გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2018
საქმის ნომერი
330310018002639546
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5940-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი მა----- გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - სო-–------ ინ---

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოპასუხის წარმომადგენელი - მა----- ღუ--–----

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე სო-–------ ინ--ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 1423 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 14 მარტის №M---------------- წერილის თანახმად ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, სამწუხაროდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ივლისის M---------------- წერილის თანახმად სო-–------ ინ---ს 2018 წლის 26 ივნისის №6----- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ეგზავნება თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ივლისის №6----- ცნობა. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი და ვერ მოხდება მოსარჩელის დაკმაყოფილება. ამასთან მოსარჩელე მხარეს ეცნობა, რომ კუთვნილი მიუღებელი 1998-2000 წლების დავალიანება შეადგენს- დარიცხული 1423 ლარი, ხელზე-1405,85 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 14 მარტის № M---------------- წერილი (ს.ფ.50 );

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ივლისის №M---------------- წერილი (ს.ფ. 16);

- თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ივლისის № MOD 5 18 006----- ცნობა. (ს.ფ. 17);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების და შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სო-–------ ინ--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული კანონი.

 

6.2. „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს, ხოლო „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება.

 

შრომითი გასამრჯელოს – ხელფასის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო – ხელფასი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

 

ამდენად, აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებული იყო საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება, თუმცა, სპეციალური დათქმის მიხედვით, იგი არ მოიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებასაც. შესაბამისად, სასამართლო მართლზომიერად მიიჩნევს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოსარჩელისათვის, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 37-ე მუხლით დაეკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარემ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მიმართა, კერძოდ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სო-–------ ინ---მ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 2017 წლის 23 თებერვალს მიმართა. შესაბამისად აღნიშნულ სამართალურთიერთობაზე ვერ გავრცელდება უკვე დღეს მოქმედი „საჯარო სამსახური შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაცია.

 

ზოგადად, თანამდებობრივ სარგოსთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში კი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოხელისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისაგან პასუხისმგებლობის აცილებას მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალურთიერთობის სტაბილურობას, კეთილსინდისიერებას და კანონიერებას. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი ქმედება, მოსარჩელის უფლების – მიიღოს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება - მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ეწინააღმდეგება ასევე სახელმწიფოს ვალდებულებას, პრიორიტეტულად დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომითი უფლებები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება, რადგან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც შეუერთდა საქართველო, ჯერ კიდევ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის №655 დადგენილებით აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს მოსარჩელე სო-–------ ინ--ის სასარგებლოდ ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების - 1998-2000 წლის ხელფასის (ჯილდოს ჩათვლით) - 638.15 ლარის ანაზღაურება.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ კვების კომპენსაცია და დახმარება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კვების კომპენსაცია და სანივთე ქონების კომპენსაცია ხელფასის თანხისა და დანამატისგან განსხვავებით, არ არის მოქცეული „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, მათ მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა - კვების კომპენსაციის და დახმარების ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია. შესაბამისად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. სო-–------ ინ--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს სო-–------ ინ--ის სასარგებლოდ ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების (ჯილდოს ჩათვლით) – 638.15 ლარის ანაზღაურება.

 

3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი