განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2018
საქმის ნომერი
200100115001023944
დავის ტიპი
218 2 ბ , 210 1
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100115001023944

№1/174-15 (№0-----------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 დეკემბერი 2018 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ---------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - კ----------------–--------–---–ი (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული: ს----------------------------------.

 

ადვოკატი - გელა ტყეშელაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ელი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2014 წლის თებერვლის თვეში შპს „კონტანტინეს“ დირექტორმა კ----------------–--------–---–მა, რომელიც ასევე რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტიდან შეიტყო, რომ აუდიტის დეპარტამენტში მიმდინარეობდა შპს „კ------------ეს“ და ი.მ. „კ----------------–--------–---–ის“ რევიზია, რევიზიის მიმდინარეობისას დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაამზადა 121027 ლარის ღირებულების 2012 წლის 28 დეკემბრით დათარიღებული მოქალაქე დ------------–---–ისგან საქონლის ყალბი შესყიდვის აქტი, 2012 წლის 25 სექტემბრით, 2012 წლის 27 სექტემბრით და 2012 წლის 29 სექტემბრით, დათარიღებული მოქალაქე ნ------–-–-–---–ისგან საქონლის ყალბი შესყიდვის აქტები, 2012 წლის 06 აგვისტოთი დათარიღებული მოქალაქე თ-------------–----–---–ისგან საქონლის ყალბი შესყიდვის აქტი - პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, სხვა საბუღალტრო დოკუმენტებთან ერთად 2014 წლის 01 აპრილს წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელს.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მუშაკების მიერ ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების 2014 წლის 08 დეკემბრის აქტით და ამავე დეპარტამენტის 2014 წლის 09 დეკემბრის №51084 ბრძანებით შპს „კ------------ეს“ 2013 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის 30 იანვრამდე პერიოდში დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად მოგების გადასახადში დაერიცხა 175717 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 117145 ლარი, ჯარიმა 58572 ლარი. აღნიშნულ დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით შპს „კ------------ეს“ დირექტორს კ----------------–--------–---–ს 2014 წლის 10 დეკემბრის N67-7 საგადასახადო მოთხოვნა ელექტრნულად ჩაბარდა 2014 წლის 10 დეკემბერს.

 

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2013 წლის 30 დეკემბრის და 2014 წლის 01 ოქტომბრის ბრძანებებით ვინაიდან შემცირებული ჰქონდა დღგ-ს გადასახდელი თანხა შპს „კ------------ეს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 229256,64 ლარი, ასევე ჯარიმა 114628,32 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით ვინაიდან შემცირებული ჰქონდა დღგ-ს გადასახდელი თანხა შპს „თ------–-ს“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი არის კ----------------–--------–---–ი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა145 619,97 ლარი, ასევე ჯარიმა 72 809,99 ლარი.

 

აღნიშნულ დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით შპს „კ------------ეს“ და „თ------–-ს“ დირექტორს კ----------------–--------–---–ს 2013 წლის 30 დეკემბრის N S-----------------, 2014 წლის 01 ოქტომბრის N S----------------- და 2014 წლის 23 დეკემბრის N S----------------- საგადასახადო მოთხოვნები გაეგზავნა ელექრონულად, რასაც გაეცნო 2014 წლის 04 იანვარს, 2014 წლის 03 ნოემბერს და 2014 წლის 30 დეკემბერს.

 

ხსენებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით გასულია შესაბამისი გასაჩივრების ვადები, შპს „კ------------ესთან“ და შპს „თ------–-სთან“ საგადასახადო შეთანხმების აქტი არ გაფორმებულა, ხსენებული დარიცხული თანხები არ გადაუხდია. შპს „კ------------ეს“ და შპს „თ------–-ს“ დირექტორმა კ----------------–--------–---–მა ზემოაღნიშნული ქმედებით განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2012 წელს მას კ----------------–--------–---–ისთვის სიმინდი არ მიუყიდია. მოწმის განმარტებით მართალია მას მოყავს ხორბალი მაგრამ 2012 წელს მიყიდა თუ არა აღნიშნული კ----------------–--------–---–ს არ ახსოვს. მოწმეს სასამართლო სხდომაზე წარედგინა 2012 წლის 25 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, რასთან დაკავშირებითაც განმარტა, რომ ხსენებულზე მისი ხელმოწერა არ არის.

 

თ-------------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აქვს ერთი ჰექტარი მიწა, რასაც ამუშავებს და მოყავს ხორბალი, ქერი და მზესუმზირა. მოწმის განმარტებით ი.მ. კ----------------–--------–---–თან არანაირი შეხება არ ქონია და მისთვის არასდროს მიუყიდია 43 200 კილოგრამი ხორბალი, რადგან მას ამ რაოდენობის ხორბალი არასოდეს ქონია, შესაბამისად აღნიშნულის საფასური 19 440 ლარი მას არ აუღია.

 

ნ------–-–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იცნობს კ----------------–--------–---–ს და მასთან აკავშირებს საქმიანი ურთიერთობა. მოწმის განმარტებით იგი არის მძღოლი და მან კ----------------–--------–---–ს რამოდენიმე წლის წინ მისი ტრანსპორტით „ტრაილერით“ ერთხელ გადაუზიდა ხორბალი. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მას მიწის ნაკვეთები არ აქვს და ხორბლის მოსავალი არასდროს არ მოუყვანია, შესაბამისად კ----------------–--------–---–ისთვის ხორბალი არასდროს მიუყიდია.

 

მ-------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იცნობს კ----------------–--------–---–ს, რომელსაც ქონდა ინდივიდუალური მეწარმე და სთხოვა დეკლარაციის ჩაბარება. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ დეკლარაციის ჩაბარებისთვის მას კ----------------–--------–---–მა წარუდგინა საბანკო მონაცემები, ჩარიცხვები, ასევე საბუთები, რის საფუძველზეც მოახდინეს დეკლალირება, ხოლო პერიოდი არ ახსოვს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შპს „კ------------ესთან“ არანაირი შეხება არ ქონია.

 

ნ--------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შესაბამისი ბრძანებით დაევალათ შპს „კ------------ეს“ 2013 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის 30 იანვრამდე პერიოდის შემოწმება. მოწმის განმარტებით შემოწმებისას შპს „კ------------ეს“ დაერიცხა მოგების გადასახადი, საიდანაც ძირითადი თანხა იყო 117 145 ლარი, ხოლო ჯარიმა 58 572 ლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით აღნიშნული შემოწმების ჩატარება ბრძანებით დაევალათ მას და მთავარ აუდიტს ქალბატონ მ------------ეს თუმცა შემოწმების შედეგად რიცხვების გამოყვანა და საბოლოო აქტის შედგენა მოხდა მის მიერ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს დარიცხული თანხების გადახდის მოთხოვნა ჩაბარდა 2014 წლის 10 დეკემბერს, რის შემდეგაც გადასახადის გადამხდელს ქონდა უფლება გაესაჩივრებინა აქტი თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აქტის გასაჩივრება არ მომხდარა.

 

რ----------–------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ კამერალურად გადაგზავნილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაევალა შპს „თ------–-ს“ შემოწმება დღგ-ს კუთხით. შპს „თ------–-ს“ ხელმძღვანელი იყო კ----------------–--------–---–ი. მოწმის განმარტებით, მათ შეისწავლეს შპს-ს მიერ წარდგენილი 2014 წლის დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2014 წლის ივლისის, სექტემბრის და ოქტომბრის თვეებში შპს „თ------–-ს“ არ ქონდა დაბეგრილი მის მიერვე გამოწერილი ანგარიშფაქტურები, რის საფუძველზე მას დაერიცხა ძირითადი თანხის სახით 145619,97 ლარი ხოლო ჯარიმის სახით 72809,99 ლარი. დარიცხული თანხების შესახებ შპს-ს მიუვიდა შეტყობინება, რაც გაასაჩივრა 2015 წლის თებერვალში თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მ-----------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2014 წლის 4 თებერვლის N---- ბრძანებით დაევალა შეემოწმებინა შპს „კ------------ეს“ საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება. მოწმის განმარტებით, ვინაიდან შემოწმებული ბაზების მიხედვით ნახა, რომ გადამხდელის მიერ გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშფაქტურები, გადამხდელი ვალდებული იყო ოპერაციის განხორციელების პერიოდზე წარედგინა საგადასახადო დეკლარაცია და დაედეკლარირებინა აღნიშნული ოპერაციები. ვინაიდან აღნიშნული არ იყო განხორციელებული შპს „კ------------ეს“ დაერიცხა 50321,60 ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადია 33481,10 ლარი ხოლო ჯარიმა 16840,50 ლარი.

 

ე-–------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის მიერ ორჯერ იქნა შემოწმებული შპს „კ------------ე“. მოწმის განმარტებით იგი ამოწმებდა კონკრეტულ გადამხდელებს მათ მიერ წარდგნილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კერძოდ ამოწმებდნენ გადამხდელის მიერ გამოწერილ ანგარიშფაქტურებს ან/და ზედნადებებს თანხა თუ იყო დასაბეგრი დღგ-თი, იყო თუ არა დაბეგრილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ს დეკლარაციებით. შპს „კ------------ე“ შემოწმდა 2013 წლის ოქტომბრის და ნოემბრის პერიოდი და შემცირებული იყო ამ თვეების დღგ-ს დეკლარაციებით გადასახდელი ძირითადი თანხა 107218 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ, შემოწმებული იქნა შპს „კ------------ეს“ 2014 წლის აპრილის, მაისის ივნისის და ივლისის თვეების დღგ-ს დეკლარაციები და შემცირებული იყო ამ თვეების დღგ-ს დეკლარაციებით გადასახდელი ძირითადი თანხა 122037,93 ლარი.

 

ლ-------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად ურთიერთობა გადასახადის გადამხდელთან ხორციელდება, როგორც მატერიალურად ისე ელექტრონული ფორმით. ანუ დოკუმენტი, რაც ეგზავნება გადასახადის გადამხდელს, შეიძლება გაეგზავნოს, როგორც მატერიალურად ასევე ელექტონულად. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელს ეგზავნება საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო მოთხოვნა იგზავნება პირველ რიგში გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე, შემოსავლების სამსახურის ვებპორტალის პირად გვერდზე თუ ასეთი გააჩნია გადასახადის გადამხდელს. იმ შემთხვევაში თუ გადასახადის გადამხდელი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის გვერდზე მაშინ შეტყობინება იგზავნება ფოსტის მეშვეობით. 2013 წლის დეკემბრის ბოლოსთვის მოქმედებდა წესი, რომლის მიხედვით ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადამხდელს ერთხელ მაინც წარედგინებოდა ფოსტით დოკუმენტი, თუმცა 2013 წლის დეკემბრიდან შევიდა ცვლილება და საჯარო გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადასახადის გადამხდელი არის რეგისტრირებული ელექტრონულ ვებგვერდზე და ერთხელ მაინც აქვს იქ გაგზავნილი შეტყობინება ელექტრონულად და ამავდროულად არ გაეცნო, ასევე ორჯერ იქნა მასთან გაგზავნილი ფოსტით. თუ გადამხდელი ელექტრონულად არ არის რეგისტრირებული მაშინ ორჯერ უნდა იქნეს გაგზავნილი ფოსტით. მოწმის განმარტებით, დოკუმენტის გაცნობად ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ საფოსტო გზავნილის ჩაბარება ან თუ ელექტრონულად არის გაგზავნილი გადასახადის გადამხდელზე მის მიერ იმ ფაილის გახსნა, რომელიც ფიქსირდება მათ სისტემაში. გამხდელის მიერ შეტყობინების გახსნის თარიღი ავტომატურად აისახება მათთან სისტემაში და შეტყობინება ითვლება ჩაბარებულად. მოწმის განმარტებით შპს „კ------------ეს“ და კ----------------–--------–---–ს საგადასახადო მოთხოვნები ძირითადად ელექტრონულუად აქვს გაგზავნილი და გაცნობილია ელექტრონულად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----------------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: 1. ა) ხელმოწერა ო. ა-–-----–---–ის სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული შესყიდვის აქტზე, 08.08.12 წლის თარიღით, გრაფაში: „თანხა მივიღე“, შესრულებულია არა ო---- ა-–-----–---–ის, არამედ სხვა პირის მიერ. ბ) გადაწყვეტა საკითხისა, ხელმოწერები ო---- ა-–-----–---–ის სახელით, განლაგებული, 01.08.12 წელს შედგენილ შესყიდვის აქტზე, გრაფაში: „თანხა მივიღე“ და მიღება-ჩაბარების აქტზე, გრაფაში „გამყიდველი“, შესრულებულია თუ არა ო---- ა-–-----–---–ის მიერ შეუძლებელია, შესაბამისი ნიმუშების სიმცირის გამო.გ) ხელმოწერა ოთარ ა-–-----–---–ის სახელით, განლაგებული: მიღება-ჩაბარების აქტზე, 01.08.12 წლის თარიღით, გრაფაშ: „ფ/პ“, შესრულებულია არა ო---- ა-–-----–---–ის არამედ სხვა პირის მიერ. 2. ხელმოწერები, ნ------–-–-–---–ის სახელით, განლაგებული: შესყიდვის აქტებზე, 25.09.12, 27.09.12 და 29.09.12 წლის თარიღებით, გრაფეფში „თანხა მივიღე“ და მიღება-ჩაბარების აქტებში 25.09.12, 27.09.12 და 29.09.12 წლის თარიღებით, გრაფებში: „გამყიდველი“ შესრულებულია არა ნ------–-–-–---–ის არამედ სხვა პირის მიერ. 3. ა) ხელმოწერა დ------------–---–ის სახელით, განლაგებული: შესყიდვის აქტზე, 28.12.12 წლის, გრაფაში: „თანხა მოვიღე“, სავარაუდოა, რომ შესრულებულია არა დ------------–---–ის, არამედ სხვა პირის მიერ. ბ) გადაწყვეტა საკითხისა, ხელმოწერები დ------------–---–ის სახელით, განლაგებული: შესყიდვის აქტზე და მიღება-ჩაბარების აქტზე, 25.12.12 წლის თარიღებით, გრაფებში: „თანხა მივიღე“ და „ფ/პ“ შესრულებულია თუ არა დ------------–---–ის მიერ შეუძლებელია. გ) ხელმოწერა, დ------------–---–ის სახელით, განლაგებული:შესყიდვის აქტზე, 25.12.12 წლის, გრაფაში: „თანხა მივიღე“ შესრულებულია თუ არა დ------------–---–ის მიერ შეუძლებელია. დ) ხელმოწერა დ------------–---–ის სახელით, განლაგებული შესყიდვის აქტზე 28.12.12, გრაფაში: „თანხა მივიღე“, შესრულებულია არა დ------------–---–ის, არამედ სხვა პირის მიერ. 4. ა) ხელმოწერა ზ------------------–---–ის სახელით, შესყიდვის აქტზე 01.12.12, გრაფაში: „თანხა მივიღე“ შესრულებულია თუ არა ზ------------------–---–ის მიერ შეუძლებელია. ბ) ხელმოწერა ზ------------------–---–ის სახელით , შესყიდვის აქტზე 01.12.12, გრაფაში: „თანხა მივიღე“, შესრულებულია ზ------------------–---–ის მიერ. 5. ა)ხელმოწერები გ---------------–---–ის სახელით შესყიდვის აქტზე, 17.10.12, 02.10.12, გრაფაში: „თანხა მივიღე“ შესრულებულია გ---------------–---–ის მიერ. ბ) ხელმოწერები გ---------------–---–ის სახელით შესყიდვის აქტზე, 17.10.12, 02.10.12, გრაფაში: „თანხა მივიღე“ სავარაუდოდ შესრულებულია გ---------------–---–ის მიერ. გ) ხელმოწერები გ---------------–---–ის სახელით მიღება-ჩაბარების აქტებზე 17.10.12, 02.10.12, 02.11.12 შესრულებულია თუ არა გ---------------–---–ის მიერ დადგენა შეუძლებელია. 6. ხელმოწერა გ------------------–---–ის სახელით 26.12.12 წლის შესყიდვის აქტზე გრაფაში: „თანხა მივიღე“ შესრულებულია არა გ------------------–---–ის არამედ სხვა პირის მიერ. 7. ა) ხელმოწერა შ------------–---–ის სახელით 05.12.12 წლის შესყიდვის აქტზე შესრულებულია შ------------–---–ის მიერ. ბ) ხელმოწერა შ------------–---–ის სახელით 05.12.12 წლის შესყიდვის აქტზე გრაფაში: „თანხა მივიღე“ მარჯვენა მხარეს შესრულებულია თუ არა შ------------–---–ის მიერ კატეგორიულად პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა. 8. ა) ხელმოწერები ა----------–---–ის სახელით 20.12.12 და 05.12.12 წლის შესყიდვის აქტებზე გრაფებში: „თანხა მივიღე“ შესრულებულია ა----------–---–ის მიერ, ხოლო გრაფაში: „ფ/პ“ სხვა პირის მიერ. 9. ხელმოწერები თ-------------–----–---–ის სახელით 06.08.12 წლის შესყიდვის აქტზე და 06.12.12 წლის მიღება-ჩაბარების აქტზე შესრულებულია არა თ-------------–----–---–ის არამედ სხვა პირის მიერ. 10. ხელმოწერები დ-------–----–---–ის სახელით 07.08.12, 07.09.12 07.08.12 და 22.10.12 წლის შესყიდვის აქტებზე და 07.08.12 და 07.09.12 წლის მიღება-ჩაბარების აქტებზე შესრულებულია არა დ-------–----–---–ის არამედ სხვა პირის მიერ. 11. ხელმოწერები ნ-----–------–------–---–ის სახელით 02.08.12 წლის შესყიდვის აქტზე შესრულებულია ნ-----–------–------–---–ის მიერ, ხოლო 02.08.12 წლის მიღება-ჩაბარების აქტზე შერულებულია თუ არა ნ-----–------–------–---–ის მიედ დადგენა შეუძლებელია. 12. ხელმოწერები ლ---–--------–--–---–ის სახელით 07.12.12, 01.12.12, 05.08.12 წლის შესყიდვის აქტებზე ასევე 05.12.12 და 07.12.12 წლის მიღება-ჩაბარების აქტზებზე სავარაუდოდ შესრულებულია არა ლ---–--------–--–---–ის არამედ სხვა პირის მიერ. 13. ხელმოწერა გ-----------------–---–ის სახელით 05.08.12ნ წლის შესყიდვის აქტებზე შესრულებულია გ-----------------–---–ის მიერ. 14. ხელმოწერები ნ---------------–---–ის სახელით 13.08.12 წლის შესყიდვის აქტზე, შესრულებულია თუ არა ნ---------------–---–ის მიერ დადგენა შეუძლებელია. 15. ხელმოწერები ზ------------–-–---–ის სახელით 24.12.12 წლის შესყიდვის აქტებზე შესრულებულია ზ------------–-–---–ის მიერ, ხოლო 20.12.12 წლის შესყიდვის აქტებზე სავარაუდოდ შესრულებულია არა ზ------------–-–---–ის არამედ სხვა პირის მიერ. 16. ხელმოწერები ზ----------------–---–ის სახელით 11.12.12 წლის შესყიდვის აქტზე შესრულებულია ზ----------------–---–ის მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა გ---------------–---–მა და კ------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის დასჯად ქმედებად აცხადებს დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებას, ხოლო ამავე მუხლიე მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება.

 

საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად დიდ ოდენობად ითვლება თანხა, როდესაც აღემატება 100 000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება თანხა, როდესაც აღემატება 150 000 ლარს.

 

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად შპს „კ------------ეს“ ბიუჯეტში გადასახდელად მოგების გადასახადში დაერიცხა 175717 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 117145 ლარი, ჯარიმა 58572 ლარი. შპს „კ------------ეს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ს გადასახადში დაერიცხა ძირითადი თანხა 229256,64 ლარი, ასევე ჯარიმა 114628,32 ლარი, ხოლო შპს „თ------–-ს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა ძირითადი თანხა 145 619,97 ლარი, ასევე ჯარიმა 72 809,99 ლარი.

 

ამასთან საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნის მეორე ნაწილის თანახმად პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შპს „კ------------ეს“ და შპს „თ------–-ს“ საგადასახადო მოთხოვნები ჩაბარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესების დაცვით, მიუხედავად ამისა მათ მიერ არ გასაჩივრებულა აქტების ნაწილი, ხოლო გასაჩივრებული აქტები დარჩა ძალაში, შესაბამისად დარიცხული თანხები წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას. მიუხედავად ამისა შპს „კ------------ეს“ და შპს „თ------–-ს“ დირექტორის კ----------------–--------–---–ის მიერ არ განხორციელებულა საბიუჯეტო დავალიანების გადახდა. ამასთან არ მომხდარა დარიცხული თანხის გადავადება ან კორექტირება, ამასთანავე არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხის ან მისი გადახდის ვალდებულების შეჩერება და ხსენებულ ორგანიზაციებს დღეის მდგომარეობით ერიცხება დარიცხული დავალიანება ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ასევე საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადებაში და მის გამოყენებაში. ხსენებული დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება, როგორც ნაწილობრივი გაყალბება, ისე მთლიანი ყალბი დოკუმენტის დამზადება. რაც შეეხება გასაღებას, იგი მდგომარეობს, როგორც მის უშუალო გამოყენაში ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ასევე მის გადაცემას ნებისმიერი პირისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კ----------------–--------–---–მა დაამზადა 121027 ლარის ღირებულების 2012 წლის 28 დეკემბრით დათარიღებული მოქალაქე დ------------–---–ისგან საქონლის ყალბი შესყიდვის აქტი, 2012 წლის 25 სექტემბრით, 2012 წლის 27 სექტემბრით და 2012 წლის 29 სექტემბრით, დათარიღებული მოქალაქე ნ------–-–-–---–ისგან საქონლის ყალბი შესყიდვის აქტები, 2012 წლის 06 აგვისტოთი დათარიღებული მოქალაქე თ-------------–----–---–ისგან საქონლის ყალბი შესყიდვის აქტი - პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, სხვა საბუღალტრო დოკუმენტებთან ერთად 2014 წლის 01 აპრილს წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელს. ხსენებულმა პირებმა საამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ საგადასახადო დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია არის მცდარი, ხსენებულ დოკუმენტებზე მათი ხელმოწერა არ არის და მათში მითითებული ოპერაციები საერთოდ არ განხორციელებულა.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კ----------------–--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება, ასევე საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, რომლისთვისაც კ----------------–--------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ----------------–--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემობები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ----------------–--------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ----------------–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით კ----------------–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქმეზე არსებული ხელნაწერის ნიმუშები, შესყიდვის აქტები და წარმოდგენილი დოკუმენტაცია შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

კ----------------–--------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე