განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160141318002647638
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/256-18 26 ნოემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N019210918002)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: თამთა როყვა
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი ძიძიგური
დაცვის მხარე:
ადვოკატი: აიდა აკოფიანი
ბრალდებული: ა--- ი----------ი
მამის სახელი: ზილფიგარ
დაბადებული: 1----–-–-------------------
პირადი ნომერი:1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–-------------–------------------------------
თარჯიმანი: ნაილი ი----------ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ა--- ი----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ფარიზში მდებარე ა--- ი----------ის საცხოვრებელ სახლის ეზოში, შვილის ბაღში შეყვანასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკების გამო ა--- ი----------მა მეუღლეს-აითან ი----------ას მოქაჩა თმა, ხოლო შემდეგ ხუთჯერ დაარტყა ჯოხი სხეულის სხვადსხვა ნაწილში, რის გამოც აითან ი----------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმეზე დადგენილია, რომ ა--- ი----------ი არის აითან ი----------ას მეუღლე, შესაბამისად ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 24 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N007428618 დასკვნის თანახმად აითან ი----------ას 22.09.18წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; მარჯვენა ბარძაყის მიდამოს სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს (უფრო ძველია), ხოლო ყველა სხვა დანარჩენი დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულების დაზარალებული აითან ი----------ას, ზულფიგარ ი----------ის, რაფიგა ი----------ას, ვიდადი მუსაევის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 22 სექტემბრის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცება -ჯოხით დადგენილია, რომ ა--- ი----------მა იძალადა მეუღლის აითან ი----------ას მიმართ.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ა--- ი----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა--- ი----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა--- ი----------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული აითან ი----------ას, ზულფიგარ ი----------ის, რაფიგა ი----------ას, ვიდადი მუსაევის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 22 სექტემბრის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება - ჯოხი და სამედიცინო ექსპერტიზის N007428618 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ა--- ი----------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა--- ი----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა--- ი----------მა აითან ი----------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა--- ი----------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულთან და თანასოფლელების მიერ ხასიათდება დადებითად. მას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთან მარჩენალიც არის თავად ბრალდებული.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ა--- ი----------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ა--- ი----------ს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა--- ი----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
ა--- ი----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაოა გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი 5000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს ზულფიგარ ი----------ს (პ/ნ10001000010).
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა--- ი----------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 22 სექტემბრიდან 2018 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებატა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ჯოხი განადგურდეს კანონმდებლბით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე