გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
330210018002610088
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25496-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა ცანავა

სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი

მოსარჩელე მ------–---–--ე

წარმომადგენელი მ-----------–-----ი

მოპასუხე გ--------–-------–---–ი

წარმომადგენელი თ------------–-–---–ი

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება, დამატებით ხრჯებში მონაწილეობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ--------–-------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2-----–--ს დაბადებული ა-–-----------–-------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 600 (ექვსასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 30 აგვისტოდან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

1.2. მოპასუხე გ--------–-------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2-----–--ს დაბადებული ა-–-----------–-------–---–ისათვის და მ------–---–--ისათვის მკურნალობისათვის დამატებითი ხარჯის - 1550 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მ------–---–--ე და გ--------–-------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2017 წლის 2-------------იდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, 2--- წლის 2-----–--ს დაბადებული ა-–-----------–-------–---–ი. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ცალკე. ა-–-----------–-------–---–ს ესაჭიროება ფინანსური დახმარება, რაზეც მოპასუხე არიდებს თავს. არასრულწლოვანი წარმოადგენს რისკის ჯგუფის ბავშვს, რომელიც საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას ექიმების მხრიდან. საავადმყოფო ხარჯები და ბავშვის სამკურნალო ხარჯები დაფარა მოსარჩელემ, რაც შეადგინა 1550 ლარს. მოპასუხე გ--------–-------–---–ი დასაქმებულია შპს "ს------------–---------------–-", მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 2000-3000 ლარს, მაგრამ არ იღებს მონაწილეობას შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში. იგი როგორც მშობელი, ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა შვილის რჩენა-აზღრდაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ--------–-------–---–მა არ ცნო სარჩელი დამატებით ხარჯებში მონაწილეობის შესახებ, რაც შეეხება ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნას, მას დაეთანხმა მხოლოდ 200 (ორასი) ლარის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ იგი თავს არ არიდებს არასრულწლოვნების რჩენაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ვერ შეძლებს მოთხოვნილი ოდენობით თანხის გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ------–---–--ე და გ--------–-------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2017 წლის 2-------------იდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 14).

 

3.1.2. მ------–---–--ეს და გ--------–-------–---–ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2--- წლის 2-----–--ს დაბადებული ა-–-----------–-------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 15).

 

3.1.3. მ------–---–--ე და გ--------–-------–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან ერთად, მისამართზე მდებარე თბილისი, ვ-----------–---–---------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მოპასუხე გ--------–-------–---–ი დასაქმებულია შპს "ს------------–---------------–-" და აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინფორმაცია (ს.ფ. 33).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი შპს "ო---------–-------------------" მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის N2---, 14/08/2018წ მიხედვით, მ------–---–--ეს ჩაუტარდა მუცელკვეთა, საკეისრო კვეთა სეგმენტში O82.8. პაციენტ მ------–---–--ეს და მის ახალშობილს ჩაუტარდათ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებები (1200+350 ლარი). ა-–-----------–-------–---–ი საჭიროებს ნევროლოგის კონსულტაციას და ნეიროსონოგრაფიულ კონტროლს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

- კალკულაცია (ს.ფ. 17-19);

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. (ს.ფ 16, 20).

 

3.2.2. გ--------–-------–---–ის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "ს---–--–-" 2018 წლის 17 აგვისტოს აღებულია სესხი 41 000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი: 66.6 %, გადახდის ბოლო ვადა - 19.08.2019წ, ყოველთვიური შენატანი - 501 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 56-66).

 

3.2.3. გ--------–-------–---–ის მიერ სს ,,საქართველოს ბანკში“ 2018 წელს აღებულია სამომხმარებლო სესხი 4199 ლარის ოდენობით, გადახდის ბოლო ვადა - 03.01.2020წ, ყოველთვიური შენატანი - 312 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 67).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების რჩენა-აღზრდის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ მ------–---–--ის სასარჩელო მოთხვნა დამატებით ხარჯებში მონაწილეობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1215-ე, 1222-ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2--- წლის 2-----–--ს დაბადებული ა-–-----------–-------–---–ი, რომელიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მ------–---–--ე და გ--------–-------–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ა-–-----------–-------–---–ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე დასაქმებულია. გ--------–-------–---–ი მუშაობს შპს "ს------------–---------------–-" და აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი. მოსარჩელე კი ვერ ახერხებს მუშაობას, რადგან მეძუძური დედაა, ა-–-----------–-------–---–ი მხოლოდ 4 თვისაა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვი საჭიროებს მშობლების დახმარებას, ვინაიდან არის არასრულწლოვანი, მისი აღზრდა-განვითარების, განათლების მიღებისა და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვის საარსებო მინიმალური მოთხოვნილებები.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მის კმაყოფაზე მამისა და ბებიის ყოფნის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულება და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებები, მისი ასაკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სპეციფიურია, ხოლო არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას ასაკის ზრდასთან ერთად მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის მატებასთან ერთად გაზრდილია არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის ოქტომბრის თვისათვის - 173 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დედა ვერ მუშაობს, მეძუძურია, რადგან ალექსანდრე ჯერ მხოლოდ სამი თვისაა, მეუღლეები კი მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელმწიფო დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 500 (ხუთასი) ლარი

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 30 აგვისტოდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 500 (ხუთასი) ლარის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მუხლის შინაარსი გულისხმობს ახალი გარემოებების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობას მაშინ, როდესაც საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი ისეთი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით და არ შეიძლებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო ალიმენტის განსაზღვრის დროს. განსაკუთრებულ გარემოებაში კანონმდებელი მოიაზრებს ბავშვის მძიმე ავადმყოფობას, დასახიჩრებას და სხვა განსაკუთრებულ გარემოებებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლები, მოცემულ შემთხვევაში, თანაბარწილად არიან ვალდებულნი მიიღონ დამატებით ხარჯებში მონაწილეობა, რაც მათი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხებოდა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მკურნალობის შემდგომში გაგრძელების აუცილებლობას, ან სხვა ჩატარებული ხარჯების ოდენობას საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ამდენად, მ------–---–--ის სარჩელი, მოპასუხე გ--------–-------–---–ის მიმართ, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, ასევე არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე შესაბამისად, მოსარჩელე მ------–---–--ე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოპასუხემ ალიმენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ ცნო, გ--------–-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის

 

სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით 108 (ას რვა) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------–---–--ის (პირადი №0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. დაეკისროს მოპასუხე გ--------–-------–---–ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2-----–--ს დაბადებული ა-–-----------–-------–---–ის (პირადი №0----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 30 აგვისტოდან), მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

3. მ------–---–--ის სარჩელი, მოპასუხე გ--------–-------–---–ის მიმართ, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

4. დაეკისროს გ--------–-------–---–ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 108 (ას რვა) ლარის გადახდა, ხოლო დამატებით ხარჯებში მონაწილეობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლდეს საპროცესო ხარჯის ანაზღაურებისგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ცანავა