გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
080310018002634607
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/574-2018 წელი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ია დვალიშვილი, ბორენა იობიძე

 

მოსარჩელე - ა----------------

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - ნ----------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება ა----------------ს ოჯახისათვის 85,000 ერთეულის ოდენობით მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 აგვისტოს N04-06/9419 მომართვა;

1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოახდინოს ა----------------ს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება/შესწავლა.

1.4. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების ცენტრს აუნაზღაუროს ა----------------ს 2017 წლის 1 აპრილიდან შეწყვეტილი სოციალური ფულადი დახმარება ყოველთვიურად 60 ლარიო ოდენობით საარსებო შემწეობის სახით ოჯახის საბოლოო სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, ის არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც საარსებო შემწეობის მიმღები პირი. 2018 წლის 15 ივნისს შევსებული იქნა ოჯახის დეკლარაცია, რის საფუძველზე ა----------------ს ოჯახისადმი მინიჭებულ ქულათა ოდენობამ შეადგინა - 85 640 ქულა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება განხორციელდა არასრული და არასწორი მონაცემებით, რამაც განაპირობა მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭება და შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ განიცდის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას, არის მარტოხელა, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს და ამავე სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას ა----------------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ა----------------ს ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საიდენტიფიკაციო კოდით 050812800139.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისს შეივსო ა----------------ს ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად (კორექტირებული დეკლარაცია), ა---------------- ფლობს: სამეურნეო ნაგებობები - სათავსო (A7 ბლოკის მე-4 გრაფა); შინამეურნეობის მიერ დაკავებულია საცხოვრებელი ფართი - 49,07 კვ.მ (A8 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი დაკავებულია ლამინატი (A10 ბლოკის მე-2 გრაფა); ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები - ა----------------, დაბადების თარიღი - 21.11.1952 წელი, ასაკი - 65 წელი; (B ბლოკი): ა---------------- - ოჯახის უფროსი (B2 ბლოკი); ფიზიკური მდგომარეობა: სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი (B3.1. ბლოკი), დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს (B3.2. ბლოკი), ორსული (20 და მეტი კვირის) (B3.3. ბლოკი), მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვი) (B3.4. ბლოკი), სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობს (B3.5. ბლოკი), არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ განეკუთვნება (B3.6. ბლოკი); სპეციალური სტატუსი (B4 ბლოკი): - მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (II ჯგუფი) (B4.3. ბლოკი), მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები (B4.6. ბლოკი); ინფორმაცია სრულწლოვანი შვილების შესახებ (ჰყავს თუ არა ოჯახის სრულწლოვანი შვილები, რომლებიც არ ცხოვრობენ თქვენს ოჯახში და თუ ჰყავს რამდენი? უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ჩაწერეთ 0) - 2 (B5 ბლოკი); განათლების მიღწეული დონე - უმაღლესი (C2.7. ბლოკი); პირადი ფულადი შემოსავალი (C3 ბლოკი): სახელმწიფო პენსია -180 ლარი, დევნილთა მოწმობა - 45 ლარი; კომუნალური ხარჯები (E ბლოკი): წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტრონერეგიისათვის გადახდილი თანხა - 228,50 ლარი (E.1 ბლოკი); წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული წყლისათვის გადახდილი თანხა - 25 ლარი (E.3 ბლოკი); ოჯახის ეკონომიკური მდგომაროების ზოგადი შეფასება - ღატაკი (F1.1 ბლოკი); ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება (F2 ბლოკი): მოწოდებული ინფორმაცია სანდოა (F2.1 ბლოკი)

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივნისის ა----------------მ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და მიუთითა, რომ 15.06.2018 წლის დეკლარაციაში მითითებული მონაცემი B3.6. ბლოკის კორექტირება მოხდეს B3.5. ბლოკით.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივნისის N176/ო ბრძანებით მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ა----------------ს ოჯახის დეკლარაციის (ს/კ 050812800139) B ბლოკში შეტანილ იქნა კორექტირება და პირველ წევრზე ა----------------ს ფიზიკური მდგომარეობის ამსახველ B3 პუნქტში მე-6 გრაფის ნაცვლად მოინიშნა მე-5 გრაფა. დადგენილია, რომ აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შეივსო კორექტირებული ოჯახის დეკლარაცია.

 

აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე 2018 წლის 15 ივლისს ა----------------ს ოჯახს განესაზღვრა - 85,640 სარეიტინგო ქულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ.38-45);

- განცხადება (იხ.ს.ფ. 57);

- ოჯახის დეკლარაცია კორექტირებული (იხ. ს.ფ. 46-53);

- ბრძანება (იხ. ს.ფ. 55-56);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ. ს.ფ. 14).

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს ა----------------მ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, რომელიც არ დაეთანხმა 2018 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებას მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესახებ.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს N04-06/9419 წერილით ა----------------ს ეცნობა, რომ მისი ოჯახისათვის განკუთვნილი სარეიტინგო ქულა 85640 არ ითვალისწინებს ფულად სოციალურ დახმარებას, ხოლო განმეორებითი შეფასების მოთხოვნით ოჯახმა სააგენტოს შეუძლია მიმართოს 2019 წლის 15 ივლისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (იხ. ს.ფ. 97-98);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის №04-06/9419 წერილი (იხ. ს.ფ. 15-16);

 

3.1.3. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის გამზ. N19ა-ში მდებარე ბინა N35, ფართით 49-07კვ. მეტრი ირიცხება ა----------------ს სახელზე საკუთრების უფლებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 99);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 15 ივნისს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის აგენტის მიერ შევსებული ოჯახის დეკლარაციის ,,B.5’’ გრაფაში მითითებულია მცდარი მონაცემი (ა----------------ს ჰყავს ოჯახის წევრები (სრულწლოვანი შვილები) რომლებიც მასთან არ ცხოვრობენ) იმ მოტივით, რომ აღნიშნული პირები (შვილები) მას არ უნახავს წლებია, ისინი დაახლოებით 10 წელია მას არ აქცევენ ყურადღებას, რის გამოც მიაჩნია, რომ ისინი არ არიან მისი შვილები. აღნიშნულთან პოზიციასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს თავად მოსარჩელის სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაზე და მიაჩნია, რომ ა----------------ს ოჯახის დეკლარაციის ,,B.5’’ გრაფა შეიცავს სწორ მონაცემებს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს .

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

– ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანება,– ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი’’

– საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება ,,სოციალური დახმარების შესახებ’’

- ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით სადაო გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოახდინოს ა----------------ს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება/შესწავლა. ასევე მოსარჩელე მოითხოვს დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების ცენტრს აუნაზღაუროს ა----------------ს 2017 წლის 1 აპრილიდან შეწყვეტილი სოციალური ფულადი დახმარება საარსებო შემწეობის სახით ოჯახის საბოლოო სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე.

 

6.3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.

 

ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი’’-ს მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისს შეივსო ა----------------ს ოჯახის დეკლარაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2018 წლის 25 ივნისის N176/ო ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ოჯახის დეკლარაციის კორექტირება და აღნიშნულის გათვალისწინებით ა----------------ს ოჯახის სარეიტინგო ქულა 2018 წლის 15 ივლისს განისაზღვრა - 85640 ერთეულით.

 

6.4. ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი" ან „შინამეურნეობა") კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კეთილდღეობის დონის შესაფასებლად კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების საფუძველზე.

 

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.

 

ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ მისი ოჯახისათვის განსხვავებული და მაღალი სარეიტინგო ქულების მინიჭება განხორციელდა კანონშეუსაბამოდ. ოჯახის დეკლარაცია შევსებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო სარეიტინგო ქულათა მინიჭება განხორციელდა შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა----------------ს სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი