გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/3485-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე შპს „ნ----–----“
წარმომადგენელი ნუ---------------
მოპასუხე სს „ბ-----------------“
წარმომადგენელი და----------------, ნა-----------
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება,პირგასამტეხლოს გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს „ბ-----------------“-სათვის მოსარჩელე შპს „ნ----–----ს“ სასარგებლოდ 42 874.14 ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდის დაკისრება, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
1.2. მოპასუხე სს „ბ-----------------“-ისათვის მოსარჩელე შპს „ნ----–----ს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 2016 წლის 30 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგაცილებული თანხის 0.1%-ის გადახდის დაკისრება.
შპს „ნ----–-----“ და სს „ბ-----------------“-ს შორის 2015 წლის 31 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს „ბ-----------------“ იღებდა ვალდებულებას დავალიანების 50% გადაეხადა 2015 წლის 30 სექტემბრამდე, ხოლო დანარჩენი 50% 2016 წლის 30 იანვრამდე.
2015 წლის 31 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის 3.2.2. ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში გამყიდველს უფლება აქვს მყიდველს მოსთხოვოს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2015 წლის 31 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეებს შორის 2015 წლის 30 სექტემბერს დაიდო დავალიანების გადაფასების შეთანხმება, რომლის თანახმად, მოპასუხე სს „ბ-----------------“ აღიარებს დავალიანებას შპს „ნ----–----ს“ მიმართ 57 001.04 ევროს ოდენობით.
სს „ბ-----------------“-მა ძირითადი დავალიანებიდან გადაიხადა 14 126.90 ევროს ექვივალენტი ლარში და გადასახდელად დარჩენილია 42 874.14 ევრო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელის მოთხოვნა 42 300 ევროს დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ 2015 წლის 30 სექტემბრის დავალიანების გადაფასების შეთანხმების შესაბამისად, აღიარებული დავალიანება მოპასუხემ დაფარა 2015-2017 წლებში. მოპასუხეს დავალიანება 42 300 ევროს ოდენობით წარმოეშვა მიმდინარე მიწოდებიდან. შესაბამისად, ამ დავალიანებაზე პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მოპასუხეს ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობა 0.1%-ის ოდენობით არაგონივრულად მიაჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 31 მარტს გამყიდველს შპს „ნ----–-----“ და მყიდველს სს „ბ-----------------“-ს შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება N----------
ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს ხელშეკრულების პირობების შესრულებამდე, 2016 წლის 30 მარტამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
3.1.2. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.7. პუნქტის 2.7.1. ქვეპუნქტის მიხედვით, მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდა მოხდება შემდეგი პირობით: 100% წინასწარ ან მიწოდების შემდგომ ეტაპობრივი გადახდა. ამავე პუნქტის 2.7.2. ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებისას წარმოქმნილი დავალიანების გადახდის საბოლოო ვადაა: დაგროვილი დავალიანების 50% - 2015 წლის 30 სექტემბრამდე, ხოლო დანარჩენი 50% -2016 წლის 30 იანვრამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
3.1.3. 2015 წლის 30 სექტემბერს, მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება დავალიანების გადაფასების შესახებ, რომლის თანახმად, მყიდველმა სს „ბ-----------------“-მა აღიარა 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 136 802.50 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობა.
ამასთან, შეთანხმების მე-3 პუნქტის მიხედვით, გადაფასების შედეგად მყიდველის დავალიანება გამყიდველის მიმართ განისაზღვრა 57 001.03 ევროს ოდენობით.
შეთანხმების მე-4 პუნქტის თანახმად, მყიდველმა იკისრა ვალდებულება, გამყიდველის წინაშე არსებული დავალიანება დაეფარა ეროვნულ ვალუტა ლარში გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
შეთანხმება დავალიანების გადაფასების შესახებ.
3.1.4. შპს „ნ----–-----“ გამარტივებული წარმოების განხორციელების მიზნით, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, რესპონდენტის სს „ბ-----------------“-ის მიმართ. სს „ბ-----------------“ პროტესტით არ დაეთანხმა აპლიკანტის განცხადებას დავალიანების გამარტივებული წესით გადახდევინების თაობაზე, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, აპლიკანტს შპს „ნ----–----“ უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
განცხადება.
პროტესტი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება.
3.1.5. სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯია 200 ლარი. (100 ლარი სააპლიკაციო საფასური, 100 ლარი ყადაღის საფასური).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
გადახდის რეკვიზიტები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის 3.2.2. ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში გამყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მყიდველს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
3.2.2. 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმებით აღიარებული დავალიანებიდან 57 001.04 ევროდან სს „ბ-----------------“-ის მიერ, არ არის გადახდილი 42 874.14 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
მოპასუხე სადავოდ ხდის სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმებით დადასტურებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვის თაობაზე და აღნიშნავს, რომ 57 001.04 ევროს ეკვივალენტი ლარებში გადახდილი აქვს 2015-2017 წლებში, რაც შეეხება შესაგებლით აღიარებულ დავალიანებას 42 300 ევროს ოდენობით, ეს დავალიანება წარმოშობილია შემდგომ პერიოდში მიმდინარე მიწოდებებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში, რაც უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ გარემოებებს, დასახელებული მატერიალური ნორმა არ ითვალისწინებს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმს. თუმცა, რადგან საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ამ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება კი ცალსახად მოვალეს ეკისრება.
მხარეებს შორის სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დადგენილია, რომ 2016-2017 წლებში მხარეებს შორის გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, 2016 წლის აპრილიდან მხარეებს შორის ანგარიშსწორება ხდებოდა საქონლის მიწოდებამდე. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 05 აპრილის საგადასახადო დავალებიდან დგინდება, რომ 2016 წლის 05 აპრილს მყიდველმა სს „ბ-----------------“-მა გადაიხადა რუმბოს ღირებულება 915.04 ლარის ოდენობით. სასაქონლო ზედნადების თანახმად, დგინდება, რომ შპს „ნ----–-----“ მყიდველს 2016 წლის 06 აპრილს მიაწოდა 915.04 ლარის ღირებულების რუმბო; 2016 წლის 15 აპრილის საგადასახადო დავალების თანახმად, მყიდველმა გადაიხადა 1171.30 ლარი, 15 აპრილს - 147.37 ლარი, სულ ჯამში, 1318.67 ლარი, იროკოსა და სულფოლაკის ღირებულების ასანაზღაურებლად, 2016 წლის 18 აპრილის სასაქონლო ზედნადების მიხედვით, მიწოდებულია 1318.67 ლარის ღირებულების იროკო და სულფოლაკი; 2016 წლის 10 მაისის საგადასახადო დავალებით გადახდილია 376.52 ლარი, კალცინიტისა და კრისტალონის ღირებულება, 2016 წლის 10 მაისის სასაქონლო ზედნადებით მიწოდებულია ზემოაღნიშნული საქონელი იმავე ღირებულებით; 2016 წლის 15 მაისის საგადასახადო დავალებიდან ირკვევა, რომ მყიდველმა გადაიხადა 15 783.96 ლარი, მელოდი დუო. ნატივოს ღირებულება, 2016 წლის 16 მაისის სასაქონლო ზედნადების მიხედვით, მიწოდებულია 15 783.96 ლარის ღირებულების მელოდი დოუ და ნატივო; 2016 წლის 18 მაისს გადახდილია - 530.46 ლარი, მულჩირების ფირის ღირებულება, ხოლო 2016 წლის 2016 წლის 18 მაისის სასაქონლო ზედნადების თანახმად, მიწოდებულია სწორედ ამ ღირებულების მულჩირების ფირი და ა.შ.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საგადასახადო დავალებებს, მისი მხრიდან 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმებით დადასტურებული დავალიანების დაფარვის თაობაზე, რადგან შესაგებელზე დართული 2017 წლის 23 აგვისტოს N---------- საგადასახადო დავალების თანახმად, დგინდება, რომ დაფარულია ფილტრის სხვაობის დავალიანება 80.85 ლარი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 23 აგვისტოს მიწოდებულია 539.5 ლარის ღირებულების ფილტრი; 2017 წლის 25 ოქტომბრის N9668 საგადახდო დავალების მიხედვით, გადახდილია 45 ლარი ფილტრკარდონის ღირებულების ასანაზღაურებლად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებიდან დგინდება, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს შპს „ნ----–-----“ განახორციელა საქონლის მიწოდება; შესაგებელზე დართული საგადახდო დავალებებიდან დგინდება, მყიდველის მიერ 2016-2017 წლებში, კონკრეტულ პერიოდში საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შესრულებისას, უმეტეს შემთხვევაში, გადახდის დანიშნულებაშიც აღნიშნულია კონკრეტულ პერიოდში მისაწოდებელი საქონლის დასახელება, რომლის საფასურსაც წინასწარ იხდიდა სს „ბ-----------------“. მაგალითისთვის: 2016 წლის 09 მარტის N---- საგადახდო დავალება; 2016 წლის 15 მარტის N---- საგადახდო დავალება; 2016 წლის 16 მაისის N---- საგადახდო დავალება; 2016 წლის 29 აგვისტოს N---- საგადახდო დავალება და სხვა.
ამდენად, მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებიდან და სასაქონლო ზედნადებებიდან ცალსახად დგინდება, ის გარემოება, რომ 2016 წლის აპრილიდან 2017 წლამდე პერიოდში, სს „ბ-----------------“, გამყიდველის მიერ საქონლის მიწოდებამდე, ახორციელებდა გადახდებს. აქედან გამომდინარე, აპელირება იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმებით დადასტურებული დავალიანება მყიდველმა სრულად დაფარა, უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმებით აღიარებული ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოების დასადასტურებლად არ გაიზიარებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხე სს „ბ-----------------”-ს ჯეროვნად არა აქვს შესრულებული ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება, რის გამოც ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის გადახდასთან ერთად უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდაც.
5. კანონები , რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე, მე-400, 427-ე, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „ნ----–-----“ და სს „ბ-----------------“-ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამყიდველს შპს „ნ----–----“ ეკისრებოდა საქონლის მიწოდების ვალდებულება, ხოლო მყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, დადგენილია, რომ მოპასუხემ 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმებით დადასტურებული დავალიანებიდან არ გადაიხადა 42 874.14 ევროს ეკვივალენტი ლარებში გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, 2016 წლის 30 იანვრამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე სს „ბ-----------------“-ს მოსარჩელე შპს „ნ----–----ს“ წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს სს „ბ-----------------“-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ მას გადასახდელი აქვს ნასყიდობის საფასურის სახით 42 874.14 ევროს ეკვივალენტი ლარებში და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.
მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია სს „ბ-----------------“-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის ნაწილის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი _ დავალიანების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.1%-დან შემცირდეს 0.05%-მდე, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოვალეს ეკისრება ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებიდან 2016 წლის 30 იანვრიდან და გრძელდება მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულებამდე. შესაბამისად, მოვალე სს „ბ-----------------“-ს კრედიტორის წინაშე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაიმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. წილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის 68,05% დაკმაყოფილდა, საიდანაც მოპასუხემ ცნო მოთხოვნის 35,61%, შესაბამისად, სარჩელის ცნობის გამო მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს პროპორციულად 5000 ლარის 35.61%, რაც შეადგენს 1780.5 ლარს, ხოლო დაკმაყოფილებული მოთხოვნის 32,44% -ის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანუ 5000 ლარის 32.44%-ს, რაც შეადგენს 1622 ლარს უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი. მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უზრუნველყოფის განცხადებაზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, 200 ლარის გადახდა სააღსრულებო წარმოებისათვის გაღებული ხარჯის ასანაზღაურებლად. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი აქვს 3500 ლარი, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 3500 ლარის 68.05%-ის - 2381.75 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. შპს „ნ----–----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს მოპასუხე სს „ბ-----------------“-ს მოსარჩელე შპს „ნ----–----ს“ სასარგებლოდ ნასყიდობის საფასურის 42 874.14 ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდა, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
1.2. დაეკისროს მოპასუხე სს „ბ-----------------“-ს მოსარჩელე შპს „ნ----–----ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 30 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი თანხის 0.05%-ის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე სს „ბ-----------------“-ს მოსარჩელე შპს „ნ----–----ს“ სასარგებლოდ 1622 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად, 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, 200 ლარის გადახდა სააღსრულებო ხარჯის ასანაზღაურებლად და 2381.75 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.
2.1. დაუბრუნდეს შპს „ნ----–----“ 2017 წლის 07 დეკემბრის N---------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5000 ლარიდან 1780.5 ლარი.
2.2. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „ნ----–----“ 2017 წლის 07 დეკემბრის N---------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 50 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია