გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
330210018002368854
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/9133-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე მ--- მჭ----–-----

წარმომადგენელი მე-------------ძე

მოპასუხეები შპს ,,გლ-----ს ან--–------ი", ლ---ნ გო-------–---–-

წარმომადგენელი დ------–-–--–ვილი

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს ,,გლ-----ს ან--–------ს“ და ლ---ნ გ---------–-ილს, მ--- მჭ----–-----ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 9 000 აშშ დოლარის გადახდა;

 

სარჩელის მიხედვით, 2014 წლის დასაწყისში, მოსარჩელემ ინტერნეტის მეშვეობით, ერთ-ერთ საიტზე ნახა, რომ შპს „ტე-–--------- ჯო-----ა“ იგივე შპს „გლ-----ს ან--–------ი აცხადებდა ვაკანსიას წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე, რაც უკავშირდებოდა ფინანსურ საქმიანობას. მოსარჩელემ გაიმარჯვა კონკურსში და პირველად შეხვდა ა------------–---ს, რომელმაც თავი წარუდგინა კომპანია „ტე-–--------- ჯო-----ა“-ს მენეჯერად. მან აუხსნა, რომ მათი კომპანია იყო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე მონაწილეობის მიღება, მათ მიერ ინვესტორებისგან მოზიდული ფულადი სახსრების ხარჯზე. თუკი მოსარჩელე უცხოურ ვალუტაში გარკვეულ ფულად სახსრებს განათავსებდა შპს „ტე-–--------- ჯო-----ას“ ანგარიშზე, მონაწილეობას მიიღებდა სავალუტო-სავაჭრო ბირჟაზე ვაჭრობის და დივიდენდის მიღების მიზნით. კომპანიაში ლექციებს ატარებდა მათი თანამშრომელი ლ---ნ გო-------–---–-.

 

მოსარჩელეს გაუჩნდა ნდობა და გადაწყვიტა განეხორციელებინა ინვესტიცია მოგების მიზნით. 2014-2015 წლებში მოსარჩელესა და კომპანიას შორის დაიდო ძირითადი, ინდივიდუალური და კორპორატიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. შეთანხმების მიხედვით, კომპანია იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს კლიენტის მომსახურება, როგორც აგენტი, ბროკერი იმისთვის, რომ შეასრულოს კლიენტის სავაჭრო ოპერაციები ფინანსურ ბაზარზე.

 

საქმიანობის საწარმოებლად შპს „ტე-–--------- ჯო-----ას“ მენეჯერმა ა------------–---მა, მოსარჩელე მიამაგრა ტრეიდერს ლ---ნ გ---------–-ილს, რომლის ხელმძღვანელობითაც მ--- მჭ----–----მა კომპანიის ანგარიშზე არა ერთხელ შეიტანა თანხები, რაც დადასტურებულია საბანკო გადარიცხვის ქვითრებით.

 

2015 წლის 12 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ, კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა 19 000 აშშ დოლარი საერთაშორისო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვების ოპერაციების სამართავად. გარიგების შესაბამისად, 2015 წლის 16 მარტს მ--- მჭ----–----ს და კომპანიის ტრეიდერ ლ---ნ გ---------–-ილს შორის გაფორმდა ქვეკონტრაქტი. 2015 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელეს ლ---ნ გ---------–-ილმა აცნობა, რომ შპს „ტე-–--------- ჯო-----აში“ არსებული თანხები, დივიდენდებთან ერთად ანგარიშზე აღარ არსებობდა. აღნიშნულის შემდგომ მ--- მჭ----–----- არა ერთხელ შეხვდა ა------------–---ს, რომელმაც აღუთქვა დახმარება, რომ პირადად მიიღებდა ზომებს თანხების დასაბრუნებლად. მოპასუხე დღეის მდგომარეობით, თავს არიდებს მ--- მჭ----–-----ს მიმართ აღებულ პასუხისმგებლობას. მეტიც, ა------------–---ი შპს „ტე-–--------- ჯო-----ას“ და მის უფლებამონაცვლე შპს „--–-----–--------“ შორის კავშირს უარყოფს. ზემოაღწერილ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 9000 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. შპს „გლ-----ს ან--–------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე კომპანია არის სასწავლო ცენტრი, სადაც დაინტერესებული პირები სწავლობენ მსოფლიო სავაჭრო ბირჟაზე სავალუტო ვაჭრობას. სწორედ ამ მიზეზით დაუკავშირდა მოსარჩელე შპს „გლ-----ს ან--–------ს“.

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო კომპანია T-----------------სთან, რომელიც არ არის შპს „გლ-----ს ან--–------ი“ და მასთან აკავშირებს მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობა. მოპასუხე კომპანია, ახდენს T-----------------ის რეკლამირებას. მომხმარებელმა თანხა გადარიცხა საერთაშორისო ანგარიშზე საზღვარგარეთ და არა მოპასუხე კომპანიაში, რაც მკაფიოდ ჩანს წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში.

შპს „გლ-----ს ან--–------ი“ არ არის საბროკერო კომპანია და არც თავისი პლატფორმა გააჩნია, რომლის მეშვეობითაც ვაჭრობენ მომხმარებლები და დებენ ფსონებს.

 

მოპასუხე დამატებით დასძენს, რომ როდესაც მომხმარებელი ანგარიშს ხსნის საერთაშორისო კომპანიაში, თავიდანვე ეცნობა იმ მოსალოდნელ რისკებს, რომელიც ახლავს სავალუტო ვაჭრობას. რეგისტრაციის სრულად გავლამდე, კლიენტი ეცნობა მთელ ხელშეკრულებას, ასევე შპს „გლ-----ს ან--–------ი“ უმარტავს დეტალურად, რომ არსებობს რისკი თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვის შესახებ, რაზეც კლიენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას.

 

იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი ელექტრონულად არ დაეთანხმა შემოთავაზებულ პირობებს იგი ვერ დარეგისტრირდება საიტზე. ყველა სავაჭრო ბერკეტი, რომელიც ფსონების დადებას ან მოკლებასთან არის დაკავშირებული დამოკიდებულია მომხმარებელზე, ვინაიდან კოდი იცის მხოლოდ მან. მომხმარებელს შეუძლია სხვას გადასცეს კოდი და ივაჭროს მის ნაცვლად.

 

რაც შეეხება მოსარჩელესა და ლ---ნ გ---------–-ილს შორის დადებულ ხელშეკრულებას, იგი არის ორ მხარეს შორის დადებული შეთანხმება და მასზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება მოპასუხე კომპანიას.

 

2.2. მოპასუხე ლ---ნ გ---------–-ილს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „გლ-----ს ან--–------ი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი #---------) წარმომადგენს შპს „ტე-–--------- ჯო-----ას TeleTRADE Georgia-ს უფლებამონაცვლეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 38-39)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „გლ-----ს ან--–------ი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი #---------) წარმოადგენს ქართული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ იურიდიულ პირს. იგი არის სასწავლო ცენტრი, სადაც ისწავლება საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის ტექნოლოგიები და რომელიც რეკლამირებას უწევს კომპანია T----------------------ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ს.ფ. 38);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. სასამართლოს დადგენილ გარემოებად მიაჩნია, რომ 2014 წელს მ--- მჭ----–----ს და შპს „ტე-–--------- ჯო-----ას TeleTRADE Georgia-ს შორის, ზეპირი ფორმით, გაფორმდა ხელშეკრულება საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებული სწავლების მომსახურების გაწევის შესახებ, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს ინდივიდუალურად ივაჭროს საერთაშორისო ინტერნეტ ბაზარზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

3.2.3. მ--- მჭ----–----სა და Te---------------D-ის შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, Te---------------D, უზრუნველყოფს საჯარო შეთავაზების საფუძველზე მარგინალური სავაჭრო ანგარიშების გახსნასა და მომსახურებას სავაჭრო ოპერაციებისათვის CDF სავაჭრო ოპერაციებისთვის. ხელშეკრულების 2.1., 2.2. და 2.3. პუნქტების თანახმად, კომპანია უფლებამოსილია კლიენტის ნებართვის საფუძველზე, იმოქმედოს როგორც აგენტმა ან პრინციპალმა ან ბროკერმა იმისათვის, რომ შეასრულოს კლიენტის ინსტრუქციები ფინანსურ ბაზრებზე ფინანსური ინსტრუმენტებით ყიდვის და/ან გაყიდვისას. კომპანია უზრუნველყოფს მხოლოდ მომსახურებას.

კომპანია ასრულებს კლიენტის ინსტრუქციას/განკარგულებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სავაჭრო ოპერაცია შეიძლება იყოს კლიენტისათვის ზარალის მომტანი. კლიენტი სრულად იღებს ვალდებულებას საკუთარ თავზე და პასუხისმგებლობას ნებისმიერ შედეგზე, რაც შეიძლება მოჰყვეს კლიენტის და/ან მისი აგენტის ინსტრუქციების შესრულებას.

 

ნებისმიერი პირი, რომელიც რეგისტრირდება კომპანია ტე-–---------ის პლატფორმაზე საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის მიზნით, სავალდებულოდ ეცნობა ზემოთ აღნიშნულ ხელშეკრულებას და ელექტრონული მონიშვნის გზით, ადასტურებს მასში ჩამოყალიბებულ პირობებზე თანხმობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება ( ს.ფ. 22-37);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.4. 2015 წლის 16 მარტს მ--- მჭ----–----ს და ლ---ნ გ---------–-ილს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი ტრეიდერს უზრუნველყოფს ფულადი სახსრებით ან ატყობინებს მას გათვალისწინებული ანგარიშის ლოგინს და პაროლს, საერთაშორისო ბაზარზე ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების სამართავად. ტრეიდერს პაროლის დამოუკიდებლად შეცვლის უფლება არ აქვს.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, ინვესტორი უზრუნველყოფს ტრეიდერს ფულადი სახსრებით - 20 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, ინვესტორი არის პირი, რომელიც ხსნის სავაჭრო ანგარიშს და მასზე ფულად სახსრებს რიცხავს ტრეიდერის მიერ სამართავად, ან მიანდობს ფულად სახსრებს ტრეიდერს.

 

ტრეიდერი - არის ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სავაჭრო ანგარიშს ან ფულად სახსრებს ან ფულად სახსრებს მოცემული ხელშეკრულების თანახმად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ 40-42)

 

3.2.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,გლ-----ს ან--–------ს" და ლ---ნ გ---------–-ილს მ--- მჭ----–-----სგან ფულადი თანხები არ მიუღიათ.

მოსარჩელის მტკიცებით, შპს „გლ-----ს ან--–------ი“ არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე მონაწილეობის მიღება, მათ მიერ ინვესტორებისაგან მოზიდული ფულადი სახსრების ხარჯზე.

რაც შეეხება ლ---ნ გ---------–-ილს, მასთან ხელშეკრულების გაფორმება ემსახურებოდა საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 19 000 აშშ დოლარის ტრეიდერის მიერ საერთაშორისო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების ეფექტურად და მომგებიანად წარმოებას და მოსარჩელისათვის სარგებლის მიღებას. თუმცა, მოპასუხეთა ბრალეული ქმედების შედეგად, მოსარჩლემ განიცადა ფინანსური ზარალი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი, თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

ამდენად, იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მტკიცების ტვირთი, რომ მ--- მჭ----–----მა თანხა საბანკო გადარიცხვის ან სხვაგვარი ფორმით გადასცა მოპასუხეებს შედის მოსარჩელის მტკიცების საგანში.

ამასთან, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის იმ გარემოების დადასტურებაც, რომ საერთაშიროსო ბაზარზე სავაჭრო ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო მონაცემები გადასცა მოპასუხეებს, რომელთა გამოყენებითაც მოპასუხეებს გაუჩნდათ საშუალება ოპერაციები განეხორციელებინათ მ--- მჭ----–-----ს თანხების გამოყენებით.

 

საქმეში დაცულია კლიენტის და Te---------------D-ის ხელშეკრულება, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ მ--- მჭ----–----- საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის ოპერაციებს ახორციელებდა საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირთან.

 

საქმეში დაცული სს საქართველოს ბანკის ამონაწერებით დგინდება, რომ მოსარჩელემ საბანკო გადარიცხვა განახორციელა „T----------------------ის ანგარიშზე მიმღები ბანკის A----------------ის მეშვეობით, რომელსაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით მოპასუხედ დასახელებულ კომპანიასთან შემხებლობა არ გააჩნია.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს „გლ-----ს ან--–------“ (ს/კ 4--------) და T--------------------- წარმოადგენენ ორ სხვადასხვა დამოუკიდებელ სუბიექტს და ერთმანეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.

 

სასკვნის სახით სასამართლო დადასტურებულად თვლის მ--- მჭ----–-----ს მიერ „T----------------------ის ანგარიშზე მიმღები ბანკის A----------------ის მეშვეობით თანხის გადარიცხვის ფაქტს. შესაბამისად არაა დადასტურებული, რომ მოსარჩელისგან ფულადი სახსრები მიიღეს მოპასუხეებმა ან მათ გადაეცათ მოსარჩელის მიერ გახსნილი პერსონალური მონაცემი საერთაშორისო ინტერნეტ ბაზარზე სავაჭრო ოპერაციების წარმოების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 38)

- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ 19-20)

- ტრეიდერის კაბინეტის დასახელება და პაროლი (გვ. 22)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო მოთხოვნები, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ მ--- მჭ----–----ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა;

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე, 316-ე, 317-ე, 629-ე, 709-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამავე კოდექსის 69-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგების ფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი წესები ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება. როგორც წესი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა საჭირო არ არის. ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შედის, როდესაც მხარეები შესაბამის პირობებზე თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმდებიან.

 

ხელშეკრულების დასადებად, ცალკეულ შემთხვევაში, ზეპირი მოლაპარაკებებით შესაბამისი პირობების განსაზღვრაც არ არის აუცილებელი. შესაძლოა, მხარეთა კონკლუდენტური ქმედებებიდანაც ირკვეოდეს, რომ მათ შორის ხელშეკრულება დაიდო. ამდენად, ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებითაც მოქმედებს სახელშეკრულებო ფორმის თავისუფლების პრინციპი. თუმცა ეს პრინციპი შეუზღუდავი არ არის. ცალკეულ შემთხვევებში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელია. მხარეებსაც შეუძლიათ გაითვალისწინონ ხელშეკრულების რაიმე ფორმა, როგორც მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა. კანონმდებელი გარკვეულ წესებს ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით ისეთ შემთხვევებში განსაზღვრავს, როდესაც თავად სახელშეკრულებოსამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად არის ამის საჭიროება და ფორმის დაწესებას შესაბამისი მიზანი გააჩნია.

 

მაგალითად, ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობისას კანონმდებელი კონკრეტულ დათქმას გარიგების წერილობითი დადების თაობაზე არ ადგენს, რაც მხარეებს აძლევს შესაძლებლობას სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის ფარგლებში თავად აირჩიონ გარიგების ფორმა და მისი შინაარსი.

 

სასამართლოს დადგენილ გარემოებად მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი ფორმის შეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებული სწავლების მომსახურების გაწევის შესახებ, რომელიც სამართლებრივი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებაა.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე შპს „გლ-----ს ან--–------“ (ს/კ 4--------) და T--------------------- წარმოადგენენ ორ სხვადასხვა დამოუკიდებელ სუბიექტს. ასევე დადგენილია, რომ მ--- მჭ----–----- სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა T--------------------- და საბანკო ოპერაციებიც ხორციელდებოდა მის საბანკო ანგარიშებზე. აღსანიშნავია, რომ ხსენებული კომპანია არ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს და ასევე არ მდებარეობს საქართველოში.

შპს ,,გლ-----ს ან--–------სა“ და მ--- მჭედულრს შორის არსებული ურთიერთობა შემოიფარგლა მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებული სწავლების მომსახურების (ნარდობის ხელშეკრულების საგანი) გაწევით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ დგინდება, რომ ლ---ნ გო-------–---–- მოქმედებდა მოსარჩელის დავალებით და ახორციელებდა სავაჭრო ოპერაციებს მ--- მჭ----–-----ს სახელით.

სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამოდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მ--- მჭ----–-----ს მიერ „T----------------------ის ანგარიშზე მიმღები ბანკის A----------------ის მეშვეობით თანხის გადარიცხვის ფაქტი. ამავდროულად მ--- მჭ----–-----ს მხრიდან მოპასუხეებისთვის თანხის ნებისმიერი ფორმით გადაცემა დადგენილად ვერ ჩაითვლება. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს მოპასუხეთა პასუხისმგებლობას მ--- მჭ----–-----ს ნებისმიერ ხასიათის ფულადი დანაკლისის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მ--- მჭ----–-----ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 9000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე