განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/981-18 (N041071217003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20.11.2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - გ--- დ--------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: რ----- კ-----ე
მამის სახელი: ჯ----
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ოჩამჩირე ტ--------–ის ქუჩა N5
მცხოვრები: ქ. რუსთავი, ჟ--–--------ს ქ. N4/108
ადვოკატი - გ---- კ--–-------
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
რ----- კ-----ემ ჩაიდინა ადევნება ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაცია სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის სექტემბრის დასაწყისიდან 2017 წლის 20 დეკემბრამდე რ----- კ-----ე არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ქ--------- გ---–--–--ესთან. კერძოდ სისტემატურად დადიოდა ქუთაისში, ნიუპორტის ქ. N4-ში მდებარე შპს „მისო სმარტ ფინანსში“, ქ--------- გ---–--–--ის სამსახურში, ხვდებოდა მას ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და მიყვებოდა სამსახურამდე, ასევე ხვდებოდა სამსახურიდან გამოსულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ----- კ-----ე უხსნიდა სიყვარულს ქ--------- გ---–--–--ეს და უარის მიღების გამო ხდებოდა აგრესიული, აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდა ხელით შეხებას. ვინაიდან, ქ--------- გ---–--–--ეს გაუჩნდა რ----- კ-----ისაგან მოსალოდნელი ძალადობის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ის იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი. მას სკოლიდან ვეღარ გამოყავდა 8 წლის შვილი და ვეღარ გადაადგილდებოდა მარტო. ასევე რ----- კ-----ის ქმედებამ შეუქმნა ქ--------- გ---–--–--ეს ცხოვრების წესის - სამუშაო ადგილის შეცვლის რეალური საჭიროება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 08 ნოემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ რ----- კ-----ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი(წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს, რ----- კ-----ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და სადავოდ აღარ ხდის ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა უდავოდ ცნეს ყველა მტკიცებულება, შესაბამისად, რ----- კ-----ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულის ჩვენებით და საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ქ--------- გ---–--–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა - ჟ--- ნ--------ის, ნ---- კ--–-----–---–ის, შ------- ჯ----–--–---–ის, ლ---- კ----------ის, კ------------- ბ----------ს, ა. ო--------ის, თ-------- გ--–---ის, ა. გ-------ის, შ----- მ--–---ს, ლ---- ს---------ს გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ფოტომასალის დათვალიერების ოქმებით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის N006903117 დასკვნით; ამბულატორიული ფსიქიატრიულ - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N006202718 დასკვნით და სტაციონარული ფსიქიატრიულ - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N007324118 დასკვნით; ბალისტიკური ექსპერტიზის N195/ბ დასკვნით; ნასამართლობის ცნობით; ფსიქიატრიული ცნობით; შეტყობინებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა რ----- კ-----ემ ჩაიდინა ადევნება ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაცია სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: რ----- კ-----ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, აგრეთვე საქმის არსებითი განხილვის დროს უდავოდ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; რ----- კ-----ის წარსულ ცხოვრებას, მას არც ანალოგიური ფაქტი და არც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სხვა ქმედება არასოდეს ჩაუდენია; მისი მხრიდან ასევე არ ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი; დანაშაულებრივი ფაქტის გამოვლენის შემდეგ რ----- კ-----ეს 8 თვის განმავლობაში ერთხელაც არ უცდია დაზარალებულთან მიახლოება; საქმეზე ჩატარებული სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მას არ შეეძლო სრულად გაეცნოებიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის(შეზღუდული შერაცხადობა);
თანახმად სსკ-ის 35-ე მუხლის მეორე ნაწილისა, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
რ----- კ-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, სასჯელის პრევენციულ მიზანს უზრუნველყოფს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სახეზე არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენების ყველა წინაპირობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებული 03 თვე 18 დღე პატიმრობაში იმყოფებოდა, რაც უნდა გახდეს მისთვის დამაფიქრებელი და საკმარისი სათანადო დასკვნების გამოსატანად.
ამდენად, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ რ----- კ-----ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა ამ ეტაპზე მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----- კ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში რ----- კ-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 02 აგვისტოდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
4. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ----- კ-----ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე