გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.12.2018
საქმის ნომერი
330310018002672865
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/6399-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - ს----- გ----------

წარმომადგენელი - დ----- ჭ-----–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ა----- ო----–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N1--------- გადაწყვეტილება (ს----- გ----------ის მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე);

 

1.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს ახალი აქტის გამოცემა ს----- გ----------ისთვის მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სააგენტომ გამოიკვლია ყველა არსებითი გარემოება და მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში საინვესტიციო მუდმივი ბინადრობის თაობაზე ნებართვის გაცემაზე იარის თქმა. სადავო აქტი გამოცემულია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის ,,საქართველოში ბინადობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ №520 დადგენილების შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის ფაქობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილებით ს----- გ----------ს მიეცა საქართველოში მოკლევადიანი ბიანდრობის ნებართვა 2019 წლის 03 იანვრამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 139-140).

 

3.1.2. 2018 წლის 22 აგვისტოს ს----- გ----------მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ს----- გ----------ის 2018 წლის 22 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 66-69);

- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 59-60);

 

3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 27 აგვისტოს N1---------/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა – არსებობდა თუ არა ს----- გ----------ისთვის მუდმივი საინვესტიციო ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 27 აგვისტოს N1---------/1 წერილი (ს.ფ. 61).

 

3.1.4. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 11 სექტემბრის SSG 3------------ წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ს----- გ----------ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 11 სექტემბრის SSG 3------------ წერილი (ს.ფ. 62).

 

3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 აგვისტოს N1---------/7 წერილით ს----- გ----------ს ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლისა და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის წარდგენა 2018 წლის 18 სექტემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 აგვისტოს N1---------/7 წერილი (ს.ფ. 45-46).

 

3.1.6. 2018 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელე ს----- გ----------ის წარმომადგენელმა დ----- ჭ-----–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, რომლითაც წარდგენილ იქნა 2018 წლის 18 ივლისის N8------, წარმოდგენილი ოფისის ნომერი: 1----- ირანის ისლამური რესპუბლიკის გილანის პროვიცისს მთავარი პროკურატურის რაშთის რევოლუციური პროკურატურის (სისხლის სამართლის საქმის ჩანაწერი), რომლის თანახმად რაშთის რევოლუციური პროკურატურის აღრიცხული მონაცემების მიხედვით ს----- გ---------- აბ-----–---- ძე ნასამართლევი არ არის.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N0-------- წერილით სააგენტომ მოსარჩელე მხარეს განუმარტა, რომ 2018 წლის 11 სექტემბრის N1----- წერილით 2018 წლის 23 აგვისტოს N1--------- საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტი (ცნობა ნასამართლეობის შესახებ) არ იყო ვალიდური. კერძოდ ცნობის გაცემის თარიღი მითითებულია 17.07.2018 წელი, ხოლო მოქმედების ვადად ფიქსირდებოდა გაცემიდან ერთი თვე, შესაბამისად ბინადრობის ნებართვის თაობაზე განცხადების გაკეთების დროისთვის აღნიშნული დოკუმენტი არ იყო ვალიდური. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააგნტომ განუმარტა მხარეს, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა წარდგენილი ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 11 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 48-57);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წელის 18 სექტემბრის N0-------- წერილი (ს.ფ. 58);

 

3.1.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1--------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა 2018 წლის 23 აგვისტოს N1--------- განცხადება და ს----- გ----------ს ეთქვა საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, ვინაიდან სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არ არსებობის შესახებ ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 17).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს----- გ----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

5.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

5.3. ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი.

5.4.საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1. მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც ს----- გ----------ს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე მის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-11 მუხლში, რომლის თანახმად საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოში არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (აუდიტორული დასკვნა); ე) საქართველოს მთავრობის წევრის ან საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი რეკომენდაცია; ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად კი, განცხადების განხილვის პროცესში, სააგენტო უფლებამოსილია, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, განცხადება დატოვოს განუხილველად. ამასთან, მითითებული ნორმის მე–5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ს----- გ----------მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 აგვისტოს N1---------/7 წერილით ს----- გ----------ს ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლისა და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის წარდგენა 2018 წლის 18 სექტემბრამდე.

 

2018 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელე ს----- გ----------ის წარმომადგენელმა დ----- ჭ-----–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, რომლითაც წარდგენილ იქნა 2018 წლის 18 ივლისის N8------, წარმოდგენილი ოფისის ნომერი: 1----- ირანის ისლამური რესპუბლიკის გილანის პროვიცისს მთავარი პროკურატურის რაშთის რევოლუციური პროკურატურის (სისხლის სამართლის საქმის ჩანაწერი), რომლის თანახმად რაშთის რევოლუციური პროკურატურის აღრიცხული მონაცემების მიხედვით ს----- გ---------- აბ-----–---- ძე ნასამართლევი არ არის.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N0-------- წერილით სააგენტომ მოსარჩელე მხარეს განუმარტა, რომ 2018 წლის 11 სექტემბრის N1----- წერილით 2018 წლის 23 აგვისტოს N1--------- საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტი (ცნობა ნასამართლეობის შესახებ) არ იყო ვალიდური. კერძოდ ცნობის გაცემის თარიღი მითითებულია 17.07.2018 წელი, ხოლო მოქმედების ვადად ფიქსირდებოდა გაცემიდან ერთი თვე, შესაბამისად ბინადრობის ნებართვის თაობაზე განცხადების გაკეთების დროისთვის აღნიშნული დოკუმენტი არ იყო ვალიდური. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააგენტომ განუმარტა მხარეს, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა წარდგენილი ცნობა, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1--------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა 2018 წლის 23 აგვისტოს N1--------- განცხადება და ს----- გ----------ს ეთქვა საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, ვინაიდან სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არ არსებობის შესახებ ცნობა.

 

სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ წარმოადგინა ნასამართლეობის შესახებ ცნობა, 2018 წლის 24 სექტემბრის N8------ ცნობა (წარმოდგენილი ოფისის ნომერი: 1----- ირანის ისლამური რესპუბლიკის გილანის პროვიცისს მთავარი პროკურატურის რაშთის რევოლუციური პროკურატურის (სისხლის სამართლის საქმის ჩანაწერი), რომლის თანახმად რაშთის რევოლუციური პროკურატურის აღრიცხული მონაცემების მიხედვით ს----- გ---------- აბ-----–---- ძე ნასამართლევი არ არის.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგს ადგენს და აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.

 

ამრიგად, უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს - შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ მოხდა სადავო საკითხის სათანადოდ შეფასება მოსარჩელე ს----- გ----------ის მიმართებაში, საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება საკმარისად მნიშვნელოვანი და ცხადად დასაბუთებულ საფუძვლებს უნდა ემყარებოდეს. მითუმეტეს იმ გარემოებების გათვალისწინებით, როცა საქმეში წარმოდგენილია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ცნობა, რომლის მიხედვითაც ს----- გ----------ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია, ასევე არ არსებობს სხვა რაიმე დამატებითი გარემოება რაც საფუძველი გახდებოდა მოსარჩელისათვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმისთვის. დადგენილია, რომ მოსარჩელეს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად განემარტა, რომ 2018 წლის 11 სექტემბრის N1----- წერილით 2018 წლის 23 აგვისტოს N1--------- საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტი (ცნობა ნასამართლეობის შესახებ) არ იყო ვალიდური. კერძოდ ცნობის გაცემის თარიღი მითითებულია 17.07.2018 წელი, ხოლო მოქმედების ვადად ფიქსირდებოდა გაცემიდან ერთი თვე, შესაბამისად ბინადრობის ნებართვის თაობაზე განცხადების გაკეთების დროისთვის აღნიშნული დოკუმენტი არ იყო ვალიდური.

 

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, იგი ვალდებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ზემოაღნიშნული გარემოებების ხელახალი შეფასების შედეგად კვლავ გამოიკვლიოს მოსარჩელის მიმართ საინვესტიციო ბინადრობის გაცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და მათზე დაყრდნობით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

 

6.5. სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----- გ----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N1--------- გადაწყვეტილება (ს----- გ----------ის მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე) და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს ახალი აქტის გამოცემა ს----- გ----------ისთვის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

ამასთან, საკითხის არსებითად განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალსიწინოს ის გარემოება, რომ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა ახალი ნასამართლეობის შესახებ ცნობა, 2018 წლის 24 სექტემბრის N8------ ცნობა (წარმოდგენილი ოფისის ნომერი: 1----- ირანის ისლამური რესპუბლიკის გილანის პროვიცისს მთავარი პროკურატურის რაშთის რევოლუციური პროკურატურის (სისხლის სამართლის საქმის ჩანაწერი), რომლის თანახმად რაშთის რევოლუციური პროკურატურის აღრიცხული მონაცემების მიხედვით ს----- გ---------- აბ-----–---- ძე ნასამართლევი არ არის. ამ გარემოების შეფასების შემდეგ, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს ხომ არ არსებობს მოსარჩელისთვის საინვესტიციო ბინადრობის გაცემის სამართლებრივი საფუძველი;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 23–ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----- გ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N1--------- გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს ახალი აქტის გამოცემა ს----- გ----------ის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

3. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე ს----- გ----------ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე