გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/14017-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - ა---------–--–-–---–ი
წარმომადგენელი - ნ----------ე
მოპასუხე - სს „-----------–--------ი“
დავის საგანი - მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „-----------–--------თან“ 2008 წლის 6 თებერვალს დადებული საკრედიტო ბარათის (ორენჯ ბარათი) ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობა;
მხარეებს შორის 2008 წლის 6 თებერვალს დადებული საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებით, საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 700 აშშ დოლარით, ხოლო მოქმედების ვადა - 1 წელი. მოსარჩელემ ბოლო გადახდა 2009 წლის 8 იანვარს განახორციელა. შემდგომში რამოდენიმეჯერ სცადა ბანკთან მორიგება, მაგრამ უშედეგოდ, საბოლოოდ სს „-----------–--------მა“ სარჩელით მოითხოვა არამარტო ძირითადი თანხის, არამედ პირგასამტეხლოს გადახდა. სარჩელი ბანკმა გაიხმო ა---------–--–-–---–ის მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების გამო. მიუხედავად კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობისა, მოსარჩელე კვლავ ირიცხება კრედიტ ინფოში და ვერ სარგებლობს ვერც ერთი საბანკო მომსახურებით- სამომხმარებლო სესხით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი, განმარტა, რომ 1 წლიანი ვადა ვრცელდება ბარათის მოქმედებაზე და არა კრედიტის მოქმედების ვადაზე. თავად კრედიტი კი განუსაზღვრელი ვადით მოქმედებს და მოვალის ვალდებულების შესრულების ვადა დამოკიდებულია კრედიტორის მოთხოვნაზე. ამდენად, მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2008 წლის 6 თებერვალს ა---------–--–-–---–სა და სს „-----------–--------ს“ შორის დაიდო საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელის სახელზე გაიცა სესხი - 700 აშშ დოლარი. თვიური საბაზისო საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა: სავაჭრო ობიექტში გახარჯული თანხებისთვის - 2,4% და თანხის განაღდებისას - 3%; პირგასამტეხლო - 10 აშშ დოლარი, ხოლო ბარათის გაუქმებისას - 50 აშშ დოლარი. თანხა მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა.
საკრედიტო ბარათის მოქმედების ვადა განისაზღვრა 1 წლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ბარათით მომსახურების ძირითადი პირობები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ა---------–--–-–---–ს სს „-----------–--------ის“ მიმართ ვალდებულება 2009 წლის 8 იანვრის შემდგომ აღარ შეუსრულებია. 06.02.2008 წლის საკრედიტო ბარათის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 2018 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს: ძირითადი თანხა - 680,78 აშშ დოლარს, პროცენტი - 690,25 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო - 2799,37 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ნაერთი ამონაწერები პირადი ანგარიშიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს „-----------–--------ს“ ა---------–--–-–---–ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების მოთხოვნა 2009 წლიდან წარმოეშვა. პირადი ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ 2009 წლის იანვრის მდგომარეობით დებეტის თანხა შეადგენდა 498,93 აშშ დოლარს. მსესხებლის მხრიდან 2009 წლის 8 იანვარს 72 აშშ დოლარის გადახდის საფუძველზე დებეტი გახდა 426,93 აშშ დოლარი. შემდგომში კი გადახდა მოსარჩელის მხრიდან აღარ განხორციელებულა. აღნიშნული პერიოდიდან ხდება ბანკის მიერ პირგასამტეხლოს დარიცხვაც. უკვე 2010 წლის 30 სექტემბერის მდგომარეობით ძირითადი თანხის დავალიანება 680,78 აშშ დოლარი სს „-----------–--------მა“ გადაიტანა გარე ბალანსზე. გარდა ამისა, სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში არსებული სრული პერსონალური საკრედიტო რეპორტის თანახმად, ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ვადაგადაცილების დაწყების პერიოდად 2009 წელია დაფიქსირებული (16.11.2009).
ამდენად, აღნიშნული ქმედებიტ სს ‘ს----------–--------ის“ მხრიდან ცალმხრივად მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა და არსებითი მნიშვენლობა აღარ ენიჭება მის განმარტებას კრედიტის განუსაზღვრელი ვადით გაცემის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი ანგარიშიდან;
- სრული პერსონალური საკრედიტო რეპორტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
უდავოა, რომ მოსარჩელეს სესხის გადახდა 2009 წლის შემდგომ აღარ განუხორციელებია და საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის გამო ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება სს „-----------–--------ს“ 2009 წლიდან წარმოეშვა. შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელის მიმართ ამოიწურა 2013 წელს. მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ვალის არსებობის აღიარებას. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის სესხის ხელშეკრულებიდან მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია სარჩელზე 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა---------–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. სს „-----------–--------ი“-ს მოთხოვნა, მოსარჩელე ა---------–--–-–---–ის მიმართ 2008 წლის 6 თებერვლის საკრედიტო ბარათის (ორენჯ ბარათი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ცნობილ იქნას ხანდაზმულად
3. სს „-----------–--------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე