განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1---18 (№0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი თინათინ ციცქიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და------ ვა----------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ---- ვ-–-ს ძე მა-----–---–ი - დაბადებული 19-- წლის 2-----–--ს, პირადი N2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები (რეგისტრირებული): თერჯოლის რაიონი, სოფელი ზ-------------; მცხოვრები: ქ. ქუთაისი, რ.---------–---–-ს ქ. N1------
ადვოკატები - ი-–-- ჯა---–---, თე----- ჟვ----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 26 იანვარს განაჩენით ოჯახში ძალადობის ფაქტზე ნასამართლევმა ზ---- მა-----–---–მა 2018 წლის 5 თებერვალს, საღამოს საათებში ქუთაისში, რ.--------–---–-ს ქუჩა N1------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (რამოდენიმეჯერ მოქაჩა თმებში) არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ხა------ კი------–--ეს. ძალადობის შედეგად ხა------ კი-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულ ხა------ კი------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 20 ივლისიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ზ---- მა-----–---–თან, ისინი ქირით ცხოვრობდნენ ქალაქ ქუთაისში, თა-----–---–-ს N1------ში. 2018 წლის 6 თებერვალს იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, ქალაქ ქუთაისში, თა-----–---–-ს N1------ში, მთელი დღის მუშაობის და გადატვირთული რეჟიმის გამო ტელევიზორის ყურებისას ჩაეძინა და არ გაუგია როგორ გატეხა მისმა მეუღლემ შემოსასვლელი კარი და შევიდა სახლში, დაზარალებულის განმარტებით მეუღლემ ის გააღვიძა, დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და მოქაჩა თმებში, რითაც ძალიან შეშინდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. მეუღლეს უთხრა, რომ თავს თუ არ დაანებებდა პოლიციაში დარეკავდა, თუმცა ეს უკანასკნელი მუქარამ არ შეაკავა, უფრო მეტიც, ცდილობდა ჩაქუჩის გამოყენებით გაეტეხა ტელეფონი, რათა ხა------ კი------–--ეს არ შეძლებოდა პოლიციაში დარეკვა. ამ კონფლიქტური სიტუაციის შემდეგ, დაახლოებით 04:00 საათზე, როდესაც ზ---- მა-----–---–ს ჩაეძინა, მან მოახერხა დაერეკა პოლიციაში და ეთხოვა დახმარება. მისივე განმარტებით ზ---- მა-----–---–ი არის ავადმყოფურად ეჭვიანი. რაც შეეხება მის პოზიციას ბრალდებულის დასჯასთან დაკავშირებით აფიქსირებს, რომ ზ---- მა-----–---–ის თავისუფლებაში ყოფნის პირობებში ვერ იქნება დაცული და საფრთხე დაემუქრება მის სიცოცხლეს, რადგან ზ---- მა-----–---–ი ბევრჯერ დამუქრებია, რომ თუ პოლიცია დააკავებდა, გამოვიდოდა და აუცილებლად მოკლავდა, თუ ზ---- მა-----–---–ი თავისუფალი იქნება, ქვეყანა უნდა დატოვოს, რადგან დიდი ალბათობით ბრალდებული კვლავ იძალადებს მასზე.
მოწმე ბ----- ელ----- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 6 თებერვალს, 112-დან შევიდა შეტყობინება, ინიციატორი იყო მოქალაქე ხა------ კი------–--ე, რომელიც აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული გამოძიება, ხოლო შემთხვევის ადგილზე გავიდა ოპერატიული ჯგუფი დ----- გი--------ს და გ------ კუ------ის შემადგენლობით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. ოპერატიული ჯგუფის წევრების განმარტებით შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მხოლოდ შესასვლელი კარის სახელური იყო მოტეხილი, რომელიც დაზარალებულის განმარტების მიხედვით დაზიანებული უნდა ჰქონოდა ბრალდებულ ზ---- მა-----–---–ს. თავად შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა სისტემატური სატელეფონო კავშირი ჰქონდა იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებთან, მათ მიერ ადგილზე იქნა შეფასებული სიტუაცია და მიიღეს გადაწყვეტილება ბრალდებულის დაკავების შესახებ, შედგა დაკავების ოქმი და ბრალდებული გადაყვანილ იქნა პოლიციის მეოთხე განყოფილებაში ოპერატიული ჯგუფის წევრების მიერ. მან შეადგინა შესაბამისი უფლებების განმარტების შესახებ ოქმები, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზა და ბრალდებული მოთავსდა დროებითი მოთავსების იზოლატორში, აგრეთვე მოწმის სახით გამოიკითხა ოპერატიული ჯგუფის წევრები, დაზარალებული ხა------ კი------–--ე, რომელსაც აგრეთვე დაენიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. გაეცნო პროკურორის დადგენილება და განემარტათ უფლებები როგორც ბრალდებულს, აგრეთვე დაზარალებულს. მის მიერვე იქნა მოპოვებული ბრალდებულის პირადი მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ზ---- მა-----–---–ი 2015, 2018 წლებში ნასამართლევი იყო ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის.
მოწმე დ----- გი--------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 6 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით 04:00 საათზე შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მოქალაქე ხა------ კი------–--ე ითხოვდა დახმარებას მეუღლის მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. შეტყობინების შესვლისთანავე, დაუყოვნებლივ, თავად და მისი მეწყვილე გ------ კუ------ე გაემართნენ შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა ქალაქ ქუთაისში, თა-----–---–-ს N 1---ში. ადგილზე მისულებს სახლში შესასვლელი კარი დახვდათ დაზიანებული, სახლში იმყოფებოდნენ გამოძახების ინიციატორი ხა------ კი------–--ე და მისი მეუღლე ზ---- მა-----–---–ი, ქალბატონი იყო ძალიან განერვიულებული და პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ მასმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოქაჩა თმაში და მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზ---- მა-----–---–ი პოლიციელების თანდასწრებითაც ცდილობდა მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და მოხდა მისი ადგილზე დაკავება. ბრალდებულს დაკავებისთანავე განემარტა მისი უფლება-მოვალეობანი, დაკავების ოქმი შედგენილ იქნა მის მიერ, აღნიშნული მოქმედებების შემდგომ, როგორც დაზარალებული, აგრეთვე ბრალდებული გადაიყვანეს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.
მოწმე გ------ კუ------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 6 თებერვალს იგი იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით 04:00 საათზე შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად ქალაქ ქუთაისში, თა-----–---–-ს N1---ში მოხდა ოჯახური ძალადობა და დახმარებას ითხოვდა მოქალაქე ხა------ კი------–--ე. აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდგომ მის მეწყვილე დ----- გი--------სთან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილზე სამსახურებრივი ავტომანქანით, სახლში მისულებს დახვდათ დაზარალებული ხა------ კი------–--ე, რომელიც იმყოფებოდა განერვიულებულ მდგომარეობაში და განუმარტა, რომ მეუღლემ ზ---- მა-----–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა, ითხოვდა დახმარებას. ზ---- მა-----–---–ი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ზ---- მა-----–---–ი დაზარალებულს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდა დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს ამის უფლება და დააკავეს ადგილზე, სადაც აგრეთვე შედგა დაკავების ოქმი, ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ იქნა გამომძიებლების გ------ კუ------ის და დ----- გი--------ს მიერ სამსახურებრივი ავტომანქანით.
მოწმე ნი----–---- სა--------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში. 2018 წლის 6 თებერვალს იგი შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელ ბ----- ელ-----თან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ქალაქ ქუთაისში თა-----–---–-ს N1---ში, ადგილზე მისულებს სახლში დახვდათ ქალბატონი, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მეუღლემ ზ---- მა-----–---–მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ქალბატონმა თანხმობა განაცხადა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე, რის შემდგომაც დაიწყეს დათვალიერება. მისი ფუნქცია იყო შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება და შესაბამისი საგნების ამოღება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუმცა შემთხვევის ადგილიდან რამე ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. სახლში შესასვლელი კარის საკეტი იყო დაზიანებული და მოტეხილი იყო სახელური, რაც აღბეჭდა მან ფოტოზე და შემდგომ გადაუგზავნა გამომძიებელს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობას გამომძიებელი აფიქსირებდა დათვალიერების ოქმში, რასაც შემდგომ გაეცნო და მისი სისწორე დაადასტურა ხელის მოწერით.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში 2018 წლის 6 თებერვალს გამოძიება დაიწყო ქუთაისში, რ.--------–---–-ს ქუჩა N1------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ---- მა-----–---–ის მიერ მეუღლის ხა------ კი------–--ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისიწნებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 6 თებერვალს იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს 105 საპატრულო ეკიპაჟის პატრულ ინსპექტორმა ბ.–-------- აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძეიბელ ბ----- ელ-----, რომ ქუთაისში თა-----–---–-ს ქუჩა N1-- ბინა 1--ში, 19-- წელს დაბადებულ ხა------ კი------–--ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ 1973წ. დაბადებულმა ზ---- მა-----–---–მა.
ბრალდებულის დაკავებისა ოქმის თანახმად, ქუთაისში, რ.--------–---–-ს ქ. №1------ში, საცხოვრებელ ბინაში 2018 წლის 6 თებერვალს 04:00 საათზე ზ---- მა-----–---–ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 06.02.18წ. 07:20-07:30სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით ხა------ კი------–--ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი------ გრ-----–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2018 წლის 6 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ქუთაისში, რ.-----------–ის ქუჩა N1------ში, სადაც არის ხა------ კი-----–--ის საცხოვრებელი ბინა. ბინას აქვს ხის კარები, რომლის საკეტი არის დაზიანებულ მდგომარეობაში, კერძოდ აღნიშნული კარების საკეტი არის დამტვრეული, მოტეხილი აქვა სახელურები და საკეტი გულა. სხვა რაიმე სახის დაზიანება კარებს არ აღენიშნება. საცხოვრებელ ბინაში სხვა რაიმე სახის ნივთი დაზიანებული ან დამტვრეული არ არის.
ფოტომასალის დათვალიერების ოქმით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული CD-R დისკით დგინდება, რომ დასურათდა შემთხვევის ადგილი.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N0----- შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2018 წლის 6 თებერვალს 00:30 საათზე მოძალადე (ზ---- მა-----–--–-ა) მსხვერპლს (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხა------ კი------–--ეს) მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ორდერი ხელმოწერილია მსხვერპლის ხა------ კი------–--ის და პატრულ-ინსპექტორ ბესიკ ცხადაძის მიერ.
ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შემოწმებისას, 2018 წლის 6 თებერვალს 06:25 საათზე ზ---- მა-----–---–ს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განაჩენით ზ---- მა-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
იმერეთის პრობაციის ბიუროს 2016 წლის 20 მაისის შეტყობინებით ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ზ---- მა-----–---–ის მიმართ საქმისწარმოება დამთავრდა 20.05.2016 წელს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით ზ---- მა-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
იმერეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 6 თებერვლის წერილით ირკვევა, რომ ზ---- ვ-–-ს ძე მა-----–---–ი (დაბ.2----.1---წ. მცხოვრები ქუთაისი, რ.--------–---–-ს ქ. N1------ში პ/ნ 2----------) აღრიცხვაზე იმყოფება, მასზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 26.01.2018 წლის განაჩენის საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ზ---- მა-----–---–ის მიმართ არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტს.
სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ დაზარალებულ ხა------ კი------–--ის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ---- მა-----–---–მა, კერძოდ მოქაჩა თმაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს დ----- გი--------ს და გ------ კუ------ეს კონფლიქტის ფაქტთან ჰქონდათ შემხებლობა, კერძოდ, როდესაც ისინი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ კონფლიქტი არ იყო ამოწურული და ზ---- მა-----–---–ი კვლავ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულ ხა------ კი------–--ეს და იწევდა მისკენ ფიზიკური შურაცხყოფის მიყენების მიზნით, დაზარალებული იყო ძალიან აღელვებული და განმარტავდა, რომ ზ---- მა-----–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა, კერძოდ მოქაჩა თმაში. პოლიციის თანამშრომლები დეტალურად გადმოსცემენ დაზარალებულის მდგომარეობას, რომ ის იყო ძალიან აღელვებული და უთითებდა ზ---- მა-----–---–ზე, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე მათი ჩვენებები განხილული უნდა იქნეს როგორც პირდაპირი მტკიცებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ხა------ კი------–--ემ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად გადმოსცა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება სრულ შესაბამისობაშია შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული უბნის ინსპექტორ გამომძიბლების დ----- გი--------სა და გ------ კუ------ის ჩვენებებთან, რომლებიც უშუალოდ შეესრწრნენ კონფლიქტის ფაქტს. დაზარალებულმა ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარეოებები გამოძიების დროს დაკითხვისას, რაც ასევე დადასტურებული იქნა გამომძიებელ ბ----- ელ----- მიერ. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ხა------ კი------–--ემ ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ ასევე განაცხადა ექსპერტთან. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ---- მა-----–---–მა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენების სიწორეში სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ამასთან აღნიშნული ჩვენების სისწორე დადასტურებულია და სრულ შესაბამისობაშია საქმეზე დაკითხული მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებთან.
დაზარალებულის ჩვენებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დგინდება, რომ ოჯახურ კონფლიქტებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ზ---- მა-----–---–ისაგან ხა------ კი------–--ის მიმართ ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დგინდება, რომ ზ---- მა-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 10 დეკემბრიდან - 2018 წლის 26 იანვრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიან. იმერეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 6 თებერვლის წერილით ირკვევა, რომ ზ---- მა-----–---–ი აღრიცხვაზე იმყოფება, მასზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 26.01.2018 წლის განაჩენის საფუძველზე. შესაბამისად, 2018 წლის 5 თებერვალს (დანაშაულის ჩადენის დროს) ზ---- მა-----–---–ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და წარმოადგენდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ნასამართლევ პირს.
სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ზ---- მა-----–---–ი წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადგენილია, რომ ზ---- მა-----–---–ი და ხა------ კი------–--ე იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვარს განაჩენით ოჯახში ძალადობის ფაქტზე ნასამართლევმა ზ---- მა-----–---–მა 2018 წლის 5 თებერვალს, საღამოს საათებში ქუთაისში, რ.--------–---–-ს ქუჩა N1------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ხა------ კი------–--ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---- მა-----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ---- მა-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია. ზ---- მა-----–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ზ---- მა-----–---–ის მიმართ მხოლოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ ბრალდებულის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი და მან პენიტენციური დაწესებულების დატოვებიდან მცირე დროში კვლავ ჩაიდინა ანალოგიური ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---- მა-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზ---- მა-----–---–ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი, რის გამოც ბრალდებულის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ---- მა-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთამ მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 8 (რვა) თვე და 14 (თოთხმეტი) დღე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ---- მა-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ზ---- მა-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 6 თებერვლიდან.
ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური