გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/21849-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.11.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - ზ---–------ე;
მოპასუხე - ლ---------–--ე;
წარმომადგენელი - ი-----–-----–--------ი;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ლ---------–--ეს მოსარჩელე ზ---–-------ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4800 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 17 ივნისს, ზ---–------ემ ლ---------–--ეს სესხის სახით გადასცა 5000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სარგებელი ყოველთვიურად 2%-ის ოდენობით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება არ დაუფარავს, რის გამოც სარჩელით ითხოვდა 5000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მოპასუხეს თანხის ნაწილი დაფარული აქვს, რის გამოც მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის - 4800 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ---------–--ემ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ არ ეთანხმება სარჩელს. კერძოდ, მოსარჩელემ მას სესხის სახით გადასცა არა 5000 აშშ დოლარი, არამედ 1500 აშშ დოლარი, ამასთან სესხის ყოველთვიური სარგებელი იყო 10%. მოპასუხის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ გაგრძელდებოდა ხელშეკრულება, იმ პირობით, რომ გადახდილი თანხით დაიფარებოდა სესხის ძირითადი თანხა, თუმცა მოსარჩელემ აღნიშნული პირობა არ შეასრულა და უკანონოდ ითხოვს თანხის დაკისრებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები იმყოფებოდნენ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობაში. სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ასხნა-განმარტება -იხ. სარჩელი, შესაგებელი.
- სესხის ხელშეკრულება/ხელწერილი.
- მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მხარეთა შორის სესხის საგანს წარმოადგენდა არა 5000 აშშ დოლარი, არამედ 1500 აშშ დოლარი, ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით ასევე არ დასტურდება მოსარჩელესათვის სესხის ძირითადი თანხის - 1100 აშშ დოლარის ოდენობით დაბრუნების ფაქტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაწილი შეადგენს - 4800 აშშ დოლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის შესაბამისად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილის მიხედვით, რომელიც სანოტარო წესით იქნა დადასტურებული, მოპასუხე მხარე მიუთითებს მასზედ, რომ მოსარჩელე მხარისაგან ისესხა 5000 აშშ დოლარი, თვეში 2%-ი სარგებლის გადახდით, 6 თვით (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 14). - აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეზე არ მოიპოვება და არც მხარეს წარმოუდგენია. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის შესაბამისად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება/ხელწერილი.
- მხარეთა ახსნა-განმარტება, იხ. სხდომის ოქმები, სარჩელი, შესაგებელი.
- გადახდის ქვითრები, საბანკო ამონაწერი.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
ერთია, როდესაც მოვალე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, ხოლო მეორე - მიიჩნევა თუ არა აღნიშნული შესრულება კრედიტორის მხრიდან მიღებულად და ვინ უნდა ამტკიცოს ეს (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით დამატებით იხ.,Palandt, BGB, Beckische Kurs-Kommentar, 62 auflage, Verlag C.H. Beck, 2003, 570).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ სესხის თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
მსესხებელს წარმოეშობა ვალდებულება დაადასტუროს, რომ მან სესხის სახით მიღებული თანხა დააბრუნა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სესხის ძირითადი თანხის გადახდის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება წარდგენილი არ არის. რაც შეეხება მოპასუხის მითითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ გარკვეული პერიოდულობით ხორციელდებოდა თანხის გადახდა. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ 650 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 200 აშშ დოლარი ჩაითვალა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო 450 აშშ დოლარი სესხის სარგებლის სახით გადახდილ თანხად, რამდენადაც, სესხის ხელშეკრულების შინაარსიდან ირკვევა, რომ სესხის იყო სარგებლიანი და მოპასუხე ვალდებული იყო ყოველთვიურად გადაეხადა სესხის სარგებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (იხ. საგადახდო დავალებები, მხარეთა ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ახორციელებდა სესხის სარგებლის დაფარვას გარკვეული პერიოდულობით, რაც თავისთავად არ გულისხმობს, რომ მას არ უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის დაფარვა, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მის მიერ შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით, რის გამოც დგინდება, რომ მოპასუხის ფულადი დავალიანება მოსარჩელისადმი შეადგენს - 4800 აშშ დოლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ზ---–-------ს სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, გარიგება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედეგების გამომწვევია. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქლაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგებილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება ზუსტად აისახა 2016 წლის 17 ივნისის ხელშეკრულებაში/ხელწერილში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედგეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელს გადაეცა შეთანხმებული სესხის თანხა, ხოლო მოპასუხე მხარეს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამევე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ---–------ესა და ლ---------–--ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი - 5000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელით ითხოვს - 4800 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა დაბრუნებული სესხის სახით მიღებული თანხა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სესხის თანხის ნაწილის - 4800 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანი და დასაბუთებულია და შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 352.80 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 49-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ზ---–-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ლ---------–--ეს მოსარჩელე ზ---–-------ს სასარგებლოდ დაეკისროს - 4800 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხე ლ---------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 352.80 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი