განაჩენი

სისხლის სამართლის 08.12.2018
საქმის ნომერი
330100118002688687
თარიღი
08.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ნოემბერი,2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ------- ს---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-----–- ნ-----–ას ძე ბ------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------- დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, რეგისტრირებული: ქ--------, ვ----–--------–--- ქუჩა #1--–ი და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- გ-–------ მ--- მ/რაიონი, კორპ.#--- ბინა #1---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 10:00 საათზე, თბილისში, გ-–------ მ--- მ/რაიონის მხარეს - გზის პირას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი-----–- ბ------ემ თ---------- გ------–---–ს, ამ უკანასკნელთან ფიზიკური დაპირისპირებისას მოსტეხა მარცხენა მტევნის მე-5 თითის ძირითადი ფალანგი.

 

1.2.ი-----–- ბ------ის ქმედების შედეგად თ---------- გ------–---–ს მიადგა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

2.2. სასამართლოს დასკვნა ი-----–- ბ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის დადასტურებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ---------- გ------–---–ის და მოწმე ნ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ასევე ი-----–- ბ------ის გამოკითხვის ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი-----–- ბ------ის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და იგი დამთავრებულია კანონით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დაზიანების დადგომით. ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, ნაკლებად მძიმე შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პრეიუდიციული ფაქტებითა და მტკიცებულებებით დადასტურდა დანაშაულის მატერიალური ფაქტი - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თ---------- გ------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი, მარცხენა მტევნის მე-5 თითის ძირითადი ფალანგის მოტეხილობა, დაზიანება განვითარებულია, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. სასამართლომ დაადგინა, რომ ი-----–- ბ------ის ძალადობრივი აქტი თ---------- გ------–---–ზე, მიზეზობრივ კავშირშია ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებასთან.

 

3.3. უდავო მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ი-----–- ბ------ემ 2018 წლის 23 აპრილს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა თ---------- გ------–---–ს, რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. სასამართლოს შეფასებით მოძალადის ქმედება არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

 

3.4.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.6. სასამართლომ საქმეში არსებული ურთიერთანხვედრი მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ი-----–- ბ------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი-----–- ბ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა - დანაშაულის ჩადენა საჯარო სივრცეში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით დანაშაულის ჩადენის ადგილს - საჯარო სივრცეს, რაც დამნაშავე პირის საშიშროებაზე მიუთითებს და ასახვას ჰპოვებს სასჯელის სახეზე, ამავე დროს სასამართლო ითვალისწინებს შემამსუბუქებელ გარემოებებს: ბრალის აღიარებას, გამოძიებასთან თანამშრომლობას. სასჯელის მოხდის წესის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის მაპროვოცირებელ ქმედებას, რაც გახდა დანაშაულის ჩადენის საფუძველი. უდავო მტკიცებულებებით ი-----–- ბ------ის და ნ---- ჯ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი-----–- ბ------ე და დაზარალებული თ---------- გ------–---–ი, რომელიც არის ტაქსის მძღოლი, ვერ შეთანხმდნენ ტაქსით მომსახურების საფასურზე, აღნიშნულის გამო დაზარალებულმა მანქანა სწრაფად დაძრა, რითიც ჯანმრთელობის საფრთხე შეუქმნა იქვე მდგომ, ბრალდებულის მცირწელოვან შვილებს (2 და 5 წლის). დაზარალებულის ქცევა გახდა ი-----–- ბ------ის აღელვების მიზეზი და დაზიანება მიაყენა თ. გ------–---–ს მარცხენა მტევნის მე-5 თითის ფალანგზე.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით ი-----–- ბ------ეს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზომიერად მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით. რაც შეეხება სასჯელის მოხდის წესს, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ი-----–- ბ------ეს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ელექტრონული დისკი - შენახულ უნდა იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- ბ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა