გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002498007
საქმე № 3/147-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი"
წარმომადგენელი: მ--- პ----–-–---–-
მოპასუხე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო"
წარმომადგენელი: ა--------------–ი
მესამე პირი: ი----- ქ------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ჯარიმის სახით 1 421,25 ლარის დაკისრების შესახებ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” 2018 წლის 4 მაისის № 04/26039 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამ თანხის სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისათვის" დაბრუნება.
სარჩელის თანახმად, სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის" (საიდენტ. კოდი 218064699) მიერ მოხდა პაციენტ ი----- ქ------–---–ისათვის (პირ. № 4----------) სამედიცინო მომსახურების გაწევა, რომლის ღირებულების - 473,75 ლარის გადახდაც მოხდა უშუალოდ პაციენტის ხარჯით, რამდენადაც ოპერაცია, რაც მას ჩაუტარდა იყო გეგმიური და არ განეკუთვნებოდა გადაუდებელი სახის ოპერაციათა სახეს, ხოლო პაციენტს არ მიუმართავს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის" და არ მოუთხოვია ამ ოპერაციის დაფინანსება სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში; მან წერილობით გამოხატა სურვილი, ეს ოპერაცია ჩატარებულიყო მისივე ხარჯით.
ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შესწავლილი იქნა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ დადგინდა ,,ჰოსპიტალის" დაჯარიმება გადახდილი თანხის - 473,25 ლარის სამმაგი ოდენობით, რადგან ჩაითვალა, რომ ი----- ქ------–---–ისათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურება გათვალისწინებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ,,ჰოსპიტალმა" კი პაციენტს უარი განუცხადა პროგრამულ მომსახურებაზე.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ ,,სააგენტო” მოქმედებდა კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში და მოსარჩელის მიერ მოყვანილი გარემოებები ვერ გამოიწვევს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას. მართალია, სამედიცინო მომსახურება, რაც გაეწია პაცინეტს, იყო გეგმიური და არ განეკუთვნებოდა გადაუდებელი სახის ოპერაციათა სახეს, მაგრამ სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ პაცინეტს აღენიშნებოდა გაუსაძლისი ტკივილები, და ,,ჰოსპიტალს" შეეძლო და უნდა ემოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის იმ ჩანაწერით, რაც ითვალისწინებს გადაუდებელი სახის სამედიცინო მომსახურებების ,,სხვა შემთხვევებს"; შესაბამისად, მისთვის უნდა გაეწია სამედიცინო მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი შემთხვევების კლასიფიკაციით, და დაფინანსება მოეთხოვა სახელმწიფოსგან.
ი----- ქ------–---–ის განმარტებით, ,,ჰოსპიტალში" იგი 2018 წლის 5 მარტს გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გაუსაძლისი ტკივილების გამო; მას გაუკეთდა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, განემარტა, რომ აუცილებელი იყო ოპერაციის ჩატარება, რის გამოც მეორე დღეს მიმართა ,,ჰოსპიტალს", და იმის გამო, რომ კვლავ ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, საკუთარი ხარჯით გაიკეთა ოპერაცია; მან შემდგომ შეიტყო, რომ ეს ოპერაცია ფინანსდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. იმის გამო, რომ ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, დაფინანსებისთვის მიმართვის და შესაბამისი პასუხის მიღების ლოდინი მას არ შეეძლო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ი----- ქ------–---–ი შეყვანილი იქნა სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში" 2018 წლის 5 მარტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, ჩივილებით: ტკივილი მარცხნივ სათესლე ჯირკვლის საპროექციოდ და მარცხენა საზარდულის არეში; ობიექტური მონაცემები: ჩატარებული ექოსკოპიური კვლევით მარცხენა სათესლე ჯირკვალი მდებარეობს საზარდულის მიდამოში, ექოგენობა მცირედით დაქვეითებული, კონტური არამკაფიო, არამკვეთრი. სათესლზე პარკში თავისუფალი სითხე არ ფიქსირდება. სათესლე ბაგირაკის მტევნისებური წნულის ვენური მარყუჟების ვარიკოზული გაგანიერება არ ვლინდება. ავადმყოფი კონსულტირებული იქნა უროლოგის მიერ, დიაგნოსტირებული იქნა მარცხენამხრივი კრიპტორქიზმი; საჭიროდ ჩაითვალა გეგმიური ოპერაციული მკურნალობა - ორქექტომია; ჩატარებული მკურნალობის ფონზე ტკივილი იქნა სრულად კუპირებული, ავადმყოფი ჩივილებს აღარ წარმოადგენს, მიეცა რეკომენდაციები და სტაბილური მდგომარეობით გაეწერა კლინიკიდან;
მტკიცებულება: ჩანაწერი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, მიმღები (მორიგე, მკურნალი) ექიმის ჩანაწერი, კონსულტანტის ჩანაწერი, ექოსკოპიის შედეგები, სისხლის საერთო ანალიზის შედეგები, შოკის საწინააღმდეგო მკურნალობისა და მონიტორინგის რუქა, პაცინეტის შესვლისა და გაწერის ისტორია, კალკულაცია, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა მკურნალობაზე, ხელშეკრულება მკურნალსა და პაციენტს შორის (ს. ფ. 51-62).
3.2.2. ი----- ქ------–---–მა 2018 წლის 6 მარტს თვითონ მიმართა სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს", ზოგადი ქირურგიის განყოფილებას მარცხენამხრივი კრიპტორქიზმის დიაგნოზით; მას ჩაუტარდა ოპერაცია (ორქექტომია) და მეორე დღეს გაეწერა კლინიკიდან; მკურნალობის ხარჯი გადახდილი იქნა ი----- ქ------–---–ის მიერ;
მტკიცებულება: სამედიცინო დოკუმენტაცია (ს. ფ. 24-45).
3.2.3. ი----- ქ------–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; მისი სარეიტინგო ქულა 41440-ია;
მტკიცებულება: ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
3.2.4. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით დადგინდა სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის" დაჯარიმება ი----- ქ------–---–ის მიერ გადახდილი თანხის - 473,25 ლარის სამმაგი ოდენობით - 1 421,25 ლარით, რადგან ჩაითვალა, რომ ი----- ქ------–---–ისათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურება გათვალისწინებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ,,ჰოსპიტალმა" კი პაციენტს უარი განუცხადა პროგრამულ მომსახურებაზე;
მტკიცებულება: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 4 მაისის № 04/26039 გადაწყვეტილება.
3.2.5. სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის" მიერ გადახდილი იქნა 1 421,25 ლარი.
მტკიცებულება: მიღება-ჩაბარების აქტის დანართი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც კანონმდებლობით პაციენტისათვის გაწეული მომსახურების ხარისხისა და სისწორის გარკვევა არ წარმოადგენს სსიპ ,,სოციალური მომსაუხრების სააგენტოს" ტვირთს და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ გარემოებას.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება”, ,,სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის № 01-25/ნ ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი" დაჯარიმდა ი----- ქ------–---–ისათვის 2018 წლის 6 მარტს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებს მიღმა გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის; შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობს ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებაზე, რომ ,,ჰოსპიტალმა" 2018 წლის 5 მარტს ი----- ქ------–---–ს გაუწია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, რაზეც ელექტრონულ მოდულში მიმწოდებლის მიერ არ არის დატოვებული შესაბამისი შეტყობინება.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მითითებით, იმის გამო, რომ ი----- ქ------–---–ს 2018 წლის 6 მარტს აღენიშნებოდა გაუსაძლისი ტკივილები, ,,ჰოსპიტალს" შეეძლო და უნდა ემოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის იმ ჩანაწერით, რაც ითვალისწინებს გადაუდებელი სახის სამედიცინო მომსახურებების ,,სხვა შემთხვევებს"; შესაბამისად, მისთვის უნდა გაეწია სამედიცინო მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი შემთხვევების კლასიფიკაციით, და დაფინანსება მოეთხოვა სახელმწიფოსგან. ამის ნაცვლად, ,,ჰოსპიტალმა" ოპერაცია ჩაატარა გეგმიური შემთხვევების კლასიფიკაციით და ისიც ისე, რომ ი----- ქ------–---–ს არ მისცა ამ პროგრამით სარგებლობის საშუალება - შესაბამისი კალკულაციისა და დაფინანსების წარდგენის შემდეგ სამედიცინო მომსახურების გაწევა.
,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილებით) 23-ე მუხლის 21-ე პუნქტის მიხედვით, გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაში იგულისხმება სასწრაფო-დაყოვნებული და გეგმიური ინტერვენციების ტიპები (,,სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის № 01-25/ნ ბრძანების დანართი № 2–ის მე-3 და მე-4 პუნქტები)
,,სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" (2014 წლის 21 ოქტომბრის ცვლილების შემდეგ - ,,სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ") საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის № 01-25/ნ ბრძანების დანართი № 2–ის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენციაში იგულისხმება ადრეული ინტერვენცია პაციენტის სტაბილური მდგომარეობის პირობებში. პაციენტის სიცოცხლეს, რომელიმე ორგანოს ან კიდურს, გადაუდებელი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ინტერვენცია დასაგეგმია რამდენიმე დღეში (2-5 დღე); გეგმიური ინტერნეცია იგეგმება პაციენტისთვის, ექიმისთვის და სამედიცინო დაწესებულებისათვის მოსახერხებელ დროის მონაკვეთში.
იმავე ბრძანების დანართი № 2–ის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, სასწრაფო-დაუყოვნებელი ინტერვენცია არის მწვავედ დაწყებული ან/და კლინიკურად გაუარესებული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროს განსახორციელებელი ინტერვენცია. ეს მდგომარეობები დაკავშირებულია სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის დაკარგვის საფრთხესთან, ხოლო ინტერვენციები მოიცავს მოტეხილობების ფიქსაციას, ტკივილის მართვას და სხვა მძიმე სიმპტომების კუპირებას. ჩვეულებრივ, ინტერვენციის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული არა უგვიანეს 24 საათისა, მას შემდგომ, რაც პირველი რიგის შემანარჩუნებელი მკურნალობა დასრულებულია.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების ,,დანართი № 1.3 სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი № 1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის" 1-ლი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილების დანართი № 1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს) პროგრამა ითვალისწინებს სტაციონარული მომსახურების - გეგმური ქირურგიული ოპერაციების ხარჯების ანაზღაურებას წლიური ლიმიტის – 15 000 ლარის ფარგლებში.
დადგენილია, რომ ი----- ქ------–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 41440-ია.
იგი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების დანართი № 1.3 სამედიცინო მომსახურების პირობების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოსარგებლეს, რომელმაც 2018 წლის 6 მარტს თვითონ მიმართა სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს" მარცხენამხრივი კრიპტორქიზმის დიაგნოზით და მას ჩაუტარდა გეგმიური სტაციონარული მომსახურება - ქირურგიული ოპერაცია (ორქექტომია) და მეორე დღეს გაეწერა კლინიკიდან.
აქედან გამომდინარე, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" პოზიცია, რომ პაცინეტს აღენიშნებოდა გაუსაძლისი ტკივილები, და ,,ჰოსპიტალს" შეეძლო და უნდა ემოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის იმ ჩანაწერით, რაც ითვალისწინებს გადაუდებელი სახის სამედიცინო მომსახურებების ,,სხვა შემთხვევებს", შესაბამისად, მისთვის უნდა გაეწია სამედიცინო მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი შემთხვევების კლასიფიკაციით, და დაფინანსება მოეთხოვა სახელმწიფოსგან, გაზიარებული ვერ იქნება.
სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის" ზოგადი ქირურგიის განყოფილების ექიმ-უროლოგის ახსნა-განმარტებითაც ირკვევა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 2018 წლის 5 მარტს ,,ჰოსპიტალში" მიყვანილ ი----- ქ------–---–ი გასინჯული იქნა მის მიერ; პაცინეტის მწვავე უროლოგიური პათოლოგიის არსებობა გამოირიცხა; მას დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენამხრივი კრიპტორქიზმი (მარცხენა ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი), რომელიც წარმოადგენს თანდაყოლილ პათოლოგიას. პაციენტს მიეცა განმარტება, რომ ეს პათოლოგია არ წარმოადგენს მწვავე დაავადებას და არ საჭიროებდა გადაუდებელ ოპერაციულ ჩარევას; მას უახსნენს, რომ ოპერაციული ჩარევა უნდა მომხდარიყო გეგმიური წესით, რომ ამისთვის საჭირო იყო წინასწარი დოკუმენტაციის (ფორმა 100, კალკულაცია) წარდგენა სოციალური მომსახურების სააგენტოში, და ამ რეკომენდაციით იქნა გაწერილი კლინიკიდან. მეორე დღეს ი----- ქ------–---–მა თვითონ მიმართა ,,ჰოსპიტალს" და განაცხადა, რომ ვერ დაელოდებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხს და სურდა მკურნალობის საფასურის თავად გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რის შედეგადაც მას ჩაუტარდა გეგმიური ოპერაციული მკურნალობა (ს. ფ. 46).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ იქნება გაზიარებული სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" ის პოზიციაც, რომ ,,ჰოსპიტალმა" ი----- ქ------–---–ს უარი განუცხადა საყოველთაო ჯანდაცვით განსაზღვრულ პროგრამულ მომსახურებაზე;
ი----- ქ------–---–მა თვითონ არ მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს, არ წარადგინა ფორმა 100, კალკულაცია, და არ მოუთხოვია საყოველთაო ჯანდაცვით განსაზღვრული პროგრამული მომსახურება; შესაბამისად, ,,ჰოსპიტალის" მხრიდან მომსახურებაზე უარიც სახეზე ვერ იქნება.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების დანართი № 1-ის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
,,პროგრამის” დანართი № 1-ის მე-14 მუხლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა № IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დადგენილია, რომ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის" დაჯარიმება მოხდა იმ საფუძვლით, რომ ი----- ქ------–---–ისათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურება გათვალისწინებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ,,ჰოსპიტალმა" კი პაციენტს უარი განუცხადა პროგრამულ მომსახურებაზე;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდის ჯარიმას, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს.
როგორც აღინიშნა, ის ფაქტი, რომ ი----- ქ------–---–მა მიმართა ,,ჰოსპიტალს" საყოველთაო ჯანდაცვით განსაზღვრული პროგრამული მომსახურებაზე და ,,ჰოსპიტალისაგან" ამაზე უარი ეთქვა, დადასტურებული არ არის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმათა დანაწესებს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, ხოლო ,,ჰოსპიტალის" მიერ გადახდილი 1 421,25 ლარი - უკან დაბრუნებას.
ამავე დროს, ,,სააგენტოს" არგუმენტი, რომ ,,ჰოსპიტალს" უნდა ემოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის იმ ჩანაწერით, რაც ითვალისწინებს გადაუდებელი სახის სამედიცინო მომსახურებების ,,სხვა შემთხვევებს", და შესაბამისად, ი----- ქ------–---–ისათვის უნდა გაეწია სამედიცინო მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი შემთხვევების კლასიფიკაციით, და დაფინანსება მოეთხოვა სახელმწიფოსგან, გაჟღერებული იქნა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე და ეს არგუმენტი სადავოდ გამხდარ გადაწყვეტილებაში მოხსენიებული საერთოდ არ არის.
ამ არგუმენტთან მიმართებაში კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 6 მარტის მდგომარეობით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი შემთხვევების კლასიფიკაციით განსაზღვრულ ,,სხვა შემთხვევას" ი----- ქ------–---–თან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია, და შესაბამისად, ეს არგუმენტიც მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდის ქვითარი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს გაწეული ხარჯი;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 23-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის" სარჩელი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტეს ბათილად ცნობისა და გადახდილი ჯარიმის უკან დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალზე" ჯარიმის სახით 1 421,25 ლარის დაკისრების შესახებ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” 2018 წლის 4 მაისის № 04/26039 გადაწყვეტილება და სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს" დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 1 ნოემბერს ჯარიმის სახით გადახდილი 1 421 (ერთიათას ოთხასოცდაერთი) ლარი და 25 თეთრი;
2. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდეს 100 (ასი) ლარი.
3. სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის" მიერ 2018 წლის 8 ივნისს (საგადასახადო მოთხოვნა № 25709) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი