განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-607-18
(№012270718007)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ნოემბერი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე:
ბრალდებული მ-–---------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, ნასამართლეობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ-----–-------------------–--–--------ი და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------–--–---–---------;
ადვოკატი: არჩილ ცაგურია
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
მ-–---------–---–ი ოთხი წელია ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა მ-------–------–---–თან, რომელსაც სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიშას მ------ი მიაჩნია საკუთრებად, იგი მას უმოწმებს ტელეფონს, უკონტროლებს ჩასაცმელს, უფლებას არ აძლევს მისი ნებართვის გარეშე გავიდეს გარეთ. ასევე როდესაც მ------ი, მ-–---------–---–ის ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, გამოთქვამს სურვილს დაშორდეს მას, იგი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ეუბნება, რომ თუ მასთან არ იცხოვრებს მას ან მის ოჯახის წევრებს მოკლავს. მიშა მ------ს აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს მაშინაც, როცა ბავშვების მოვლისაგან დაღლილი დილის 06:00 საათზე ვერ ასწრებს მისთვის ტანსაცმლისა და საჭმლის მომზადებას. გარდა აღნიშნულისა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ-–---------–---–მა 2018 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.რუსთავში, მ------------------------- შენობაში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-------–------–---–ს. კერძოდ მ-–---------–---–მა ზემოაღნიშნული მოტივით გადაწყვიტა, რომ შეეძლო თავისი სურვილის შესაბამისად მ-------–------–---–ი მცირეწლოვან შვილებთან ერთად სახლიდან გაეგდო, ხოლო მისგან უარის მიღების შემდეგ მის მიმართ გახდა აგრესიული, ორივე მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელები და მიანარცხა კედელს. მ-–---------–---–ის ძალადობრივი ქმედებით მ-------–------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. სასამართლომ დაადგინა:
მ-–---------–---–ი ოთხი წელია ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა მ-------–------–---–თან, ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო აქვთ ხშირი კონფლიქტი და მ------ის სურვილზე, რომ დაშორდეს მას, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. რუსთავში, მ------------------------- შენობაში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ-–---------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-------–------–---–ს, კერძოდ იგი სახლიდან აგდებდა მას და უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, ორივე მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელები და მიანარცხა კედელს. მ-–---------–---–ის ძალადობრივი ქმედებით მ-------–------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა მ-–---------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ოთხი წელია დაოჯახებულია მ-------–------–---–ზე. ჯერ ქირით, ხოლო შემდეგ მ------ის მშობლების ბინის გვერდით, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. შემთხვევამდე მ------ი სოფელ ტაშისკარში იყო წასული და დედამისმა დაურეკა, რომ ჩამოსულიყო. სახლში მისული მ------ი მას და მამამისს სახლიდან აგდებდა, ასევე უთხრა, რომ მასთან განქორწინება ჰქონდა გადაწყვეტილი და აზრს აღარ შეიცვლიდა. ძირითადი მიზეზი მათი კონფლიქტის იყო, რომ მ------ის მშობლებს ის არ მოსწონდათ და მუდმივად ახსენებდნენ, რომ მას ცოლად არ უნდა გაჰყოლოდა. ყოფილა შემთხვევა, რომ სახლში მისულს მარის საჭმელზე უთქვამს რა მოიტანე რომ გაჭამო კიდეცო და ამ დროს გაზქურაზე სადილით ქვაბი იდგა. თვითონ პერიოდულად მუშაობს ხოლმე და ხანდახან სვავს ალკოჰოლს, თუმცა მის ოჯახს ამით ზიანი არ ადგებოდა. როდესაც მარი უსიამოვნოდ ელაპარაკებოდა, მაშინ აგინებდა ხოლმე. შემთხვევის დღეს ეზოში იყო, მ------მა დაუძახა და იჩხუბეს, მარი გაღიზიანდა და სკამი ორჯერ ესროლა, ერთხელ მოხვდა, თუმცა არ ეტკინა, მესამედ სასწორი აიღო და დედამისმა წაართვა, შემდეგ ფარდები ჩამოგლიჯა, რადგან მისი ნაყიდი იყო. ის უყვიროდა რომ გაჩერებულიყო, მაჯებზე მოკიდა და ხელი ჰკრა, ამის გამო კედელს მიეჯახა. როდესაც მარიმ თქვა პოლიციაში უნდა დავრეკოო, მარის დედის ნაყიდ საწოლს ფეხი ჩაარტყა და გატეხა. საწოლს იმიტომ დაარტყა, რომ მარიმ მისი ნაყიდი ფარდები ჩამოგლიჯა. მიმალვა არ უცდია და პოლიციას გარეთ ელოდებოდა. მარის უშლიდა ერთ გოგოსთან მეგობრობას, რომელიც მსუბუქი ყოფაქცევის იყო.
დაზარალებულმა მ-------–------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ-–---------–---–ი მისი მეუღლეა და ოთხი წელია ერთად ცხოვრობდნენ, მისგან მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ ალკოჰოლური სასმელი არ დაელია, მაგრამ ის მაინც ხშრად სვამდა და მთელ ხელფასს ამაში ხარჯავდა. შენიშვნას რომ აძლევდა არ სიამოვნებდა და ბოლო პერიოდში სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. მის ცხოვრებაში ერეოდა როგორც მეუღლე, თუმცა ვერ იტყვის, რომ ავიწროვებდა. ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო სხვა დროსაც დაშორდა, მაგრამ ბოდიშს უხდიდა და ისევ ურიგდებოდა. ოჯახის დანგრევას მის მშობლებს აბრალდებდა და ამაზე ჩხუბობდა. 27 ივლისს სოფელში იყო და რომ ჩამოვიდა, ისევ ნასვამი დახვდა, ამის გამო იჩხუბეს და უთხრა სახლიდან წადიო, თუმცა მან აქეთ მოინდომა მისი გაგდება, მატრასი გამოუგდო გარეთ და საწოლი გაუტეხა, ფეხებს ურტყამდა ყველაფერს, მას კი მაჯებზე ხელები მაგრად მოუჭირა და ხელი ჰკრა, მიენარცხა კედელს. ჩხუბის დროს თვითონაც ჩამოგლიჯა ფარდები და ბალიში ესროლა, რადგან უპატრონოს ეძახდა. მისი მხრიდან გინების შედეგად განიცდიდა ტანჯვას, ხელები რომ მოუჭირა და კედელს მიენარცხა - ეტკინა. ბინა სადაც ცხოვრობენ მას ეკუთვნის, როდესაც დოკუმენტებს მოაწესრიგებს, მის სახელზე დარეგისტრირდება.
დაზარალებულის ჩვენების გარდა, მ-–---------–---–ის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი საქმეზე ასევე დასტურდება სხდომაზე დაკითხული შემდეგ მოწმეთა ჩვენებებით:
მოწმე ნ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებული მისი შვილია, 4 წელია რაც დაქორწინებულია ბრალდებულზე, ჰყავთ ორი შვილი. თავიდან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, მათი ჩხუბის მიზეზი სიძის სასმელზე დამოკიდებულება იყო. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი წიხლით აღებდა კარს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის შვილს, სასმელზე დამოკიდებულების გამო გამოაგდეს კიდეც სამსახურიდან. შემთხვევის წინა დღეებში ბრალდებულმა სისულელეები ჩაიდინა, თავს იხრჩობდა და ამით აშინებდა მათ, მ------ი სოფელში იყო წასული და ჩამოვიდა, იჩხუბეს, ხელით შეეხნენ და აჯანჯღარეს ერთმანეთი. მიშა მ------ს სახლიდან აგდებდა, აგინებდა, ეუბნებოდა, რომ უპატრონო ხარო, მ------მა მას ბავშვის პატარა სკამი ესროლა, სასწორის სროლაც უნდოდა, მაგრამ ხელიდან გააგდებინა, მიშამ კი ხელები მოუჭირა და კედელს მიანარცხა. იგი ხელს უწყობდა მარის ოჯახის შენარჩუნებას, რადგან მის მეუღლეს არ სურდა, რომ მარის ქმარგაშორებულის სახელი ჰქონოდა.
2018 წლის 28 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მ-------–------–---–ს აღენიშნება მრავლობითი სისხლნაჟღენთები ზედა კიდურების მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ექსპერტმა ა-–-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გამოკვლევა დაზარალებულის შემოწმების საფუძველზე ჩაატარა ზემოაღნიშნული დაზიანებები მას აღენიშნებოდა დასკვნაში მითითებული სახით.
მოწმეებმა დ--------------მა და გ-----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარეს რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შედეგად შედგენილი დოკუმენტების სისწორე. დ--------------მა დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და შეტყობინების საფუძველზე მივიდა მ---------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც მ-------–------–---–მა განუმარტა მათ, რომ მისმა მეუღლემ უმიზეზოდ დაუწყო ლანძღვა, შემდეგ მაჯებში მოკიდა ხელი და მიანარცხა კედელზე, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმე გ-----------------ემ დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მ-------–------–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც მ-–---------–---–თან კონფლიქტის დროს ხელით ჩამოწია ფარდა, რომელიც ჩამოვარდა, ასევე მიუთითა საბავშვო სკამზე, რომელიც გაიქნია მ-–---------–---–ისკენ მისი მოცილების მიზნით, მან ასევე მიუთითა ის ადგილი, სადაც მიშამ გადმოაგდო ძირს საწოლის მატრასი და ფეხით დაამტვრია საწოლი, ასევე მიუთითა, რომ მეუღლემ ხელები მოუჭირა მაჯებზე და გამოაგდო სახლიდან.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. სისტემატური შეურაცხყოფა არის დამცირება, პატივისა და ღირსების შელახვა. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია რამდენჯერმე, დროის მცირე ინტერვალის დაშორებით, მაშინ როდესაც პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. შეურაცხყოფა გულისხმობს დამცირებასაც, მაგრამ შეურაცხყოფისას დამცირება უფრო უწესო ფორმითაა გამოხატული. დამცირების დროს კი ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა, ასევე დამამცირებლად ითვლება პირის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ცემა. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.
ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დამდგარი შედეგის - ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის განცდის დადგენას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ტკივილი შეიძლება ობიექტურად შეფასდეს თუ დაზარალებულს აღენიშნება დაზიანებები, ასევე ძალადობის ჩასადენად სხვადასხვა საგნის გამოყენება და სხვა.
ბრალდების მხარემ მ-–---------–---–სა და მ-------–------–---–ს შორის მომხდარი კონფლიქტის დასადასტურებლად, სასამართლოში წარმოადგინა თავად დაზარალებულის და კონფლიქტის შემსწრე ნინო გერმანაშვილის ჩვენება, რომლებმაც სასამართლოს დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ მისცეს ამომწურავი ჩვენება. დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოუჭირა ხელები, ხელი კრა და მიენარცხა კედელს, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მ-------–------–---–ს აღენიშნება მრავლობითი სისხლნაჟღენთები ზედა კიდურების მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.
რაც შეეხება წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების პროცესში მათი უტყუარობისა და დამაჯერებლობის ხარისხს, დაცვის მხარის არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სსკ-ს 28-ე მუხლით დადგენილია აუცილებელი მოგერიების ცნება და მისი პირობები, ამ მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით წართმეული ქონების ან სხვა სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად მართლზომიერია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე და თუ მისი დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ შეიძლებოდა. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
ქმედების აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენის ან მისი გადაცილების დასადგენად, აუცილებელია გაირკვეს არის თუ არა ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო, რაც იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა უნდა იყოს ამწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).
აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.
მოცემულ შემთხვევაში, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება, რომ ბრალდებული იმყოფებოდა თავდაცვით მდგომარეობაში, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს ხელები მაშინ მოუჭირა, როდესაც მისი მოშორება სურდა, ამ მომენტში მ------ს მისთვის არ დაურტყამს და ის არც სხვა სახის საფრთხის წინაშე იდგა. ბრალდებულის ქმედება მიმართული იყო მ------ისთვის ტკივილის მიყენებისა და მისი სახლიდან გაგდების მიზნით, რაც ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ დანაშაულის მოტივს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას და შესაბამისად მასზე დაყდნობით მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და მიიჩნევს მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. გენდერული შეუწყნარებლობის შემთხვევაში უნდა გამოკვეთოს ბრალდებულის დამოკიდებულება ქალის მიმართ, როგორც მასზე დაბლა მდგომი სუბიექტის მიმართ, მისი ცხოვრების წესისა და მის ინტერესებზე კონტროლის სურვილით. ასევე უნდა დადგინდეს, რომ ძალადობას ადგილი აქვს ქალის მიმართ არათანასწორი დამოკიდებულების გამო.
გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ მ-–---------–---–სა და დაზარალებულ მ-------–------–---–ს შორის ნამდვილად არსებობდა კონფლიქტური, არაჯანსაღი და ოჯახურ ურთიერთობებზე არასწორი შეხედულებების მქონე ურთიერთობა. უთანხმოების ძირითადი მიზეზი იყო ეკონომიური მდგომარეობა და დაზარალებულის შეხედულება ქმრის მოვალეობაზე, თავის მხრივ მ-–---------–---–ი რიგ შემთხვევებში ავლენდა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ოჯახის მიმართ ალკოჰოლური სასმელის ხშირად დალევის გამო. მ-–---------–---–ის ქცევა არ მოსწონდათ მ-------–------–---–ის მშობლებს, თუმცა არც სურდათ, რომ შვილს განქორწინებულის სტატუსი ჰქონოდა, ამ დამოკიდებულებების გამო აშკარაა, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობას იჩენდნენ, ადვილად აყენებდნენ შეურაცხყოფას ერთმანეთს ყოველთვის, როდესაც ამის საფუძველი ჰქონდათ. მ-------–------–---–სა და მ-–---------–---–ს შორის მომხდარი კონფლიქტი ვერ ჩაითვლება გენდერულ დიკსრიმინაციად, ეს არის მცდარ ღირებულებებზე აგებული და სოციალური პრობლემების შედეგად დათრგუნული ადამიანების თანაცხოვრება, რომელიც არ ქმნის გენდერული ნიშნით ძალადობის დანაშაულის შემადგენლობას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
მ-–---------–---–ს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული მკვეთრი და მყისიერი რეაგირების თვალსაზრისით. სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე, დანაშაულის ჩადენის სიხშირეზე, უნდა შეფასდეს დამნაშავის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა, ძალადობის ინტენსივობა და რაც მთავარია პირის დაინტერესება ქცევის გამოსწორების მიმართულებით.
მ-------–------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფორმისა და ინტენსივობის (ხელები მოუჭირა მაჯებზე) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-–---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს სსკ-ს 62-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის გაანგარიშების წესს და მიაჩნია, რომ მ-–---------–---–ს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.
7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
მ-–---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-–---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.
2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ხანგრძლივობით, რომლის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.
3. მ-–---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე