გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
080210017002140030
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3031-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ფ---–---ი ფ-----ი’’

წარმომადგენელი - ა-- ღ--–----, ი-----–- მ--------–---–ი

 

მოპასუხე - ვ-–-------- ქ---------ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ვ-–-------- ქ---------ისათვის მოსარჩელე შპს ,,ფ---–---ი ფ-----ის’’ სასარგებლოდ ძირითადი თანხის 500 ლარის და საკომისიოს 555 ლარის დაკისრება;

1.2. მოპასუხე ვ-–-------- ქ---------ისათვის მოსარჩელე შპს ,,ფ---–---ი ფ-----ის’’ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 547.50 ლარის დაკისრება;

1.3. მოპასუხე ვ-–-------- ქ---------ისათვის მოსარჩელე შპს ,,ფ---–---ი ფ-----ის’’ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 660 ლარის დაკისრება;

1.4. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2016 წლის 04 აპრილს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ვ-–-------- ქ---------მა მიიღო თანხა 500 ლარს ოდენობით. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 24 აპრილი. ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 1%, რომელიც სარჩელში შეამცირა 0.03%-მდე.

 

ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის წესი.

 

ვ-–-------- ქ---------ს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა: მოპასუხე ვ-–-------- ქ---------ს შპს ,,ფ---–---ი ფ-----ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ძირითადი თანხის 500 ლარის, საკომისიოს- 55 ლარის, პირგასამტეხლოს - 166 ლარის და მიუღებელი შემოსავლის -250 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ვ-–-------- ქ---------მა როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, არ დაეთანხმა მიუღებელი შემოსავლის და პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 04 აპრილს შპს „ფ---–---ი ფ-----ს“ და მოპასუხე ვ-–-------- ქ---------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. კერძოდ, სესხის განაცხადის შევსებით მსესხებელმა დაადასტურა გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებული სესხის ხელშეკრულების პირობები და დაეთანხმა ამ პირობებით ხელშეკრულების დადებას, რის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხის სახით მიიღო 500 ლარი, სესხის ვადა განისაზღვრა 20 დღით. სესხის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილი იყო სესხზე დაერიცხა პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის სახით აღებული თანხა მსესხებელს უნდა დაებრუნებია 2016 წლის 24 აპრილს. მსესხებელმა დაარღვია ვალდებულება სესხის თანხის დათქმულ ვადაში დაბრუნების შესახებ.

 

მოსარჩელის მითითებით, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე დროულად შეასრულებდა ხელშეკრულების პირობებს, მოსარჩელე მხარე მის კუთვნილ თანხას გამოიყენებდა ახალი ხელშეკრულების საგნად, რაც იქნებოდა შემოსავლის წყარო. კერძოდ, სესხის სახით გაცემული ძირითადი თანხა შეადგენს 500 ლარს, პროცენტი(საკომისიო) არის 55 ლარი. შესაბამისად, რადგან 20 დღის ვადით გაცემულ სესხზე საკომისიო არის 55 ლარი, ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში იმავე თანხაზე, იმავე ვადით, სესხის სხვა კეთილსინდისიერ მსესხებელზე გაცემის შემთხვევაში ყოველ მომდევნო 20 დღეზე კომპანია მიიღებდა სარგებელს 55 ლარს.

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი, სესხის ხელშეკრულება (ს/ფ 16-29)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 31.10.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.3. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 971 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 500 ლარი, საკომისიო 55 ლარი, პირგასამტეხლო 547.50 ლარი და მიუღებელი შემოსავალი -660 ლარი.

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ 15 )

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა მოთხოვნა პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში და მოითხოვა პირგასამტეხლოს 166 ლარის და მიუღებელი შემოსავლის 250 ლარის დაკისრება, დანარჩენი მოთხოვნა დატოვა უცვლელი. ამავე სხდომაზე მოპასუხე ვ-–-------- ქ---------მა სარჩელი ცნო ძირი თანხის 500 ლარის და საკომისიოს - 55 ლარის, სულ 555 ლარის ფარგლებში (იხ.31.10.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის და საკომისიოს ნაწილში საფუძვლიანია, რის გამოც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შემცირდეს გონივრული ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 268-ე, 316-ე, 361-ე, 411-412, 417-ე, 418-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამავე კოდექსის 316.1 მუხლით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2016 წლის 04 აპრილს შპს „ფ---–---ი ფ-----ს“ და მოპასუხე ვ-–-------- ქ---------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. კერძოდ, სესხის განაცხადის შევსებით მსესხებელმა დაადასტურა გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებული სესხის ხელშეკრულების პირობები და დაეთანხმა ამ პირობებით ხელშეკრულების დადებას, რის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხის სახით მიიღო 500 ლარი, სესხის ვადა განისაზღვრა 20 დღის ვადით. სესხის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილი იყო სესხზე დაერიცხა პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ასევე უდავოა, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ასევე უდავოა, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებაზე გააჩნია დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით კი - თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა სესხის ძირი თანხის 500 ლარის და საკომისიოს 55 ლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დაარიცხოს დაგვიანებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 05 ლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მომავალ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვა 0,05%-ის ოდენობით. მოცემულ ნაწილში პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს 0,017%-მდე. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით უნდა გადახდეს 54.75 ლარი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არამხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი, რადგან მისაღები თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა გარკვეულ შემოსავალს. თუმცა 2016 წლის აპრილისათვის ეროვნული ბანკის მონაცემებით წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში ფიზიკურ პირებზე იყო 25.1%. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს გონივრული ოდენობა 100 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 მუხლით მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან მის მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, იმ ოდენობის პროპორციულად, რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და შესაბამისად, ამ ნაწილში გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 92.49%, აქედან მოპასუხემ სარჩელი ცნო 555 ლარის ნაწილში, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის 87.82%, შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 28.58 ლარი, 7,97 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 13,45 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ფ---–---ი ფ-----ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. ვ-–-------- ქ---------ს შპს ,,ფ---–---ი ფ-----ის” სასარგებლოდ დაეკისროს 709,75 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 500 ლარი, საკომისიო 55 ლარი, პირგასამტეხლო - 54.75 ლარი და მიუღებელი შემოსავალი -100 ლარი.

 

1.2. ვ-–-------- ქ---------ს შპს ,,ფ---–---ი ფ-----ის” სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 7,97 ლარის ანაზღურება;

 

2. შპს ,,ფ---–---ი ფ-----ის” სახელწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 11.10.2017 წლის გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 28,58 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150 (საგადახდო დავალება #019, გადამხდელის ბანკი ს/ს ,,საქართველოს ბანკი’’, BAGAGE22, გადამხდელი შპს ,,ფ---–---ი ფ-----ი”), ხოლო 13,45 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყოვნებლივ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე