გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.12.2018
საქმის ნომერი
130310117002167396
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-108-2017

(130310117002167396)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი 2018 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ნ----- ბ--–--–---–ი

მოპასუხეები - შპს „მ----“, შპს „დ---“, თ----- გ--–-–---–ი, ლ--–- ნ-----–--ე და გ------- გ--–-–---–ი

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობილ იქნენ შპს „მ----“, შპს „დ---“, თ----- გ--–-–---–ი, ლ--–- ნ-----–--ე და გ------- გ--–-–---–ი.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს „მ----“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 13 იანვრიდან. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ლ--–- ნ-----–--ე. საწარმოს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ვარკეთილი 2-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონს შორის ნაკვეთი, საქმიანობის საგანი - სურსათით ვაჭრობა. 2017 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით შპს „მ----ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 3165,1 ლარს, რაც წარმოშობილია 2014 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე. საწარმოს ქონებაზე 2015 წლის 5 თებერვლის N007-2663 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 6 თებერვალს.

 

შპს „დ---“ სამეწარმეო რესტრში რეგისტრირებულია 2014 წლის 13 აგვისტოს, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე არის ლ--–- ნ-----–--ის მეუღლე თ----- გ--–-–---–ი. საწარმოს იურიდიული მისამართია ხაშური, დ. ს------ი, ნ. გ--–-–---–ის ქ. N10, საქმიანობის საგანი - სურსათით ვაჭრობა. შპს „მ----მ“ 2014 წლის 2 სექტემბერს რეგისტრაციიდან მოხსნა სალარო აპარატი NDY00038403 და იმავე დღეს თავის სახელზე დაირეგისტრირა შპს „დ---მ“. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, შპს „დ---დან“ ხელფასს იღებს ლ--–- ნ-----–--ე, რომელიც ასევე, იღებდა ხელფასს შპს „მ----დან“, რაც ადასტურებს იმას, რომ შპს „მ----ს“ საქმიანობას აგრძელებს შპს „დ---“. ამ საწარმოთა საქმიანობა წარმოადგენს ოჯახურ ბიზნესს, რომელსაც მეთვალყურეობას უწევს ლ--–- ნ-----–--ე, რაც დასტურდება საკონსტროლო შესყიდვით.

 

2017 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით შპს „დ---ს“ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 10752,71 ლარი, რაც წარმოშობილია 2016 წლის დღგ-ის და საშემოსავლო დეკლარაციების საფუძველზე. საწარმოს ქონებაზე 2016 წლის 5 აპრილის N077-556 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 8 აპრილს. 2017 წლის 9 მარტის N025-145 ბრძანებით საწარმოს ქონებას დაედო ყადაღა. მის მიერ არ წარმოდგენილა ქონების ნუსხა, რის გამოც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

თ----- გ--–-–---–მა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 01.11.17.005.001.01.1---- 2017 წლის 29 სექტემბერს აჩუქა შვილს გ------- გ--–-–---–ს.

 

მოსარჩელის მითითებით შპს „მ----ს“ მიერ სამეწარმეო საქმიანობის შეჩერება, შპს „დ---ს“ მეშვეობით იგივე საქმიანობის გაგრძელება, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქონების შვილის სახელზე გადაფორმება მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარეს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ შემოუტანია და არც სასამართლოს სხდომებზე გამოცხადებულა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირი საქმეში არ ჩაბმულა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. შპს „მ----“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 13 იანვარს. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ლ--–- ნ-----–--ე. საწარმოს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ვარკეთილი 2-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონს შორის ნაკვეთი, საქმიანობის საგანი - არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა საკვებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით. 2017 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით შპს „მ----ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 3165,1 ლარს. დავალიანება წარმოშობილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2014 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე, ხოლო 150 ლარი არის ჯარიმა. საწარმოს ქონებაზე 2015 წლის 5 თებერვლის N007-2663 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 6 თებერვალს.

(ტ.1. ს.ფ 18; 27-28; 71, ასევე, 2015 წლის 5 თებერვლის N007-2663 შეტყობინება და მისი ელექტრონულად ჩაბარების დასტური, ამონაწერები შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან საწარმოს საქმიანობის სფეროს შესახებ და წარდგენილი დეკლარაციების შესახებ და დეკლარაციები).

 

4.2. შპს „დ---“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რესტრში რეგისტრირებულია 2014 წლის 13 აგვისტოს, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე არის თ----- გ--–-–---–ი. საწარმოს იურიდიული მისამართია ხაშური, დ. ს------ი, ნ. გ--–-–---–ის ქ. N10, საქმიანობის საგანი - არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა საკვებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით. 2017 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით შპს „დ---ს“ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 10752,71 ლარი, რაც წარმოშობილია 2016 წლის დღგ-ის და საშემოსავლო დეკლარაციების საფუძველზე, ხოლო 400 ლარი არის ჯარიმა. საწარმოს ქონებაზე 2016 წლის 5 აპრილის N077-556 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 8 აპრილს. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 9 მარტის N025-145 ბრძანებით საწარმოს ქონებას დაედო ყადაღა, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 10 მარტს. მის მიერ ქონების ნუსხის წარუდგენლობის გამო 2017 წლის 21 სექტემბერს შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 400 ლარით დაჯარიმების შესახებ.

(ტ.1. ს.ფ. 17; 22; 25-26; 70, ასევე, 2016 წლის 5 აპრილის N077-556 შეტყობინება და მისი ელექტრონულად ჩაბარების დასტური, ყადაღის დადების შესახებ ბრძანების ელექტრონულად ჩაბარების დასტური, ამონაწერი შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან საწარმოს საქმიანობის სფეროს შესახებ, პირადი ბარათი და დეკლარაციები).

 

4.3. შპს „მ----მ“ 2014 წლის 2 სექტემბერს რეგისტრაციიდან მოხსნა სალარო აპარატი NDY00038403 და იმავე დღეს თავის სახელზე დაირეგისტრირა შპს „დ---მ“. სალარო აპარატის რეგისტრაციის ადგილად ორივე შემთხვევაში მითითებულია ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ვარკეთილი 2-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონს შორის ნაკვეთი.

(ტ.1. ს.ფ. 68-69, ასევე, ამონაბეჭდი შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან შპს „მ----ს“ და შპს „დ---ს“ სალარო აპარატების შესახებ).

 

4.4. 2016 წლის 18 აპრილს შპს „დ---საგან“ საკონტროლო შესყიდვით შემოსავლების სამსახურის თანამშროლების მიერ შეძენილ იქნა ზეთი. ოქმში საკონტროლო შესყიდვის ადგილად მითითებულია მისამართი ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ვარკეთილი 2-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონს შორის ნაკვეთი, ხოლო გამყიდველად ლ--–- ნ-----–--ე. ლ--–- ნ-----–--ე იღებდა ხელფასს როგორც შპს „მ----ს“, ასევე, როგორც შპს „დ---ს“ თანამშრომელი (ტ.1. ს.ფ. 24; 29-32).

 

4.5. თ----- გ--–-–---–მა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 01.11.17.005.001.01.1---- 2017 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებით აჩუქა გ------- გ--–-–---–ს (ტ.1. ს.ფ. 108-109, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ნოემბრის N464358 წერილი თანდართულ სარეგისტრაციო დოკუმენტებთან ერთად).

 

4.6. ლ--–- ნ-----–--ე და თ----- გ--–-–---–ი არიან მეუღლეები, ხოლო გ------- გ--–-–---–ი მათი შვილი (ტ.1. 33; 107).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეები ცნობილ უნდა იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

7.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

7.4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ ვალდებულებებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას კანონის მოთხოვნის აღსრულების მიზნით. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებისთვის.

 

7.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

7.6. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები. ცრუმაგიერ პირებად აღიარების აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

7.7. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები, საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე, მოქმედებდნენ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის კუმულაციურად უნდა არსებობდეს 2 პირობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

7.8. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

7.9. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

7.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება, გათვალისწინებით, უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.

 

7.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა პირისაგან გაგებულ უნდა იქნას არა ფორმალურად, რადგან სახეზეა ორი ან მეტი სხვადასხვა სუბიექტი, რომელთა ფორმალური ნიშნით განსხვავება ყოველთვის შესაძლებელი იქნება, არამედ შინაარსობრივად, კერძოდ, განმსაზღვრელია აღნიშნულ სუბიექტებს შორის არსებული კავშირისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მიზნის დადგენა, რამეთუ ცრუმაგიერი პირები ერთსა და იმავე პირებს წარმოადგენენ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და მათი ეკონომიკური ინტერესები ერთი და იგივეა. ამასთან, ვინაიდან, ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, აღნიშნული გარემოება დადგინდეს კანონით განსაზღვრული ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად.

 

7.12. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ოპერაციების შეფასებისას, უნდა დადგინდეს საერთო მიზნის განსახორციელებლად მოპასუხეთა მოქმედება - გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე (მაგ. პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს - არის დირექტორი; ნათესავები - მეუღლე, მშობელი, შვილი). ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს ქმნის მხოლოდ სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში.

7.13. სასამართლო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის ჭრილში განხილვისას, არსებითია, დადგინდეს მხარეთა რეალური ნება, მათი ურთიერთკავშირი, საქმიანობის აღრევა, რამდენად ქმნის იგი გონივრულ ეჭვს, რომ მოქმედება მოხდა სამომავლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავის არიდების მიზნით. ამრიგად, გამოკვლეული უნდა იქნას როგორც გადასახადის გადამხდელისა და სავარაუდო ცრუმაგიერი პირის ურთიერთობა, ისე კონკრეტული ოპერაციის განხორციელების საფუძვლები, წინაპირობები და შედეგები.

 

7.14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია: შპს „მ----ს“ დირექტორი და პარტნიორი არის ლ--–- ნ-----–--ე, ხოლო შპს „დ---ს“ პარტნიორი და დირექტორი მისი მეუღლე თ----- გ--–-–---–ი; საწარმოთა საქმიანობის სფერო და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი ერთმანეთს ემთხვევა; შპს „დ---მ“ სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო იმავე ადგილზე მას შემდეგ, რაც შპს „მ----მ“ შეაჩერა საქმიანობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობის გამო; ორივე საწარმოში ფაქტობრივად საქმიანობდა ლ--–- ნ-----–--ე; შპს „მ----მ“ ამავე პერიოდში გააუქმა სალარო აპარატის რეგისტრაცია და ეს აპარატი დარეგისტრირდა შპს „დ---ს“ სახელზე; თ----- გ--–-–---–მა შპს „დ---ს“ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის და საწარმოს ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, თავისი კუთვნილი უძრავი ქონება აჩუქა შვილს - გ------- გ--–-–---–ს.

 

7.15. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, მოპასუხეთა განზრახი ერთობლივი ქმედებები მიმართული იყო შპს „მ----ს“ და შპს „დ---ს“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად, რის გამოც სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.16. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორების პასუხისმგებლობა საზოგადოების კრედიტორების წინაშე, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია დირექტორისა და საზოგადოების პარტნიორთა პასუხისმგებლობის საკითხი კრედიტორთა წინაშე, როდესაც მიუხედავად საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობისა, კანონით დადგენილი კონკრეტული საფუძვლების არსებობისას პასუხისმგებლობა სწორედ პარტნიორებსა და დირექტორს ეკისრებათ. კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ისინი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. მოცემულ შემხთვევაში შპს „მ----ს“ და შპს „დ---ს“ სამეწარმეო საქმიანობა ფაქტობრივად წარმოადგენდა ლ--–- ნ-----–--ის და თ----- გ--–-–---–ის ოჯახურ ბიზნესს. მათ, ერთი საწარმოს დავალიანების წარმოშობის შემდეგ, შექმნეს მეორე იმავე საქმიანობის სფეროთი და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილით, ხოლო მეორე საწარმოს დავალიანების წარმოშობის შემდეგ, საწარმოს დირექტორმა, გაარიდა ქონება თავისი შვილის სახელზე, რათა აეცილებინა დირექტორისა და პარტნიორის პასუსიხმგებლობა საწარმოს კრედიტორის - საგადასახადო ორგანოს მიმართ. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არის საკმარისი მტკიცებულებები, რაც უტყუარად ადასტურებს მოპასუხეთა გაზრახ ერთობლივ მოქმედებას საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის ასარიდებლად.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მხარე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები, რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.

 

აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს, თანაბარწილად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის (რაც მოცემული კატეგორიის საქმეზე შეადგენს 100 ლარს) გადახდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „მ----“ (ს/ნ 4--------), შპს „დ---“ (ს/ნ 4--------), თ----- გ--–-–---–ი (პ/ნ 5----------), ლ--–- ნ-----–--ე (პ/ნ 5----------) და გ------- გ--–-–---–ი (პ/ნ 5----------) ცნობილ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად;

 

3. შპს „მ----ს“, შპს „დ---ს“, თ----- გ--–-–---–ს, ლ--–- ნ-----–--ეს და გ------- გ--–-–---–ს დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა თითოეულს 20-20 (ოც-ოცი) ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ N7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი