გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2018
საქმის ნომერი
330210018002639645
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27373-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე შპს „გ---–-------“

წარმომადგენელი და--------–----------–--ძე

მოპასუხე შპს „მა--------–------------------------------------ა“

წარმომადგენელი გი----------------–--ლი

დავის საგანი მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „მა--------–------------------------------------ას“, შპს „გ---–-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს - 16947,15 ლარის გადახდა; მოპასუხემ აანაზღაუროს გაწეული საპროცესო ხარჯები.

 

სარჩელის მიხედვით, მხარეებს შორის არსებობს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება, რომლის საფუძველზეც შპს „გ---–-------“, მოპასუხის კუთვნილ ჰიპერმარკეტების ქსელ „კ---------ს“ აწვდის სხვადასხვა სახის პროდუქციას (შესაფუთ მასალებს). მოპასუხეს გააჩნია 2015-2017 წლებში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. ყოველი მიწოდებისას მყიდველს ეგზავნებოდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშფაქტურა. პროდუქციის მიწოდების შემდგომ, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხის უფლებამოსილ თანამშრომელს საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურების მოთხოვნით, თუმცა ყოველ ჯერზე ხდებოდა საკითხის გადადება იმ მოტივით, რომ მოპასუხის თანამშრომლის ქმედების გამო, ადმინისტრაციის მხრიდან მიმდინარეობს სადავო პერიოდში განხორციელებული მოქმედებების შესწავლა და ამის შემდგომ მოხდებოდა ანგარიშფაქტურების დადასტურება და დავალიანების დაფარვა. სადავო პერიოდში მიწოდებულ პროდუქციაზე დავალიანებამ შეადგინა 16947,15 ლარი. მიუხედავად დაპირებისა, მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „მა--------–------------------------------------ამ“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის ექვსწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს თითქმის ერთი მილიონი ლარი და სადავო თანხის გადახდა არ წარმოადგენდა პრობლემას იმ შემთხვევაში თუკი პროდუქციის მიწოდებას რეალურად ექნებოდა ადგილი.

 

ელექტრონული ზედნადებები, რომლითაც მოსარჩელე ცდილობს დაადასტუროს მოპასუხისთვის 16947.75 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება, გამოწერილია მის მიერ და საჭიროებს მოპასუხის თანხმობას ან დასტურს. გადახდის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე დაადასტურებს მოსარჩელის მიერ მისთვის გაგზავნილ იმ დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურას, რომელიც შეესაბამება სასამართლოში წარმოდგენილ ზედნადებებს. ასეთი ტიპის დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის, რადგან გაგზავნილი ანგარიშფაქტურა მოპასუხეს არ დაუდასტურებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელში დასახელებული გარემოებები არ შეიძლება გახდეს მოპასუხისგან ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „გო-–--------“ და შპს „მა--------–------------------------------------ას“ შორის არსებობს მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც შპს „გ---–-------“, მოპასუხის კუთვნილ ჰიპერმარკეტების ქსელ „კ---------ს“ აწვდის სხვადასხვა სახის პროდუქციას, შესაფუთ მასალებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

- სს საქართველოს ბანკის ცნობა (ს.ფ 75-78)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „----–------მა“ სასარჩელო განცხადებაში დასახელებული 16 947.75 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება მოპასუხისთვის ვერ დაადასტურა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ უნდა ადასტუროს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს შეფასებით, პროდუქციის მიწოდების ფაქტის დადასტურებისათვის რელევანტურ მტკიცებულებად მიჩნეულ უნდა იქნეს საგადასახადო ანგარიშფაქტურები და მოსარჩელის მიერ შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული სასაქონლო ზედნადებები.

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები ერთმნიშვნელოვნად ადგენენ, რომ საქონლის მიწოდებისას ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდებოდა არამარტო მოსარჩელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების, არამედ მის მიერ გამოწერილი და მოპასუხის დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე.

 

აღნიშნული გარემოება დგინდება სარჩელის შინაარსიდანაც, სადაც მოსარჩელე მიუთითებს, რომ პროდუქციის ყოველი მიწოდებისას მყიდველს ეგზავნებოდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშფაქტურა დასადასტურებლად.

 

მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იმისთვის რათა შეუფერხებლად მომხდარიყო მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მყიდველი სასაქონლო ზედნადებს ამოწმებდა შესაბამისი ბეჭდით, საყურადღებოა, რომ სასარჩელო განცხადებას თანდართული სასაქონლო ზენდადებები მოპასუხე მხარის ბეჭდით ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული არ არის.

 

ამდენად, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მოპასუხისათვის ნასყიდობის საგნის მიწოდების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოება და მოპასუხის მხრიდან სარჩელში დასახელებულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ელექტრონული საგადასახდო ანგარიშფაქტურის შპს „მა--------–------------------------------------ას“ მხრიდან დადასტურების მტკიცებულება. ეს გარემოებები მეტყველებს მასზედ, რომ შპს „----–------ს“ სასარჩელო განცხადებაში დასახელებული 16 947.75 ლარის ღირებულების პროდუქცია მოპასუხისთვის არ გადაუცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფინანსური ანგარიშწორების ამსახველი დოკუმენტაცია (ს.ფ 79-109)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „გ---–-------ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარებს შორის სადავო საკითხს წარმოადგენს მყიდველისათვის 2015-2017 წლებში 16947.75 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ფაქტის დადასტურება.

 

სასამართლოს მოსაზრებით პროდუქციის მიწოდების მტკიცების ტვირთი ეკისრება შპს „----–------ს“ და სწორედ გამყიდველია ვალდებული ამტკიცოს, რომ სასყიდლიანი გარიგების საფუძველზე გადასცა მყიდველს გარკვეული რაოდენობის საქონელი (შესაფუთი მასალა).

 

მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამყიდველი (მოსარჩელე) შეძლებს დაადასტუროს მყიდველისათვის საქონლის მიწოდების ფაქტი მოპასუხე მხარე ვალდებულია დაადასტუროს მიღებული საქონლის საფასურის ანაზღაურება.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და აღნიშნულ გარემოებას მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ წლების განმავლობაში საქონლის მიწოდებისას მხარეთა შორის ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდებოდა არამარტო მოსარჩელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების, არამედ მოპასუხე მხარის დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას.

 

საგადასახდო ანგარიშფაქტურას ამოწერს გამყიდველი, რისი დადასტურების ვალდებულებაც აქვს მყიდველს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი მიიღებს გამყიდველისაგან ნასყიდობის საგანს.

 

ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს.

 

ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლს, რომლის ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად უნდა დავასკვანთ, რომ მყიდველს შესასყიდი საქონლის საფასურის გადახდის ვალდებულება მას შემდეგ წარმოეშობა, რაც გამყიდველი საქონლის ან/და საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მყიდველისათვის გადაცემის ვალდებულებას შეასრულებს პირნათლად.

ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

როგორც სასამართლომ დაადგინა მოსარჩელე მხარემ, სასამართლოს ვერ წარუდგინა მოპასუხისათვის ნასყიდობის საგნის რეალურად მიწოდების დადასტურებისთვის საკმარისი მტკიცებულებანი, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „გ---–-------ს“ მხრიდან სასარჩელო განცხადებაში დასახელებული პროდუქცია მოპასუხე მხარისთვის გადაცემული არ არის და სასარჩელო მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1 სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „გ---–-------ს“ სასარჩელო მოთხოვნა შპს „მა--------–------------------------------------ას“ მიმართ 16947,75 ლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე