გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.11.2018
საქმის ნომერი
140310018002686194
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002686194

საქმე № 3/286-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

 

სხდომის მდივანი ნინო არაბული

 

მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: ა-- კ----------–ი

 

მოპასუხე: დ-------- გ-------ე

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

საარსებო შემწეობის სახით გაცემული თანხის - 150 (ა სორმოცდაათი) ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

სარჩელის თა--ხმად, დ-------- გ-------ის (პირ. №5----------) ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას 3 სრულწლოვან წევრზე.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დაფიქსირდა ინფორმაცია დ-------- გ-------ის ოჯახის წევრის - ზ------- ბ----ის (პ.ნ 5----------) მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების თაობაზე; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში.

 

მოსარჩელე ითხოვს 2018 წლის მაისის თვის შემწეობის უკან დაბრუნებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე დ-------- გ-------ე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოპასუხის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 3 სრულწლოვან წევრზე, ყოველთვიურად 50-50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 41440-ს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გორის სოციალური მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა მოპასუხე დ-------- გ-------ემ, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოჰყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.3. დ-------- გ-------ის ოჯახის წევრს - ზ------- ბ----ეს დაუფიქსირდა ლეგალური შემოსავალი.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.4. მოპასუხეს 2018 წლის მაისში მიღებული აქვს ოჯახის სახელზე გაცემული საარსებო შემწეობა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო ოჯახის საარსებო შემწეობა ისე, რომ მისი ოჯახის წევრი უკვე იღებდა ლეგალურ შემოსავალს, რის შესახებაც მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სააგენტოსათვის.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი” ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.

 

,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც მეტია 30001–ზე ნაკლებია 57001-ზე, საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით, ოჯახის თითოეულ წევრზე.

 

როგორც აღინიშნა, დ-------- გ-------ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 3 სრულწლოვან წევრზე, ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარით.

 

იმავე დადგენილების მე-10 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება;

 

დადგენილია, რომ დ-------- გ-------ის ოჯახის წევრს დაუფიქსირდა ლეგალური შემოსავალი და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის მოპასუხეს არაფერი უცნობებია.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

 

ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

მოპასუხის ოჯახისათვის გამოყოფილი სოციალური დახმარება შეადგენდა თვეში 150 ლარს, რასაც სადავო პერიოდში იღებდა იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობის მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამსახურისათვის მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი დ-------- გ-------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. დ-------- გ-------ეს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2018 წლის მაისში ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302009921.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული