განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- გ-------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს----- ვ-–--------ის ძე ღ----–--ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, დაბადებული 1--- წლის 2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს-------- სოფელი ჯ--–--------, ქუჩა #--- სახლი #-- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- დ-------------ი, პ-------------- 1--- ბინა #---–-
ადვოკატი- მ--–---- კ-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა - ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, თ---–--–-- ს------- ქუჩა #----–ი მომხდარი შელაპარაკებისას ს----- ღ----–--ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის თ----- კ-------–---–ის მიმართ, მისი არასრულწლოვანი შვილის ს------ კ-------–---–ის თანდასწრებით. კერძოდ, თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა დაზარალებული. ასევე ძლიერად მოუჭირა ხელზე ხელი და ცდილობდა ძალის გამოყენებით მის ჩასმას ავტომობილში. აღნიშნული ქმედებების შედეგად თ----- კ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ს----- ღ----–--ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.
ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
უდავო მტკიცებულებები:
2.3. დაზარალებულის თ----- კ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს ოჯახის წევრმა - მეუღლემ ს----- ღ----–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური ძალადობა განხორციელდა დაზარალებულის ოჯახის არასრულწლოვანი წევრის, 6 წლის შვილის - ს------ კ-------–---–ის თანდასწრებით. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.4. არასრულწლოვანი მოწმის ს------ კ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, მისი თანდასწრებით, მამამ - ს----- ღ----–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოწმის დედას - თ----- კ-------–---–ს.
2.5.მოწმე მ------ გ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, მასთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა თ----- კ-------–---–ი, არასრულწლოვან შვილთან ს------ კ-------–---–თან ერთად. მოგვიანებით ს----- ღ----–--ეც მივიდა. მეუღლეებმა ერთმანეთში იკამათეს. კამათის პროცესში ს----- ღ----–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ----- კ-------–---–ს.
2.6.მოწმე შ--–-- გ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, მოწმის თანდასწრებით ს----- ღ----–--ემ მეუღლეს თ----- კ-------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახეში.
2.7. ფიზიკური ძალადობის ფაქტი დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის მიხედვით, თ----- კ-------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. რაც შეეხება დაზიანების წარმოშობის მექანიზმს, ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ჩანაწერით - შესამოწმებლის გადმოცემით: 2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავის მიდამოში და ორივე ზემო კიდურზე ურტყამდა ხელებს.
2.8. ბრალდებულმა ს----- ღ----–--ემ დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა მეუღლეზე - თ----- კ-------–---–ზე, 2018 წლის 30 სექტემბერს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, არასრულწლოვანი შვილის ს------ კ-------–---–ის თანდასწრებით. ბრალდებულის განმარტებით, ეს იყო ოჯახში ძალადობის პირველი შემთხვევა და გამოიწვია მსხვერპლის უპასუხისმგებლო ქცევამ. ბრალდებულის არგუმენტაციით, იგი ფიზიკურად შრომობდა, რათა მატერიალურად ერჩინა ოჯახი, ხოლო მეუღლე იყო ვალდებული შვილების აღზრდაზე. თ----- კ-------–---–მა არ შეაგროვა საკმარისი დოკუმენტები და ამ საფუძვლით არ მოახდინა შვილის ს------ კ-------–---–ის რეგისტრაცია საჯარო სკოლაში, რათა ბავშვს მიეღო განათლება. ს----- ღ----–--ის კატეგორიულ მოთხოვნაზე მოეხდინა შვილის რეგისტრაცია, ყოველ ჯერზე მეუღლე ატყუებდა, თითქოს საჭირო დოკუმენტებს აგროვებდა, თუმცა ბოლოს დააფიქსირა პოზიცია, რომ იყო წინააღმდეგი შვილის განათლების. აღნიშნულ საკითხზე მეუღლეებს შორის მოხდა სიტყვიერი შეკამათება, რაც ს. ღ----–--ის მხრიდან გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.
2.9.დანაშაულის მატერიალური ფაქტი, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, დასტურდება ,,112-ში“ განხორციელებული შეტყობინებით - ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რომლის ინიციატორიც იყო თავად მსხვერპლი, ასევე თ----- კ-------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტო მასალით.
2.10.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. ასევე აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს ოჯახში, მსხვერპლიც და მოძალადეც უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ს----- ღ----–--ემ 2018 წლის 30 სექტემბერს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - თ----- კ-------–---–ზე, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე დადგინდა, რომ ძალადობა ჩადენილი იყო მსხვერპლის ოჯახის წევრის - არასრულწლოვანი შვილის ს------ კ-------–---–ის თანდასწრებით.
2.11.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. საქართველოს კონსტიტუცია ასევე იცავს ადამიანის პატივს და ღირსებას, რომელიც ასევე წარმოადგენს ხელშეუვალ უფლებას, შესაბამისად, ამ უფლებების ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ ს----- ღ----–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.
3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ს----- ღ----–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ს----- ღ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და სინანული, თანამშრომლობა გამოძიებასთან, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ხერხი - ძალადობის ჩადენა მრავალჯერადი დარტყმით.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით მხედველობაში იღებს დანაშაულის ხერხს - ძალადობის ჩადენას მრავალჯერადი დარტყმებით და ქმედების ჩადენას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ძალადობის ჩადენამ არასრულწლოვნის თანდასწრებით შესაძლოა, სავალალო ზემოქმედება იქონიოს მის ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე, ვინაიდან ოჯახში ძალადობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვზე, უნგრევს მას სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას.
5.3.დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - ს.ღ----–--ე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და გამოთქვამს გულწრფელ სინანულს, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც დაზოგა მართლმსაჯულების რესურსი. ასევე მხედველობაში იქნა მიღებული, რომ მსხვერპლის არასწორი, დაუდევარი ქმედებების შედეგად შვილმა - 6 წლის ს------ კ-------–---–მა ვერ შეძლო დროული, ზოგადი განათლების მიღება 2018 წელს, რაც გახდა ოჯახში ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორი. სასამართლოს შეფასებით ყველა ბავშვს გააჩნია განათლების და ინდივიდუალური განვითარების, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების სრულიად გამოვლენის უფლება, ამ უფლების რეალიზებაზე სწორედ მშობლები არიან პასუხისმგებლები.
5.4. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ს----- ღ----–--ეს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მინიმუმზე მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, ამავე დროს სასამართლოს მიერ სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნა მიღებული 5.3. პუნქტში მითითებული გარემოებები, რაც აისახება სასჯელის მოხდის წესზე და ს.ღ----–--ეს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.5.კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად და ძალადობის განმეორების რისკების შესამცირებლად, ვინაიდან ს.ღ----–--ე ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დამატებით დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, რაც გულისხმობს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას გამოსაცდელი ვადის პერიოდში. აღნიშნული სასწავლო კურსის გავლა უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა პრობაციის ბიურომ.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, პატრულ-ინსპექტორების სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერი, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----- ღ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ს----- ღ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
3.მსჯავრდებულ ს----- ღ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან - 2018 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
5. ნივთიერი მტკიცებულება:
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, პატრულ-ინსპექტორების სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერი, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა