გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310118002475795
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3394-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - ნ----------------ი

წარმომადგენელი - გ--–----------------

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–-

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ც-----------–---–-

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ-------–---------–---–-

მოპასუხე - ლ------–--------

წარმომადგენელი - დ------------------–---–-

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 07 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ტომი 2, ს.ფ. 28-43).

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ,-----–-----------------ის’’ მიერ ლ------–-------ის სახელზე 1997 წლის 20 მარტს გაცემული №---7 მიღება-ჩაბარების აქტი მც-----------------------–----–------------------------ 574 კვ.მეტრი ფართობის №15 მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ტომი 2, ს.ფ. 28-43).

 

მოსარჩელის განმარტებით, მის მფლობელობაშია ქ.თბილისში, გ-–-------------------------------- მდებარე 574 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი №15, რომელსაც ფლობს 1989წლიდან. მას ზემოაღნიშნული უძრავი ქონება გადაეცა 1966 წლის მებაღეობის ამხანაგობის მოწმობით ,,–---------------------------–-------------------’’ მიერ. მისივე განმარტებით, 2016 წლის 03 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ლ------–------ის სახელზე იყო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული და რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 1997 წლის 20 მარტს დამოწმებული №---7 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის გაცემაც კანონის უხეში დარღვევით და სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთი მის მფლობელობაში იმყოფებოდა და შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი გამორიცხავდა სხვა სუბიექტის მფლობელობის შესაძლებლობას, მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა მხოლოდ მოსარჩელის უფლებრივი სტატუსი და მისი სხვა სუბიექტზე განკარგვა დაუშვებელი იყო. ამასთან, მისივე განმარტებით, ლ------–-------- არასოდეს ფლობდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და ვერც დაეუფლებოდა მას, რადგან მასზე კანონიერ ფლობას უკვე ახორციელებდა მოსარჩელე.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მიღება-ჩაბარების აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.1.2. მოპასუხეს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, წერილობითი ფორმით შესაგებელი ნ----------------ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა კი მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნულ დავაში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.

 

2.1.3. მოპასუხეს- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, წერილობითი ფორმით შესაგებელი ნ----------------ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა კი მიუთითა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნულ დავაში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.

 

2.1.4. მესამე პირმა - ლ------–--------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვა მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 1997 წლის 20 მარტს გაცემული №---7 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ირკვევა, რომ ლ----–------------–----–-------ეს საკუთრებაში გადაეცა 1200 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ორ ნაკვეთად- №13 და №15 გ-–--------------------------------, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის 1995წლის 22თებერვლის №45 ბრძანებულებისა და ,,საქქალაქააგროსერვისის’’ საბჭოს 1995 წლის 05 ივნისის №21 დადგენილების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1997 წლის 20 მარტის №---7 მიღება-ჩაბარების აქტი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 34)

 

3.1.2. 2012 წლის 26 ივლისს, ლ------–--------მ №-----------7 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–------ სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მ–------------------------–---–----–- მდებარე(ნაკვეთი №13 და ნაკვეთი №15, მიწის ფართი: 1200კვ.მეტრი) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012წლის 31 ივლისის №-----------7-03 გადაწყვეტილებით ლ------–-------ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამასთან, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიაზე არ იყო მოცემული დაინტერესებული პირის ხელმოწერა ამიტომ წასადგენი იყო სრულყოფილი აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია.

 

2012 წლის 01 აგვისტოს, დაინტერესებულმა პირმა წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 07 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მ–------------------------–---–----–- მდებარე(ნაკვეთი №13 და ნაკვეთი №15, მიწის ფართი: 1200კვ.მეტრი) უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ლ------–-------ის საკუთრების უფლება.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ 1997 წლის 20 მარტის №---7 მიღება-ჩაბარების ქტის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, გ-–------------------------------ მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.13.09.0--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1200კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის შემონათვალი: №1, 2012წლის 07 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ------–-------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ------–-------ის 2012 წლის 26 ივლისის №-----------7 სარეგისტრაციო განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 157-158)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 31 ივლისის №-----------7-03 გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 166)

- ლ------–-------ის 2012 წლის 01 აგვისტოს №-----------7 განცხადება და კორექტირებული აზომვითი ნახაზი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 167-169)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 07 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 170)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 31/05/2018(იხ. ტომი 1, ს.ფ. 29-30)

 

3.1.3. 2016 წლის 29 სექტემბერს, ნ----------------მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ნ--------–--------- ფართობი: 574კვ.მეტრი. განცხადებას თან ახლდა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სუბსიდირების პროექტი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსია.

 

სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განმცხადებელს არაერთი გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №72.13.09.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამასთან, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან, მ–------ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, დ--–----- რეგიონული არქივიდან, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გ-–------ რაიონის გამგეობიდან, თუმცა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება ვერ დგინდებოდა, შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც აღმოფხვრილი იქნებოდა ზედდების საკითხი, რათა მასალების გაგზავნა მომხდარიყო საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017წლის 17 თებერვლის №-------------20 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ------–-------ის 2016წლის 29 სექტემბრის №------------ სარეგისტრაციო განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 175-176)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016წლის 03 ოქტომბრის №-------------04 გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 181-182)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016წლის 05 ოქტომბრის №-------------06 გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 187-188)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016წლის 08 ოქტომბრის №-------------08 გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 193)

 

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016წლის 19 ოქტომბრის №-------------11 გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 198)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016წლის 30 ოქტომბრის №-------------13 გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 200)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 ნოემბრის №-------------15 გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 202)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის №-------------17 გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 205)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ნოემბრის №-------------19 გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 206)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული 2017წლის 17 თებერვლის №-------------20 გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 207)

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილია გ-----------------ის 2018 წლის 10 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ თითქმის 30 წელია ცხოვრობს ქარხანა ,-----–---------------------- მებაღეობის ტერიტორიაზე(ამჟამად: ნ--------–-------------- 20 წელიწადია მებაღეებს ნაკვეთები გადაეცათ საკუთრებაში მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მას და მის მეზობელს- ლ------–--------ს, მფლობელობაში გადაეცათ ორ-ორი ნაკვეთი 1200 - 1200კვ.მ. ფართი. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლ------–-------ის მიწის ნაკვეთი- 1200 კვ.მ., მდებარეობს მისი ნაკვეთის შემდეგ, კ-–------- მიწის ნაკვეთამდე, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, რაც ლ------–-------- თავის ნაკვეთში და ხის სახლში გადადის გ-----------------ის ნაკვეთიდან, ვინაიდან მოპარეს ჭიშკარი მ-------–- მკურნალობის დროს. ნ----------------თან დაკავშირებით კი განმცხადებელი უთითებს, რომ მას საერთოდ არ იცნობს, არც არასდროს უნახავს და არც სმენია, რომ ნაკვეთი ქონდა მათ ტერიტორიაზე, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ-----------------ის 2018 წლის 10 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება(იხ. ტომი 2, ს.ფ. 186)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ნ----------------ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილება; ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილება; ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის №39 დადგენილება; საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის დადგენილება №503; საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულება ,,ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის გამოყოფისა და მისი ეფექტიანად გამოყენების ღონისძიებათა შესახებ’’; ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად კი, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ხოლო ამავე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012წლის 07 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო ,-----–-----------------ის’’ მიერ ლ------–-------ის სახელზე 1997 წლის 20 მარტს გაცემული №---7 მიღება-ჩაბარების აქტი, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ლ------–-------ის სახელზე 1997 წლის 20 მარტს გაცემული №---7 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა მც-----------------------–----–------------------------ 574 კვ.მ მეტრი ფართობის №15 მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე(1997 წლის 25 ნოემბერი) მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. ასეთივე ჩანაწერი იყო მითითებული 1971 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედებულ მიწის კოდექსში, რომლის მე-4 მუხლის მიხედვით, მიწა წარმოადგენდა განსაკუთრებულ სახელმწიფო საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, მიწა სარგებლობისათვის მიეცემოდათ სსსრ-ის კავშირის მოქალაქეებს, ხოლო მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის გაცემის უფლება ჰქონდათ მშრომელთა დეპუტატების საქალაქო, სადაბო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტებს საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და მოქალაქეების მუდმივ ან დროებით სარგებლობაში - ქალაქის, დაბების მიწებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების საფუძველზე დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმა. დასახელებული დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწა კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცემათ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს. ამავე დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით, მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრეებს მიწა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში მიეცემათ საერთო საფუძველზე.

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში, ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით, სოფლის ყოფილ მკვიდრთ მიწები გამოეყოფათ კერძო საკუთრებაში, თუ მათ მემკვიდრეობით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი; იგივე წესი ვრცელდება მოქალაქეებზე, რომელთაც კანონით დადგენილი სხვა წესით მიიღეს საცხოვრებელი სახლი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წლის 6 თებერვლის №128 დადგენილებით განისაზღვრა ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებითი ღონისძიებები; კერძოდ, დასახელებული დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა განხორციელდა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით.

 

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის №39 დადგენილებით განისაზღვრა რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრები მოსახლეობისათვის გამოსაყოფი ფართობები.

 

დასახელებული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის მთავარ პირობას წარმოადგენდა ამ დადგენილებების ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის გამოყოფისა და მისი ეფექტიანად გამოყენების ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 22 თებერვლის N45 ბრძანებულებაზე, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებისა და რაონული ცენტრების მცხოვრებთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთებით მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და მათი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით:

1. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთათვის დამატებით გამოიყოს მიწის ფართობები დანართის თანახმად.

2. დანართში ჩამოთვლილმა რაიონებმა ერთი თვის ვადაში დადგენილი წესით შეარჩიონ ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთათვის გადასაცემი მიწის ფართობები საავტომობილო და სარკინიგზო გზებთან ახლოს და წარუდგინონ სათანადო მასალები საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნებისა და კვების მრეწველობის სამინისტროს, მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტს, რომლებმაც სათანადო ორგანიზაციებთან შეთანხმების შემდეგ ერთი კვირის ვადაში განიხილონ სარეფორმო ფონდში გამოსაყოფი მიწის შერჩევის საკითხი და შესაბამისი დასკვნა წარუდგინონ მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს;

3. მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა და მიწის რეფორმის კომისიებმა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთა უპირატესად მამაპაპისეულ სოფლებში მიწის ნაკვეთებით დაკმაყოფილებას და ქალაქელთათვის კომპაქტურად გამოყოფილ მიწის ფართობებზე მათ დამაგრებას.

4. ,,საქქალაქაგროსერვისმა’’ უზრუნველყოს:

-თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მერიებთან ერთად ქალაქების მცხოვრებთათვის გამოყოფილი მიწის ფართობების განაწილება, დაპროექტება და მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გაცემა სათანადო ანაზღაურებით;

- მებაღეობის ამხანაგობებში მიწის რეფორმის სამუშაოების დამთავრება 1995-1996 წლებში, რაშიც მას ხელი შეუწყონ შესაბამისმა საწარმოებმა, დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად;

- თესლით, სარგავი მასალით, მოზარდეულით, მინერალური სასუქებით, შხამქიმიკატებით, ინვენტარითა და მეურნეობებისათვის საჭირო სხვა მატერიალური საშუალებებით მომარაგება, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკითა და აგროზოოვეტმომსახურება საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სამსახურებთან, საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის საწარმოო მომსახურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სახელმწიფო კოორპორაცია ,,საქაგროტექსერვისთან’’ და ,,ცეკავშირთან’’ სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე.

5. საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტმა, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მერიებმა, აგრეთვე სხვა ქალაქების მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა ,,საქქალაქაგროსერვისის’’ შეკვეთით სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე დანიშნონ ავტობუსების მარშრუტები გამოყოფილ მიწის ნაკვეთებამდე ქალაქის მოსახლეობის გადასაყვანად, რისთვისაც ნავთობპროდუქტების კონცერნმა უზრუნველყოს მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისა და ,,საქქალაქაგროსერვისის’’ ენერგორესურსებით მომარაგება შესაბამისი ანგარიშსწორების საფუძველზე.

 

6. ,,საქქალაქაგროსერვისმა’’ შეიმუშაოს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთათვის სოფლად გამოყოფილი საბაღე და საკარმიდამო ნაკვეთების მომსახურების პროგრამა მომსახურების კოოპერაციული ფორმების დანერგვისა და მატერიალურტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვის გათვალისწინებით.

7. თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, რესპუბლიკის სხვა ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა ხელი შეუწყონ "საქქალაქაგროსერვისს" თავიანთი ქალაქების ტერიტორიაზე საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების მფლობელთათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მიყიდვისა და ჭარბი პროდუქციის სარეალიზაციოდ საჭირო სავაჭრო ფართის გამოყოფაში.

8. საქართველოს რესპუბლიკის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტმა ,,საქქალაქაგროსერვისის’’ მოთხოვნის შესაბამისად შეძლებისდაგვარად დააწესოს საგარეუბნო მატარებლების დამატებითი გაჩერებები საკარმიდამო, საბაღო და სააგარაკო ნაკვეთების დიდი მასივების მიმდებარე ტერიტორიებზე.

9. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ, კონტროლის პალატამ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ ,,საქქალაქაგროსერვისსა’’ და ყოფილი ,,საქაგროკოოპისადმი’’ დაქვემდებარებულ ორგანიზაციას ,,საქაგროკოოპმრეწვს’’ შორის წარმოქმნილი ქონებრივი დავის გადაწყვეტა.

10. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ,,საქქალაქაგროსერვისთან’’ ერთად დასახოს და განახორციელოს საბაღე და საკარმიდამო ნაკვეთების დაცვის ღონისძიებები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1997 წლის 20 მარტს გაცემულ იქნა №---7 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ლ----–------------–----–-------ეს საკუთრებაში გადაეცა 1200 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ორ ნაკვეთად- №13 და №15 გ-–--------------------------------, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის 1995წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულებისა და ,,საქქალაქააგროსერვისის’’ საბჭოს 1995 წლის 05 ივნისის №2-1 დადგენილების საფუძველზე.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 1989 წლიდან იმყოფება მის მართლზომიერ მფლობელობაში და აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცა 1966 წლის მებაღეობის ამხანაგობის მოწმობით ,,–---------------------------–-------------------’’ მიერ. შესაბამისად, ვინაიდან მიწის ნაკვეთი მის მფლობელობაში იმყოფებოდა, აღნიშნული ფაქტი გამორიცხავდა სხვა სუბიექტის მფლობელობის შესაძლებლობას, მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა მხოლოდ მოსარჩელის უფლებრივი სტატუსი და მისი სხვა სუბიექტზე განკარგვა დაუშვებელი იყო, თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ნ----------------ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტს. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას შემდეგ, რაც ნ----------------მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან, მ–------ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, დ--–----- რეგიონული არქივიდან, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გ-–------ რაიონის გამგეობიდან, თუმცა ნ----------------ის საკუთრების უფლება ვერ დადგინდა, საქმეში კი არ მოიპოვება სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ნ----------------ისთვის სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ფაქტის მართლზომიერებას.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო მიღება-ჩაბარების აქტში მიწის რეფორმამდე არსებული სტატუსით მითითებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ლ------–-------ის სახელზე რიცხულ და მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით დაედასტურებინა მის საკუთრებაში სადავო მიწის ნაკვეთის კანონიერი გზით გადაცემის ფაქტი, რაც საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ------–-------ის სახელზე 1997 წლის 20 მარტს გაცემული №---7 მიღება-ჩაბარების აქტი არ ეწინააღმდეგება იმ პერიოდისათვის მოქმედ მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს, რაც მოცემულ შემთხვევაში, 1997 წლის 20 მარტს გაცემული №---7 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

6.4. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012წლის 07 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების ,,????????? ???????’’ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 26 ივლისს, ლ------–--------მ №-----------7 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–------ სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მ–------------------------–---–----–- მდებარე(ნაკვეთი №13 და ნაკვეთი №15, მიწის ფართი: 1200 კვ.მეტრი) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო წარმოება.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

სასამართლო ასევე მოიხმობს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება(მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს(არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის(დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის(დაბის) ყრილობაზე(საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის(მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია(საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის(მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთაც არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

 

დასახელებული კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. კერძოდ,- სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ:

ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას;

ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას;

გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი;

 

ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას;

ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე;

ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია;

ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 07 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 1997 წლის 20 მარტს გაცემული №---7 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი, მ–------------------------–---–----–- მდებარე(ნაკვეთი №13 და ნაკვეთი №15, მიწის ფართი: 1200 კვ.მეტრი) უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ლ------–-------ის საკუთრების უფლება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ლ------–-------ის სახელზე სწორად მოახდინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციას.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და ადმინისტრაციული ხელშეკრულებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს ნ----------------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით ნ----------------ის(წარმომადგენელი გ--–----------------) შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს- ლ------–--------ს აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, გ-–----------------------------- დაზუსტებული ფართობი: 1200.00 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.13.09.0--- - გასხვისება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით(განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების(განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთ სახეს, რომლის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება და მისი აღსრულების ხელშეწყობა. ამ თვალსაზრისით ამ ეტაპზე, მაშინ როდესაც ნ----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს,- შესაბამისად არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----------------ის მიერ აღძრულ სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----------------ის სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ლ------–-------ის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს- ლ------–--------ს აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, გ-–----------------------------- დაზუსტებული ფართობი: 1200.00 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.13.09.0--- - გასხვისება - გაუქმდეს.

 

3. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი