გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/2038-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ბარნოვი
მოსარჩელე: ზ------- ა----–---–ი (პ/ნ 5----------);
წარმომადგენელი: ნ--------–--–---;
მოპასუხე: საქართველოს მთავარი პროკურატურა;
წარმომადგენელი: ნ--------------–---;
მესამე პირი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი: მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას ზ------- ა----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 05 ოქტომბრიდან 2016 წლის 12 ივლისამდე პერიოდში მიუღებელი-განაცდური ხელფასის 12 453.75 ლარის ანაზღაურება.
სარჩელში აღინიშნა, რომ 2015 წლის 04 ოქტომბერს 21 საათსა და 05 წუთზე გ------ შს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის დაკავებული იქნა ს----------–----–-------------–-----–-----------–--------------------------–-----------–------------------------------------------–--------------–---------–-----------------------–--------------–---------–-------------------------------–----–-----–----------------- ზ------- ა----–---–ი. 2015 წლის 6 ოქტომბერს მას წარედგინა ბრალდება 2015 წლის 25 აგვისტოს ,---------------- ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობისათვის და გ------ რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა. გ------ რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით ზ------- ა----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და განთავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან. აღნიშნული განაჩენი კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრებულ იქნა ბრალდების მხარის მიერ ჯერ თბილისის სააპელაციო, შემდგომ კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში. თუმცა მასში რაიმე ცვლილება არ შესულა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 02 ნოემბრის ბრძანებით ზ------- ა----–---–ს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2015 წლის 05 ოქტომბრიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 ივლისის ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 02 ნოემბრის ბრძანება და ზ------- ა----–---–ს აღუდგა სამსახურებრივი ურთიერთობა. ზ------- ა----–---–ის დარიცხული ხელფასი 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა თანამდებობრივ სარგოს - 1025 ლარის და პროცენტულ დანამატს ნამსახურობისათვის - 358,75 ლარის ოდენობით. 2015 წლის 05 ოქტომბრიდან 2016 წლის 12 ივლისამდე პერიოდში ზ------- ა----–---–ის მიუღებელი ხელფასი შეადგენს 12 453.75 ლარს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თ--------–------ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ------- ა----–---–ის სარჩელი, სადაც მიუღებელი ხელფასის დაკისრების ნაწილში მოპასუხედ ჩართული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. სასამართლომ დაადგინა, რომ მიუღებელი ხელფასის სახით სახეზე იყო ზიანი, თუმცა იგი არ იყო გამოწვეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მხარი დაუჭირა და დაეთანხმა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს. მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.2. მესამე პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი (სხდომის დღ და საათი ეცნობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. გ------ რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით (საქმე N------) ზ------- ა----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ზ------- ა----–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. რაცი უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენით (საქმე N---------) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ------ რაიონული სასამართლოს 07.06.2016 წლის განაჩენი (იხ. ს.ფ. 58-65);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.01.2017 წლის განაჩენი (იხ. ს.ფ. 67-70).
3.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 2 ნოემბრის N M---------------- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-5 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მე-3 კლასის ქონებით მომარაგების ოცეულის საწყობის უფროსს, უფროს სერჟანტ ზ------- პავლეს ძე ა----–---–ს შეუჩერდა სამსახურეობრივი ურთიერთობა 2015 წლის 5 ოქტომბრიდან.
3.3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 ივლისის N M---------------- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 02 ნოემბრის N---- ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან თანმდევი შედეგებით და უფროს სერჟანტ ზ------- პავლეს ძე ა----–---–ს აღუდგა სამსახურებრივი ურთიერთობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-5 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მე-3 კლასის ქონებით მომარაგების ოცეულის საწყობის უფროსის თანამდებობაზე.
3.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-5 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის ზ------- ა----–---–ის დარიცხული ხელფასი 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა: თანამდებობრივ სარგოს - 1025 ლარის და პროცენტულ დანამატს ნამსახურობისთვის - 358,75 ლარის ოდენობით. სულ 1383.75 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 02.11.2015 წლის N M---------------- ბრძანება (იხ.ს. ფ. 56);
- ს 12.07.2016 წლის N M---------------- ბრძანება (იხ. ს. ფ. 71).
- 22.08.2016 წლისს N------------------ ცნობა (იხ.ს.ფ. 73);
4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N---------), 1) ზ------- ა----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა ზ------- ა----–---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; 3) დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ არ დაკმაყოფილდა; 4) საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ზ------- ა----–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით და პენიტენციურ დაწესებულებაში გაწეული ხარჯის ანაზღაურება 4575 (ოთხი ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით; 5) უარი ეთქვას მოსარჩელეს მატერიალური ზიანის სახით ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით და საბანკო კრედიტისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე 2025 (ორი ათას ოცდახუთი) ლარის ოდენობით; 6) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 7) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე N---------) იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ (სარჩელის მოთხოვნა - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ------- ა----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 05 ოქტომბრიდან 2016 წლის 12 ივლისამდე პერიოდში მიუღებელი-განაცდური ხელფასის 12 453.75 ლარის ანაზღაურება) არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს. ფ. 14-32); .
- სააპელაციო საჩივრები და შესაგებელი (იხ. ს.ფ. 106-133).
3.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 2018 წლის 8 ნოემბრის M---------------- წერილის თანახმად, 2015 წელს 05 ოქტომბრიდან 2016 წლის 13 ივლისამდე პერიოდში ზ------- ა----–---–ის განაცდური ხელფასი შეადგენდა დარიცხული 13 099 ლარს და 50 თეთრს, ხელზე ასაღები - 10 479 ლარს და 60 თეთრს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 8 ნოემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 140).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმები, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შემდგომ, სასამართლო მივიდა იმ ასკვნამდე, რომ მოსარჩელე ზ------- ა----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემობათა გამ:
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
6.2. აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
6.4 საქართველოს კონსტიტუციის 6.2. მუხლით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით,, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
6.5. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამ კოდექსის 208.1. მუხლით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.
6.7. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1. მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
6.9. სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
6.10. სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), სადაც განიმარტა, რომ ,,განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური."
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.
6.11. სასამართლო აღნიშნავს, რომო მოსარჩელე ზ------- ა----–---–ი თხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს, მატერიალური ზიანის სახით, 2015 წლის 4 ოქტომბრიდან 2016 წლის 17 ივლისამდე პერიოდში მიუღებელი განაცდური ხელფასი - 12 453.75 ლარის ოდენობით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 2018 წლის 8 ნოემბრის M---------------- წერილით დასტურდება, რომ 2015 წელს 05 ოქტომბრიდან 2016 წლის 13 ივლისამდე პერიოდში მოსარჩელე ზ------- ა----–---–ის განაცდური ხელფასი არის: დარიცხული 13 099.50 ლარი, ხელზე ასაღები - 10 479.60 ლარი.
ამრიგად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, მოპასუხე სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შესაბამისად, ნაწი;ლობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ზ------- ა----–---–ის სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ და მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელე ზ------- ა----–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 10 479.60 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
ამ კოდექსის 46.1.,,გ" მუხლით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: გ) მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე
7.2. სახელმეიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1. მუხლის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: თ) მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე; უ) დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე;
7.3. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე და მოპასუხე მხარე განთავისუფლია, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; 24-ე; 261.3.; 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ზ------- ა----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე ზ------- ა----–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 10 479.60 (ათი ათას ოთხას სამოცდაცხრამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;
5. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი