გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002548167
2-792-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე - მ--------–----ძე
წარმომადგენელი - ქეთევან გონგლაძე
მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,--------------------------------------------------------------------------------------''
წარმომადგენლები - ოლეგ გრძელიძე, მარიამ რუსაძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 44 534 ლარის და 92 თეთრის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სადაც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩი-----------------------------------------ი'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს, დაშვებულ ნორმაზე მეტი სიმძლავრით განხორციელებულმა, მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის და ეზოში მდებარე საყრდენი კედლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, ქვიშხეთში მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის და საყრდენი კედლის დაზიანება; მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 44 534 ლარი და 92 თეთრი, - შპს ,,რემმშენი ბორჯომის” მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის და საყრდენი კედლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა.
2.1. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩი-----------------------------------------ი'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახულ ხარჯებს საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ზიანი მოპასუხის ბრალით არ არის გამოწვეული, სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი აღნიშნა, დოკუმენტაციაში აღწერილი ხარჯები არ გამომდინარეობს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნიდან (2018 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმი 16:50:50-16:54:11);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის საკუთრებაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე 1104.52 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე, 112.9 კვ.მ საცხოვრებელი სახლით საკადასტრო კოდით 69 0---- 1-- (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.15-16, მხარეთა ახსნა-განმარტება);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლი და ეზოში მდებარე საყრდენი კედელი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.
მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად, დამაკმაყოფილებელია, შენობა, შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა, საჭიროებს დაკვირვებას, ეზოში არსებული საყრდენი კედლის დარჩენილი მონაკვეთის დაზიანებები დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, მესამე ხარისხისაა და საჭიროებს აღდგენა-გაძლიერებას, ჩამონგრეული მონაკვეთი - ახლით შეცვლას;
დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზიანებები გამოიწვია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილმა ვიბრაციებმა;
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ დაზიანებები აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია - მათ მიერ წარმოდგენილი, აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის“ დასკვნა გამორიცხავს აფეთქებითი სამუშაოების შედეგად მოსარჩელეთა უძრავის ნივთის დაზიანებას;
3.2.2. მოსარჩელეთა უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 44 534 ლარი და 92 თეთრი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე - სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი; სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, სოფელ ქვიშხეთში მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის და საყრდენი კედლის დაზიანება; მოპასუხემ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა კომპანია ,,ექსორიქსის“ მიერ გაცემული დასკვნა და აღნიშნა, რომ ამ დასკვნით, გამოირიცხება მოპასუხის ბრალი მოსარჩელის ნივთების დაზიანებაში, ,,ექსორიქსის“ დასკვნა ვერ აქარწყლებს კონკრეტული უძრავი ნივთის დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცალსახა დასკვნას დაზიანების მიზეზების შესახებ; აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაა შედგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, - ექსპერტს განმარტებული აქვს ამ კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, გაფრთხილებულია შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის შენობა-ნაგებობების დაზიანების მიზეზების შესახებ, - მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამასთან, სასამართლო ერთმანეთს ადარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში აღწერილ დაზიანებებს საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღწერილ სამუშაოებს და მათ ღირებულებას, მიაჩნია, რომ ამ ორ დოკუმენტში აღწერილი დაზიანებები ერთმანეთისაგან განსხვავდება, დოკუმენტაციაში მითითებული დაზიანებების ნაწილი არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით და მათი აღდგენისათვის საჭირო თანხა არ უნდა დაეკისროს მოპასუხეს; აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არის ნაწილობრივი, შესაბამისად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ზიანის ოდენობა სრულად მოპასუხე მხარეს არ უნდა გადახდეს. გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოებაც, რომ სახლის მდგომარეობა ძირითადად, დამაკმაყოფილებელია და ის შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა - დაკვირვების პირობებში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე; აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩი-----------------------------------------ს'' მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1336 ლარი და 5 თეთრი. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - მოპასუხეს დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი - 750 ლარი უნდა გადაიხადოს მოპასუხემ მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე - ექსპერტიზის ხარჯის 500 ლარის ნაწილი - 280 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - მთლიანად - 300 ლარი;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩი-----------------------------------------ს'' მ--------–----ძის სასარგებლოდ გადახდეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩი-----------------------------------------ს'' მ--------–----ძის სასარგებლოდ გადახდეს მის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 (სამასი) ლარი, ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის ნაწილი - 280 (ორას ოთხმოცი) ლარი;
3. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი