გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N2/25082-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე
სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე
მოსარჩელე - შპს „პ------–-------------------------ო“
წარმომადგენელი - ნ-----------–-–---–ი, თ-----------–--ე
მოპასუხე - თ------–------ა
წარმომადგენელი - ა-–--------------–-----–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე თ------–------ას შპს „პ------–-------------------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 2000 ლარის გადახდა;
1.2 მოპასუხე თ------–------ას შპს „პ------–-------------------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა 100 ლარის ოდენობით;
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 19 მაისს მოპასუხე თ------–------ას ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს „ტ-----ს“ (ყოფ. შპს „ნ-------------ი“) მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 14 დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სესხი უნდა დაბრუნებულიყო სარგებელთან ერთად. ხელშეკრულების პირობები განთავსებულია შპს „ტ-----ს“ ვებ-გვერდზე. სესხის ხელშეკრულების თანახმად სარგებელი შეადგენდა 85 ლარს. ხელშეკრულების 7.4 მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება დაფარვის თარიღის შემდეგი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 1%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 4.6 მუხლის თანახმად, პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა, შემდეგ საკომისიო და ბოლოს ძირი თანხა. მოპასუხის მხრიდან არცერთი გადახდა არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მან არ შეასრულა აღებული სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების მიხედვით და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 3092,25 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 1000 ლარი, საკომისიო 85 ლარი და პირგასამტეხლო 2007,25 ლარი. მოსარჩელემ შეამცირა დარიცხული პირგასამტეხლო და მოითხოვა მოპასუხისათვის 2000 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირია 1000 ლარი, საკომისიო 85 ლარი და პირგასამტეხლო 915 ლარი.
2016 წლის 28 დეკემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ტ-----მ“ შპს „პ------–-------------------------ოს“ დაუთმო კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ------–------ამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ ეთანხმება არცერთ ფაქტობრივ გარემოებას. ასევე, მოპასუხე უთითებს, რომ დარიცხული საკომისიო და პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე დამატებით განმარტა, რომ მოპასუხეს აღნიშნული სესხის თანხა წინსწრებით აქვს დაფარული და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან თ------–------ას არანაირი დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 19 მაისს მოპასუხე თ------–------ას ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს „ტ-----ს“ (ყოფ. შპს „ნ-------------ი“) მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 14 დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სესხი უნდა დაბრუნებულიყო სარგებელთან ერთად. ხელშეკრულების პირობები განთავსებულია შპს „ტ-----ს“ ვებ-გვერდზე. სესხის ხელშეკრულების თანახმად სარგებელი შეადგენდა 85 ლარს. ხელშეკრულების 7.4 მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება დაფარვის თარიღის შემდეგი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 1%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება; (ს.ფ. 15-26)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2 2016 წლის 28 დეკემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ტ-----მ“ შპს „პ------–-------------------------ოს“ დაუთმო კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უფლება.
- შეთანხმება სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე; (ს.ფ. 28)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხემ არ შეასრულა აღებული სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების მიხედვით და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 2000 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 1000 ლარი, საკომისიო 85 ლარი და პირგასამტეხლო 915 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 27);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ მას აღნიშნული სესხის თანხა წინსწრებით აქვს დაფარული, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება მისი ახსნა-განმარტების გარდა, რაც დაადასტურებდა გამოთქმულ პოზიციას, ხოლო მხოლოდ ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 400-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 19 მაისს შპს „ტ-----სა“ და თ------–------ას შორის გაფორმდა ელექტრონული სესხისა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კრედიტორმა სესხის სახით გადასცა თანხა მოპასუხეს 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული სესხისა ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, კერძოდ, საპროცენტო განაკვეთი 14 დღეზე განისაზღვრა 0,01%-ის ოდენობით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ გადახდის გრაფიკის დარღვევისათვის მსესხებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 %-ის ოდენობით.
ასევე დადგენილია, რომ თ------–------ამ დაარღვია სესხის ხელშეკრულების პირობები, მას 14 დღის ვადაში უნდა დაებრუნებინა სესხის სარგებელთან ერთად, რაც არ განუხორციელებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შპს „პ------–-------------------------ოს“ მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ მიაჩნია გონივრულად, რის გამოც პირგასამტეხლოს მოცულობა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესით უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 80 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხე თ------–------ას დაეკისრა 1165 ლარის გადახდა. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 34,95 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. ხოლო, სარჩელის უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 15,05 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. კონკრეტულ შემთხევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 100 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასური 1165 ლარის ფარგლებში -40 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს “პ------–-------------------------ოს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე თ------–------ას შპს “პ------–-------------------------ოს” სასარგებლოდ დაეკისროს 1165.00 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1000.00 ლარი, საკომისიო - 85.00 ლარი, პირგასამტეხლო - 80.00 ლარი;
3. მოპასუხე თ------–------ას შპს “პ------–-------------------------ოს” სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით 40.00 ლარის ანაზღაურება;
4. მოპასუხე თ------–------ას შპს “პ------–-------------------------ოს” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 34.95 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე