გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.12.2018
საქმის ნომერი
330310018002667336
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6308-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დავით წერეთელი

სხდომის მდივანი - ნი--- მაღალდაძე

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ნი--- გა------

 

მოპასუხე - ნი----–---- ნო-----

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნი----–---- ნო-----ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალოს მის მიერ ზედმეტად მიღებული ხელფასის - 896.40 ლარის ანაზღაურება

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - ნი----–---- ნო-----მ სარჩელი განმარტა, რომ მას არ შეუძლია აღნიშნული თანხის ერთიანად ანაზღაურება და მზად არის აანაზღაუროს იგი ნაწილ-ნაწილ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №MIA 5 18 01------ ბრძანების თანახმად, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–----------------------------ლი, პოლიციის უფროსის ლეიტენანტი ნი----–---- თე---------ის ძე ნო----- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2018 წლის 4 აპრილიდან.

 

2018 წლის 15 მაისის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა წერილობით მიმართა ნი----–---- ნო-----ს და აცნობა, რომ იგი 2018 წლის 30 აპრილის №1------ ბრძანების თანახმად 4 აპრილიდან გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან. ასევე ეცნობა, რომ იგი უმოკლეს ვადებში გამოცხადებულიყო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში აპრილის თვის 27 (ოცდაშვიდი) დღის ზედმეტად ჩარიცხული თანხის 787 ლარის და 30 თეთრის და მოპასუხე მხარის მიერ გადარიცხული წევრის დაზღვევის თანხის 109 ლარის და 10 თეთრის ბიუჯეტში დაბრუნების რეკვიზიტების მისაღებად. მოპასუხე ნი----–---- ნო-----ს ზემოთ აღნიშნული თანხა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის არ დაუბრუნებია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება MIA 5 18 01------ (ს.ფ. 21);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 15 მაისის № M---------------- ბრძანებიდან (ს.ფ. 22);

- მხარის ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ნი----–---- ნო----- 2018 წლის 4 აპრილამდე მუშაობდა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–----------------------------–ის თანამდებობაზე.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროში საქმიანობა წარმოადგენს საჯარო სამსახურს, ხოლო იმავე კანონის პრეამბულის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამრიგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის შემადგენელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამომდინარეობს, თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნა ნი----–---- ნ------ისთვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად: 1. პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან; 2. პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია; 3. პოლიციელის ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და წოდებისათვის დადგენილი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის’’ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო - ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიური ფულადი სარგო) ყოველთვიური დანამატი, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი, სხვა დანამატები და კომპენსაციები, ხოლო, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირისა და საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის - სამუშაო დღეების მიხედვით.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №MIA 5 18 01------ ბრძანების თანახმად, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–----------------------------ლი, პოლიციის უფროსის ლეიტენანტი ნი----–---- თე---------ის ძე ნო----- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2018 წლის 4 აპრილიდან, სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო. სადავო არ არის რომ ის გარემოება, რომ განთავისუფლებისას ნი----–---- ნო-----ს მთლიანად ჩაერიცხა 2018 წლის აპრილის თვის ხელფასი. შესაბამისად, ზედმეტად იქნა დარიცხული 27 დღის - 2018 წლის 4 აპრილიდან, ამავე წლის პირველ მაისამდე პერიოდის ხელფასი 787,30 ლარის ოდენობით, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. ასევე დადგენილია, რომ ნი----–---- ნ------ის და მისი ოჯახის წევრების სადაზღვეო თანხას 2018 წლის აპრილში წარმოადგენდა 109.10 ლარი, რომელიც ასევე ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 42-ე მუხლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის. სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.

 

ამრიგად, მოპასუხე ნი----–---- ნო----- სამსახურიდან დათხოვნილად ჩაითვალა 2018 წლის 4 აპრილიდან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

ამრიგად, მოპასუხე ნი----–---- ნ------ის მიერ, უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 896.40 ლარი. შესაბამისად, მოპასუხე ნი----–---- ნო-----სსახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 896.40 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ნი----–---- ნო-----ს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალოს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 896.40 ლარის ოდენობით;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი