გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1567-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
9.11.2017 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი: თამარ ჩიქოვანი
მოსარჩელე ბ--- ქ-------–-–---–ი
წარმომადგენელი გიორგი კორაშვილი
მოპასუხე თ-- ა------ე
წარმომადგენელი ანდრონიკ სარიბეკოვი
დავის საგანი ალიმენტის ოდენობის შემცირება
II აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შემცირდეს ბ--- ქ-------–-–---–ისათვის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით დაკისრებული ალიმენტი 150 ლარი 70 ლარით და შვილების 2009 წლის 28 მაისს დაბადებული სანდრო ქ-------–-–---–ის, 2005 წლის 20 სექტემბერს დაბადებული საბა ქ-------–-–---–ის და 2003 წლის 6 მაისს დაბადებული იოსებ ქ-------–-–---–ის სარჩენად დაეკისროს თითოეულისათვის ყოველთვიურად 80-80 ლარის გადახდა
(13.05.2015წ სხდომის ოქმი CD დისკი)
მოსარჩელის განმარტებით,მხარეებს ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მორიგება და განისაზღვრა შვილებთან ურთიერთობის წესი და დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითეულისათვის 150 ლარის ოდენობით. ამ ოდენობით ალიმენტის დაკისრების საფუძველი იყო ის გარემოება, რომ სამეწარმეო საქმიანობას მისდევდა და ჰქონდა საკმარისი შემოსავალი. განჩინებით დაკისრებული ალიმენტის დავალიანების გამო თ-- ა------ემ სააღსრულებო ფურცელი წარადგინა სააღსრულებო ბიუროში, რომელმაც დააყადაღა მთელი მისი ქონება. მოსარჩელის განმარტებით, მისი შემოსავლის წყარო იყო საფლავის ქვების მოპირკეთება და ქვაზე ხატვა. ალიმენტის დავალიანების გადასახდელად გაასხვისა ამ საქმიანობისათვის საჭირო დანადგარები. ამასთან, გაურესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოიტეხა ფეხი, რის გამოც ფიზიკურად შრომა აღარ შეუძლია. დავის მიმდინარეობის დროს შეეძინა მეხუთე შვილი, რის გამოც გაეზარდა ოჯახის რჩენისათვის საჭირო ხარჯი. ამ გარემოებების გამო ამჟამად ყოველთვიურად 80 ლარზე მეტი თანხის გადახდა არ შეუძლია.
2. მოპასუხის პოზიცია
თ-- ა------ემ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა არ გაუარესებულა. ალიმენტის დავალიანების გამო მიმდინარეობდა აღსრულება, რა დროსაც წამოიჭრა ავტომობილის რეალიზაციის საკითხი. თუმცა მოვალემ გადაწყვეტილება ნებაყოფლობით შეასრულა და ავტომობილი კრედიტორის თანხმობით ყადაღისგან გათავისუფლდა, ამჟამად ამ ავტომობილით მოპასუხე სარგებლობს. მას საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც მის ძმაზე გაასხვისა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, ასევე არ დასტურდება, რომ მან გაასხვისა სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭირო დანადგარები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.2.3. თ-- ა------ე დასაქმებული არ არის და სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს. მას მატერიალურად ეხმარება უცხოეთში მცხოვრები დედა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მოსაჩელის განმარტებები (9.11.2018 წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ბ--- ქ-------–-–---–ს და თ-- ა------ეს ჰყავთ 3 არასრულწლოვანი შვილი, რომელთა სარჩენად მოსარჩელეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განჩინებით დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოულისათვის 150 ლარის ოდენობით.
თ-- ა------ესა და ბ--- ქ-------–-–---–ს ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი. დაბადების მოწმობების მიხედვით სანდრო ქ-------–-–---–ი დაბადებულია 2009 წლის 28 მაისს, საბა ქ-------–-–---–ი დაბადებულია 2005 წლის 20 სექტემბერს. იოსებ ქ-------–-–---–ის დაბადებულია 2003 წლის 6 მაისს. მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან დედა თ-- ა------ე, მამა - ბ--- ქ-------–-–---–ი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება თ-- ა------ეს და ბ--- ქ-------–-–---–ს შორის შემდეგი პირობებით:
1.1. ბავშვებთან ურთიერთობისათვის ბ--- ქ-------–-–---–ს განესაზღვროს შემდეგი გრაფიკი: ყოველი კვირის პარასკევი დღის სკოლის შემდეგ სამივე შვილი შაბათი დღის საღამოს რვა საათამდე გაატარებენ მამასთან.
1.2. ზაფხულში 1 აგვისტოდან 30 აგვისტომდე და ზამთარში 3 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით ბავშვები იქნებიან მამასთან.
1.3. ალიმენტის სახით ბ--- ქ-------–-–---–ი შვილებს გადაუხდის 150-150 ლარს, სამივე ბავშვს 450 ლარს, ალიმენტის გადახდა დაიწყება 2017 წლის 15 სექტემბრიდან.
1.4. 2017 წლის ივლისის თვეში ბ--- ქ-------–-–---–ი ბავშვების ქალაქში ყოფნის შემთხვევაში მათთან ურთიერთობის აღსადგენად გამოიყენებს მორიგების აქტის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ პირობას წაიყვანოს ბავშვები თავისთან პარასკევი დღის მეორე ნახევრიდან შაბათი დღის რვა საათამდე.
1.5. სარჩელის შემოტანის დღიდან ბ--- ქ-------–-–---–ის დავალიანება განისაზღვრება 3000 ლარით (ნაცვლად 3150 ლარისა). აღნიშნული დავალიანების დაფარვა დაიწყება 2017 წლის 15 სექტემბრიდან ეტაპობრივად, თვეში არაუმცირეს 100 ლარის ოდენობით.
1.6. ბავშვების წამოყვანას და მიყვანას უზრუნველყოფს ბ--- ქ-------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ.21-23. ტომი 1)
- განჩინების ასლი (ს.ფ. 13-15. ტომი 1).
3.2.2. ალიმენტის განსაზღვრის შემდეგ ბ--- ქ-------–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა. მისი მატერიალური მდგომარეობა მკვეთრად არ გაურესებულა.
ბ--- ქ-------–-–---–ის მოთხოვნა ალიმენტის შემცირების შესახებ ეფუძნება იმ გარემოებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესდა, გაასხვისა სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელი დანადგარები, რის გამოც დაკარგა შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ამასთან შეეძინა მეხუთე შვილი და გაეზარდა ოჯახის რჩენის ხარჯები.
ბ--- ქ-------–-–---–ის განმარტებით, ალიმენტის დაკისრების შემდგომ პერიოდში მოიტეხა ფეხი, რის გამოც დასჭირდა ხანგრძლივი მკურნალობა და ამის გამო ამჟამად ფიზიკურად შრომა არ შეუძლია. მისი სამეწარმეო საქმიანობა კი არის საფლავის ქვების მოპირკეთება და მოხატვა, რასაც ფიზიკური შრომა სჭირდება.
მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სამედიცინო დოკუმენტაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ის გამოც ვერ დაასაბუთა ზემოთმითითებული გარემოება. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
ამ ნორმის საფუძველზე საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავაში სასამართლოს მინიჭებული აქვს საკუთარი ინიციატივით საქმის გარემოებების განსაზღვრის და საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების უფლებამოსილება. სასამართლოს ეს უფლებამოსილება განპირობებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის დაცვის ვალდებულებიდან, რადგან ბავშვის უფლებების განხორციელების დავაში უპირატესი ბავშვის ინტერესების დაცვა. ამდენად, ამ ნორმით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია ბავშვის ინტერესების საუკეთესოდ დაცვის მიზნით სასამართლოს საკუთარი ინიციატივით, მხარეთა შესაბამისი მოთხოვნის, შუამდგომლობის გარეშე გამოითხოვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რაც საქმის არსებით განხილვისათვის აუცილებელია, რომელთა გარეშე საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ვერ დადგინდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნორმით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლება მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების უგულებელყოფას არ გულისხმობს და ამა თუ იმ მხარისათვის ხელსაყრელი მტკიცებულებების შეკრების უფლებამოსილებას არ ნიშნავს. სასამართლოს ასეთი უფლებამოსილების პირობებშიც ძალაშია სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი - მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, 1. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 2. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
სამართალწარმოების ერთერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ასევე მხარეთა თანასწორობის პრინციპი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე. ამ პრინციპის საფუძველზე 354-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს იმ მიზნით, რომ მშობლებს შორის დავის პირობებში დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი ინტერესების რეალიზაციის მიზნით გადაიჭრას სადაო სამართალურთიერთობა.
სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მხარე ვალდებულია სასამართლოში წარმოადგინოს მტკიცებულებები, რაც მისი პოზიციის მართებულობას ადასტურებს. სასამართლომ არაერთხელ შესთავაზა მოსარჩელეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც მოსარჩელემ არ წარმოადგინა. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე მითითებული გარემოება არ დასტურდება.
ალიმენტის შემცირების ერთერთ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს საალიმენტო დავალიანების აღსრულების მიზნით სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭირო დანადგარების გაყიდვას.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თინათინ ქიტოშვილის მოთხოვნით კრედიტორის თ-- ა------ის სასარგებლოდ ბ--- ქ-------–-–---–ის მიმართ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღდა და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს ბ--- ქ-------–-–---–ის კუთვნილი ავტომობილი MITSUBISHI CHARIOT GRANDIS, ვენი, სახ ნომერი B--------. ბ--- ქ-------–-–---–მა გადაიხადა დავალიანება 6009 ლარი, რის შემდეგ მას დაუბრუნდა ავტომობილი და მისი რეალიზაცია არ განხორციელდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ზურაბ ხატიაშვილის მიერ 2018 წლის 18 აგვისტოს შედგენილია აქტი მოვალის ქონების დაყადაღების შესახებ, რომლის მიხედვით დაყადაღებულია უძრავი ქონება კოდი 53.20.46.366 ბ--- ქ-------–-–---–ის კუთვნილი წილი.
ბ--- ქ-------–-–---–ის საკუთრებად საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო კიდევ ერთი უძრავი ქონება - თბილისში, ქინძმარაულის ქუჩის მიმდებარედ არსებული 845 კვ.მ არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი N------/ (საკადასტრო კოდის 0---------------), რომელიც 2017 წლის 22 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ძმას ლაშა ქ-------–-–---–ს. ქონება დატვირთული იპოთეკით სს თიბისი ბანკის სასარგებლოდ 2016 წლის 22 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე.
მოსარჩელის განმარტებით, მან გაყიდა ქვის მოსაპირკეთებელი დანადგარები, რის შედეგად მიღებული თანხით გადაიხადა საალიმენტო დავალიანება. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, დანადგარები მიჰყიდა შავლეგ იორდანიშვილსა და შოთა მჭედლიშვილს, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ მოითხოვა მათი მოწმედ დაკითხვა, თუმცა მათი წარმოდგენა სასამართლოში ვერ უზრუნველყო, მათი მისამართები ვერ მიუთითა და საბოლოოდ მათ დაკითხვაზე უარი განაცხადა.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის ისანი-სამგორის განყოფილების ინფორმაცია ბ--- ქ-------–-–---–ის საბიუჯეტო გადასახადების შესახებ 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 26 ივლისამდე პერიოდში. 2017 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით დარიცხული საშემოსავლო გადასახადია 51,15 ლარი, 2018 წლის 2 აპრილს - 0 ლარი, 2018 წლის 15 მაისს - 22,82 ლარი, 2018 წლის 16 ივლისს - 22,82 ლარი.
შემოსავლების სამსახურის ამ ინფორმაციით დასტურდება, რომ სადაო პერიოდში ბ--- ქ-------–-–---–ის შემოსავალი მცირეა, რადგან მას დარიცხული აქვს უმნიშვნელო ოდენობის საშემოსავლო გადასახადი.
ბ--- ქ-------–-–---–ის განმარტებით, იგი მეორეჯერ დაქორწინდა და მისი მეუღლეა ეკატერინე ოთიურიძე- ქ-------–-–---–ი, რომელთანაც ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი - ლაზარე ქ-------–-–---–ი დაბადებულია 2017 წლის 18 იანვარს და 2018 წლის 18 ოქტომბერს დაბადებული დემეტრე ქ-------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.108—111, 124-129. ტომი 1)
- სააღსრულებო წარმოების მასალები (ს.ფ.112-119. ტომი 1)
- შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია (ს.ფ. 63. ტომი 1)
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 20, 139.)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს 110 ლარამდე.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები
- გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოთხოვნით შეამციროს ამ გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
ამ ნორმების შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ალიმენტის დაკისრების შემდეგ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. მოპასუხე დაოჯახებულია, მას 2017 წელს ალიმენტის განსაზღვრის შემდეგ შეეძინა მეხუთე შვილი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ იგი არსებითად, მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა, მოსარჩელე კი ალიმენტის მნიშვნელოვნად შემცირებას, ფაქტობრივად მის განახევრებას მოითხოვს, რისი საფუძველი საქმის გარემოებებიდან არ დგინდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნული ნორმა ადგენს მშობლების ვალდებულებას იზრუნონ შვილების აღზრდაზე, მათ გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იქნას ალიმენტის ოდენობის გონივრულობის განმსაზღვრელი გარემოებები.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვთა უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და “ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ არასრულწლოვანი შვილებისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შვილის რჩენის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური პირობებისა და შრომისუნარიანობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური პირობების შეცვლის კვალობაზე.
მოსარჩელე მოითხოვს ალიმენტის 80-80 ლარით განსაზღვრას. სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის 80 ლარის ალიმენტის დაკისრება არის მინიმალური ფინანსური ხარჯის გაწევა მშობლის მხრიდან, რაც შეიძლება განისაზღვროს უკიდურესად მძიმე მატერიალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებობის პირობებში. ამასთან, ეს თანხა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს. ისინი არიან 10 წელზე მეტი ასაკის, მათ კვების, სამედიცინო მომსახურების გარდა ესაჭიროებათ სწავლისათვის ხარჯების გაწევა, წიგნების და სწავლისათვის საჭირო ნივთების შეძენა, რის გამო მისი რჩენისათვის საჭირო ხარჯები გაზრდილია. ამ ხარჯების ანაზღაურებისათვის არ არის საკმარისი ის თანხა, რომლის ფარგლებში ალიმენტის შემცირებას მოითხოვს მოსარჩელე. არსებული ეკონომიკური პირობების, ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის და სამომხმარებლო ფასების გათვალისწინებით სამი შვილისათვის საერთო ჯამში 240 ლარის ალიმენტის გადახდა ნიშნავს უმნიშვნელო ალიმენტის თანხის გადახდას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა არ არის უკიდურესად მძიმე და მას არა აქვს მძიმე ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.
მოსარჩელე მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ალიმენტის დავალიანების აღსრულების გამო გაასხვისა სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელი დანადგარები და შემოსავალს ვეღარ იღებს. მოსარჩელეს ამ დანადგარების გასხვისების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ამასთან, ასეთი გარემოების დადასტურების პირობებშიც კი ეს ალიმენტი მკვეთრად შემცირების საფუძველი ვერ გახდება, რადგან მოსარჩელე მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების საფუძვლად ფაქტობრივად მიუთითებს მშობლის მოვალეობების შესრულებით გამოწვეულ გარემოებას, რადგან არასრულწლოვანი შვილის რჩენა, ალიმენტის გადახდა მშობლის ძირითადი ვალდებულებაა. ბავშვის მატერიალურ უზრუნველყოფაზე მთავარი პასუხისმგებლები არიან ბავშვის მშობლები. ამდენად, ეს ფაქტი არ ამცირებს მოსარჩელის მიერ შვილების რჩენის ვალდებულების მოცულობას.
მოსარჩელე დაოჯახებულია, მას ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მეორე ოჯახის შექმნა არ ახდენს გავლენას მის ვალდებულებაზე შვილების მატერიალური უზრუნველყოფის საკითხში, რადგან ბავშვების რჩენა არის მშობლების ძირითადი ვალდებულება, რომლისგან პირი თავისუფლდება ან ვალდებულება მცირდება მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას-1011-931-2017 განმარტებულია, რომ „კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში“.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დებულება, რომლითაც მშობლებს მათი უნარების და შესაძლებლობების შესაბამისად ეკისრებათ შვილების რჩენა, არ ნიშნავს მშობლისათვის ბავშვის რჩენაში საშეღავათო პრინციპის დადგენას. ამ დებულებით კონვენცია აღიარებს იმ გარემოებას, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და სწორედ კონკრეტული ოჯახის ქონებრივი შესაძლებლობების კვალობაზე უნდა განისაზღვროს რჩენის ვალდებულება. ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის უფლებებს შეეხება, შესაბამისად, მშობლებისგან მატერიალური დახმარების მიღება ბავშვის უფლებაა, კონვენცია ბავშვის ამ უფლების დაცვას ავალდებულებს მშობლებს, სახელმწიფოს და კონვენციის მიზანი არ არის მშობლებისათვის ამ საკითხში შეღავათის დადგენა. კონვენციის ამავე ნორმით (27-ე მუხლი) აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ. შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.
კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც ამავე კონვენციის 27-ე მუხლიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს მოპასუხის ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რაც ასაბუთებს, რომ მას 80-80 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილების რჩენისათვის არ შეუძლია.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს საკუთრებაში გააჩნია ავტომობილი, რომლითაც იგი სარგებლობს, ხოლო უძრავი ქონების გასხვისების და საკრედიტო ვალდებულების არსებობის გარემოება მისი მატერიალური სიდუხჭირის დამადასტურებელი არ არის. კერძოდ, თბილისში მდებარე უძრავი ქონება მოპასუხემ 2017 წლის სექტემბერში გაასხვისა ძმაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკრედიტო ვალდებულება ემსახურება პირს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯიბესებას, რადგან არ დასტურდება, რომ რაიმე განსაკუთრებული ოჯახური გარემოების გამო იკისრა მოსარჩელემ ეს ვალდებულება. საკრედიტო ვალდებულება ქორწინების პერიოდში შვილების რჩენის საკითხში მშობლების ვალდებულებას არ ამცირებს და განქორწინების შემდეგაც არ ახდენს გავლენას შვილების რჩენის ვალდებულების მოცულობაზე.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით დასტურდება, რომ 2017-2018 წლებში მოპასუხეს მცირე შემოსავალი აქვს, რადგან მას დარიცხული აქვს საშუალოდ 22 ლარის საშემოსავლო გადასახადი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხით ალიმენტის შემცირების საფუძველი არ არსებობს, რადგან მოსარჩელის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გარემოება დაუსაბუთებელია, არ დასტურდება, რომ მას მიღებული აქვს კიდურის ტრავმა და ამის გამო შეზღუდული აქვს შრომისუნარიანობა გარკვეული დროით. მოსარჩელე მისი შემოსავლების შემცირებას უკავშირებს საალიმენტო დავალიანების გადახდევინების მიზნით ქონების გასხვისებას. საქმეში წარმოდგენილი არ არის უტყუარი მტკიცებულებები რაც ადასტურებს დანადგარების გასხვისებას. ამასთან, აღსრულების მიზნით დაყადაღებული მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი გათავისუფლებულია ყადაღისაგან, რითიც მოსარჩელე სარგებლობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე მხარის მატერიალური და ოჯახური პირობების გათვალისწინებით ალიმენტი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 110-110 ლარის ოდენობით. მართალია მოსარჩელის შემოსავალი შემცირებულია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის იმგვარი, რომ მის შრომისუუნარობაზე მიუთითებდეს. მოსარჩელეს შემოსავლიდან შეუძლია უზრუნველყოს ავტომობილით სარგებლობის ხარჯების გაღება, იგი არ განიცდის სოციალური გაჭირვებას, შესაბამისად, შეუძლია შვილების რჩენისათვის საკმარისი თანხის გაღება და არა მხოლოდ მინიმალური თანხის გადახდა.
შემცირებული ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან – 2018 წლის 23 მაისიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან არ თავისუფლდება, ხოლო მას სარჩელის აღძვრის დროს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 2. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
ამ ნორმით დადგენილი პრინციპის მიხედვით, ამ საქმეზე მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”ვ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელში დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არ დაკმაყოფილდა. ალიმენტი 450 ლარი შემცირდა 330 ლარამდე, რის გამოც საალიმენტო ვალდებულება ჯამში შემცირდა 120 ლარით. მოსარჩელე მოითხოვდა ალიმენტის შემცირებას ჯამურად თვეში 210 ლარით. სარჩელიდან არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა 90 ლარის ნაწილში, რის გამოც ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხაა 1080 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, ალიმენტის შესახებ დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო სამართლებრივი დავაა, რის გამოც ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არა ნაკლებ 100 ლარს, რაც ამ დავაში ნახევრდება და შეადგენს 50 ლარს.
სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - ბიუჯეტის შემოუსლობების ერთიანი ანგარიში სახაზინო კოდი 300063150. ბანკის კოდი TRESGE22.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ბ--- ქ-------–-–---–ის სარჩელი;
1.1. შემცირდეს ბ--- ქ-------–-–---–ისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით თითოეული შვილისთვის დაკისრებული ალიმენტი 150 ლარი 40 ლარით და შვილების 2009 წლის 28 მაისს დაბადებული სანდრო ქ-------–-–---–ის, 2005 წლის 20 სექტემბერს დაბადებული საბა ქ-------–-–---–ის და 2003 წლის 6 მაისს დაბადებული იოსებ ქ-------–-–---–ის სარჩენად დაეკისროს თითოეულისათვის ყოველთვიურად 110 ლარის გადახდა. შემცირებული ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 23 მაისიდან;
2. ბ--- ქ-------–-–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი