ-----–-----------–---მ კი, იმ მოტივით, რომ არ სურდა ჩვენების მიცემა ახლო ნათესავის წინააღმდეგ, უარი თქვა მისი შვილის ბრალდების საქმეზე მოწმის სახით დაკითხულიყო.
სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ თ. ს-----–---ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს სამართალდამცველთა და ექსპერტის ჩვენებები, სადაც ისინი განმარტავენ, რომ დაზარალებულისგან შეიტყვეს, რომ თ. ს-----–---ს მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (განეკუთვნება ირიბ ჩვენებათა კატეგორიას) და არ არის გამყარებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა, სანდოობის უფრო მაღალი ხარისხის მქონე მტკიცებულებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
გარდა ამისა, სასამართლო თვლის, რომ სამართალდამცველთა განმარტება მათი თანდასწრებით, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის უცენზურო სიტყვებით მოხსენიების, აგრესიისა და მუქარის შესახებ, ისევე, როგორც, შემთხევევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურებული, სამართალდამცველების მისვლის დროისათვის დაზარალებულისა და ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში არსებული გარკვეული არეულობის (დამტვრეული ტექნიკა, საყვავილე ქოთნები და ა. შ.) ფაქტი და წარსულში თ. ს-----–---ს მხრიდან დედის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის, შემაკავებელი ორდერებით დადასტურებული შემთხვევები, - ერთობლიობაში, ქმნის მხოლოდ ვარაუდს, იმისა, რომ შემთხვევის დღეს ბრალდებულისა და დაზარალებულის ოჯახში გარკვეულ კონფლიქტს თუ სხვაგვარ ინციდენტს ადგილი მართლაც ჰქონდა; რაც შეეხება თ. ს-----–---ს მხრიდან დედის მიმართ მუქარის განხორციელებას (რასაც თ. ს-----–---ს ბრალდების მხარე ედავება), ამგვარი ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ იძლევა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმეების: ჯ----–--------–---–ის და ლ---------------ის ჩვენებების იმ ნაწილზე, სადაც ისინი განმარტავენ, რომ მათი თანდასწრებით თ---------------–--ე ემუქრებოდა დედას, ი-----–-----------ეს სიცოცხილის მოსპობით. მოწმეთა აღნიშნული განმარტება სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან მათ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას შედგენილ შესაბამის ოქმებში აღნიშნული ინფორმაცია დაფიქსირებული არ არის, რაც დამატებით სარწმუნოობას შესძენდა მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას, მითუფრო, რომ თავად დაზარალებული უარყოფს თ---------------–--ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს.
სასამართლო უთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია ეროვნულმა სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები და მსჯავრდებისას დაუსაბუთებლად არ დაეყრდნონ იმ მტკიცებულებებს, რომლის კანონიერებასა და სანდოობასაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებდა. ევროსასამართლო უთითებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტები (განაცხადები No 12315/04 და 17605/04, 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, პუნქტები: 57-72).
შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ გვაქვს თ. ს-----–---ს მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომლების და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტის ირიბ ჩვენებათა გამოყენებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სავალდებულო წინაპირობა, რის გამოც სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესალებლობას მათ საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი მთავარი ფაქტობრივი გარემოება - დაზარალებულის მიმართ ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ თ. ს-----–---ს მხრიდან მუქარის გაჟღერების ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, ბრალდების მტკიცებულებებით დადგენილი წინმსწრები გარემოებები არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ძაღლის მიერ დაკბენილი თ. ს-----–---ს მიერ წარმოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა შეიძლებოდა მიმართული ყოფილიყო სწორედ მის დასახმარებლად მისული დედის - ი-----–-----------ის (მის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს თავად ეს უკანასკნელი უარყოფს), და არა - ძაღლის მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამაჯერებლობას მოკლებული არ არის ბრალდებულ თ. ს-----–---ს განმარტება, რომ მისი აგრესია მიმართული იყო ძაღლისკენ, რომლის მოსაკლავადაც ყვირილით და გინებით იგი იწევდა კიდეც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, 2017 წლის 01 მაისს თ. ს-----–---ს მხრივ დედის, ი. ხ------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარამ საქმის სასამართლო განხილვით დადასტურება ვერ ჰპოვა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თანახმად, განეკუთვნება 151-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულიც, თუკი იგი ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თ---------------–--ის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თ---------------–--ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ---------------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
თ---------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
გამართლებულ თ---------------–--ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულება:
CD დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
“Beurer”-ის ფირმის სასწორი, “TOSIBAS” ფირმის ტელევიზორის მონიტორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
თიხის ქოთნის ნატეხი, შემინული კედლის ნამსხვრევი, ორი ცალი ვაზის ნატეხი, სუფრის დანა, მოწითალო ფერის ლაქა დოლბანდზე, საკონტროლო ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი