გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2018
საქმის ნომერი
330310018002522109
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4106-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

 

მოსარჩელე ლ------–-------ი

წარმომადგენელი მ-----–---------ე

 

მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი მ---------–---–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის №1---------/1 გადაწყვეტილება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №01/1-----/გ გადაწყვეტილება ლ------–-------ის 2018 წლის 21 მაისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.3. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ------–-------ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 20 მარტს ლ------–-------მა (დაბ. 2--01.1---წ. სომხეთის რესპუბლიკაში) განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენა მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ------–-------ის 2018 წლის 20 მარტის განცხადება (ს.ფ. 72-75).

 

3.1.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის №1---------/1 გადაწყვეტილებით ლ------–-------ს უარი ეთქვა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის თაობაზე 2018 წლის 20 მარტის №1--------- განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ------–-------ის სახელზე 1982 წლის 26 ოქტომბერს და 1991 წლის 17 აგვისტოს გაცემულია სსრკ საბჭოთა სიმბოლიკიანი X----- 5-----, XVIII- TИ5----- პასპორტები შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემებით: ლ----- გ-------- ასული შ-------ი, დაბადებული: 05.11.1--- წელს, სომხეთის რესპუბლიკაში, ხოლო 1993 წლის 6 ნოემბერს მის სახელზე გაიცა სსრკ საბჭოთა სიმბოლიკიანი XIV-TИ 5----- პასპორტი შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემებით: ლ----- გ-------- ასული შ-------ი, დაბადებული 2--01.1--- წელს, სომხეთის რესპუბლიკაში.

 

ამავე გადაწყვეტილებაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიუთითა, რომ ლ------–-------ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ განცხადებებზე დართულ ფოტო სურათსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის შესახებ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - ლ---- გ-------- ასული შ------ას 65 №2------ პასპორტში ჩაბეჭდილ ფოტოზე, სავარაუდოდ, გამოსახულია ერთი და იგივე პიროვნება. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნული შეუსაბამობები შეიცავს სავარაუდო გაყალბების ნიშნებს და მასზე შემდგომი რეაგირება სცილდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს, რის შედეგადაც ლ------–-------ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ საქმის მასალები სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წლის 23 მარტის №20/დ დასკვნით, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო ორგანოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის №1---------/1 გადაწყვეტილება (ს.ფ. 87-88).

 

3.1.3. 2018 წლის 21 მაისს ლ------–-------მა №1----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „ლ------–-------ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ 2018 წლის 19 აპრილის №1---------/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახურისთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების გამოცემის დავალება მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 21 მაისის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 56).

 

3.1.4. არაგაწის სარაიონო მმაჩის განყოფილების მიერ გაცემული დაბადების აქტის ჩანაწერის შესახებ ცნობაში მითითებული ინფორმაციით, ლ------–-------ი დაიბადა 1--- წლის 2---------ს, დაბადების ადგილი - მითითებული არ არის, მშობლები: თ----- დ------- ასული შ------- და ჰ-------------ს ძე შ-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- არაგაწის სარაიონო მმაჩის განყოფილების მიერ გაცემული დაბადების აქტის ჩანაწერის შესახებ ცნობა (ს.ფ. 69-71).

 

3.1.5. 2017 წლის 04 ივნისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურმა №01/9---- წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია 1--- წლის 2---------ს დაბადებული ლ------–-------ისა და 1--- წლის 05 ნოემბერს დაბადებული ლ---- შ------ას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის ფლობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 04 ივნისის №01/9---- წერილი (ს.ფ. 140).

 

3.1.6. რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 31 აგვისტოს №06-1----2/17 წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეცნობა, რომ რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, არსებულ აღრიცხვაში 15.08.2017 წლის მდგომარეობით ლ----- გ-------- ასული შ-------ი არ ირიცხება როგორც პირი, რომელმაც შეიძინა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. ხოლო რუსეთის ტულის ოლქის შსს მიგრაციის საკითხებით სამმართველოს ინფორმაციის მიხედვით, 1--- წლის 05 ნოემბერს დაბადებული ლ---- შ------ა არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და მის მიმართ 2003 წლის 30 მაისს ქ. ტულად ცენტრალური შსსს მიერ გაცემულია რუსეთის ფედერაციის პასპორტი შემდეგი სერიითა და ნომრით - 7003№0-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 31 აგვისტოს №06-1----2/17 წერილი (ს.ფ. 147-148).

 

3.1.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №01/1-----/გ გადაწყვეტილებით ლ------–-------ის 2018 წლის 21 მაისის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი „ლ------–-------ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2018 წლის 19 აპრილის №1---------/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე სამსახურისთვის საქმის სრულყოფილად გამოკვლევის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების გამოცემის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიუთითა, რომ ლ------–-------ის, დაბადების თარიღის (2--01.1---წ.) გათვალისწინებით ირკვევა, რომ მის მიმართ ვრცელდება „საქართველოს მოქალაქეობის“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც პირის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის დადგენისათვის ითვალისწინებს სამ აუცილებელ წინაპირობას, კერძოდ: იმისთვის, რომ პირი ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ, საქართველოში უნდა ცხოვრობდეს ჯამში 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის უნდა ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე და ამავდროულად მას არ უნდა ჰქონდეს მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ადმინისტრაციული წარმოების მასალებით (ფოტოსურათებით, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილებით) იკვეთება გარემოება, რომ შესაძლოა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი ფლობდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. სააგენტოს მიერ, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოებიდან, ამ ეტაპზე, ვერ იქნა მოძიებული რაიმე სახის ინფორმაცია ლ------–-------ის სავარაუდოდ გაყალბების საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელს გახდიდა უტყუარად დადასტურებულიყო რაიმე გარემოება მოცემულ საქმეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №01/1-----/გ გადაწყვეტილება (ს.ფ. 48-53).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ------–-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის №1---------/1 და 2018 წლის 20 ივნისის №01/1-----/გ გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამის ნორმებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულებაზე“, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულება (შემდეგში - დებულება) უკავშირდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას და განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში – კანონი) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, გამარტივებული წესით მინიჭება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს.

 

ზემოაღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დებულების მიზნებისათვის უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში სააგენტო), სააგენტოს ტერიტორიული სამსახური (შემდეგში - ტერიტორიული სამსახური), საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, ამ მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია (შემდეგში - საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება). ამავე დებულების მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, დაინტერესებული პირი საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებით უფლებამოსილ ორგანოს მიმართავს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ ამ დებულებით დადგენილი ფორმის განცხადებები და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები განმცხადებელს შეაქვს სააგენტოში ან ტერიტორიულ სამსახურში, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 20 მარტს ლ------–-------მა (დაბ. 2--01.1---წ. სომხეთის რესპუბლიკაში) განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენა მოითხოვა.

 

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-18 მუხლის თანახმად, მოქალაქეობის საკითხის განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. მოქალაქეობის საკითხის განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია: ა) მოიწვიოს განმცხადებელი ან დაინტერესებული პირი, წარდგინების შემტანი ორგანის წარმომადგენელი, აგრეთვე პირი, რომლის მოწვევაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს განსახილველ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად, მიიღოს მათგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება; ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, ასევე სხვა ორგანიზაციებიდან მიიღოს აუცილებელი დოკუმენტაცია და წერილობითი დასკვნები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის №1---------/1 გადაწყვეტილებით ლ------–-------ს უარი ეთქვა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის თაობაზე 2018 წლის 20 მარტის №1--------- განცხადების დაკმაყოფილებაზე. ხოლო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №01/1-----/გ გადაწყვეტილებით ლ------–-------ის 2018 წლის 21 მაისის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი არ წამოადგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეს და სადავო გადაწყვეტილებებით უსაფუძვლოდ ეთქვა უარი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენაზე.

 

6.3. სასამართლო მოიხმობს საქართველოს ორგანული კანონს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისათვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

 

განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ სადავო გადაწყვეტილებებით, ლ------–-------ს უარი ეთქვა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენაზე იმ მოტივით, რომ ლ------–-------ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ განცხადებებზე დართულ ფოტო სურათსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის შესახებ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - ლ---- გ-------- ასული შ------ას 65 №2------ პასპორტში ჩაბეჭდილ ფოტოზე, სავარაუდოდ გამოსახულია ერთი და იგივე პიროვნება. სააგენტომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებით (ფოტოსურათებით, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილებით) იკვეთება გარემოება, რომ შესაძლოა ლ------–-------ი ფლობდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ-13), რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება სტაბილურობის და გარანტირებულობის პრინციპების უზრუნველყოფას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ‑ერთი უმთავრესი ნიშანია. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება და გამოცემა საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად არის რეგლამენტირებული და ყოველ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია საჯარო ვალდებულება ზედმიწევნით დაიცვას იგი, თავის მხრივ, აღნიშნული ვალდებულება განაპირობებს დაინტერესებულ პირთა კანონიერ მოლოდინს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს, ხოლო ფოტოსურათებზე გამოსახულ პირთა იდენტურობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას რუსეთის ფედერაციის 2017 წლის 31 აგვისტოს №06-1----2/17 წერილზე, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, როგორც აღნიშნული წერილით ირკვევა, რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, არსებულ აღრიცხვაში 15.08.2017 წლის მდგომარეობით უსიკ გ-------- ასული შ-------ი არ ირიცხება როგორც პირი, რომელმაც შეიძინა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო გადაწყვეტილებაში ადასტურებს, რომ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოდან, საქმის განხილვის ეტაპზე, ვერ იქნა მოძიებული რაიმე სახის ინფორმაცია ლ------–-------ის დოკუმენტაციის სავარაუდოდ გაყალბების საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელს გახდიდა უტყუარად დადასტურებულიყო რაიმე გარემოება მოცემულ საქმეზე.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სადავო გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები არარსებობის პირობებში

ლ------–-------ს უარი ეთქვა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენაზე.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №01/1-----/გ გადაწყვეტილება ლ------–-------ის 2018 წლის 21 მაისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 19 აპრილის №1---------/1 გადაწყვეტილება ლ------–-------ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია ლ------–-------ს აუნაზღაუროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ------–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №01/1-----/გ გადაწყვეტილება ლ------–-------ის 2018 წლის 21 მაისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის №1---------/1 გადაწყვეტილება ლ------–-------ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე ლ------–-------ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია