გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002628282
2-1047-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე - დ----------–-შვილი
წარმომადგენელი - დ---------–-----შვილი
მოსარჩელე - ა-----------ძე
წარმომადგენელი - დ----------–-შვილი
მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------------------------------------------------''
წარმომადგენლები - ო-–---------–--------------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ 20425 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეების თანასაკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სადაც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---------------------------------- ჯ------" აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, ქვიშხეთში მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება; მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 20425 ლარი და 47 თეთრი, - ინდივიდუალური მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელეთა სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა.
2.1. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---------------------------------- ჯ------'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეთა თანასაკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე უძრავ ნივთზე - 1600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე საკადასტრო კოდით 69 06 60 263 (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.15-16);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.
მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად, დამაკმაყოფილებელია, შენობა, შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა, საჭიროებს დაკვირვებას.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზიანებები გამოიწვია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით;
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ დაზიანებები აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია - მათ მიერ წარმოდგენილი, აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის“ დასკვნა გამორიცხავს აფეთქბითი სამუშაოების შედეგად მოსარჩელეთა უძრავის ნივთის დაზიანებას;
3.2.2. მოსარჩელეთა უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 20425 ლარი და 47 თეთრი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე - სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 10 000 ლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი; სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, სოფელ ქვიშხეთში მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება; მოპასუხემ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა კომპანია ,,ექსორიქსის“ მიერ გაცემული დასკვნა და აღნიშნა, რომ ამ დასკვნით, გამოირიცხება მოპასუხის ბრალი მოსარჩელის ნივთების დაზიანებაში, ,,ექსორიქსის“ დასკვნა ვერ აქარწყლებს კონკრეტული უძრავი ნივთის დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცალსახა დასკვნას დაზიანების მიზეზების შესახებ; აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაა შედგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, - ექსპერტს განმარტებული აქვს ამ კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, გაფრთხილებულია შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის შენობა-ნაგებობების დაზიანების მიზეზების შესახებ, - მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამასთან, სასამართლო ერთმანეთს ადარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში აღწერილ დაზიანებებს საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღწერილ სამუშაოებს და მათ ღირებულებას, მიაჩნია, რომ ამ ორ დოკუმენტში აღწერილი დაზიანებების რაოდენობა ერთმანეთისაგან განსხვავდება, დოკუმენტაციაში მითითებული დაზიანებების ნაწილი არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით და მათი აღდგენისათვის საჭირო თანხა არ უნდა დაეკისროს მოპასუხეს; აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არის ნაწილობრივი, შესაბამისად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ზიანის ოდენობა სრულად მოპასუხე მხარეს არ უნდა გადახდეს. გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოებაც, რომ სახლის მდგომარეობა ძირითადად, დამაკმაყოფილებელია და ის შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა - დაკვირვების პირობებში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე; აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---------------------------------- ჯ-----ს'' მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 600 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---------------------------------- ჯ------ს მუ------------------–---–ს'' მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---------------------------------- ჯ------ს მუ------------------–---–ს'' უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული თანხის პროპორციულად, 294 ლარის გადახდა, - მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის სანაცვლოდ. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას სხვა საპროცესო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდეს: ექსპერტიზის ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის ნაწილი - 245 ორას ორმოცდახუთი) ლარი, ხარჯთაღრიცხვის მომზადების ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის ნაწილი - 245 (ორას ორმოცდახუთი) ლარი და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 300 (სამასი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---------------------------------- ჯ-----ს'' დ----------–-შვილის და ა-----------ძის სასარგებლოდ გადახდეს 10 000 (ათი ათასი) ლარი;
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---------------------------------- ჯ-----ს'' დ----------–-შვილის და ა-----------ძის სასარგებლოდ გადახდეს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 294 (ორას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი, 245 (ორას ორმოცდახუთი) ლარი - ექსპერტზის ჩატარებისათვის გადახდილი ხარჯის ნაწილი, 245 (ორას ორმოცდახუთი) ლარი - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი, 300 (სამასი) ლარი - წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი;
3. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხაშურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი