გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
330210118002514144
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/18963-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - გ---------------–--ე

წარმომადგენელი - ბ---–-----------–--ე, ა----------–-–---–ი

მოპასუხე - შპს ,,G-------------y’’

წარმომადგენელი - ნ---------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,G-------------y’’-ს გ---------------–--ის სასარგებლოდ 144 850 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2017 წლის 02 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მომსახურების შემსრულებლის მიერ სასტუმროს მომსახურეობის შესრულება თბილისში, თელავის ქუჩა 5-შო მდებარე სასტუმრო ,,B------I’’-ში მომსახურების შემკვეთისათვის, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფა სამუშაოების ღირებულების გადახდას ხელშეკრულები გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

2017 წლის 30 ოქტომბერს და 25 დეკემბერს, ასევე 2018 წლის 04 იანვარს მოპასუხემ შესთავაზა რამდენიმე პირობა, რაზეც 2018 წლის 16 მარტს ეცნობა მოსარჩელის მხრიდან ფინანსური დავალიანების შესახებ.

2018 წლის 26 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება ანალოგიური პირობებით და კორექტირებული გრაფიკით, რომლის შეუსრულებლობის გამოც, 2018 წლის 28 მაისს მოპასუხემ მას აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რის პასუხადაც 29 მაისს მოსარჩელემ კვლავ აცნობა მოპასუხეს არსებული დავალიანების 144 850 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის ვალდებულების თაობაზე. იმავე დღეს მოპასუხემ წერილობით დააფიქსირა უცვლელი პოზიცია ახალი შეთანხმების გასაფორმებლად.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე შპს ,,G-------------y’’-იმ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხის განმარტებით, გაურკვეველია რას ემყარება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა. 2018 წლის 26 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მომსახურების შესრულების ვადები განისაზღვრა 2018 წლის 01 აპრილიდან 2018 წლის 31 ოქტომბრამდე. 2018 წლის 28 მაისს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების შეწყვეტის მთავარი მიზეზი ირანში შექმნილი მდგომარეობა, კერძოდ, კი ვალუტის კრიზისი იყო, რომელიც გავლენას ახდენდა ბაზარზე არსებულ ფასებზე და ბიზნესზე. არამყარი ეკონომიკური პირობების გამო საგრძნობლად შემცირდა გაყიდვები, გაუქმდა არაერთი ავიაკომპანიის ფრენები, უცხოური ავიახაზები აღარ ფუნქციონირებენ მაისის დასაწყისიდან. სწორედ აღნიშნულის გამო მოითხოვა მოპასუხემ 2018 წლის 28 მარტის ხელშეკრულების შეწყვეტა. მოსარჩელემ კი უარი განაცხადა ხელშეკრულების შეწყვეტაზე და მიუთითა დავალიანების არსებობის თაობაზე.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს ხელშეკრულებით მომსახურეობა განისაზღვრა 2017 წლის 04 აგვისტოდან 2018 წლის 04 აგვისტომდე. მეორე ხელშეკრულებამ კი ფაქტობრივად მოიცვა პირველი ხელშეკრულების პერიოდიც აპრილის თვიდან. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით განისაზღვრა ახალი პირობები, სადაც საუბარი არ არის რაიმე ფინანსურ დავალიანებაზე, რადგან როგორც 2018 წლის 28 მაისის პასუხიდან ირკვევა შეთავაზებული პირობები მოსარჩელემ მიიღო და გაითვალისწინა ჯეროვნად. ახალი ხელშეკრულებით გაითვალისწინეს წინა ხელშეკრულებით მოსარჩელის დეპოზიტზე არსებული 23 600 აშშ დოლარის არსებობის ფაქტი, რომელიც მოპასუხის მიერ გადახდილი იყო როგორც 2017 წლის 02 აგვისტოს ხელშეკრულების ბოლო თვის მომსახურეობის საფასური. შესაბამისად, მეორე ხელშეკრულების დადებისას მხარეები აუცილებლად გაითვალისწინებენ რაიმე დავალიანება ან წინა ხელშეკრულებით გაურკვეველი საკითხი თუ იქნებოდა ხელშეკრულებაში, რაც მათ მიერ არ განხორციელებულა.

 

მოპასუხის განმარტებით, გაურკვეველია რის საფუძველზე ითხოვს მოპასუხე 144 850 აშშ დოლარის გადახდას. მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება წარმოადგინოს და ზუსტად მიუთითოს ფაქტობრივი გარემოებები საიდან გამომდინარეობს ეს თანხა და ამასთანავე მიუთითოს თუ როგორ განხორციელდა აღნიშნული თანხის დაანგარიშება, ვინაიდან, მოპასუხისათვის გაურკვეველია სასარჩელო მოთხოვნის როგორც ოდენობა, ასევე მისი არსი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 02 აგვისტოს შპს ,,G-------------y’’-ს, როგორც მომსახურეობის შემკვეთს და ი/მ გ---------------–--ეს, როგორც მომსახურეობის შემსრულებელს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა მომსახურეობის შემსრულებლის მიერ სასტუმროს მომსახურეობის შესრულება ქ. თბილისში, თელავის ქუჩა N5-ში მდებარე თავის კუთვნილ სასტუმრო ,,B------i’’-ში მომსახურეობის შემკვეთისათვის, ხოლო მომსახურეობის შემკვეთი, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა სამუშაოს ღირებულების გადახდას.

 

ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით, მომსახურეობის შესრულების ვადები განისაზღვრა 2017 წლის 04 აგვისტოდან 2018 წლის 04 აგვისტომდე.

 

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოები ან მათი ნაწილი ჩაითვლება შემსრულებლის მიერ შესრულებულად და შემკვეთის მიერ მიღებულად, მხარეთა შორის მომსახურეობის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის საფუძველზე.

 

ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით და შესასრულებელი მომსახურეობის გათვალისწინებით, სასტუმროს მომსახურეობის ღირებულება ყოველთვიურად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით შეადგენს 23 600 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, პირველი გადახდის განხორციელების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 5 აგვისტომდე პერიოდი, ხოლო მეორე გადახდის ვადად - 2017 წლის 20 აგვისტომდე პერიოდი, რომელიც ჩაითვლებოდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო თვის მომსახურეობის საფასურად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.14-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 04 იანვარს მოსარჩელეს მოპასუხისგან ეცნობა აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილობითი მიმოწერა (ს.ფ.18-20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2018 წლის 26 მარტს შპს ,,G-------------y’’-ს, როგორც მომსახურეობის შემკვეთს და ი/მ გ---------------–--ეს, როგორც მომსახურეობის შემსრულებელს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა მომსახურეობის შემსრულებლის მიერ სასტუმროს მომსახურეობის შესრულება ქ. თბილისში, თელავის ქუჩა N5-ში მდებარე თავის კუთვნილ სასტუმრო ,,B------i’’- ში მომსახურეობის შემკვეთისათვის, აპრილის თვეში დღიურად 10 გარანტირებული ოთახით/300 ღამისთევით (roomnights), ხოლო მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვეში დღიურად 20 გარანტირებული ოთახით/600 ღამისთევით (roomnights), ხოლო მომსახურეობის შემკვეთი, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა სამუშაოების ღირებულების გადახდას ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

 

ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით, მომსახურეობის შესრულების ვადები განისაზღვრა 2018 წლის 01 აპრილიდან 2018 წლის 31 ოქტომბრამდე.

 

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოები ან მათი ნაწილი ჩაითვლება შემსრულებლის მიერ შესრულებულად და შემკვეთის მიერ მიღებულად, მხარეთა შორის მომსახურეობის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის საფუძველზე.

 

ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეებს შორის ხორციელდება ლარში, ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თანახმად, შემსრულებლის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ყოველი თვის პირველი რიცხვიდან ათ რიცხვამდე. პირველი გადახდა 11 800 აშშ დოლარის განხორციელდება 2018 წლის 10 აპრილამდე, რომელიც იქნება აპრილის თვის მომსახურების, ხოლო გადახდილი დეპოზიტი 23 600 აშშ დოლარი ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო თვის ოქტომბრის მომსახურების საფასურად.

 

აღნიშნული ხელშეკრულების დანართში მითითებულია შემდეგი : ,,მე ეკატერინე ლოლაძე ვარ გარანტი იმის, რომ ზევით აღნიშნული ხელშეკრულების ოქტომბრის თვის დეპოზიტი გამოყენებული იქნება ნოემბერსა და დეკემბერში, იანვარში კი დაიწერება ახალი ხელშეკრულება, შესაძლებელია თებერვალი გავაჩეროთ და მარტიდან დავიწყოთ სრულად 20 ოთხის გამოყენება’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, დანართი (ს.ფ. 23-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის 2018 წლის 26 მარტს დადებული მომსახურების ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 28 მაისს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილია მხარეთა მიმოწერა, რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 28 მაისს მოსარჩელეს მოპასუხისგან ეცნობა 2018 წლის 26 მარტის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რის მიზეზადაც უმთავრესად მითითებულია ირანში შექმნილი სიტუაცია და ადგილობრივი ვალუტის კრიზისი, აღნიშნულიდან გამომდინარე კი შემცირებული გაყიდვები და უცხოური ავიახაზების მიერ ფუნქციონირების შეწყვეტა. ამავე მიმართვით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2018 წლის ოქტომბრისათვის დეპონირებული თანხა - 23 600 აშშ დოლარი მოსარჩელეს შეეძლო ჩაეთვალა 2018 წლის მაისის თვის მომსახურების საფასურად და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის მიერ სრულად არ ყოფილა გამოყენებული მაისის თვის მომსახურება, იგი არ ითხოვდა თანხებს შორის სხვაობას.

 

წარმოდგენილი მიმოწერის თანახმად, მოსარჩელე არ დაეთანხმა ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს და მიუთითა ასანაზღაურებელი ვალდებულების შესახებ. სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციითაც, მოსარჩელე კვლავ მიუთითებს, რომ ვინაიდან მას არ ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი, ხელშეკრულება ძალშია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო სამართალურთიერთობა ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება, ამდენად, კონტრაქტორი მხარის დასაბუთებული ინტერესის და კანონისმიერი ბოჭვის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეებს სახელშეკრულებო ურთიერთობებშიც აქვთ ცალმხრივად მოქმედების შესაძლებლობა. სახელშეკრულებო თავისუფლების გამოვლინებაა არა მხოლოდ ხელშეკრულების დადება, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა, კონტრაგენტის არჩევა და ა.შ. არამედ, ცალმხრივად, ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტა სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით წარმოადგენს ცალმხრივ, მიღება სავალდებულო ნების გამოვლენას. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და აგრძელებდა მოქმედებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კეთილსინდისიერ კონტრაგენტს ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი მხარის მიმართ წარმოეშობა ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად ზიანის ანაზღაურების უფლება, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ხელშემკვრელი მხარის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილის არ ქონის შემთხვევაში მეორე მხარის სურვილის საწინააღმდეგოდ უნდა გაგრძელდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისთვის დაწესებული ვადის გასვლამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიმოწერით დასტურდება, მოპასუხის მკაფიო, ერთმნიშვნელოვნად გამოხატული ნება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე იმ საფუძვლით რომ მას შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აღარ შეეძლო მომსახურების გამწევისგან მომსახურების მიღება ეცნობა კონტრაჰენტს. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 26 მარტს დადებული ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 28 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა მიმოწერები (ს.ფ.28-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა გ---------------–--ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისთვის 144 850 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მენარდის მიერ გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის გადახდა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე, რომლითაც მხარეებმა განსაზღვრეს, რომ სამუშაოები ან მათი ნაწილი ჩაითვლება შემსრულებლის მიერ შესრულებულად და შემკვეთის მიერ მიღებულად, მხარეთა შორის მომსახურეობის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამტკიცება ევალება მენარდეს. ამასთან, ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ ას-67-64-2016).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მენარდის მიერ სამუშაოების შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა როგორც ამას ითვალისწინებდა ხელშეკრულება. ამასთან, არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება მენარდეს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ანდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ, საქმე №ას-533-509-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში კი მართალია მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან თანხის გადახდის დაკისრებას, თუმცა არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე რაც ამყარებს მის სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში სადავო გახადა როგორც მოთხოვნილი თანხის ოდენობა, ასევე მისი წარმოშობის საფუძველი. აღნიშნულის და მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში კი მოსარჩელეს არ მიუთითებია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე რაც განაპირობებდა აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობას. სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ მითითება ხელშეკრულებებზე და მის დარღვევაზე არ არის საკმარისი მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მით უფრო როდესაც აღნიშნული გარემოება მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი. მოსარჩელეს გარდა ხელშეკრულებისა არ წარმოუდგენია სხვა რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულებები, შესაბამისად, არ მიუთითებია არც შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე, რის გამოც არ დგინდება რა დაანგარიშების, ან კონკრეტულად რომელი ვალდებულების დარღვევის გამო ეკისრება მოპასუხეს აღნიშნული თანხა. მნიშვნელოვანია, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში სასამართლოს მიერაც დაისვა შეკითხვა როგორც თანხის ოდენობის, ასვე მისი წარმოშობის საფუძვლის შესახებ, თუმცა მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა კვალიფიციური მტკიცება მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის რომ არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებაზე მოპასუხის წარმომადგენლის მინდობილობის საკითხთან მიმართებით. სასამართლო მიუთითებს, რომ მიმდინარე დავის განხილვისას მოპასუხის წარმომადგენლის უფლებამოსილება დადასტურებულია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით. ნოტარიუსი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს როგორც ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ასევე ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ’’ ინსტრუქციის თანახმად. შესაბამისად, სასამართლო შესაბამისი მოთხოვნის არ არსებობისას მხოლოდ მიმდინარე დავის ფარგლებში არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს სანოტარო მოქმედების სისწორეზე და შეაფასოს ნოტარიუსის ქმედება და არსებითად იმსჯელოს მის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელების მართებულობა/არა მართებულობაზე. სასამართლოსთვის ამოსავალია ის გარემოება, რომ მოპასუხის წარმომადგენელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-101 მუხლების თანახმად, წარმოადგენს მოპასუხის უფლებამოსილ წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით შედგენილი მინდობილობის საფუძველზე, რითაც მიენიჭა მას სრული უფლებამოსილება საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 5 000 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისთვის 3 000 ლარს. შესაბამისად მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 2 000 ლარი, ხოლო დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ---------------–--ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,G-------------y’’-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე გ---------------–--ეს დაუბრუნდეს ბ---–-----------–--ის მიერ სს ,,თიბისი ბანკი’’ - ში 13.06.2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 000 ლარიდან 2 000 ლარი (საგადახდო დავალება #0);

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 3 000 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია