გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
330210018002472737
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - მ-----------–--ა

წარმომადგენელი - ს----------–----------------------------------–-----------–-–--

წარმომადგენლები: მ-------------–------------------–---–--------------------–---

 

მოპასუხეები - ტ------–--------–---–ი, ლ------------–---–ი

წარმომადგენელი - ნ-----–------------ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ტ------– და ლ------------–---–ებს მოსარჩელის მ-----------–--ას სასარგებლოდ დაეკისროთ მატერიალური ზიანის 12000 ლარის ანაზღაურება;

 

1994 წელს მ-----------–--ამ ტ------– ზუ----–--–--გან შუამავლის, შ--–----------–---–ის საშუალებით, 2500 აშშ დოლარად შეიძინა ბინა, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. მოსარჩელე 16 წლის განმავლობაში, ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა მათ მიერ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ბინაში.

 

2010 წელს, როდესაც მოსარჩელე არ იმყოფებოდა სახლში, მოპასუხეები ბინაში კარის შემტვრევით, თვითნებურად შეიჭრნენ მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში მყოფ სახლში. აღნიშნულზე აღიძრა სისხლის სამართის საქმე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს მ-----------–--ას სასარგებლოდ დაეკისრათ 2500 აშშ დოლარის გადახდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, 2010 წლიდან მოსარჩელე ცხოვრობდა ისანი-სამგორის ჰოსპიტალის გაპარტახებულ შენობაში, სადაც არ იყო არანაირი საცხოვრებელი პირობები. დღემდე მას საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია, ამჟამად რეგისტრირებულია დასთან. მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება, რაც მ-----------–--ას მიადგა, გამოსახლებიდან 26.12.2016 წლის სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე, ზიანი უნდა განისაზღვროს ქირის ყოველთვიურად მინიმალური გადასახდელით, თვეში 200 ლარით, რაც ჯამში შეადგენს 12000 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოუთითეს, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა მოხდა მოსარჩელის შეცოდების გამო. გადაწყვეტილება კანონიერიც რომ იყოს, არც ამ შემთხვევაში არსებობს ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან სახეზე არაა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეების ქმედებას და ზიანს შორის. გარდა ამისა, მოსარჩელეს ზარალის ანაზღაურების არანაირი დამამტკიცებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მ-----------–--ამ მოპასუხის ბინა გააპარტახა და მის გარემონტებას და საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანას 7 წელი დასჭირდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ტ------–--------–---–ი არის თბილისში, ვ---------–-----------------------------–---------------------ის მესაკუთრე. აღნიშნულ ბინაზე მ-----------–--ასა და ტ------–--------–---–ს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ გადაიხადა 2500 აშშ დოლარი. შეთანხმება იყო ფორმადაუცველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 22.12.2016 წლის გადაწყვეტილება.

 

3.1.2. მ-----------–--ა უძრავ ქონებას ფლობდა 2010 წლამდე და ბინაზე მფლობელობა ტ------–--------–---–მა 2010 წლის იანვრის ბოლოს აღიდგინა. მფლობელობის შეწყვეტის შემდგომ მ-----------–--ა დროებით ცხოვრობდა ისან-სამგორის რაიონში მდებარე ძველი ჰოსპიტალის შენობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 22.12.2016 წლის გადაწყვეტილება

 

3.1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ტ------–--------–---–ს მ-----------–--ას სასარგებლოდ დაეკისრა 2500 აშშ დოლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22.12.2016 წლის გადაწყვეტილება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეების ტ------–--------–---–ისა და ლ------------–---–ის ქმედება, რაც გულისხმობს ტ------–--------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ და მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში შესვლას, არ წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

 

დადგენილია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ტ------–--------–---–ი, სადაც ფორმადაუცველი გარიგების საფუძველზე ცხოვრობდა მოსარჩელე. ტ------–--------–---–მა, როგორც მესაკუთრემ, მის შვილთან - ლ------------–---–თან ერთად, ამხანაგობის თავმჯდომარისა და მაცხოვრებლების თანდასწრებით განახორციელა საკუთარ ბინაში შესვლა. აღნიშნულ ქმედებას საფუძვლად დაედოს ის გარემოება, რომ მესაკუთრეს სურდა მოპასუხის დროებითი მფლობელობის შეწყვეტა. ვინაიდან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა მ-----------–--ასთან დაკავშირება, ბინაში შესვლა განხორციელდა სხვა პირთა თანდასწრებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა, აღნიშნული ქმედებით მისთვის ზიანის მიყენების შესახებ, რაც გამოიხატებოდა ბინაში შეჭრისას თანხისა და ოქროს დაუფლებაში. გარდა ამისა, მ-----------–--ას უარი ეთქვა მოპასუხის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე, ხანდაზმულობის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმის შინაარსის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებანი, რომელსაც იგი უთითებს მოთხოვნის საფუძვლად. რასაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ახორციელებს. მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა ქმედებამ რაიმე სახით მოსარჩელეს ზიანი მიაყენა. შესაბამისად, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი, მოპასუხეთა ქმედებას და მოსარჩელისთვის მიყენებულ სავარაუდო ზიანს შორის, რაც მოსარჩელის განმარტებით, გამოიხატება ყოველთვიური ქირის გადასახდელით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 413-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დელიქტურ ვალდებულებით ურთიერთობას ეფუძნება და მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 412-ე, 414-ე და 992-ე მუხლებზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ.

 

კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, ამ ვალდებულებიდან მომდინარე პასუხისმგებლობა მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შემდეგი ელემენტების ერთობლივი არსებობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად, დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს: 1) მართლ საწინააღმდეგო მოქმედება, 2) იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ სახეზეა აღნიშნული ყველა პირობა. იმავე საფუძვლებს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წესი.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხეთა ქმედებით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, უარი უნდა ეთქვას ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხე შუამდგომლობს მოსარჩელეს სარჩელთან დაკავშირებით ადვოკატის იურიდიული მომსახურების ხარჯის მოსარჩელისთვის დაკისრებას, 500 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეს უნდა დაეკისროს გონივრული ოდენობის - 240 ლარის მოპასუხის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-----------–--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

3. მ-----------–--ას ლ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 240 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე