განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002695939
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/258–18 26 ნოემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N019180618001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: თამთა როყვა
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი ძიძიგური
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ბადრი პატარაია
ბრალდებული: ა-–-–--- ბ--------ი
მამის სახელი: შუქურ
დაბადებული: 19.08.1990 წელი
პირადი ნომერი: 1----------
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლეობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისი, სოფელი ტალავერი, მე-17 ქუჩა N10
თარჯიმანი: ნაილი იბარგიმოვა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ა-–-–--- ბ--------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგარმ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში, ალი იმანოვის სახლის მიმდებარედ, ა-–-–--- ბ--------მა შელაპარაკებისას ჯერ სახეში, ხოლო შემდეგ მხარში დაარტყა ხელი ალი იმანოვს, რომელმაც ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N004368018 დასკვნის თანხმად გარეგანი დათვალიერებით ალი იმანოვს 19.06.18წ. აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობა ქვედა ტუჩის არეში, ნაჭდევი მარცხენა მხრის სარტყლის მიდამოში, აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხ ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ალი იმანოვის, შუქურ ბ--------ის, ეივაზ მამედოვის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 18 ივნისის ამოღების ოქმებით, 2018 წლის 18 ივნისის დათვალიერების ოქმით, ტრასოლოგიური ექსპერტის N621/ტრ დასკვნით დადგენილია, რომ ა-–-–--- ბ--------მა ალი იმანოვს მიაყენა დაზიანებები.
ასევე დადგენილია უდავოდ ცნობილი დაზარალებულის ალი იმანოვის ჩვენებით, რომ მან ა-–-–--- ბ--------ის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა-–-–--- ბ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა-–-–--- ბ--------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ ალი იმანოვის, შუქურ ბ--------ის, ეივაზ მამედოვის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 18 ივნისის ამოღების ოქმები, 2018 წლის 18 ივნისის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N004368018 დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტის N621/ტრ დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ა-–-–--- ბ--------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 . სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა-–-–--- ბ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა-–-–--- ბ--------მა ალი იმანოვის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასამართლომ გაითვალისწინა ა-–-–--- ბ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მის ოჯახური მდგომარეობა (ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულთან და ხასიათდება დადებითად. ბრალდებულს ჰყავს მეუღლე, ერთი შვილი და ავადმყოფი მშობლები, რომელთა მარჩენალი არის მხოლოდ თავად, ბრალდებული არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–-–--- ბ--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამრთლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ა-–-–--- ბ--------ს სასჯელის სახით შეეფარდოს ჯარიმა 800(რვაასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა-–-–--- ბ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 800(რვაასი) ლარის ოდენობით.
ჯარიმის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად, გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა-–-–--- ბ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქმეზე დართული ა-–-–--- ბ--------ის და ალი იმანოვის ტანსაცმელები, გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე