გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.11.2018
საქმის ნომერი
330310018002705353
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3/6916-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი – თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ი-------------ის სერვის ცენტრი

წარმომადგენელი - მ-------–-----ე

 

მოპასუხე - ს------------------ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაეკისროს მოპასუხე ს------------------ს გარდაცვლილი ლ------------------ას საპენსიო თანხის - 180 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ს------------------ს, წერილობითი ფორმით შესაგებელი თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ი-------------ის სერვის ცენტრის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ი-------------ის სერვის ცენტრის სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ლ------------------ა გარდაიცვალა 2017 წლის 29 ივნისს.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------ის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 2 აგვისტოს N------------- გადაწყვეტილებით ბანკიდან გამოთხოვილ იქნა ლ------------------ას მიერ მიღებული სახელმწიფო პენსია 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, სულ 1080 ლარი. ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ სახელმწიფო პენსიის თანხა ბენეფიციარის მიერ აღდგენილია და დაბრუნებას ექვემდებარება 2017 წლის ივლისის თვის თანხა 180 ლარის ოდენობით, რომლის გატანა მოხდა მოთხოვნამდე.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრმა 2018 წლის 30 აგვისტოს N------------- წერილით მიმართა ს------------------ს და განმარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია ბენეფიციარის ლ------------------ას პ/ნ 0---------- გარდაცვალების ფაქტზე. სახელმწიფო გასაცემლებთან დაკავშირებული კანონმდებლობით, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი შეწყდება ბენეფიციარის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და გარდაცვალების შემდგომ ჩარიცხული თანხები ექვემდებარება ბიუჯეტში აღდგენას. ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადებლობის გამო, ადგილი აქვს სახელმწიფო პენსიის არასწორად გაცემას, დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 180 ლარს. ს------------------ს დამატებით განემარტა, რომ ერთი თვის ვადაში უნდა გამოცხადებულიყო თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ი-------------ის სერვის ცენტრში ან ერთი თვის ვადაში გამოცხადების გარეშე აღედგინა თანხა მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

 

ს------------------მა 2017 წლის 1-ლი ივლისიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე მიიღო ლ------------------ას სახელმწიფო პენსია 180 ლარის ოდენობით. 2017 წლის აგვისტოს თვიდან 2018 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხული სახელმწიფო პენსიის თანხები, ბანკის მიერ სრულად დაბრუნდა სოციალური მომსახურების სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე.

 

თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მთავარი სპეციალისტის ნ-----------–---- მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2017 წლის 29 ივნისს გარდაცვლილი ლ------------------ას სახელზე ს-----–------------კში“ ჩარიცხული სახელმწიფო გასაცემლის თანხა, 2017 წლის 1-ლი ივლისიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე, სულ 180 ლარი, მასზე უფლების შეწყვეტის შემდეგ, გაცემულია საბანკო ანგარიშებიდან მოქალაქე ს------------------ზე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნას. აღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენა არ მოხდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N0---------- (იხ.ს.ფ. 16-17);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელწიფო სერვისების განვითარების სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N--------- წერილი (იხ.ს.ფ. 15);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------ის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 2 აგვისტოს N------------- გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 18);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 30 აგვისტოს N------------- წერილი (იხ.ს.ფ. 19-20);

- ლ-------------ის 2018 წლის 1 ოქტომბრის N----- წერილი და ამონაწერი ანგარიშიდან (იხ.ს.ფ. 13-14);

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მთავარი სპეციალისტის ნ-----------–---- მოხსენებითი ბარათი (იხ.ს.ფ. 12).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ი-------------ის სერვის ცენტრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ი-------------ის სერვის ცენტრის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ს------------------ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული სახელმწიფო პენსიის თანხის - 180 ლარის (ას ოთხმოცი ლარი) ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განმარტებულია პენსიის ცნება. კერძოდ, პენსია არის პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი.

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ქვეპუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს ერთ-ერთი უფლება-მოვალეობაა პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება.

 

პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------ის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 2 აგვისტოს N------------- გადაწყვეტილებით ბანკიდან გამოთხოვილ იქნა ლ------------------ას მიერ მიღებული სახელმწიფო პენსია 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, სულ 1080 ლარი. ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ სახელმწიფო პენსიის თანხა ბენეფიციარის მიერ აღდგენილია და დაბრუნებას ექვემდებარება 2017 წლის ივლისის თვის თანხა - 180 ლარის ოდენობით, რომლის გატანა მოხდა მოთხოვნამდე.

 

6.2. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერი არის პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია; ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გარდაცვალება არის პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დადგენილია რომ, სახელმწიფო პენსიის მიმღები პირი, პენსიონერი ლ------------------ა გარდაიცვალა 2017 წლის 29 ივნისს.

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პენსიონერის გარდაცვალება. ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების (დანართი №1) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი.

 

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების (დანართი №1) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ 2017 წლის 29 ივნისს გარდაცვლილი ლ------------------ას სახელზე ს-----–------------კში“ ჩარიცხული სახელმწიფო გასაცემლის თანხა, 2017 წლის 1-ლი ივლისიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე, სულ 180 ლარი, მასზე უფლების შეწყვეტის შემდეგ, გაცემულია საბანკო ანგარიშებიდან მოქალაქე ს------------------ზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

სასამართლო არსებული მასალების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ ს------------------მა ზედმეტად მიიღო გარდაცვლილი ლ------------------ას ერთი თვის სახელმწიფო პენსია, რომლის ოდენობაც შეადგენს 180 ლარს. აღნიშნულის საწინააღმდეგო ინფორმაცია წარმოდგენილი ანდა მოძიებული ვერ იქნა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელე თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ი-------------ის სერვის ცენტრის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ზედმეტად მიღებული თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში უკან დაბრუნებას.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ი-------------ის სერვის ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ს------------------ს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე