განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 2 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ-------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ------------------------------ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–--------------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული თ---–--–-----------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–----–-------------------------ში.
ადვოკატები - ნ-----–------------ და დ---------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 14 თებერვალს, ღამის საათებში, თ---–--–-------------------------სა და კ----------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სამორინე ,,ა-----სთან“ არსებულ ავტოსადგომთან, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, თ-----------------მა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით სცადა მ---------–-–---–ის მოკვლა. კერძოდ, მუცლისა და მარჯვენა წინამხრის არეში ამ უკანასკნელს მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რომელთაგანაც მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა იყო სიცოცხლისათვის სახიფათო.
2. მტკიცებულებების ერთობლიობა:
2.1. დაზარალებულმა მ---------–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, გამთენიისას, იყო სამორინე ა-----ში, სადაც მიაკითხეს მეგობრებმა ლ-–-----------ემ და მ-------------–---–მა. უთხრეს, რომ ქუჩაში მეუღლე ელოდებოდა. ქუჩაში შეხვდა თ-----------------ს, მეგობრებთან ერთად, რომელიც დიდი ხნის უნახავი ყავდა. მან და თ-----------------მა ერთმანეთს გააცნეს თანმხლები პირები. იგი გაემართა ლომბარდის მიმართულებით, საიდანაც ტელეფონი უნდა გამოეტანა. თან, თ-----------------ს სთხოვა, გაყოლოდა, რადგან დიდი ხნის უნახავი ყავდა და უნდოდა კარგად მოეკითხა. ის და თ-----------------ი ხელიხელგადახვეული მიდიოდნენ. ქუჩაში კონფლიქტი არავისთან მოსვლია. მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც იყო მაღალი, გამხდარი, ქერა, ჰქონდა ცისფერი თვალები და წვერი, შეაჩერა იგი, ჰკითხა, მ------ ხარო? მერე ამოიღო დანა და დაარტყა, მისთვის გაურკვეველი მიზეზით. ამ დროს თ-----------------ი გვერდით მიყვებოდა ხელგადახვეული, დანარჩენები - უკან. მან ვერც იგრძნო, რომ დაჭრილი იყო. ლ-–-----------ემ უთხრა, სისხლიანი ხარო, ტაქსიში ჩასვა და საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. მისთვის მიყენებული დაზიანება იყო სიცოცხლისათვის სახიფათო.
დაზარალებულის განმარტებით, თ-----------------თან მას არანაირი კონფლიქტი ან შელაპარაკება არ მოსვლია. მას შემდეგ, რაც იგი გამოჯანმრთელდა, სურდა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, თუმცა მათ არაფრის გაგონება არ სურდათ, გარდა იმისა, რომ იგი თ-----------------მა დაჭრა.
2.2. მოწმე ზ-----------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, მეგობართან ერთად იყო პ------ გამზირზე მდებარე კლუბში, სადაც გაიცნო მ-------------–---–ი, საიდანაც გადაინაცვლეს სამორინე ა-----ში. მ-------------–---–ს ტელეფონით დაუკავშირდა ე-–--- (პ----ე) და უთხრა, რომ მისი მეუღლე, ა---------ში ფულს აგებდა. მივიდნენ ა---------ში, სადაც ნახეს მ------ (გ--–-–---–ი) და უთხრეს, რომ თამაში შეეწყვიტა, რადგან ქუჩაში ფეხმძიმე მეუღლე ელოდებოდა. მ-----ს ახლდა ერთი მეგობარი, სახელად ლ-–- (რ-------ე). გარდერობთან თ-----------------მა მხარი გაკრა მ-----ს, რასაც მოყვა მათ შორის კონფლიქტი, რომელიც მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა. თ-----------------ს თან ახლდა ორი ბიჭი. იგი ქუჩაში იყო და საუბრის მიხედვით მიხვდა კონფლიქტის მიზეზს. მისი აღქმით, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს იცნობდნენ, რადგან ე-–--- და თ------- ერთმანეთს სახელებით მიმართავდნენ. ასევე სახელით - ე-–------ (ე-––------------) მიმართავდა ე-–--- თ-----------------ის თანმხლებს. მ------ს ინიციატივით კონფლიქტმა ა---------ის შესასვლელიდან ხელმარცხნივ გადაინაცვლა. თ-----------------ს მისი მეგობარი ე-–------ ამშვიდებდა, ეუბნებოდა არ გინდა, არ ქნა, ორსული გოგოაო. ისიც უკან გაყვა ბიჭებს დასამშვიდებლად. გადაინაცვლეს უ-----–--- ქუჩისკენ, სადაც მ-----ს ხელიხელგადახვეული მიყვებოდა თ-------. მან თ-------ს მარჯვენა ხელში დაინახა მეტალისებური საგანი, რომელიც ბრჭყვიალებდა და სავარაუდოდ იყო დანა და მუცლის მიმართულებით მოუქნია მ-----ს. ე-–---მ იყვირა, დაჭრაო. მან დაინახა, რომ მ-----ს სისხლი მოსდიოდა. ტაქსი გააჩერეს და მ------ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თ-----------------ი და მისი თანმხლები პირები, შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. მას, შემთხვევის დროს დანისმაგვარი საგანი სხვა არავის ხელში დაუნახავს. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათებით ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო თ-----------------ი, რომელიც ასევე ამოიცნო სასამართლო სხდომის დარბაზში.
2.3. მოწმე მ-------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით ღამის სამ საათზე იყო თბილისში, პ------ გამზირზე, წვეულებაზე. იგი სპორტის სასახლესთან შეხვდა ე-–--- პ----ეს, რომლის თხოვნით სამორინე ა-----ში შევიდა მ---------–-–---–ის გამოსაყვანად. მას თან ახლდა ლ-–- (რ-------ე) და მამაკაცი, რომელიც იმ დღეს გაიცნო წვეულებაზე, სახელად ზ---- (ზ-----------------–---–ი). სამორინედან გამოსვლისას მ---------–-–---–ს შელაპარაკება მოუვიდა სხვა პირებთან. ქუჩაში გასვლისას მ-----მა და მისმა თანმხლებმა ბიჭებმა გვერდით გადაინაცვლეს. იგი ე-–---ს გამოელაპარაკა, რომელიც შუქნიშანთან იდგა. მოგვიანებით დაინახა, რომ მ------ იყო სისხლიანი. გააჩერეს ტაქსი და წაიყვანეს საავადმყოფოში. მ-----ს გზაში არაფერი უთქვამს, კითხულობდა, ხომ არ მოვკვდებიო.
სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმე მ-------------–---–ს წარედგინა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი, რა დროსაც მან არაერთხელ განმარტა, რომ იყო მთვრალი და ვიდეოჩანაწერში ასახული მოვლენები არ ახსოვს. ჩანაწერში ამოიცნო საკუთარი თავი, ე-–---, მ---------–-–---–ი და ლ-–-----------ე. ჩანაწერში, მიუხედავად მასსა და სხვა პირებს შორის რამდენიმესანტიმეტრიანი დაშორებისა, სხვა მამაკაცები ვერ ამოიცნო და განმარტა, რომ ძირითადად ე-–---ზე ჰქონდა აქცენტი. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ მიჰყვება იგი ბიჭებს გვერდით, განმარტა, რომ არ ახსოვს, თუ ვის ესაუბრებოდა მ---------–-–---–ი. ვიდეოჩანაწერში ვერ იცნო ვერც ის პირი, ვინც მ---------–-–---–ს ხელი გადახვია. მოწმემ არ დაადასტურა გამოძიებაში მის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, ასევე განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ისე მოაწერა ხელი, რომ არ წაუკითხავს, ხოლო ამოცნობის დროს, სხვა ფოტოს დაადო ხელი, გამომძიებელმა კი მიუთითა იმ ფოტოზე, ვინც ყავდათ უკვე დაკავებული. მას თ-----------------ის სახე არ ახსოვს და არც ის ახსოვს შემთხვევის ადგილზე იყო თუ არა. მას დანის დარტყმა არ დაუნახავს.
2.4. მოწმე ე-–--- პ----ემ განმარტა, რომ დაზარალებული მ---------–-–---–ი არის მისი მეუღლე. 2018 წლის 13-14 თებერვალს, ღამის 2-3 საათზე, მეგობრებთან ერთად იყო პ------ გამზირზე, სამორინე ა-----სთან, მეუღლეს ელოდებოდა, რადგან მისი მეგობრისგან - მ-------------–---–ისგან გაიგო, რომ მ------ სამორინეში მიდიოდა. მ-----მა მ------ს მისწერა, რომ სამორინეში გაყოლოდა, რათა ფული ბოლომდე არ წაეგო. მ-----მა მას იმიტომ არ სთხოვა გაყოლა, არ უნდოდა ენერვიულა, რადგან იყო ფეხმძიმედ. მ-----თან ერთად სამორინეში შევიდნენ მ-------------–---–ი, ლ-–-----------ე და ზ---- (ზ-----------------–---–ი), რომელიც მ------ს ახლდა. მან მ------ს უთხრა, რომ გარეთ დაელოდებოდათ. ქუჩაში შეხვდა თ-----------------ს, რომელსაც ახლდა ე-–----- (ე-––--) გ-------ი და კიდევ ერთი პირი, რომლებსაც მიესალმა. ის და თ-----------------ი ერთად სწავლობდნენ სკოლაში. მისი მეგობარია ე-–------ც. ქუჩაში ჯერ ლ-–-----------ე გამოვიდა. სამორინედან გამოსვლის შემდეგ, მისი მეუღლე, თ-------, ე-–------ და ლ-–- ერთად იდგნენ და საუბრობდნენ. თ-----------------ი და მისი მეუღლე, მათგან რამდენიმე მეტრის დაშორებით გავიდნენ, რის შემდეგ დაინახა, რომ მისი მეუღლე იყო დაჭრილი, სისხლი მოსდიოდა. მას დაჭრის მომენტი არ დაუნახავს, რადგან სიბნელე იყო და ის მ------ს ესაუბრებოდა. მას არავის ხელში არავითარი საგანი არ დაუნახავს. ზ----მ ჩასვა ტაქსიში, სადაც ისხდნენ მისი მეუღლე, მ------ი და ლ-–-. თ-----------------ი და მისი თანმხლები პირები სად წავიდნენ, არ დაუნახავს. მის მეუღლეს ჩაუტარდა ოპერაცია. გამოძიებაში დაკითხვისას განაცხადა, რომ არ დაუნახავს, ვინ დაარტყა მის მეუღლეს დანა, რის შემდეგ გამომძიებლებმა აჩვენეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანდა, რომ მ------ და თ------- ერთად იდგნენ და გამომძიებლისგან გაიგო, რომ მისი მეუღლე თ-------მ დაჭრა. რამდენიმე დღეში კვლავ დაიბარეს გამოიებაში, უთხრეს რომ მისი წინა ჩვენების საფუძველზე თ-------ს ვერ დააკავებდნენ და ახალ ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი, ისე რომ ჩვენება არ წაუკითხავს.
2.5. მოწმე ე-––-- გ-------მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, მის მეგობართან თ-----------------თან და ზ----სთან ერთად (რომლის გვარი არ ახსოვს) იყო სამორინე ა-----ში. სამორინეში შესვლამდე, ქუჩაში შეხვდა მისი ბავშვობის მეგობარ ე-–---ს (პ----ე) და მოიკითხეს ერთმანეთი. სამორინეში, გასახდელთან კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. სამორინედან გამოსვლისას შეხვდნენ ე-–---ს ქმარს, რომელსაც იცნობდა თ-----------------ი და მასაც გააცნო. 4-5 წუთი ისაუბრეს ქუჩაში და დაშორდნენ ერთმანეთს. ისინი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. ქუჩაში გაწევ-გამოწევას ადგილი არ ჰქონია და არც დანა დაუნახავს ვინმეს ხელში.
2.6. ბრალდებულმა თ-----------------მა განაცხადა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ე----- (ე-––--) გ-------თან და კიდევ ერთ პირთან ერთად (რომელიც იმ დღეს გააცნო ე-–-----მა) იყო სამორინე ა-----ში. ქუჩაში შეხვდა ე-–--- პ----ეს, რომელსაც ახლდა გოგონა და ბიჭი და უთხრა, რომ მეუღლეს ელოდებოდა. სამორინეში, გასახდელთან შეხვდა მის მეგობარს მ---------–-–---–ს, თუმცა კონფლიქტი არ მოსვლიათ. გამოელაპარაკნენ ერთმანეთს, მოიკითხეს და ერთად გავიდნენ ქუჩაში, სადაც იდგა ე-–--- პ----ე. მან მ-----ს გააცნო ე-–------, მ-----მა გააცნო მას ლ-–-----------ე. ე-–--- და ე-–------ ერთმანეთს იცნობდნენ. მ------ ერთi-ორი წუთი მის ცოლს ესაუბრებოდა, რის შემდეგ სთხოვა მას ლომბარდში გაყოლოდა ტელეფონის გამოსატანად. გზაში საუბრობდნენ, რადგან მანამდე 2-3 თვე არ ენახათ ერთმანეთი. მას მ------სთვის ხელი ჰქონდა გადახვეული. ამ დროს მისთვის უცნობი პირი შეხვდათ, რომელიც შეეკითხა, მ------ ხარ შენო? მ------ დაეთანხმა. მოულოდნელად უცნობმა მოუქნია და დაარტყა მ-----ს დანა. უცნობს ჰქონდა წვერი, იყო დაახლობით მისი სიმაღლის, თუმცა საით წავიდა არ დაუნახავს. იგი არის ნასამართლევი, აქვს პირობითი მსჯავრი, ამიტომ უსიამოვნების შეეშინდა, ამასთან ახალი ნაოპერაციები იყო და დანის დანახვისას სწრაფად გაეცალა იქაურობას. უკან რომ მოიხედა, დაინახა მ---------–-–---–ი და ლ-–-----------ე გარბოდნენ. პ------ გამზირზე გააჩერა ტაქსი და ე-–-----თან წავიდა სახლში. მოგვიანებით საერთო ნაცნობებისგან გაიგო მ------ს ჯანმრთელობის მდგომარეობა.
2.6. ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმის (23.02.2018) მიხედვით, 2018 წლის 23 თებერვალს 14:25-14:43 საათზე, ზ-----------------–---–მა მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო თ-----------------ის ფოტოსურათი, რომელიც მისი განმარტებით, ნახა 2018 წლის 14 თებერვალს სამორინე ა-----ს გამოსასვლელში, სამორინე ა-----ს ავტოსადგომზე, სადაც მ---------–-–---–თან მოუვიდა შელაპარაკება, ასევე დაინახა, თუ როგორ გადახვია ხელი მ---------–-–---–ს და მას შემდეგ, რაც დაჭრა მ---------–-–---–ი, გაიქცა თანამხლებ პირთან ერთად.
2.7. ს----------–----–--------------------------–----------------------------- ექსპერტის N----------------- დასკვნით (03.04.2018), მ---------–-–---–ის ქურთუკის წინა მარცხენა მხარესდა მარჯვენა სახელოს უკანა მხარეს, ჟილეტის წინა მარცხენა მხარეს, ასევე პერანგის წინა მარცხენა მხარეს და მარჯვენა სახელოს მანჟეტის ზედა ნაწილში არსებული გამჭოლი დაზიანებები, წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.
მ---------–-–---–ის ქურთუკის, ჟილეტის და პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის, ნაკერის განარღვევის, ლითონის კნოპების ქვედა (ამობურცული) ნაწილის, ამობურცული ნაწილის ქვედა მხარის და ღილების ამოგლეჯის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
2.8. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ------------------მა.
2.9. ს----------–----–--------------------------–----------------------------- ექსპერტის N----- დასკვნით (20.04.2018), მ---------–-–---–ის სისხლი მიეკუთვნება θαβ/I/ ჯგუფს. მ---------–-–---–ის ქურთუკზე, ჟილეტზე, პერანგზე, შარვალზე, ქვედა საცვალზე და ფეხსაცმელებზე აღმოჩნდა ადაიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება θαβ/I/ ჯგუფს.
2.10 ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----------–------–----–---–მა.
2.11. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექსპერტის N--------- დასკვნით (14.05.2018), მ---------–-–---–ი 2018 წლის 14 თებერვლიდან 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით ა-–---–----–---–--------–----- კლინიკაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას დიაგნოზით: მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის ჯორჯილის დაზიანებით. მარჯვენა წინამხრის ღია ჭრილობა. მ---------–-–---–მა 2018 წლის 26 თებერვლიდან 2018 წლის 2 მარტის ჩათვლით შპს ჯ--------------–-----–--------------–---------–-------------–-----–------ის კლინიკაში განაგრძო სტაციონარული მკურნალობა დიაგნოზით: ნაწლავთა მწვავე შეხორცებითი გაუვალობა. ჭრილობები მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხლეტი ჭრილობა წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის ჯორჯილის დაზიანებით და მარჯვენა წინამხრის ღია ჭრილობა ერთობლიობაში აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის ჯორჯილის დაზიანებით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, შესაძლებელია დანით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, მარჯვენა წინამხრის მიდამოში მდებარე ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების საგნის მოქმედებით - მჭრელი თვისება გააჩნია დანასაც, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან მოქ. მ---------–-–---–ის სტაციონარში პირველად მოთავსების თარიღს - 2018 წლის 14 თებერვალს.
2.12. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა.
2.13. სასამართლოში გამოკვლეული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, 2018 წლის 14 თებერვლის ღამით, ვიდეოჩანაწერის თვალთახედვის არეში ხვდება სამორინე ა-----ს მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ ავტოსადგომი, სადაც ჩანს ხუთი მამაკაცი, რომლებსაც უახლოვდება მეექვსე და ორი გოგონა. თეთრ ქურთუკიანი გოგონა (მ-------------–---–ი) ესაბრება მამაკაცებს ხელების მოძრაბით. ორი მამაკაცი გამოეყოფა დანარჩენებს, ერთი, წელზე შემოხვეული მაისურით (თ-----------------ი), მარცხენა ხელს ხვევს მეორეს, მუქი ფერის ქურთუკით (მ---------–-–---–ი) და მიდიან პ-------------ის მიმართულებით. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ მათ უახლოვდება მამაკაცი, რომელსაც აფარია ქუდი (ლ-–-----------ე) და ხელების მოძრაობით ესაუბრება მათ. მათ უკან მიყვებიან სხვა მამაკაცები, რომლებსაც მისდევენ უკან გოგონები. ხელგადახვეული მამაკაცები რამენიმე ნაბიჯით უსწრებენ დანარჩენებს. ახალგაზრდა, წელზე შემოხვეული მაისურით (თ-----------------ი), რომელსაც ხელი აქვს გადახვეული მუქი ფერის ქურთუკიან ახალგაზრდაზე (მ---------–-–---–ი), მარჯვენა ხელში უჭირავს საგანი, რომელიც ელავს. პ-------------თან ჩანს მამაკაცების მკვეთრი მოძრაობები, გოგონები სწრაფად მიემართებიან მათკენ, მამაკაცები გარბიან სხვადასხვა მიმართულებით, ქუდიან ახალგაზრდას (ლ-–-----------ე) გამოყავს მუქი ფერის ქურთუკიანი (მ---------–-–---–ი) მამაკაცი, რომელიც მუცელზე იფარებს ხელს. წელზე შემოხვეული მაისურით (თ-----------------ი) ახალგაზრდა გარბის საპირისპირო მიმართულებით.
2.14. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რითაც ძირითადად დასტურდებოდა საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების კანონიერება, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.
2.15. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი რელევანტური მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:
2.16. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ---–--–------------------------სა და მ-----------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სამორინე ,,ა-----სთან“ მ---------–-–---–ი მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით დაჭრეს მუცლის არეში.
2.17. სასამართლო, პირველ რიგში მიმოიხილავს დანაშაულის ჩადენის დროს, შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეთა ჩვენებებს და განმარტავს, თუ რომელი მტკიცებულებები მიაჩნია არასანდოდ/არადამაჯერებლად ან პირიქით და რატომ გამორიცხავს ცალკეულ მტკიცებულებათა სიღრმისეული (და არა ზედაპირული) ანალიზი, რაიმე ფაქტების უტყუარად დადგენის ან დადგენილი ფაქტების ეჭვქვეშ დაყენების გონივრულ საფუძველს.
2.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც შემთხვევის ადგილზე მყოფი ყველა პირი, მ---------–-–---–ისთვის ჭრილობის მიყენების დროს იმყოფებოდნენ სულ რამდენიმე მეტრის რადიუსში, რაც კარგად ჩანს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერში, თუმცაღა მათი ნაწილი აცხადებს, რომ არ დაუნახავს ვინ მიაყენა ჭრილობა დაზარალებულს, ნაწილი კი აცხადებს, რომ მ---------–-–---–მა გაურკვეველი მოტვით, ასევე გაურკვეველმა პირმა დაჭრა, რომელიც გაურკვევლად გაუჩინარდა შემთხვევის ადგილიდან, აჩენს კითხვებს მათ გულწრფელობასა და კეთილსინდისერებასთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ მათი ჩვენებები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით არსებითად ეწინააღმდეგება მოწმე ზ-----------------–---–ის ჩვენებას და ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეჩანაწერში ასახულ ინფორმაციას, კერძოდ:
2.19. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს დაზარალებულ მ---------–-–---–ის, მოწმეების ზ-----------------–---–ის, მ-------------–---–ის, ე-–--- პ----ის, ე-––------------ს და თ-----------------ის ჩვენებების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ - შინაარსობრივად ხომ არ შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო/ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და რამდენად თანხვერდრაშია ისინი ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.
2.20. სასამართლო იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ü კონფლიქტის დაწყება: მოწმე ე-––-- გ-------მა განმარტა, რომ სამორინეში, გასახდელთან კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულმა თ-----------------მა განმარტა, რომ სამორინეში, გასახდელთან შეხვდა მის მეგობარს მ---------–-–---–ს, თუმცა კონფლიქტი არ მოსვლიათ. მაშინ,როდესაც მოწმე ზ-----------------–---–მა დაადასტურა, რომ გარდერობთან თ-----------------მა მხარი გაკრა მ-----ს, რასაც მოყვა მათ შორის კონფლიქტი, რომელიც მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა. სამორინეს გამოსასვლელში გარდერობთან კონფლიქტის არსებობა ასევე დაადასტურა სასამართლოში დაკითხვისას სამორინეში მყოფმა კიდევ ერთმა მოწმემ - მ-------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ სამორინედან გამოსვლისას მ---------–-–---–ს შელაპარაკება მოუვიდა სხვა პირებთან.
ü კონფლიქტის განვითარება: დაზარალებულმა მ---------–-–---–მა განმარტა, რომ მას ქუჩაში კონფლიქტი არავისთან მოსვლია. მაშინ, როდესაც ლომბარდისკენ მიდიოდა თ-----------------თან ხელგადახვეული, მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც იყო მაღალი, გამხდარი, ქერა, ჰქონდა ცისფერი თვალები და წვერი, შეაჩერა იგი, ჰკითხა, მ------ ხარო? მერე ამოიღო დანა და დაარტყა, მისთვის გაურკვეველი მიზეზით. ამ დროს თ-----------------ი გვერდით მიყვებოდა ხელგადახვეული, დანარჩენები - უკან მოდიოდნენ. ასევე ამოუცნობ თავდამსხმელზე ისაუბრა ბრალდებულმა თ-----------------მაც და განმარტა, რომ მას მ------სთვის ხელი ჰქონდა გადახვეული. ამ დროს მისთვის უცნობი პირი შეხვდათ, რომელიც შეეკითხა, მ------ ხარ შენო? მ------ დაეთანხმა. მოულოდნელად უცნობმა მოუქნია და დაარტყა მ-----ს დანა. უცნობს ჰქონდა წვერი, იყო დაახლობით მისი სიმაღლის, თუმცა საით წავიდა არ დაუნახავს. იგი არის ნასამართლევი, აქვს პირობითი მსჯავრი, ამიტომ უსიამოვნების შეეშინდა, ამასთან ახალი ნაოპერაციები იყო და დანის დანახვისას სწრაფად გაეცალა იქაურობას. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს დაარალებულისა და ბრალდებულის ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე და აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ აღწერილი თავდამსხმელი იყო მაღალი, ხოლო ბრალდბულის განმარტებით თავდამსხმელი იყო მისი სიმაღლის. სასამართლოს სურს შენიშნოს, რომ პირადად ჰქონდა საშუალება დაკვირვებოდა ბრალდებულის აღნაგობას და იგი არის საშუალოზე დაბალი, სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა. სასამართლოსთვის ასევე ნიშანდობლივია ბრალდებულის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არის პირობითი მსჯავრის ქვეშ, თავად იყო დაჭრილი, რის გამოც დანის დანახვაზე შეშინდა და გაიქცა, თუმცა საინტერესოა, რომ ბრალდებული გაიქცა არა საფრთხის (თავდამსხმელის) საპირისპირო მიმართულებით, რაც იქნებოდა ადეკვატური რეაქცია, მოვლენები მართლაც ისე რომ განვითარებულიყო, როგორც თავად აღწერა და არამედ, პირიქით, საფრთხის (თავდამსხმელის) მიმართულებით. რაც აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბრალდებულისა და დაზარალებულის გულწრფელობასთან დაკავშირებით. საყურადღებოა, რომ იმ დროს, როცა დაზარალებულიცა და ბრალდებულიც უთითებენ უცნობ თავდამსხმელზე, რომელმაც ჯერ სახელი ჰკითხა, მერე კი, მოულოდნელად მიაყენა დანით ჭრილობა მ---------–-–---–ს, საწინააღმდეგოს ადასტურებს შემთხვევის დღეს ბრალდებულის თანმხლები და ახლო მეგობარი ე-––------------, რომელმაც საერთოდ უარყო მისი და თ------------------ის თანდასწრებით დაზარალებულის დაჭრის ფაქტი და განმარტა, რომ სამორინედან გამოსვლისას თ-----------------მა გააცნო მას მ---------–-–---–ი. 4-5 წუთი ისაუბრეს ქუჩაში და დაშორდნენ ერთმანეთს. ისინი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. ქუჩაში გაწევ-გამოწევას ადგილი არ ჰქონია და არც დანა დაუნახავს ვინმეს ხელში. სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ თ-----------------ის და მ---------–-–---–ის ჩვენებები არა მარტო ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველია (მათ შორის ქუჩაში კონფლიქტთან დაკავშირებით), არამედ ასევე არსებითად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. კერძოდ: მოწმე ზ-----------------–---–მა დაადასტურა, რომ სამორინეში მ---------–-–---–სა და თ-----------------ს შორის დაწყებული კონფლიქტი ქუჩაში გაგრძელდა. თ-----------------ს მისი მეგობარი ე-–------ ამშვიდებდა, ეუბნებოდა არ გინდა, არ ქნა, ორსული გოგოაო. ისიც უკან გაყვა ბიჭებს დასამშვიდებლად. გადაინაცვლეს უ-----–--- ქუჩისკენ, სადაც მ-----ს ხელიხელგადახვეული მიყვებოდა თ-------. მან თ-------ს მარჯვენა ხელში დაინახა მეტალისებური საგანი, რომელიც ბრჭყვიალებდა და სავარაუდოდ იყო დანა და მუცლის მიმართულებით მოუქნია მ-----ს. მან დაინახა, რომ მ-----ს სისხლი მოსდიოდა. მტკიცებულებებს შორის არსებული კონფლიქტის გადაწყვეტისას, სასამართლოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმეში ისეთი თვალნათელი მტკიცებულების არსებობა, როგორიც არის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ზედმიწევნით ემთხვევა სწორედ მოწმე ზ-----------------–---–ის ჩვენება და ეწინააღმდეგება დაზარალებულ მ---------–-–---–ისა და ბრალდებულ თ-----------------ის ჩვენებები დანაშაულისათვის ისეთ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, როგორიც არის მაგალითად დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტის არსებობა და დაზარალებულის დაჭრამდე ბრალდებულის ხელში მოელვარე საგნის არსებობა, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო დანა ან რაიმე სხვა მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი, რომლითაც ჭრილობა მიაყენეს დაზარალებულს. კერძოდ, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას თვალნათლივ ჩანს მხარეებს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაცია, ხელების მკვეთრი მოძრაობებით და დაძაბული საუბრით, რაც სასამართლოს აღქმით ცალსახად არ გავს დიდი ხნის უნახავი მეგობრების მიერ ერთმანეთის მოკითხვას და მშვიდ გარემოში საუბარს. და რაც მთავარია, სასამართლოსთვის მეტად მნიშვნელოვანია ვიდეოჩანაწერის ბოლოს, როდესაც თ-----------------ს მ---------–-–---–ზე მარცხენა ხელი აქვს გადახვეული, ბრალდებულის მარჯვენა ხელში მეტალისმაგვარი საგნის გაელვება, რასაც წამებში მოყვება ჩანაწერში დაზარალებულის გამოჩენა, რომელიც მუცელზე იკიდებს ხელს და არის დაჭრილი. სასამართლოსთვის ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ დაზარალებულისა და ბრალდებულის ჩვენებებით, უცნობმა, ყოველგვარი შელაპარაკების ან მითუფრო ჩხუბის ან თუნდაც ძიძგილაობის გარეშე, მხოლოდ დაზარალებულის სახელი იკითხა, რის შემდეგ დაჭრა იგი და გაიქცა, მაშინ, როდესაც ს----------–----–--------------------------–----------------------------- ექსპერტის N----------------- დასკვნით (03.04.2018) უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ---------–-–---–ის ქურთუკის, ჟილეტის და პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის, ნაკერის განარღვევის, ლითონის კნოპების ქვედა (ამობურცული) ნაწილის, ამობურცული ნაწილის ქვედა მხარის და ღილების ამოგლეჯის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, რაც იმთავითვე გამორიცხავს ბრალდებულის და დაზარალებულის ვერსიას.
2.21. სასამართლო იხსენებს დაზარალებულის ქცევას სასამართლო სხდომის დარბაზში, როდესაც ჩვენების მიცემამდე მან მოიკითხა ბრალდებული თ-----------------ი და დაპირდა, რომ ცოტაც მოეთმინა და მალე გამოვიდოდა, რაც სასამართლოს უმყარებს ეჭვს, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას, რამაც გამოიწვია მათი ჩვენებების საეჭვო თანხვედრა რიგ გარემოებებთან მიმართებით. ამდენად, ზემოაღნიშნული წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს როგორც დაზარალებულის, ასევე ბრალდებულის ჩვენებებს და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.
2.22. რაც შეეხება მოწმეების ე-–--- პ----ის, მ-------------–---–ის და ე-––------------ს ჩვენებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების ჩვენებებს შორის არის არაერთი წინააღმდეგობა, მათი ჩვენებები აბსოლუტურად განსხვავდება ვიდეოჩანაწერში ასახული ინფორმაციისაგან და მოწმე ზ-----------------–---–ის ჩვენებისგან, თუმცა ვინაიდან მათ დაადასტურეს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაინახეს დაზარალებული, რაც მას უკვე სისხლი სდიოდა და არ დაუნახავთ, ვინ დაჭრა იგი, ე-––-- გ-------მა ესეც არ დაადასტურა და საერთოდ უარყო, რომ რაიმე სახის კონფლიქტს შეესწრნენ ის და ბრალდებული, მათ ჩვენებებს დანაშაულის არსებობა/არარსებობასთან და ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობასთან მიმართებით ვერ მიენიჭება არსებითი მნიშვნელობა და თითოეულ მათგანს სასამართლო დამოუკიდებლად არ შეეხება.
2.23. სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ საკითხზე, ჩნდება თუ არა პრობლემა, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება სავსებით დამაჯერებელია და არ არსებობს საფრთხე, რომ იგი არასანდოა, გამამყარებელი მტკიცებულებების საჭიროება, შესაბამისად ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; § 90) და განმარტავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, სწორედ ასეთ წონად მტკიცებულებად მიაჩნია შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი, რომელთანაც აბსოლუტურ თანხვედრაშია მოწმე ზ-----------------–---–ის ჩვენება, ასევე ზ-----------------–---–ის მიერ ბრალდებულ თ-----------------ის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმი (მოწმე ზ-----------------–---–მა სასამართლოში დაკითხვისას პირადადაც ამოიცნო ბრალდებული), სასამართლოს ცალსაცხადა დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 14 თებერვალს სწორედ თ-----------------მა მიაყენა მჭრელი საგნის გამოყენებით ჭრილობა მ---------–-–---–ს.
2.24. ს----------–----–--------------------------–----------------------------- ექსპერტის N----------------- დასკვნით (დაადასტურა ექსპერტმა რ------------------მა) უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ---------–-–---–ის ქურთუკის წინა მარცხენა მხარეს და მარჯვენა სახელოს უკანა მხარეს, ჟილეტის წინა მარცხენა მხარეს, ასევე პერანგის წინა მარცხენა მხარეს და მარჯვენა სახელოს მანჟეტის ზედა ნაწილში არსებული გამჭოლი დაზიანებები, წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.
2.25. ასევე, ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექსპერტის N--------- დასკვნით (დაადასტურა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა), უტყუარად არის დადგენილი, რომ მ---------–-–---–ს დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის ჯორჯილის დაზიანებით. მარჯვენა წინამხრის ღია ჭრილობა, რაც ერთობლიობაში აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის ჯორჯილის დაზიანებით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, შესაძლებელია დანით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, მარჯვენა წინამხრის მიდამოში მდებარე ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების საგნის მოქმედებით - მჭრელი თვისება გააჩნია დანასაც, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2.26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.
3.3. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსაკუთრებულ მიდგომას სიცოცხლის უფლებისადმი, კერძოდ, კონვენციის მე-2 მუხლში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე HAÁSZ AND SZABÓ v. HUNGARY №1327/14 და №11613/14; 13.10.2015; §49). სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე McCann and others v. the United Kingdom).
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.
3.6. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).
3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შე-----ებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).
3.8. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ თ-----------------ს შელაპარაკება მოუვიდა მ---------–-–---–თან, რა დროსაც მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით მიაყენა ორი ჭრილობა, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის ჯორჯილის დაზიანებით და მარჯვენა წინამხრის ღია ჭრილობა, რაც ერთობლიობაში აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.
3.9. თ-----------------ის განზრახვაზე მოეკლა მ---------–-–---–ი მიუთითებს მსხვერპლისთვის მიყენებული ჭრილობების რაოდენობა (ორი ჭრილობა), ასევე მათი ლოკაცია, მიმართულება და სიმძიმე, მათ შორის ჭრილობა არის სიცოცხლისათვის სახიფათო, ასევე თ-----------------ის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, როდესაც, მსხვერპლისთვის დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, იგი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ-----------------ი მ---------–-–---–ის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით. ამასთან, უტყუარად დადგენილია, რომ თ-----------------ის ქმედება, მ---------–-–---–ისთვის დანის არაერთგზის დარტყმა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მსხვერპლისთვის მიყენებულ ორ, მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობასთან. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - განზრახ მკვლელობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.10. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-----------------მა ჩაიდინა მ---------–-–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობა - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 სასამართლო, მიუთითებს რომ თ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვევით არ დადგენილა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს მის პიროვნებას - არის არაერთხელ ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს თ-----------------ს სასჯელის სახით ითვალისწინებს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განაჩენით იგი ნასამართლევია სწორედ ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. საყურადღებოა, რომ ამ განაჩენით მას სასჯელი დაენიშნა განაჩენთა ერთობლიობით, ვინაიდან იგი მაშინაც, დანაშაულის ჩადენის დროს, ასევე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს (დანაშაული ჩადენილია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დანაშაული ჩადენილია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით), ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას - აღნიშნული დანაშაული (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარმოადგენს ერთ-ერთი მძიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულს, რომელიც ჩადენილია დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, ასევე თ-----------------ის ქმედებაში გამოვლენილ მყარ და საშიშ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ორი, მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობის მიყენება, რასაც შედეგად მოყვა დაზარალებულისთვის სახიფათო ოპერაციის ჩატარება, სიცოცხლის რისკის ფასად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ არ უნდა იყოს წამახალისებელი როგორც ბრალდებულისთვის, ასევე სხვა პირთათვის და უნდა უზრუნველყოს კერძო/ზოგადი პრევენციის მიზნები. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს თ-----------------ის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს თ-----------------ის რესოციალიზაციას.
5.5. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის განაჩენით თ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, განესაღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 6 თვით, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი, ჩაეთვალა პირობითად. ამდენად, ვინაიდან 2018 წლის 14 თებერვალს, თ-----------------ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ:
· მ---------–-–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (ინახება საქართველოს შსს ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· ორი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· სისხლის ნიმუშები (ინახება საქართველოს შსს ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
3.სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 თებერვლიდან.
4. თ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5.საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
მ---------–-–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (ინახება საქართველოს შსს ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ორი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
სისხლის ნიმუშები (ინახება საქართველოს შსს ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე