განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/29-18
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
11 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - იმ-----------------------------ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–-----------ს, პირადი ნომერი - 5----------, დაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: წა-–---------------------–------–---ი, ფაქტობრივად მცხოვრები: თე-----–------------------------–--–--–----ო, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატები - ფა--------------ი, ბა------------ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
თარჯიმანი - ელ------------ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 07:30 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წი-–------–ი, ქუჩაში, იმ-----------------მა მარჯვენა ხელის თავში ჩარტყმის გზით, ხოლო მცირე ხნის შემდეგ, ჯა-----–------------ის ოჯახის მფლლობელობაში არსებული სახლის ეზოში, თმაზე მოქაჩვის, ზურგისა და თავის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფითა და დამცირებით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი მეუღლის - სე---–----------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. იმ-----------------ის მიერ სე---–----------ას მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი იუ----------------ი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
3. მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომელმაც მრავალჯერ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII).
4. განსახილველ საქმეში ბრალდებულ იმ-----------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. დაცვის მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე (ბრალდებულისათვის შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ) ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: იმ-----------------ის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულ სე---–----------ას გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო ბარათი #69, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შეტყობინებები #1------ და 3------- და მათთან დაკავშირებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს იმ-----------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
სამართლებრივი შეფასება:
7. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ოქბიექტი ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობაა. იმავე კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, მეუღლე ოჯახის წევრია.
8. სასამართლოს შეფასებით დასტურდება იმ-----------------ის მიერ არასრულწლოვან იუ----------------ის თანდასწრებით სე---–----------ას მიმართ ფიზიკური ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. განხორციელებულ ძალადობას არცერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა იმ-----------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა იმ-----------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მათი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც იმ-----------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ ორივე ეპიზოდში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. იმ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ინანიებს, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები.
10. იმ-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს. სამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იმ-----------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნორმის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, აღნიშნული არ მიემართება სსკ-ის 1261 მუხლს. სსკ-ის 1261 მუხლი თავად არის მუხლი, რომელიც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების კრიმინალიზაციას აწესებს და ამ გაგებით არის სპეციალური შემადგენლობა, რომლის დასჯადობა, inter alia, დაფუძნებულია ზუსტად იმ პირობაზე, რასაც სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს, ანუ ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ამ დანაშაულის შემადგენლობის ნიშანია და დაუშვებელია იგივე გარემოება ასევე დამამძიმებელიც იყოს, ანუ ერთდროულად პასუხისმგებლობის დამაფუძნებელიც და დამამძიმებელიც, რაც ერთი გარემოების ორმაგ გამოყენებაზე მიუთითებს და თანაც მსჯავრდებულის საუარესოდ. გარდა ამისა, სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი პირდაპირ კრძალავს მსგავსი ინტერპრეტაციის საშუალებას, კერძოდ: თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
12. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
13. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
14. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
15. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის გათვალისწინებით, რაც განხორციელდა ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სახეზეა ფიზიკურთან ერთად განგრძობითი ფსიქოლოგიური ძალადობა სასამართლო გამორიცხავს იმ-----------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელის გამოყენებას, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად და რაც საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენებით მიიღწევა ძალადობის ინტენტივობის გათვალისწინებით.
16. იმ-----------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი არ არის, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, მათ შორის, ერთს უდედოდ ზრდის (რომელიც სხვა მეუღლისგან ჰყავს და ამჟამად გარდაცვლილია), ასევე კმაყოფაზე ჰყავს ის და მოხუცი მშობლები, ხოლო მეორე მხრივ, არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებები, მას უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი 1 წელი.
17. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ-----------------ის გულწრფელი მონანიებისა და აღიარების ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომებზე მისი განცხადებები სასამართლოს არწმუნებს, რომ იგი მნიშვნელოვანწილად აცნობიერებს მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რომლებსაც გამართლება არ აქვს, ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი, მათ შორის ერთს ზრდის 1 წლის ასაკიდან უდედოდ და დაცვის მხარის განცხადებით იმ-----------------ი მისთვის ყველაფერია, არ არის ნასამართლევი ან ადმინისტრაციული პასუხისგებლობის მქონე, ასევე იმ-----------------ი და დაზარალებული აღარ ცხოვრობენ ერთად და მათი საცხოვრებელი ადგილები საკმაოდ დაშორებულია, იმ-----------------ის მიმართ მიზანშეწონილია სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, რომლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის - პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, მოცემულ შემთხვევაში სასჯელის ნახევართან (6 თვე) მიმართებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ამ ნორმის გამოყენების როგორც ფორმალური (ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ აღიარება, ვინაიდან საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით დანარჩენი პირობების არსებობა მოცემულ საქმეზე ხელოვნურად დაბლოკავდა მის გამოყენებას), ისე ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გამოსაცდელი ვადა განისაზღვროს იმ ხანგრძლივობით, რაც უზრუნველყოფს იმ-----------------ის სათანადო ქცევას გონივრული ვადით, მის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, რაც სასამართლოს შეფასებით 1 წლით უნდა განისაზღვროს.
18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შეურაცხყოფას ხშირად აქვს ადგილი, რომელსაც ასევე ესწრებიან არასრულწლოვნები და მიანიშნებს, რომ იმ-----------------ის გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მსგავსი კურსის გავლა, რის გამოც მას უნდა დაევალოს გაიაროს იგი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. იმ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ნახევარი - 6 თვე მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1 წელი.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდა მსჯავრდებულ იმ-----------------ს დაეწყოს მისი დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 ივნისიდან.
3. პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, იმ-----------------ს დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
5. იმ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს.
6. ნივთმტკიცება - მინის ნამტვრევები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი