გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/27171-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო ს------- კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - სა---------–----–---------------------------ო
წარმომადგენელი - თო-------------------ე
მოპასუხე - შპს ,,ნა------–----------------ი“
წარმომადგენელი - გი---------–-----ა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ნა------–----------------ი“-ს სა---------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 23 825,16 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სა---------–----–---------------------------ოსა და შპს ,,ნა------–----------------ს“ შორის 2017 წლის 25 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, შ------ ს------- ს------------- სხვადასხვა დანაყოფისათვის მიეწოდებინა საკვები პროდუქტები (ყველი), ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით მოთხოვნის შესაბამისად კვირაში ერთხელ. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, საკვები პროდუქტი (ყველი), ქ. თბილისში, ნაცვლად 2017 წლის 30 ოქტომბრისა, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 24 ნოემბერს, ოცდახუთი კალენდარული დღის დაგვიანებით, ხოლო ქ. ზუგდიდში, ნაცვლად 2017 წლის 31 ოქტომბრისა, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 28 ნოემბერს, ოცდარვა კალენდარული დღის დაგვიანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის შემსყიდველის მიერ მიმწოდებელ კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 299 687,50 ლარის 0,15%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 23 825,16 ლარს. მოპასუხის მიერ ამ დრომდე არ მომხდარა დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო არის არაგონივრულად მაღალი. გარდა ამისა, პირგასამტეხლო არასწორად არის დარიცხული, რადგან მისი ოდენობა უნდა გამოითვალოს კონკრეტული პოზიციის საქონლის ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან.
მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ ვალდებულება ვერ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ იყო გამოწვეული. შპს ,,ნა------–----------------ი“ 2017 წლის დასაწყისიდან აღნიშნული ხელშეკრულებების გათვალისწინებით კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს დათქმულ დროსა და ადგილას, რაც გამოიხატებოდა იმაში რომ არცერთხელ არ ყოფილა მითითება შენიშვნის სახით პროდუქციის ხარისხზე და მიწოდების გრაფიკის დარღვევასთან დაკავშირებით. 2017 წლის 24 ოქტომბერს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შპს ,,ნა------–----------------ის“ მიერ ჩატარდა ერთობლივი ღონისძიებები რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოხდა წარმოებაში არსებული მანქანა დანადგარების დეზინფექცია დერატიზაცია, რის შემდეგაც აიღეს ჩამონარეცხების 34 წერტილში მიკრობიოლოგიური ანალიზები. მიკრობიოლოგიური ანალიზის პასუხი სტანდარტულად გაიცემა 5-7 თვის ვადაში. ვინაიდან, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოება არ ფუნქციონირებდა და კომპანიას მისაწოდებელი ჰქონდა პროდუქცია, ხელშეკრულების შესრულების მიზნით შპს ,,ნა------–----------------მა“ მიმართა სა---------–----–---------------------------ოს პროდუქციის ჩანაცვლების მიზნით, რისთვისაც საჭირო იყო პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზის აღება, რასაც დაჭირდა 21 დღე, რომლის გასვლის შემდეგაც მოპასუხემ განაახლა პროდუქციის მიწოდება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 25 იანვარს სა---------–----–---------------------------ოსა (შემსყიდველი) და შპს ,,ნა------–----------------ის“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების (რძის პროდუქტები - ყველი) შესყიდვა (CPV-15500000). ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 299 687,50 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა დანართი №1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
მხარეთა შორის 2017 წლის 25 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების 11.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია დანართი №1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 19-24);
- ხელშეკრულების დანართი (ს.ფ. 25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. სა---------–----–---------------------------ოსა და შპს ,,ნა------–----------------ის“ შორის 2017 წლის 20 ნოემბერს გაფორმდა შეთანხმება №3 მხარეთა შორის 2017 წლის 25 იანვარს გაფორმებულ №---ე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დანართი N1-ის პირველი პოზიციით გათვალისწინებული მისაწოდებელი რაოდენობის - 2500 კგ. ქართული წარმოების ,,ნა------–----------------ის“ მიერ წარმოებული ყველის ჩანაცვლება მოხდა ქართული წარმოების ,,რკ ჩემი ოჯახის“ მიერ წარმოებული ყველით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური პირობების გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება N3 (ს.ფ. 57-58);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. შპს ,,ნა------–----------------მა“ ჯეროვნად არ შეასრულა მას და სა---------–----–---------------------------ოს შორის 2017 წლის 25 იანვარს გაფორმებული №-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით. მიწოდება განხორციელდა შემდეგნაირად:
ა) 328 კგ. რძის პროდუქტი - ყველი (ღირებულება 3 145,52 ლარი) 2017 წლის 24 ნოემბერს - 25 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2017 წლის 30 ოქტომბერი);
ბ) 212 კგ. რძის პროდუქტი - ყველი (ღირებულება 2 033,08 ლარი) 2017 წლის 28 ნოემბერს - 28 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2017 წლის 31 ოქტომბერი);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 27-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. შპს ,,ნა------–----------------ს“ მას და სა---------–----–---------------------------ოს შორის 2017 წლის 25 იანვარს გაფორმებული №-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%, ჯამში - 23 825,16 ლარი.
შპს ,,ნა------–----------------ს“ დავალიანების დაფარვის მიზნით, სა---------–----–---------------------------ოსაგან გაეგზავნა შესაბამისი გაფრთხილების წერილი საქონლის მიწოდების ვადადარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შესახებ, თუმცა პირგასამტეხლო დღემდე დაფარული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შსს-ს წერილი (ს.ფ. 33-34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სა---------–----–---------------------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 477-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
2017 წლის 25 იანვარს სა---------–----–---------------------------ოსა (შემსყიდველი) და შპს ,,ნა------–----------------ის“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების (რძის პროდუქტები - ყველი) შესყიდვა (CPV-15500000). ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 299 687,50 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა დანართი №1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
დადგენილია, ასევე, რომ შპს ,,ნა------–----------------მა“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და სა---------–----–---------------------------ოს შორის 2017 წლის 25 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით. შესაბამისად, წარმოიშვა ამავე ხელშეკრულების 11.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოპასუხის მიერ მითითებულ ბრალის გამომრიცხველ გარემოებებთან დაკავშირებით.
მოპასუხის განმარტებით, მის მიერ საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შპს ,,ნა------–----------------ის“ მიერ ჩატარდა ერთობლივი ღონისძიებები, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოხდა წარმოებაში არსებული მანქანა დანადგარების დეზინფექცია დერატიზაცია, რის შემდეგაც აიღეს ჩამონარეცხების 34 წერტილში მიკრობიოლოგიური ანალიზები. მიკრობიოლოგიური ანალიზის პასუხი სტანდარტულად გაიცემა 5-7 თვის ვადაში. ვინაიდან, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოება არ ფუნქციონირებდა და კომპანიას მისაწოდებელი ჰქონდა პროდუქცია, ხელშეკრულების შესრულების მიზნით შპს ,,ნა------–----------------მა“ მიმართა სა---------–----–---------------------------ოს პროდუქციის ჩანაცვლებისათვის, რისთვისაც საჭირო იყო პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზის აღება, რასაც დაჭირდა 21 დღე, რომლის გასვლის შემდეგაც მოპასუხემ განაახლა პროდუქციის მიწოდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით დადგენილია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევები. კერძოდ, ასეთად ჩაითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ხოლო, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, კი ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მისი ბრალის გამომრიცხველ გარემოებად მიუთითებს ე.წ. ფორსმაჟორს. სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ. ფორსმაჟორი, ეს არის საპატიო გარემოება, რამაც შეიძლება გამორიცხოს ხელშეკრულების ვადის დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობა. ამგვარი წიპირობების წარმოქმნა ხდება პირისგან დამოუკიდებელი მიზეზით, მიუხედავად მისი კანონშესაბამისი და გულისხმიერი მოქმედებისა, რის გამოც შეუძლებელი ხდება ვალდებულების დროულად შესრულება. ამასთან, ამ გარემოების გათვალისწინება და მისი თავიდან აცილება მხარეს არ შეუძლია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მეწარმე სუბიექტს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას ეკისრება გულმოდგინედ მოქმედების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ მან უნდა გამოიჩინოს სათანადო გულისხმიერება და განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, წინასწარ განჭვრიტოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკები და მიიღოს სათანადო ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები სცდება მოპასუხის კოტროლის სფეროს, თუმცა ეს ისეთი გარემოებებია რაც არის წინასწარ განჭვრეტადი და მეწარმის მიერ წინდახედულობის ნორმების სათანადოდ დაცვის პირობებში, ექვემდებარება გათვალისწინებას და მისი მიზეზით ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილებას. შესაბამისად, გონივრულად ივარაუდება, რომ მოპასუხის მიერ დეზინფექცია-დერატიზაციის პროცედურებთან, ასევე საქონლის მოწოდებასთან დაკავშირებული სავარაუდო რისკები და პრობლემები (პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზის აღება), მის მიერ ჩვეულებრივ წინდახედულობის ნორმების დაცვით, თავიდანვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ბრალის გამომრიცხველი გარემოებები უსაფუძვლო და დუსაბუთებელია. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2017 წლის 25 იანვარს სა---------–----–---------------------------ოსა და შპს ,,ნა------–----------------ი“-ს შორის გაფორმებული №-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 11.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია დანართი №1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტელო ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ შპს ,,ნა------–----------------მა“ ჯეროვნად არ შეასრულა მას და სა---------–----–---------------------------ოს შორის 2017 წლის 25 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით, რის გამოც შემსყიდველის მიერ დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%, ჯამში - 23825,16 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 23 825,16 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
ამასთან, მხარეთა შორის 25.01.2017წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების დავალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. (იხ. სუსგ. №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი)
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი)
დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის მიწოდება განახორციელა ვადის დარღვევით. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი ოდენობა საქონლის მიწოდების ვადის თითოეული დარღვევიდან გამომდინარე დაანგარიშებული უნდა იყოს შემდეგნაირად:
ა) 328 კგ რძის პროდუქტი - ყველის (ღირებულება 3 145,52 ლარი) მიწოდების 25 დღით დაგვიანებისათვის - 117,75 ლარი (3145,52*0,15/100=4,71*25);
ბ) 212 კგ რძის პროდუქტი - ყველის (ღირებულება 2 033,08 ლარი) მიწოდების 28 დღით დაგვიანებისათვის - 85,12 ლარი (2033,08*0,15/100=3,04*28);
ამდენად, განსაზღვრული ჯარიმის ჯამური ოდენობა შეადგენს - 202,87 ლარს. შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 202,87 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 23 825,16 ლარისა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.
რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო მიწოდებული საქონელი და გადაიხადა შესაბამისი საფასური, აღარ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილება, სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მოვალეს ეკისრება მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამასთან, ამავე კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულებისათვის დაწესებული იყო პირგასამტეხლო, მოსარჩელე უფლებამოსილია მოვალეს მოსთხოვოს, როგორც ვალდებულების შესრულება, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდაც. არაჯეროვანი შესრულების მიღება არ ათავისუფლებს მოვალეს შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.
მოსარჩელე იმის მიუხედავად, რომ მოპასუხისაგან ვადის დარღვევით მიიღო შესრულება და გადაიხადა შესრულების შესაბამისი საფასური, უფლებამოსილია მოითხოვის მოპასუხისათვის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირგასამტეხლო. შესაბამისად, მოპასუხის ზემოთ მითითებული პოზიცია დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სა---------–----–---------------------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 202,87 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელე - სა---------–----–---------------------------ო გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (202,87 ლარი) სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 6,07 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სა---------–----–---------------------------ოს სარჩელი შპს ,,ნა------–----------------ი“-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს ,,ნა------–----------------ს“ მოსარჩელე სა---------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 202,87 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე შპს ,,ნა------–----------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 6,07 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო ს------- პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო ს------- კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი