გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.12.2018
საქმის ნომერი
330310117002240200
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8865-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე - შპს ,,ს--------------ი’’, დირექტორი - მ-----–----------ე

წარმომადგენელი - თ--------------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - ხ-----------–--------–ი

 

მოპასუხე - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ნ------------–---–ი

 

მესამე პირები: შპს ,,ე-–---'', შპს ,,ზ----''

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგურის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩასატარებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N10 სხდომის ოქმი შპს ,,ს--------------ი’’-ს დისკვალიფიკაციის ნაწილში (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ: 2018 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი, 14:29:35);

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს ,,s---------"-ის მიერ წარდგენილ D--------------- საჩივართან დაკავშირებით;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 დეკემბრის N3--- განკარგულება შპს ,,ს--------------ი’’-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, იხ: ტ. I, ს.ფ. 187-200).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირებს - შპს ,,ე-–---ს'' და შპს ,,-----ს'' წერილობითი სახით შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, სასამართლოს მთავარ სხდომაზეც არ გამოცხადდნენ, შესაბამისად მესამე პირების პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით უცნობია. მხარეებს სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 27 ივლისს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (S-----------) დაბინძურების მონიტორინგის აპარატის შესყიდვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სატენდერო დოკუმენტაცია (ტ. I, ს.ფ. 21).

 

4.1.2. სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 აგვისტოს N2 სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 27 ივლისს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში S----------- მონაწილეობას იღებდა სამი პრეტენდენტი: შპს ,,ე-–---“, შპს ,,s---------”-ი და შპს ,,ზ----“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 აგვისტოს N2 სხდომის ოქმი (ტ. II, ს.ფ. 177-181).

 

4.1.3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2016 წლის 4 იანვრის ამონაწერებით დგინდება, რომ შპს ,,ზ----ს“ 100%-იანი წილის მესაკუთრე არის ქ---------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2016 წლის 4 იანვრის ამონაწერი (ტ. II, ს.ფ. 149-150).

 

4.1.4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2017 წლის 25 და 30 აგვისტოს ამონაწერებით დგინდება, რომ S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ორ პრეტენდენტს შპს ,,ს--------------სა“ და შპს ,,-----ს“ ჰყავთ ერთი და იგივე დირექტორი - მ-----–----------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2017 წლის 25 აგვისტოს ამონაწერი (ტ. II, ს.ფ. 142-143);

- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2017 წლის 30 აგვისტოს ამონაწერი (ტ. II, ს.ფ. 140-141).

 

4.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის N01------- წერილით ირკვევა, რომ ქ---------------–---–ის (პირადი ნომერი 3----------) და მ-----–----------ის (პირადი ნომერი 1----------) ქორწინება შეწყვეტილია 2014 წლის 16 მაისს რეგისტრირებული განქორწინების N0---------- აქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის N01------- წერილი (ტ. II, ს.ფ. 213).

 

4.1.6. დადგენილია, რომ შპს ,,s---------”-ის სატენდერო წინადადება შეფასდა და პრეტენდენტი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მიწვეული იქნა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის 2017 წლის 22 აგვისტოს N4 სხდომის ოქმით, მანამ სანამ, შპს ,,ს--------------ისა“ და შპს ,,ზ----ს“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი გახდებოდა ერთი და იგივე პირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სატენდერო კომისიის 2017 წლის 22 აგვისტოს N4 სხდომის ოქმი (ტ. II, ს.ფ. 184-186).

 

4.1.7. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ბაზაში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს ,,ზ----ს“ 100%-იანი წილის მესაკუთრე ქ---------------–---–ი და მისი ყოფილი მეუღლე, შპს ,,ს--------------ის“ დირექტორი - მ-----–----------ე რეგისტრირებული არიან ერთ მისამართზე - საქართველო, თბილისი, დ--------------------------–-------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებული წევრი - მ-----–----------ე (ტ. II, ს.ფ. 214);

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებული წევრი - ქ---------------–---–ი (ტ. II, ს.ფ. 215).

 

4.1.8. სატენდერო კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის N5 სხდომის ოქმით განხილული იქნა 2017 წლის 08 აგვისტოს შპს ,,ე-–---ს“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი წერილი. აღნიშნული ოქმით დადგინდა, რომ S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ორ პრეტენდენტს შპს ,,ს--------------სა“ და შპს ,,-----ს“ ჰყავთ ერთი და იგივე დირექტორი, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს შპს ,,ს--------------ის“ და შპს ,,ზ----ს“ დისკვალიფიკაციის საფუძველს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სატენდერო კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის N5 სხდომის ოქმი (ტ. II, ს.ფ. 187-189).

 

4.1.9. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,s---------”-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სატენდერო კომისიას დაევალა 2017 წლის 13 სექტემბრის N5 სხდომის ოქმის გადასინჯვა. დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სხდომის ოქმში მითითებული გარემოებები თავისთავად არ გულისხმობდა იმას, რომ პრეტენდენტები ურთიერთდამოკიდებული პირები არიან და ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით მათ მიერ ჩადენილია არაკეთილსინდისიერი ქმედება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 128-134).

 

4.1.10. სატენდერო კომისიის 2017 წლის 11 ოქტომბრის N8 სხდომის ოქმით დგინდება, რომ სატენდერო კომისიამ მოიკვლია სხვადასხვა გარემოება, რა დროსაც დადგინდა მ-----–----------ისა და ქ---------------–---–ის ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი. გარდა ამისა, პრეტენდენტების მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში შეინიშნება იდენტური შინაარსობრივი და გრამატიკული შეცდომები, რის გამოც, ძალაში დარჩა შპს ,,ზ----სა“ და შპს ,,ს--------------ის“ მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის მიერ 2017 წლის 13 სექტემბრის N5 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სატენდერო კომისიის 2017 წლის 11 ოქტომბრის N8 სხდომის ოქმი (ტ. II, ს.ფ. 207-211).

 

4.1.11. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,s---------”-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სატენდერო კომისიას კვლავ დაევალა 2017 წლის 11 ოქტომბრის N8 სხდომის ოქმის გადასინჯვა. დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, შპს ,,ზ----სა“ და შპს ,,s---------”-ის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის ფაქტის დასადგენად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 113-117).

 

4.1.12. დადგენილია, რომ სსპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა, რომლის საფუძველზე მიღებული ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს 2017 წლის 09 ნოემბრის N0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შპს ,,s---------”-ისა და შპს ,,ზ----ს“ მიერ თავდაპირველად, სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ,,PDF” ფორმატში შედგენილი ფასების ცხრილების (დანართი N2) და ასევე შპს ,,s---------”-ის მიერ წარდგენილი დაზუსტებული ფასების ცხრილის ავტორი არის ,,G----” და აღნიშნული დოკუმენტები შედგენილია ერთი და იგივე პროგრამით - Microsoft Excel 2016. ასევე, შპს ,,s---------”-ისა და შპს ,,ზ----ს“ მიერ თავდაპირველად, სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები - ტექნიკური დავალება (დანართი N1) შედგენილია ერთი და იგივე პროგრამით - Microsoft Excel 2016 და აღნიშნულ დოკუმენტებს ასევე ჰყავთ ერთი და იგივე ავტორი - ,,G----”. რაც შეეხება შემსყიდველის - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონულ ტენდერში ატვირთული ტექნიკური დავალების (დანართი N1) და ფასების ცხრილის (დანართი N2) ავტორები - ,,a-----” და ,,s----------” განსხვავდება შპს ,,ზ----ს“ და შპს ,,ს--------------ის“ მიერ ატვირთული დოკუმენტების ავტორი - ,,G----”-სგან. დასკვნით ასევე განმარტებულია, რომ სტანდარტული კონვერტაციის პროგრამების გამოყენებით ტექსტის კონვერტაციისას ერთი ფორმატიდან მეორე ფორმატში (მაგ. ,,Microsoft Word”-დან ,,adobe PDF”-ში ან პირიქით და ა.შ.) ფაილში დაფიქსირებული ტექსტი უცვლელად გადადის მიღებულ ფაილში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს 2017 წლის 09 ნოემბრის N0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.II, ს.ფ. 227-233).

 

4.1.13. სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N10 სხდომის ოქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,ს--------------სა“ და შპს ,,-----ს“ კვლავ მიენიჭათ დისკვალიფიკაცია. კომისიამ აღნიშნულ ოქნში მიუთითა: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგურის სახელმწიფო შესყიდვაზე საქართველოს მასშტაბით მხოლოდ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ პირველად გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი S-----------, სპეციფიური (სხვა შემთხვევებისგან განსხვავებული) ტექნიკური დავალებითა და ფასების ცხრილით, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ არ გაიზიარა პრეტენდენტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დოკუმენტის ავტორის სახელი ,,G----” თითქოსდა ,,გადმოყოლილი“ იყო ელექტრონულ სივრცეში არსებულ სხვა საწყისი ფაილების ავტორის სახელიდან. ექსპერტიზის დასკვნამ ასევე გააქარწყლა პრეტენდენტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,ზ----ს“ და შპს ,,ს--------------ის“ მიერ ატვირთულ ფასების ცხრილებში და თანხმობა ტექნიკურ დავალებებში არსებული იდენტური შეცდომები და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ თავდაპირველად განსაზღვრული ჩანაწერებისგან განსხვავებული, იდენტურად შეცვლილი ჩანაწერები გამოწვეულიყო ე.წ. ,,კონვერტორით“. დამატებით კომისია, უშვებს იმის ვარაუდს, რომ შესაძლოა სხვადასხვა მიმწოდებელს დაქირავებული ჰყავდეს ერთი და იგივე პიროვნება სატენდერო წინადადების მოსამზადებლად და ასეთ შემთხვევაში შესაძლოა კონკრეტულ ტენდერთან დაკავშირებით კონკურენტი კომპანიების სახელით შექმნილი დოკუმენტები (ფაილები) შეიცავდეს ერთი და იმავე უზუსტობებს/იდენტურ ჩანაწერებს და ჰყავდეთ ერთი და იგივე ავტორი - დაქირავებული პირი. თუმცა აღნიშნული დასაშვებობა გამორიცხა შპს ,,ს--------------ის“ და შპს ,,ზ----ს“ დირექტორმა მ-----–----------ემ, მისი თქმით, კომპანიების სატენდერო წინადადებები მომზადდა დამოუკიდებლად, სხვადასხვა პიროვნების მიერ, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N10 სხდომის ოქმი (ტ. II, ს.ფ. 221-226).

 

4.1.14. 2017 წლის 28 ნოემბერს შპს ,,s---------”-მა საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს და სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N10 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა. შპს ,,s---------”-მა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ახალ გარემოებაზე არ მიუთითებს და არ ადასტურებს რაიმე ახალს, დასკვნა ზოგადია და ეხება მხოლოდ იმას, თუ რა პროგრამით არის შექმნილი დოკუმენტაცია და ზოგადად, როგორ გადადის კონვერტაციის დროს PDF.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,s---------”-ის 2017 წლის 28 ნოემბრის საჩივარი (ტ. II, ს.ფ. 83-84).

 

4.1.15. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,s---------”-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება შპს ,,s---------”-ის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით არ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რადგან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ შპს ,,-----მა“ და შპს ,,s---------”-მა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინეს არაკეთილსინდისიერი ქმედება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 85-92).

 

4.1.16. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 და 29 სექტემბრის განცხადებებით ეთხოვა, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს ,,ს--------------ი’’-ს შავ სიაში დარეგისტრირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 სექტემბრის განცხადება N2------- (ტ. II, ს.ფ. 97);

-სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის განცხადება N2------- (ტ. II, ს.ფ. 146-147).

 

4.1.17. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 დეკემბრის №3--- განკარგულებით, ვინაიდან პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიეცა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენისთვის, შპს ,,ს--------------ი’’ 2017 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 დეკემბრის №3--- განკარგულება (ტ. II, ს.ფ. 157-161).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ს--------------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგურის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩასატარებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N10 სხდომის ოქმი შპს ,,ს--------------ი’’-ს დისკვალიფიკაციის ნაწილში, ასევე, სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს ,,s---------"-ის მიერ წარდგენილ D--------------- საჩივართან დაკავშირებით და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 დეკემბრის N3--- განკარგულება შპს ,,ს--------------ი’’-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლი იძლევა ამ კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტებას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,თ1” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი არის პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი, ,,ი1” ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი არის შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ამავე კანონის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“, რომლის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი.

 

ამდენად, ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი წარმოადგენს სპეციალურ რეგულაციას ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის და შესაბამისად, მითითებულ სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 27 ივლისს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (S-----------) დაბინძურების მონიტორინგის აპარატის შესყიდვის თაობაზე. სატენდერო განცხადებით განსაზღვრულ ვადაში წინადადება წარადგინა სამმა პრეტენდენტმა: შპს ,,ე-–---“, შპს ,,s---------”-ი და შპს ,,ზ----“.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) იგი უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე; ბ) მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს; გ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას; დ) იგი არ წარადგენს ნიმუშს, ექსპერტიზის დასკვნას ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-19 პუნქტითა და 41-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ე) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებით, ასევე 41-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ვ) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ზ) იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; თ) ამ წესის მე-40 მუხლის მე-15 და მე-19 პუნქტების შესაბამისად, იგი არ წარადგენს ხარჯთაღრიცხვას დადგენილი წესით, არ დააზუსტებს მას დადგენილ ვადაში, დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას ან/და გაზრდის წინადადების ფასს, ან/და არ წარადგენს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ, სატენდერო კომისიამ 2017 წლის 13 სექტემბრის N5 სხდომის ოქმით განიხილა შპს ,,ე-–---ს“ მიერ 2017 წლის 08 აგვისტოს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი წერილი. აღნიშნული ოქმით დადგინდა, რომ S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ორ პრეტენდენტს შპს ,,ს--------------სა“ და შპს ,,-----ს“ ჰყავთ ერთი და იგივე დირექტორი, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს შპს ,,ს--------------ის“ და შპს ,,ზ----ს“ დისკვალიფიკაციის საფუძველს.

 

ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,s---------”-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სატენდერო კომისიას დაევალა 2017 წლის 13 სექტემბრის N5 სხდომის ოქმის გადასინჯვა. დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სხდომის ოქმში მითითებული გარემოებები თავისთავად არ გულისხმობდა იმას, რომ პრეტენდენტები ურთიერთდამოკიდებული პირები არიან და ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით მათ მიერ ჩადენილია არაკეთილსინდისიერი ქმედება.

 

საქმეში წარმოდგენილი, სატენდერო კომისიის 2017 წლის 11 ოქტომბრის N8 სხდომის ოქმით დგინდება, რომ სატენდერო კომისიამ მოიკვლია სხვადასხვა გარემოება, რა დროსაც დადგინდა მ-----–----------ისა და ქ---------------–---–ის ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი. გარდა ამისა, პრეტენდენტების მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში შეინიშნებოდა იდენტური შინაარსობრივი და გრამატიკული შეცდომები, რის გამოც, ძალაში დარჩა შპს ,,ზ----სა“ და შპს ,,ს--------------ის“ მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის მიერ 2017 წლის 13 სექტემბრის N5 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,s---------”-ის საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სატენდერო კომისიას დაევალა 2017 წლის 11 ოქტომბრის N8 სხდომის ოქმის გადასინჯვა. დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, შპს ,,ზ----სა“ და შპს ,,s---------”-ის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის ფაქტის დასადგენად.

 

დადგენილია ასევე, რომ სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N10 სხდომის ოქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,ს--------------სა“ და შპს ,,-----ს“ კვლავ მიენიჭათ დისკვალიფიკაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია დადგინდეს, ჰქონდა თუ არა მოცემულ შემთხვევაში ადგილი ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას და შეფასდეს, მართებული იყო თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული მუხლის გამოყენებით მოსარჩელის დისკვალიფიკაცია.

სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასური გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით ასევე დამტკიცდა აფიდავიტის ფორმა (დანართი N1). უდავოა, რომ აფიდავიტზე დათანხმებით, ტენდერში მონაწილე პირი ადასტურებს, რომ მის მიერ წარდგენილი სატენდერო/საკონკურსო წინადადება შემუშავებულია კონკურენტისგან დამოუკიდებლად. მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით მასა და კონკურენტს შორის არ წარმოებულა კონსულტაცია, კომუნიკაცია, შეთანხმება ან მოლაპარაკება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: სატენდერო/საკონკურსო წინადადების ფასი, მისი გამოთვლის მეთოდი, კოეფიციენტი ან ფორმულა; შესყიდვის ობიექტის ტექნიკური/ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაოდენობა/მოცულობა ან/და მიწოდების დეტალები, რომელთაც ეხება სატენდერო/საკონკურსო წინადადება; სატენდერო/საკონკურსო წინადადების წარდგენა/დაზუსტება ან წარდგენისგან/დაზუსტებისგან თავის შეკავება; ისეთი სატენდერო/საკონკურსო წინადადების/დაზუსტებული წინადადების წარდგენა, რომელიც არ აკმაყოფილებს სატენდერო/საკონკურსო პირობებს. სატენდერო/საკონკურსო წინადადების პირობები პრეტენდენტს წინასწარი განზრახვით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, არ გაუმჟღავნებია ან/და არ გაუმჟღავნებს კონკურენტს სატენდერო/საკონკურსო წინადადების გასაჯაროების მომენტამდე. აფიდავიტის მიზნებისთვის ტერმინის „კონკურენტი“ მნიშვნელობა არის - ნებისმიერი პირი, რომელიც არის ან შესაძლებელია იყოს პრეტენდენტი ამ ტენდერში/კონკურსში. აფიდავიტის პირობების დარღვევის შემთხვევაში პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

 

მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს „სატენდერო წინადადების“ განმატებას - ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სატენდერო წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი.

 

აღსანიშნავია და უდავოა ის გარემოება, რომ აფიდავიტზე დათანხმებით პირი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია, რომ ტერმინი „კონკურენტი“ აფიდავიტის მიზნებიდან გამომდინარე გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც შესაძლებელია იყოს პრეტენდენტი ან/და წარადგინოს სატენდერო/საკონკურსო წინადადება ამ ტენდერში/კონკურსში. განსახილველ შემთხევაში კი აღნიშნულ პირს უდავოდ წარმოადგენდა შპს ,,ზ----''.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ,,დაბინძურების მონიტორინგის აპარატის“ სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ S----------- ელექტრონული ტენდერში, შპს ,,s---------”-ისა და შპს ,,ზ----ს“ მიერ თავდაპირველად, სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ,,PDF” ფორმატში შედგენილი ფასების ცხრილების (დანართი N2) და ასევე შპს ,,s---------”-ის მიერ წარდგენილი დაზუსტებული ფასების ცხრილის ავტორი არის ,,G----” და აღნიშნული დოკუმენტები შედგენილია ერთი და იგივე პროგრამით - Microsoft Excel 2016. ასევე, შპს ,,s---------”-ისა და შპს ,,ზ----ს“ მიერ თავდაპირველად, სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები - ტექნიკური დავალება (დანართი N1) შედგენილია ერთი და იგივე პროგრამით - Microsoft Excel 2016 და აღნიშნულ დოკუმენტებს ასევე ჰყავთ ერთი და იგივე ავტორი - ,,G----”. რაც შეეხება შემსყიდველის - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონულ ტენდერში ატვირთული ტექნიკური დავალების (დანართი N1) და ფასების ცხრილის (დანართი N2) ავტორები - ,,a-----” და ,,s----------” განსხვავდება შპს ,,ზ----ს“ და შპს ,,ს--------------ის“ მიერ ატვირთული დოკუმენტების ავტორი - ,,G----”- სგან.

 

საქმეში ასევე დადგენილია, რომ სტანდარტული კონვერტაციის პროგრამების გამოყენებით ტექსტის კონვერტაციისას ერთი ფორმატიდან მეორე ფორმატში (მაგ. ,,Microsoft Word”-დან ,,adobe PDF”-ში ან პირიქით და ა.შ.) ფაილში დაფიქსირებული ტექსტი უცვლელად გადადის მიღებულ ფაილში.

 

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ კომისიამ ვარაუდის დონეზე დაუშვა ის შემთხვევაც, რომ შესაძლოა სხვადასხვა მიმწოდებელს დაქირავებული ჰყავდეს ერთი და იგივე პიროვნება სატენდერო წინადადების მოსამზადებლად და ასეთ შემთხვევაში შესაძლოა კონკრეტულ ტენდერთან დაკავშირებით კონკურენტი კომპანიების სახელით შექმნილი დოკუმენტები (ფაილები) შეიცავდეს ერთი და იმავე უზუსტობებს/იდენტურ ჩანაწერებს და ჰყავდეთ ერთი და იგივე ავტორი - დაქირავებული პირი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული დასაშვებობა გამორიცხა შპს ,,ს--------------ის“ დირექტორმა მ-----–----------ემ, მისი თქმით, კომპანიების სატენდერო წინადადებები მომზადდა დამოუკიდებლად, სხვადასხვა პიროვნების მიერ, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს 2018 წლის 15 ივნისის N0-------- ექსპერტიზის დასკვნაზე. სასამართლოს შეფასებით აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევისას გამოყენებულ ექსპერტიზის დასკვნას, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მეტად ახდენს ფაქტების დადასტურებას, რასაც დაეყრდნო სადავო გადაწყვეტილებები. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მოპასუხის მიერ ექსპერტიზაზე საკვლევად წარდგენილი ფაილები არის სხვადასხვა, რადგან შინაარსობრივად დოკუმენტები ეხებოდა სხვადასხვა სუბიექტებს, შესაბამისად ,,მინიმუმ“ აღნიშნული სხვადასხვაობა შედეგად გვაძლევს განსხვავებული ფაილების არსებობას.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ორ ფაქტობრივ გარემოებაზე, პირველი - სადავო ტენდერის გამოცხადებიდან დასრულებამდე ,,კონკურენტი“ კომპანიების ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენელი პირები იყვნენ ყოფილი მეუღლეები, კონკურსის დასრულების შემდეგ კი შპს ,,ს--------------ისა“ და შპს ,,ზ----ს“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი გახდა ერთი და იგივე პირი - მ-----–----------ე. აღნიშნული გარემოებები, ცალკე აღებული, სხვა ფაქტობრივი გარემოებების გარეშე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა მიჩნეული საკმარის საფუძვლად აფიდავიტის პირობების დარღვევის დასადასტურებლად. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლო ნათესაური კავშირის არსებობა და დროის მცირე მონაკვეთში ერთი კომპანიის დირექტორის მეორე კომპანიის დირექტორად რეგისტრაციის ფაქტი ბადებს ეჭვებს იმისა, რომ სახეზე იყოს პრეტენდენტების მხრიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ამყარებს აღნიშნულ ვარაუდს.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის №ბს-667-642(კ-13) გადაწყვეტილებაზე. აღნიშნული გადაწვეტილებით საკასაციო სასამართლო განმარტავს: „სახელმწიფო შესყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით სუბორდინაციულ სამართალურთიერთობაში ხორციელდება, რომლის ერთ-ერთ მონაწილეს, შემსყიდველის სახით ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს, არ გააჩნია მავალებელი ან ამკრძალავი ხასიათი, როგორც ეს ლოგიკურია სხვა სახის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობებისათვის, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ყალიბდება. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში შემსყიდველი იწვევს დაინტერესებულ პირებს, რათა გახდნენ მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილენი საკუთარი სურვილის, ნებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

 

ამდენად, ნების ავტონომიის პრინციპით მოქმედი მიმწოდებლები არა მხოლოდ აღჭურვილნი არიან უფლებით, გახდნენ სახელმწიფოს პარტნიორები, არამედ ამავდროულად შებოჭილნი არიან კეთილსინდისიერების პრინციპით. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებანი და მოვალეობანი (სამოქალაქო კოდექსის 8.3. მუხლი); ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361.2. მუხლი).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემსყიდველთათვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა წარმოადგენს მათი სამოქალაქო უფლების რეალიზაციას, რომლის სამართლებრივი სტანდარტი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის - უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა, დანაწესით, კერძოდ: სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“

 

სასამართლო კვლავ მოიხმობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესს“, რომლის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რაც განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ამ მოტივით შპს ,,ს--------------ი’’-ს დისკვალიფიკაციის ნაწილში დისკვალიფიცირების შესახებ, კანონიერია და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N10 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცებულია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი.

 

აღნიშნული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია: ა) სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი; ბ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მისი მიღების დრო და ადგილი, საბჭოს წევრთა ვინაობა, მომჩივნისა და მოპასუხის, მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისა და საქმეში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა და დავის საგანი; ბ) საბჭოს მიერ დადგენილი გარემოება ან/და მტკიცებულება, რის საფუძველზეც დადასტურდა ან უარყოფილ იქნა ესა თუ ის მტკიცებულება, ასევე, სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმა, რომლითაც ხელმძღვანელობდა საბჭო; გ) საბჭოს გადაწყვეტილება საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ; დ) მისი გასაჩივრების ვადა და წესი. მე-4 პუნქტის თანახმად კი, საბჭოს ყოველი წევრი საჩივარსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რაც უნდა ემყარებოდეს დავის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს ,,s---------"-ის D--------------- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. ამასთან, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული მსჯელობა მართებულია - შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ზემოხსენებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოეხდინა შპს ,,s---------"-ის დისკვალიფიცირება არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. ამდენად, სასამართლო ეთანხმება მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7.4. სასამართლო ასევე მიუთითებს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე ბრძანების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, შავ სიაში რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

 

სასამართლო იზიარებს სააგენტოს პოზიციას, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინება აკმაყოფილებდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, სახეზე იყო პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების წინაპირობა და არ არსებობდა მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძვლები, რადგან დგინდებოდა, რომ შპს ,,ს--------------მა“ S----------- ელექტრონულ ტენდერში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება.

 

ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკვალიფიცირებული პრეტენდენტისთვის სახდელის შეფარდების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად იქნა შეფასებული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი მოსარჩელესთან მიმართებაში. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N10 სხდომის ოქმი შპს ,,ს--------------ის“ დისკვალიფიკაციის თაობაზე, სასამართლო თვლის, რომ კანონიერია სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 დეკემბრის N3--- განკარგულება შპს ,,ს--------------ი’’-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგურის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩასატარებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N10 სხდომის ოქმი შპს ,,ს--------------ი’’-ს დისკვალიფიკაციის ნაწილში, ასევე, სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს ,,s---------"-ის მიერ წარდგენილ D--------------- საჩივართან დაკავშირებით და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 დეკემბრის N3--- განკარგულება შპს ,,ს--------------ი’’-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, შპს ,,ს--------------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით შპს ,,ს--------------ის’’ შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 დეკემბრის N3--- განკარგულების მოქმედების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა და განსახილველ საქმეზე სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 დეკემბრის N3--- განკარგულების (შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ) მოქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 დეკემბრის N3--- განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ს--------------ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე