გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.07.2018
საქმის ნომერი
010310018002253139
კატეგორია
დავის ტიპი
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-13/18

№ 010310018002253139

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - ას---- დი------ე

წარმომადგენელი - გი- აბ---–--ე

მოპასუხე - აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობა

წარმომადგენელი - რე--- კო-–--–--ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ას---- დი------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ და მოითხოვა:

აჭარის ა.რ. მთავრობის მიერ 20-- წლის 2- ნოემბრის №1---./-- წერილის ბათილად ცნობა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში;

მოპასუხის დავალდებულება, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, კერძოდ, აჭარის ა.რ. მთავრობაში დასაქმებული იმ საჯარო მოსამსახურეების სახელისა და გვარების შესახებ, რომლებიც 20-- წელს იმყოფებოდნენ მივლინებით, მივლინების საჭიროებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით.

ასევე, მივლინებასთან დაკავშირებით წარდგენილი მოხსენებითი ბარათების და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლების მოწოდება;

მოპასუხის დავალდებულება, წარმომადგენლობითი ხარჯებიდან დაფინანსებული შესყიდვების, კერძოდ, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის საჭიროების დამადასტურებელი მოხსენებითი ბარათების, გამოცემული აქტების, შესყიდული საქონლის დასახელების ინფორმაციის მიწოდების შესახებ.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ას---- დი------ის მიერ 20-- წლის 1- ნოემბრის №0------------ წერილით გამოთხოვილი იქნა საჯარო ინფორმაცია, აჭარის მთავრობის მიერ 20-- წლის 1-ლი იანვრიდან, 1- ნოემბრამდე გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათების და ხელშეკრულებების ასლების სახით, რომლებიც ეხება სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს. ასევე, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საწვავის, ავტომობილების შეკეთების და ტელეფონებისთვის გაწეული ხარჯების შესახებ.

აჭარის ა.რ. მთავრობის 20-- წლის 2- ნოემბრის №1---./-- წერილით უარი ეთქვა ას---- დი------ეს საჯარო ინფორმაციის ნაწილის გაცემაზე. კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატი არ არის უფლებამოსილი, გასცეს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათები და ბრძანებები, ვინაიდან ისინი შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს. ასევე, არ მიეწოდა ინფორმაცია წარმომადგენლობითი ხარჯების, სტუმრების მიღებისა და გაწეული ხარჯების შესახებ.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭო არის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ა.რ. მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფუნქციაა, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების მიერ საბიუჯეტო სახსრების შემოსავლებსა და ხარჯებზე კონტროლი, შესაბამისად აჭარის ა.რ. მთავრობა ვალდებულია ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოსა და მის დეპუტატს, მთავრობის საქმიანობასა და საბიუჯეტო თანხებთან დაკავშირებით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

ამ გარემოებათა შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრული სახით გაეცა მოთხოვნილი ინფორმაცია ას---- დი------ისათვის, რაზედაც მოპასუხის უარი კანონსაწინააღმდეგო ხასიათისაა, რის გამოც სასამართლოს მიერ უნდა დაევალოს, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ, აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მოცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში წარდგენილი განცხადებით მოსარჩელე მოითხოვდა 20-- წლის 1-ლი ი----------, 20-- წლის 1- ნოემბრამდე გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათებისა და ხელშეკრულების ასლების გადაცემას, რომლებიც ეხებოდა სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს. ასევე, მოითხოვდა საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და ტელეფონებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ საჯარო ინფორმაცია გადაეცა ნაწილობრივ, კერძოდ, არ მიეწოდა პერსონალური მონაცემის შემცველი ინფორმაცია, ასევე, არ მიეწოდა ინფორმაცია, თუ რომელი სტუმრების მიღებაზე იქნა გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 20-- წლის 2- ნოემბრის №1---/-- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, აპარატი არ არის უფლებამოსილი, გადასცეს საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათები და ბრძანებები, ვინაიდან ისინი შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს.

ამასთან, მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში გადაეცა ინფორმაცი- 20-- წლის 1-ლი იანვრიდან, 20-- წლის 1- ნოემბრამდე პერიოდის მივლინებების შესახებ, ასევე, ინფორმაცია წარმომადგენლობის, საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და სატელეფონო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ.

მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია ას---- დი------ეს გადაეცა კანონის მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-18 მუხლები ანიჭებს პირს უფლებას, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტებს, თუმცა იმავდროულად აწესებს გამონაკლისს და ადგენს შემთხვევებს, როდესაც დაუშვებელია საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცემა. ამდენად, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური, დაუშვებელია, გაიცეს ინფორმაცია, თუ იგი შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირადსაიდუმლოებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათების და ბრძანებების გაცემის შესახებ, ზემოთ აღნიშნული ნორმების შესაბამისად, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, ისინი შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეთქვა უარი მათ გაცემაზე.

საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოსარჩელეს მიეწოდა, რასაც ადასტურებს მის მიერ სარჩელზე დართული მტკიცებულებები.

რაც შეეხება ინფორმაციას, თუ რომელი სტუმრების მიღებაზე იქნა გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები და რამდენს შეადგენდა იგი, აღნიშნულ მოთხოვნით განცხადება მოსარჩელეს არ წარუდგენია. მოსარჩელეს ამაზე არც შემდეგ მიუმართავს დამატებითი განცხადებით მთავრობის აპარატისთვის.

მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაცემული იქნა კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება კანონშესაბამისია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ას---- დი------ემ 20-- წლის 1- ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ტიტულიან ფურცელზე შედგენილი განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ჯანმრთელობისა და სოციალური დავის მინისტრს, განათლების, კულტურისა და სპორტის მინსტრს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს და სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომლითც მოითხოვა 20-- წლის 1-ლი იანვრიდან, 20-- წლის 1- ნოემბრამდე გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათებისა და ხელშეკრულების ასლების გადაცემა, რომლებიც ეხებოდა სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს. ასევე, მოითხოვდა საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და ტელეფონებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია, თანდართული ცხრილების მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ას---- დი------ის 20-- წლის 1- ნოემბრის განცხადება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 20-- წლის 2- ნოემბრის №1---/-- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, აპარატი არ არის უფლებამოსილი გადასცეს საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათები და ბრძანებები, ვინაიდან ისინი შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს.

ამასთან, მოსარჩელეს ეცნობა, რომ წერილთან ერთად წარედგინებოდა ინფორმაცია, 20-- წლის 1-ლი იანვრიდან, 20-- წლის 1- ნოემბრამდე პერიოდის მივლინებების შესახებ, ასევე, ინფორმაცია წარმომადგენლობის, საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და სატელეფონო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის 20-- წლის 2- ნოემბრის №1---/-- წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 20-- წლის 24 ნოემბრის №1---/-- წერილს თან ერთვოდა ცხრილების სახით შედგენილი, 20-- წლის 1-ლი იანვრიდან, 20-- წლის 1- ნოემბრამდე პერიოდის მივლინებების შესახებ, წარმომადგენლობის, საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და სატელეფონო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების თაობაზე მომზადებული ინფორმაცია, მივლინების საფუძვლის (შესაბამისი აქტის სახეობის) მივლინების საფუძვლად მითითებული აქტის ნომერი, თარიღი, კონკრეტული მივლინების თარიღი და მივლინების ადგილი. მთავრობის მიერ გაწეული წარმომადგენლობის ხარჯების შესახებ შედგენილი ცხრილი მოიცავს თითოეული ხარჯის მიმღები პირის გრაფას, გაწეული ხარჯის თარიღს, თითოეული სასაქონლო ზედნადების ნომერსა და თარიღს, დამატებით დოკუმენტის დასახელებისა და გაწეული ხარჯის შინაარსს (დანიშნულებას).

ცხრილი მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე გაწეული სარემონტო ხარჯების შესახებ მოიცავს თვეების მიხედვით თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაწეული ხარჯების ოდენობას.

ინფორმაცია სატელეფონო ხარჯების შესახებ მომზადებულია, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, თითოეული თვის მიხედვით გაწეული მთლიანი ხარჯის მითითებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაწეული ხარჯების ცხრილები.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ას---- დი------ის სარჩელი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია.

- „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“.

- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.

საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას _ გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებზე, რომ ინფორმაციის თავისუფლებას თავად საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რითაც უზრუნველყოფილია თავისუფალ საზოგადოებაში თავისუფალი აზრის არსებობა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით;

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაციის თავისუფლება არ არის აბსოლუტურად შეუზღუდავი უფლება, ვინაიდან თავად საქართველოს კონსტიტუცია აწესებს მისი შეზღუდვის ფარგლებს, კერძოდ, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განმარტებულია, რომ ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს. სწორედ ამგვარ კანონისმიერ შეზღუდვის ფარგლებს აწესებს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი, რომლის მეორე პუნქტი ადგენს, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის დანაწესი გააზრებულ უნდა იქნეს მთლიანობაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406-408 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოახდინა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა იმ სახის ინფორმაციის დიფერენცირება, რომლებიც დაცულია ოფიციალურ წყაროებში და დაყო ისინი რამდენიმე ჯგუფად. ამ ჯგუფებს შორის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია მათში შემავალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. პირველ ჯგუფში შედის ინფორმაცია, რომელიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველ პირს შეეხება. ეს ინფორმაცია, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, დაუბრკოლებლად, კანონით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს პირს. მეორე ჯგუფს წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც უშუალოდ ინფორმაციის მიღების მსურველს არ შეეხება, მაგრამ მათი მიღება, ასევე, შესაძლებელია კანონით დადგენილი წესის დაცვით. მესამე ჯგუფში შედის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია ინფორმაციის მეოთხე ჯგუფი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ავტომატურად გასაიდუმლოებას გულისხმობს. ეს არის ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული მონაცემები, რომლებიც შეეხება კერძო პირის კერძო საკითხებს, ეს ინფორმაცია ავტომატურად გასაიდუმლოებულია და მისი განსაიდუმლოება დამოკიდებულია თავად იმ პირის თანხმობაზე, ვისაც ინფორმაცია შეეხება. ამდენად, ოფიციალურ წყაროებში არსებული პირის კერძო საკითხებს მიკუთვნებული მონაცემები ხელშეუხებელია და სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული გამხელისაგან, რაც შეესაბამება როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპს, ასევე 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებულ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისას სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისაგან დაცვის პრინციპს.

შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფინანსებთან, ჯანმრთელობასთან, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობასთან და სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია პირადი ფასეულობის მქონეა და მისი საიდუმლოების დაცვას თავად საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. ამდენად, პირად საიდუმლოებას მიეკუთვნება კერძო ხასიათის ინფორმაცია, რომელსაც გააჩნია ავტომატურად გასაიდუმლოებული ხასიათი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ,,პირადი ცხოვრების პატივისცემის“ უფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ასევე ძირითად უფლებას. მისი შეზღუდვის საფუძვლები განისაზღვრება როგორც საგამონაკლისო შემთხვევები, კერძოდ, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული, კერძო საკითხების შესახებ ინფორმაციის დაცვის მექანიზმი გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის ზემოთ უკვე ხსენებულ 41-ე მუხლის მე-2 პუნქტში. აღნიშნული ნორმების ანალოგიურად, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის” მე-8 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად ცხოვრებას; ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლის თანახმად, არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ცხოვრებაში; თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, რომ კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულია, ერთის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, დაიცვას პირის კერძო სფერო, სანამ თავად ეს პირი არ გამოავლენს ინფორმაციის გაცემის ნებას, ხოლო მეორეს მხრივ, კოდექსი ამომწურავად ითვალისწინებს იმ ინფორმაციას, რომელიც ღიაობის მაღალი ხარისხის მატარებელია.

 

6.3. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლით მოწესრიგებულია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების წესი. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულია ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია. ხსენებული მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ასეთ ინფორმაციას მიაკუთვნებს ყველა სხვა ინფორმაციას, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილი განხილულ უნდა იქნეს ერთობლიობაში, მათი ერთობლივი ანალიზი კი სასამართლოს აძლევს განმარტების შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციული ორგანო, ერთის მხრივ, ვალდებულია საჯარო ინფორმაციის სახით გასცეს ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, ხოლო, მეორეს მხრივ, უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის იმ ნაწილის დაცვა მესამე პირთაგან, რომლებიც პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს შეიცავს, გარდა იმ შემთხვევის, როდესაც შესაბამისი პირის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 371-ე მუხლი ადგენს პირის უფლებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თავად გადაწყვიტოს პერსონალური მონაცემების სხვა პირზე გაცემის საკითხი. შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება, ვიდრე თავად ეს პირი არ გამოხატავს საწინააღმდეგო ნებას. მართლმსაჯულების განხორციელებისას შექმნილი პერსონალური ინფორმაციის სხვათათვის ხელმიუწვდომლობა განპირობებულია სწორედ მასში შეტანილი იმ მონაცემების პერსონალური ხასიათით, რომლებიც პირის პირადი ცხოვრების კერძო საკითხებს განეკუთვნება და კონსტიტუციით დაცული ფასეულობაა.

 

6.4. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ას---- დი------ემ 20-- წლის 1- ნოემბერს განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და მოითხოვა 20-- წლის 1-ლი იანვრიდან, 20-- წლის 1- ნოემბრამდე პერიოდში გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათებისა და ხელშეკრულების ასლების გადაცემა, რომლებიც ეხებოდა სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს. ასევე, მოითხოვა საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და ტელეფონებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია, თანდართული ცხრილების მიხედვით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 20-- წლის 2- ნოემბრის №1---/-- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, აპარატი არ იყო უფლებამოსილი გადაეცა საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათები და ბრძანებები, ვინაიდან ისინი შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს.

ამასთან, აღნიშნულ წერილზე დანართით მოსარჩელეს სრულყოფილი სახით წარედგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, 20-- წლის 1-ლი იანვრიდან, 20-- წლის 1- ნოემბრამდე პერიოდში საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და სატელეფონო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ, ცხრილის სახით, რომელიც მოიცავს მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხულ თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაწეულ სარემონტო ხარჯებს, თვეების მიხედვით. ასევე, ინფორმაცია სატელეფონო ხარჯების შესახებ მომზადებულია, თითოეული თვის მიხედვით გაწეული მთლიანი ხარჯის მითითებით.

წარმომადგენლობისა და განხორციელებული მივლინებების შესახებ ინფორმაციაც ას---- დი------ისთვის მიწოდებული იქნა ცხრილების სახით, რომელშიც შეტანილი- 20-- წლის 1-ლი იანვრიდან, 20-- წლის 1- ნოემბრამდე პერიოდის წარმომადგენლობის, მივლინების საფუძვლის შესაბამისი აქტის სახეობის დასახელება, მივლინების საფუძვლად მითითებული აქტის ნომერი, გამოცემის თარიღი, კონკრეტული მივლინების თარიღი და მივლინების ადგილი. მთავრობის მიერ გაწეული წარმომადგენლობის ხარჯების შესახებ შედგენილი ცხრილი მოიცავს თითოეული ხარჯის მიმღები პირის გრაფას, გაწეული ხარჯის თარიღს, თითოეული სასაქონლო ზედნადების ნომერსა და თარიღს, დამატებით დოკუმენტის დასახელებისა და გაწეული ხარჯის შინაარსს (დანიშნულებას).

ამის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს და მოსარჩელე მხარეც ადასტურებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მიერ მოსარჩელისათვის სრულყოფილი სახით იქნა მიწოდებული მოთხოვნილი ინფორმაცია, 20-- წლის 1-ლი ი----------, 20-- წლის 1- ნოემბრამდე პერიოდში საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და ტელეფონებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ.

რაც შეეხება გამოთხოვილ ინფორმაციას, კერძოდ, 20-- წლის 1-ლი ი----------, 20-- წლის 1- ნოემბრამდე პერიოდში სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათებისა და ხელშეკრულების ასლების გადაცემას,სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იგი არ იქნა შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული წესის შესაბამისად, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.

მოსარჩელე ას---- დი------ე მოითხოვდა სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათებისა და ხელშეკრულების ასლების გადაცემას და არა, ამ დოკუმენტების საფუძველზე ხარჯების თაობაზე მომზადებული და გაანგარიშებული ინფორმაციის გაცემას.

ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია გასცა არა იმ სახით, როგორითაც ამას მოსარჩელე მოითხოვდა.

მართალია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სხვა ფორმით (ცხრილში შეტანილი მონაცემების სახით) ასახა მის მიერ გაცემულ პასუხში, მაგრამ იგი ვერ აკმაყოფილებს განმცხადებლის ინტერესს, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზნობრიობას, თითოეული აქტის შინაარსის შესაბამისად, უშუალოდ ამ აქტების ასლების გადაცემის გზით. ამგვარი ინფორმაცია ღიაა და ეფუძნება ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი პირისათვის (საბიუჯეტო კოდექსის მე-4.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული რეგულაციის შესაბამისად, განმცხადებელი საკანონმდებლო დანაწესით არ არის შეზღუდული მოითხოვოს კონკრეტული შინაარსის საჯარო ინფორმაცია. კანონმდებლის მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივისა და მიზნის მითითებისაგან განმცხადებლის გათავისუფლება გულისხმობს სწორედ იმასაც, რომ პირი თავად განსაზღვრავს ინფორმაციის შინაარსს და ფორმას, მისთვის საჭირო მიზნობრიობიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, თავად განმცხადებელი არჩევს საჯარო ინფორმაციის მისთვის სასურველ ფორმას თუ საჯარო ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით არსებობს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ას---- დი------ეს გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და საფუძველი, მიიღოს 20-- წლის 1- ნოემბრის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, კონკრეტული სახით, ხოლო აჭარის ა.რ. მთავრობა ვალდებული იყო, გაეცა ზუსტად იმ სახის და ფორმის ინფორმაცია, რაც განმცხადებლის მიერ იყო მოთხოვნილი, ანუ, გადაეცა მოსარჩელისთვის საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და ბრძანებები, თუმცა ამავდროულად დაცული უნდა ყოფილიყო საჯარო მოხელეთა პერსონალური მონაცემები.

 

6.5. სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცებას, რომ საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული ბრძანებები მართალია შეიცავენ საჯარო ინფორმაციას, თუმცა ამავდროულად ისინი შეიცავენ კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეთა პერსონალურ მონაცემებსაც.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმეტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

მოცემულ შემთხვევაში ას---- დი------ის 20-- წლის 1- ნოემბრის განცხადებით მოთხოვნილი ეს ინფორმაცია, საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და ბრძანებები, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამგვარი ინფორმაცია გასცეს, თუმცა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე. ასევე, აღნიშნული წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა გაიცეს იმ მოცულობით, რომელიც არ მოიცავს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების თაობაზე ინფორმაციას.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული, აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის 20-- წლის 2- ნოემბრის №1---/-- წერილი განეკუთვნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის 20-- წლის 2- ნოემბრის №1---/-- წერილი საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და ბრძანებების ასლების გაცემაზე უარის ნაწილში ეწინააღმდეგება კანონს.

რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის შესახებ მოხსენებით ბარათებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მათ შორის საჯარო მოსამსახურეთა მივლინებებსა და წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ბრძანებებისა და ასევე, ხელშეკრულებების მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას და არ მიეკუთვნება ზაკ-ის მე-2 მუხლის „მ“ პუნქტით განმარტებულ საჯარო ინფორმაციას, რამდენადაც არ მიიჩნევა ამ ნორმაში ჩამოთვლილ ოფიციალურ დოკუმენტად, ან ინფორმაციად. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მათ გადაცემაზე,არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებსა და მოთხოვნებს.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ზაკ-ის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

განსახილველ შემთხვევაში ას---- დი------ის მეორე სასარჩელო მოთხოვნაა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების დავალდებულება, საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ, რომლის განხორციელების ვალდებულებაც კანონმდებლობით აკისრია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო კონკრეტული სახის ინფორმაცია ას---- დი------ის განცხადებაში მითითებული ფორმის შესაბამისად მიეწოდებინა მომთხოვნი პირისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს და არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში აჭარის ა.რ. მთავრობის მიერ უმოქმედობის სახით ნათქვამი უარი, საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და ბრძანებების გაცემაზე, არის უკანონო და ის პირდაპირ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპის რეალიზებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ას---- დი------ის სარჩელი ამ ნაწილში დასაბუთებული და სამართლებრივი საფუძვლის მქონეა და ის უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ას---- დი------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, 22-ე, 23-ე, 32-ე და 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-250-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ას---- დი------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 20-- წლის 2- ნოემბრის №1---/-- წერილი, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში.

3. აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობას დაევალოს, 20-- წლის 1- ნოემბრის N0------------ განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა: სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ბრძანებების (რომელშიც დაფარული იქნება მუშაკების სადენტიფიკაციო მონაცემები) და ხელშეკრულებების ასლების გაცემა.

4. ას---- დი------ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

5. მოპასუხე მხარეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გადახდეს მოსარჩელე ას---- დი------ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე