გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-2938-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - შპს " მ---------------------ი"
წარმომადგენელი - ნ------- ჯ----–---
მოპასუხე - გ------- ლ------
წარმომადგენელი-ნ----- პ-----–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ------- ლ------ს მოსარჩელე შპს " მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანების გადახდა საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5000 ლარი, პროცენტი 4897,77 ლარი, პირგასამტეხლო 1665 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 19 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 5000 ლარის ოდენობით, სარგებლით, მოპასუხის მიერ განხორციელდა მხოლოდ ერთი გადახდა, არასრულად, მოპასუხემ აღარ მოახდინა 2017 წლის 19 აპრილის გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა სრულად, შესაბამისად მოცემული თარიღის შემდეგ ხდება სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვა.
2018 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით კრედიტორის მიმართ მოპასუხეს ერიცხება დავალიანება ძირი თანხის 5000 ლარის, პროცენტის 4897,77 ლარის, პირგასამტეხლოს 3192 ლარის ოდენობით, ამასთან მოსარჩელემ სარჩელით შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 1665 ლარამდე.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 10 000 ლარამდე და ითხოვა მოპასუხისთვის სესხის ძირი თანხის 5000 ლარის, შემცირებული პროცენტის 4577 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს 423 ლარის დაკისრება
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს შორის 2017 წლის 19 მარტს გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება NRLE17004589, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 5 000 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის წლიური საპროცენტო სარგებლის 64,8%-ის დარიცხვით, კრედიტის ვადა 36 თვე, ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლო :1-დან 5 დღემდე ვადაგადაცილებაზე, თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის 12 ლარის დარიცხვით, ხოლო მე-6 დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარის დარიცხვით.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი-მიცუბიში მონტერო სპორტი, გამოშვების წელი 2000.
მტკიცებულება:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება NRLE17004589 (2017 წლის 19 მარტის) და საკრედიტო შეთანხმება. (ტ.1. ს.ფ.18-26).
3.1.2. მოპასუხის მიერ განხორციელდა მხოლოდ ერთი გადახდა, არასრულად, მოპასუხემ აღარ მოახდინა 2017 წლის 19 აპრილის გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა სრულად, შესაბამისად მოცემული თარიღის შემდეგ ხდება სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვა, 1-დან 5 დღემდე ვადაგადაცილებაზე თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის 12 ლარის ოდენობით, ხოლო მე-6 დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის ინფორმაციით ავტომობილი დაზიანებულია, ამასთან მხარეს გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების დასაფარად, თუმცა ვალდებულების შესრულება მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა.
მტკიცებულებები: გაფრთხილების წერილი, წერილობითი კორესპონდენცია ( ტ.1.ს.ფ. 27-28).
3.1.3. 2018 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხე გ------- ლ------ს შპს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 2017 წლის 19 მარტის სასესხო ხელშეკრულებაზე 5000 ლარი, პროცენტი 4897,77 ლარი, პირგასამტეხლო 3192 ლარი (პირგასამტეხლო სარჩელით შემცირებული იქნა მოსარჩელის მიერ 1665 ლარამდე)
მტკიცებულებები:
- 2018 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებული ცნობა დავალიანების შესახებ. (ტ.1.ს.ფ.29).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, ანუ დადგენილია, რომ არსებობდა მხარეებს შორის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებების ფარგლებში მოპასუხემ აღიარა შეთანხმებით გათვალისწინებული ფულადი თანხები, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით. უდავოა, რომ მოპასუხემ აღნიშნული ხელშეკრულება დაარღვია და ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება, რაც საქმის ზეპირი განხილვისასაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, მასთან მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა .
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე გ------- ლ------მ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, ამასთან მოსარჩელე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა 10 000 ლარამდე, ხოლო მოპასუხემ ცნო შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა . ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე, 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. იგივე შედეგი დგება სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა მოპასუხისთვის 10 000 ლარის დაკისრება (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5000 ლარი, დარიცხული ჯარიმა 4577 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 423 ლარი).
მოპასუხემ სცნო სარჩელი სრულად , ამიტომ სასარჩელო მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მხარეთა შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 19 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება Nრლე17004589, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 5000 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის წლიური საპროცენტო სარგებლის 64,8%-ის დარიცხვით, კრედიტის ვადა 36 თვე, ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლო :1-დან 5 დღემდე ვადაგადაცილებაზე, თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის 12 ლარის დარიცხვით, ხოლო მე-6 დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარის დარიცხვით.
ვალდებულების შესრულება მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა და 2018 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით კრედიტორის მიმართ ერიცხება დავალიანება ძირი თანხის- 5000 ლარის, პროცენტის- 4897,77 ლარის, პირგასამტეხლოს 3192 ლარის ოდენობით, ამასთან მოსარჩელემ სარჩელით შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 1665 ლარამდე, რაც სასამართლო სხდომაზეც შემცირდა - ჯამში - 10 000 ლარამდე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები _ არ დაფარა კრედიტი.
მოპასუხემ ასევე არ გადაიხადა 2017 წლის 19 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი, შესაბამისად, გ------- ლ------ს უნდა დაეკისროს სსესხის ძირი თანხის 5000 ლარის და სარგებელის 4577 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
აღნიშნული ნორმის მიხედვით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორენაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საქმის სასამართლოში განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 346,88 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „მ---------------------ი“-ს სარჩელი მოპასუხე გ------- ლ------ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე გ------- ლ------ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს თანხის 10 000 ( ათი ათასი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5000 ლარი, 4 577 ლარი პროცენტი, ხოლო პირგასამტეხლო 423 ლარი.
3. მოსარჩელე შპს „მ---------------------ი“-ს უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 29 ოქტომბერს სს „თიბისი ბანკში“ საგადასახადო დავალება N1540813837-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 346,88 ლარს ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე : სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდით TRESGE22.
4. ძალაში დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო გ------- ლ------ს სახელზე რიცხულ ავტომობილს-სახელმწიფო ნომრით LL992HHმარკა, მოდელი ჰონდა ფიტ, ფერი-ლურჯი 8/8 გ. წელი -2008, სარეგისტრაციო მოწმობა AM2091107, საიდენტიფიკაციო ნომერი JHMGD38688S048406 გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია შოშიაშვილი